შოუბიზნესი

რატომ თქვა თემურ ცაგურიამ ორ მილიონზე უარი და სად დაჰყურებდა ის პრეზიდენტებს ზემოდან

№16

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 27.04, 2021 წელი

თემურ ცაგურია
დაკოპირებულია

თემურ ცაგურია – მუსიკოსი, რომლის ჰიტად ქცეული სიმღერები თითქმის ყველამ იცის, მრავალფეროვანი ინტერესების ადამიანია. მისი ცხოვრება სავსეა საინტერესო ისტორიებით.

თემურ ცაგურია: თბილისში დავიბადე და გავიზარდე. დედა ექიმი იყო და ქობულეთში დანიშნეს სანატორიუმის დირექტორად, ამიტომ იქ გადავბარგდით საცხოვრებლად. გადასარევი ბავშვობა მქონდა, რომლისგანაც ზღვის განსაკუთრებული სიყვარული მომყვება. ზღვა ჩემი მეორე დედაა. წყალბურთელი ვიყავი და ცურვა კარგად ვიცი. დღესაც კი ზამთარ-ზაფხულ ვცურავ, თუმცა ცივ წყალში 15 წუთზე მეტხანს ვერ ვჩერდები. ადრე, საღამოს შევიდოდი ზღვაში, გავცურავდი თვალდახუჭული და მზის სხივი რომ მომადგებოდა თვალზე, მაშინ ვახელდი და უკან გამოვდიოდი – მთელ ღამეს ზღვაში ვატარებდი. დათქმული მქონდა, როგორც უნდა ღელავდეს ზღვა, მაინც შევალ საცურაოდ ორმოც წლამდე-მეთქი.

– ოჯახი ძალიან არ ნერვიულობდა?

– ერთხელ, ქობულეთში ზღვა ძალიან ღელავდა და მე ცოტა შორს შევედი. გამოცვივდნენ დამსვენებლები, დედაჩემს ეუბნებიან, ეს რა ქნა შენმა შვილმაო. დედამ უპასუხა, დაანებეთ თავი, მაგან თავის საქმე იცისო – არ ნერვიულობდა. მამა მაშინ უკვე გარდაცვლილი იყო. 16 წლის ვიყავი, როდესაც მე და დედა მის გარეშე დავრჩით.

– კარიერა ჟურნალისტიკით დაიწყეთ, არა?

– ასე იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გამომცემლობაში მოვეწყვე წიგნების რედაქტორად. ხუტა ბერულავა იყო ჩვენი დირექტორი. ცეკადან ბრძანება მოვიდა კადრების შემცირების შესახებ. ცხადი იყო, სამოც წელს გადაცილებულებს გაუშვებდნენ. ორი სანდომიანი მოხუცი მუშაობდა ჩვენთან, ბევრჯერ დამხმარებიან ახალმისულს. ერთ-ერთს დაუპირეს შემცირება. დავწერე განცხადება და წამოვედი, ხუტას ვუთხარი, ოღონდ, ის კაცი არ გაუშვა-მეთქი. მე ცოტა ხანში რადიოში მოვეწყვე უმცროს რედაქტორად.

– მღეროდით, ზღვა გიყვარდათ და სპორტით იყავით დაკავებული. პროფესიად ჟურნალისტიკა რატომ აირჩიეთ?

– დიახ, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებში ვიყავი, ვმღეროდი კიდეც, მაგრამ ბავშვობიდან მოყოლებული, ძალიან მიყვარდა წერაც და კითხვაც. ანტიკური ლიტერატურა, ფილოსოფია ჩემი სამაგიდო წიგნები იყო. თუმცა, ზღვა მართლაც საოცრად მიყვარს. დღეს ურეკში ვცხოვრობ. ჩემი ფანჯრიდან ზღვა ჩანს.

