შოუბიზნესი

როდის დაიწყო მიშა ავსაჯანიშვილზე „ნადირობა“ და რა გზით დაიკლო მან 60 კილოგრამი

№21

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.06, 2021 წელი

მიშა ავსაჯანიშვილი
დაკოპირებულია

მიშა ავსაჯანიშვილი „სამზარეულოს ომების“ ჟიურის წევრია, რომელსაც წლების წინ მსგავს პროექტში კონკურსანტობაც გამოუცდია და საერთოდ, მისი გზა კულინარიულ ინდუსტრიამდე საკმაოდ საინტერესოა.

მიშა ავსაჯანიშვილი: ჩემი მშობლები მოსკოვში ცხოვრობდნენ. იქ დავიბადე და გავიზარდე. როდესაც აქ არეულობა დაიწყო, ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. 90-იანებში ქალაქში უშუქობა და უგაზობა იყო, ამიტომ ოჯახმა გადაწყვიტა, ცხოვრება ყაზბეგში გაგვეგრძელებინა, რადგან წარმოშობით მოხევე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო გაჭირვება იყო, მამამ იმ დროს ბიზნესი დაიწყო – ციტრუსები გაჰქონდა ექსპორტზე და ალბათ, ამიტომ, გაჭირვება იმდენად არ გვიგრძნია.

– კულინარიისადმი ინტერესის წყარო რა გახდა?

– ბებიაჩემი ძალიან კარგად ამზადებდა. ის ცნობილი მზარეული იყო და მისი დამსახურებით დედაც კარგი კულინარია. მერე მეც გამოვიჩინე ინტერესი ამ მიმართულებით.

– როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ოჯახს თქვენი ამ მისწრაფებისადმი?

– დედას არ ჰქონდა პრობლემა, მაგრამ მამა სხვა მენტალობის ადამიანი იყო. ახლა ბევრი მამა ოცნებობს, მისი შვილი შეფ-მზარეული გახდეს, რადგან ძალიან მაღალშემოსავლიანი პროფესიაა და ამხელა ხელფასი შეიძლება, კარგ იურისტს არ ჰქონდეს. მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო. ამიტომ მამა წინააღმდეგი იყო, მეუბნებოდა ხოლმე, ეს რა კაცის საქმეა, ჯობს, სხვა რამე გააკეთოო. თუმცა, ახლა ამაყობს, რომ მისი შვილი შეფია.

სკოლაში ამის გამო ბულინგის მსხვერპლი ვიყავი, ლეგენდებს თხზავდნენ ჩემზე. კლასელებთან ვმეგობრობდი, მაგრამ სკოლელებში განხილვის თემა გახდა ის, რომ მე კერძებს ვამზადებდი, ეს კი არ იყო ბიჭის საქმე. სხვათა შორის, მე მჯეროდა მამაჩემის და ჩემი კეთილი მსურველების და მეც ვფიქრობდი, რომ ეს არ იყო ბიჭის საქმე. არასდროს დამიშვია, რომ კულინარიას უნდა გავყოლოდი, ეს არ იყო ჩემი მისწრაფება.

– და სრულიად სხვა მიმართულებით წახვედით...

– არც მოიაზრებოდა კულინარია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს მისწაფება ჩემს თავში ჩაკლული მქონდა, მეორე – არ არსებობდა სასწავლებელი საქართველოში და მესამე – არ მინდოდა, თვითნასწავლი ვყოფილიყავი ან რომელიმე რესტორანში მიმეღო არასწორი განათლება. ამიტომ ჩავაბარე კავშირგაბმულობაზე, რაც იმ დროისთვის ძალიან აქტუალური იყო. თუმცა, ყოველთვის ვეძებდი მიზეზებს იმისთვის, რომ სახლში სუფრა გამეკეთებინა მეგობრებისთვის. მაშინ უკვე დამსხვრეული იყო სტერეოტიპი, რომ ბიჭის ადგილი სამზარეულოში არაა, მაგრამ კავშირგაბმულობა უფრო პრესტიჟულ პროფესიად ითვლებოდა და მეც ამიტომ ავირჩიე ეს მიმართულება. თუმცა რეალურად მუშაობა ფინანსურ სფეროში დავიწყე და საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ფინანსისტი ვიყავი. ქვეცნობიერში, ალბათ, ყოველთვის მინდოდა, კულინარიის სფეროში ვყოფილიყავი აქტიური. შემთხვევით გავიგე, რომ კახა ბენდუქიძე ხსნიდა კულინარიულ აკადემიას. მაშინვე მოვიძიე საჭირო ინფორმაცია და ორ დღეში რადიკალურად შევცვალე ჩემი ცხოვრება.

– როგორი იყო პირველი ნაბიჯები?

– ჩვენი ჯგუფი ამ აკადემიის პირველი ტალღა იყო. ჩვენ ვიყავით ადამიანები, ვისაც ქართულ გასტრონომიულ ბაზარზე პოზიტიური ცვლილებების შემოტანა შეეძლო და აქედან გამომდინარე, არ მოგვიწია დაბალი საფეხურიდან დაწყება. სწავლა რომ დავამთავრეთ ჩვენზე „ნადირობა“ დაიწყო – ძალიან ბევრი შემოთავაზება გვქონდა სხვადასხვა რესტორნისგან. მიხვდნენ, რომ გასტრონომიაში ჩვენ უკვე სხვა საფეხურს წარმოვადგენდით და საქმიანობა შეფობით დავიწყეთ.

– ამას მოჰყვა ძალიან დიდი წარმატება უკრაინაში...

– უკრაინაში რომ მივდიოდი, მე თვითონაც არ ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, 12 რესტორნის ბრენდ-შეფი გავმხდარიყავი. მეგონა, მხოლოდ ერთ რესტორანს ეხებოდა საქმე. მათთვის ძველი ქართული კერძების თანამედროვე ვარიანტები შევქმენი, იმ კერძების, რომელიც იმ ეტაპისთვის საქართველოშიც კი არ იყო ცნობილი. ამან ის ადამიანები აღაფრთოვანა და ერთის ნაცვლად 12 რესტორნის ბრენდშეფობა შემომთავაზეს. ასე დაიწყო ჩემი მოღვაწეობა უკრაინაში.

– საქართველოში მაყურებელმა პროექტ „სამზარეულოს ომებით“ გაგიცნოთ, ჟიურის ამპლუაში. თუმცა წლების წინ მსგავს კონკურსში თავად იყავით კონკურსანტი.

– „სამზარეულოს ომები“ არა მხოლოდ შოუა, მიმაჩნია, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული გასტრონომიის განვითარებაში. მეუბნებიან ხოლმე, რომ ლბომიერი და დიპლომატი ვარ ჟიურის ამპლუაში. მე არ ვარ ძალიან მკაცრი, რადგან, როცა მე თვითონ ვიყავი მსგავსი კონკურსის მონაწილე და ჟიურის წინაშე ვიდექი, მახსოვს, რა განცდები მქონდა. ახლა ერთმა კონკურსანტმა თქვა, ჩემი ცოლის მშობიარობას რომ ვესწრებოდი და განცდებისგან გული მიმდიოდა, ზუსტად იგივეს განვიცდი, როცა ჟიურის წინ ვდგავარო. მე ზუსტად მესმის მათი ემოციების და ვცდილობ, სამართლიანად ლოიალური