დედა ახალ ათონში გადაიყვანეს ექიმად და თავისთავად, მეც გავყევი. ფილმს იღებდნენ კიევის კინოსტუდიიდან იმ პერიოდში და რეჟისორმა მნახა პლაჟზე. ახალგაზრდა, კარგი აღნაგობის ვიყავი, მითხრა, ჩემს ფილმში მთავარ როლს მოგცემ, ოღონდ კიევში წამოდიო. მაგრამ ზღვას ვერ დავთმობდი. ზღვასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ისტორია მახსენდება – ინტერვიზიაში გამოვდიოდი, პირველი ტური გავიარე, მეორე ტურის დროც დადგა და თბილისში უნდა წამოვიდე. იმ პერიოდში ნიძლავი მქონდა ერთ პიროვნებასთან დადებული. ვუთხარი, რომ ათ საათს ვიცურავებდი, არ დამიჯერა და დავნაძლევდით. წამოსვლას რომ ვაპირებდი, ზუსტად იმ მომენტში დამიჭირა იმ ადამიანმა, წამოდი ახლა და დამიმტკიცე, რა შეგიძლიაო. ინტერვიზია მელოდება, მაგრამ თავმოყვარე ბიჭი ვიყავი და როგორ ვეტყოდი უარს. წავედი და დავკარგე ეს შანსი (იცინის). ცურვა მამამ მასწავლა. ისე მიყვარდა, ძალიან შორს შევდიოდი ზღვაში. მამა მეძახდა, მობრუნდიო, მაგრამ არ ვუჯერებდი და წინ მივიწევდი. რადგან არ მიჯერებო, მამა ადგა და გრძელი თოკი მომაბა – მიდი და იცურავე ახლა რამდენიც გინდაო. თუმცა, მერე თოკიც გავხსენი და გავიქეცი (იცინის). საქართველოში ჩემი პოპულარობის ზენიტში რომ ვიყავი, მეუღლეს ვუთხარი, ტყეში უნდა წავიდეთ სადმე-მეთქი – ბუნება ჩემთვის ყველაფერია. მთის მდინარეებში და თვითონ ენგურჰესის წყალსაცავშიც ვცურავდი. ერთხელ, წალენჯიხის ეკლესიაში ვიყავი, პატარა ბავშვი გამოხტა, ჩემკენ იშვერს ხელს და დედას ეძახის, აი ეს არისო. ვფიქრობ, ნეტა ჩემი რომელი სიმღერა უყვარს-მეთქი და ეუბნება დედას, ეს იყო, ეს იყო, ზამთარში რომ გადაცურა ენგური აქეთ-იქითო (იცინის). ზღვაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ერთი სამი კაცის სიცოცხლეც მაქვს გადარჩენილი. გაგრაში ვიყავით, მთელ დღეს ზღვაზე ვატარებდით. ერთი დიდი კაცის ცოლი დაჯდა წყლის ველოსიპედზე, გადატრიალდა და იხრჩობა. თურმე ცურვა არ იცის. ჩავყვინთე მის ამოსაყვანად. მანამდე ერთი-ორი მყავდა გადარჩენილი და კინაღამ დამახრჩეს. თმაში მკიდებდნენ ხელს და ისე ცდილობდნენ ზემოთ აცოცებას, ეს ვიცოდი და ამას ამიტომ მივეპარე ქვემოდან, დუნდულებით ავიყვანე და ისე გამოვიყავნე სამშვიდობოს. დავსვი ნაპირზე და მეუბნება, შე საზიზღაროო (იცინის). სიცილი ამიტყდა, მაგრამ არაფერი მითქვამს.

– როგორ მოხდა, რომ „იურმალას“ პირველი გამარჯვებული გახდით?

– კულტურის სამინისტროში მითხრეს, კონკურსი იმართებაო. მაშინ ამ კონკურსს „ოქროს ქარვა“ ერქვა. მერე გადაკეთდა „იურმალად“. მოკლედ, წავედი. ფინალში გადავედი და გრანპრი ავიღე. რაიმონდ პაულსმა პატარა ხის სტატუეტი გადმომცა – მომღერალი იყო მიკროფონით გამოსახული. ზემოდან დიდი ქარვა ჰქონდა დამაგრებული. მოვიტანე სახლში, მოვიდნენ ებრაელები და მითხრეს, ეს ქარვა ჩვენია რვაას მანეთს მოგცემთო. კარგი ფული იყო რვაასი მანეთი და გავყიდე ეს ჩემი ქარვა. დავუძახე მთელ ჩემს ბენდს, წავედით რესტორანში და კარგად დავამღერეთ (იცინის). სამსახურიდან რომ წავედი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ტყუილი ვთქვი – ქობულეთში მივდივარ, მეზობელს ბებია გარდაეცვალა-მეთქი. მოკლედ, წავედი „გასვენებაში“. მერე სამსახურში მისულა ცნობა, რომ თეიმურაზ ცაგურიამ პირველი ადგილი აიღო ამ კონკურსშიო. მივდივარ სამსახურში და ველოდები, რომ იქ უკვე ეცოდინებათ ჩემი გამარჯვების შესახებ და ტაში-ტუშით შემხვდებიან. შევდივარ და ფოიეში, კედელზე მხვდება დიდი განცხადება გამოკრული. წერია: „თემურ ცაგურიას გამოეცხადოს სასტიკი საყვედური ტყუილისთვის“ (იცინის).

– მაშინ რა გამოცდილება გქონდათ, როგორც მუსიკოსს?

– ორი წელი კონსერვატორიაში ვსწავლობდი მოსამზადებულ კურსებზე და ჩაბარების დრო რომ მოვიდა, მაშინ დავიწყე „რეროსთან“ ერთად სიარული. დაიწყო გასტროლები. ჩვენი ორკესტრი საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარული იყო. თუმცა, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდებოდი. მივდიოდი, მოვდიოდი, ჩემი საქმეები მქონდა. საერთო ჯამში „რეროში“ ათი წელი გავატარე და საბჭოთა კავშირის ერთი დიდი ქალაქი არ დაგვიტოვებია, რომ კონცერტი არ ჩაგვეტარებინა. დიდი წარმატება მხვდა წილად. თან, მიხაროდა, თან ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს.

– ოჯახის შესახებაც მოგვიყევით.

– ჩემი პირველი მეუღლე ფოთიდანაა, ძალიან განათლებული და თბილი ადამიანი. რომ შევხვდი, მერე კიდევ უფრო მომეწონა – ბერძნული ქალღმერთივით ლამაზი იყო. შემიყვარდა და დავქორწინდით. ქალიშვილი შეგვეძინა. ისე მოხდა, რომ ოთხი წლის შემდეგ დავშორდით. მერე მეორედ დავქორწინდი. ჩემი მეორე მეუღლე ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლე იყო. იცეკვა, მივედი მივულოცე, გულში ჩავიკარი და ვაკოცე. იქიდან დაიწყო ჩვენი სიყვარულობა. ბედნიერი ვარ – უკვე 50 წელია.

– ასეთი წარმატებული იყავით და რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა?

– 1991 წელს წავედი საქართველოდან. საშინელი პერიოდი იყო – გაძაღლებული ცხოვრება გვქონდა. ზურიკო ცისკარიძე იყო ამერიკაში და ის დამეხმარა. შემდეგ ოჯახიც წავიყვანე. მწვანე ბარათი მომცეს, როგორც ექსტრაორდინარულ პიროვნებას – ორ კონკურსში ვიყავი გამარჯვებული, პრესაში იბეჭდებოდა ჩემ შესახებ, ლექსების კრებული მქონდა გამოცემული. მერე „ვაშინგტონ პოსტმა“ და „ნიუ-იორკ თაიმსმაც“ დაწერა ჩემზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მათ მილიარდობით ადამიანი კითხულობს. „ბუმის მომგვრელი ხმა“, „ბრწყინვალე“ – ასეთი იყო მათი შეფასებები. „ხმა, რომელიც ძალიან ჰგავს მარიო ლანცას ხმას“ – ეს უკვე „სითი ფეიფერის“ შეფასებაა.

თუმცა, ამერიკაში რომ ჩამოვედი, ასაკმა შემიშალა ხელი. პროდიუსერმა მითხრა, მე ვერ ჩავდებ ფულს შენში, არ ვიცი, ხვალ რა მოგივაო. მაშინ 50 წლამდე ვიყავი. მე შენში ოთხი მილიონი მაინც უნდა ჩავდო, რომ ორმოცი ამოვიღო და ასაკის გამო მეშინიაო. გამოვიდა, რომ დიდ ხელოვნებაში ვერ მოვხვდი, რადგან უკვე ასაკოვნად ვითვლებოდი. როცა ახალგაზრდა ვიყავი, კი მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი. ორ მილიონ მარკას მოგცემ ახლავე და წამოდი გერმანიაშიო, მითხრეს, მაგრამ მაშინ „კაგებე“ ბატონობდა და მე რომ წავსულიყავი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა ჩემს ოჯახს. ამას ვინ მაპატიებდა?! „ლა სკალადანაც“ მქონდა შემოთავაზება – მთავარი რეჟისორი მეუბნებოდა, ორ წელიწადში „ლა სკალას“ სცენაზე მთავარ პარტიებს იმღერებო. მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო, ვერ გავბედე.

– როგორი იყო ცხოვრება ამერიკაში?

– ამერიკაში რესტორნებში ვმღეროდი, თავიდან – პატარაში, შემდეგ უკვე დიდებში გადავედი. მერე კერძო მოპატიჟებები მივიღე, კონცერტებიც გვქონდა. მე და ნიკო ნადირაშვილი – სალამურის დიდოსტატი, გამოვედით ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში, პარტერში პრეზიდენტები ისხდნენ და ჩვენ ზემოდან ვუყურებდით (იცინის). თუმცა, გულწრფელად გეტყვით - არასდროს მიფიქრია, ვინ მისმენს, ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ ვიმღერე მე. პატარა მაღაზიაში ვმღეროდი, ერთი გოგო მოდიოდა და ჩემს სიმღერებს უსმენდა ორი თვის განმავლობაში სისტემატურად, ცრემლებიც კი წამოსვლია ამ დროს. ორი თვის შემდეგ, ფლეიტა ამოიღო და ყველა ჩემი სიმღერა ჩემთან ერთად დაუკრა. ის კორეელი იყო და ერთმანეთის არ გვესმოდა, მაგრამ ეს გულიდან და სულიდან მოდიოდა.

– წლების შემდეგ დაბრუნება როგორ გადაწყვიტეთ?

– ამერიკაში რომ ჩავედი, დაბრუნება მეორე დღესვე გადავწყვიტე. საკუთარ სამშობლოში ცხოვრება მაინც სხვაა. აქამდე სამჯერ ვიყავი ჩამოსული, ბოლოს პანდემია დაემთხვა და აქ შემოვრჩი, ოჯახმა ვეღარ მოასწრო ჩამოსვლა. ჩემი მეუღლე იქ არის ჩემს ორ შვილთან ერთად, რომლებსაც აქეთ წამოსვლა არ უნდათ. ვერც მეუღლე მოდის, რადგან შვილიშვილებიც გვყავს. ბებერი მაწანწალა ვარ, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება უნდა და შეიძლება, მე აქ დავრჩე და იქ ოჯახის სანახავად ჩავიდე ხოლმე. ახლა გაჩაღებული მაქვს მუშაობა, მუსიკოსებთან თანამშრომლობისთვის ვემზადები, ტელევიზიები მეძახიან. ჩემი სიმღერები გააცოცხლეს, ის და ეს ერთმანეთისგან ძალიან შორს არის, მათთან მჭიდრო კონტაქტი რომ მქონდეს, უფრო მეტს შვთავაზებდი. ადრე ყველას ვიცნობდი, ახლა ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ ძნელია მათთან კავშირის დამყარება. ოთხი ჰიტი მაქვს: „სანამ ვიყავ ახალგაზრდა“, „მივალ, მივყვები“, „გაიხარეთ“ და „რატომ გიკვირთ სხვისი ცუდი“. თუმცა, კიდევ ბევრი ლექსი მაქვს და სხვა სიმღერებიც, რომლებიც არაერთ შემსრულებელს შეუსრულებია და მიხარია, რომ ისინი დღემდე ცოცხლობენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი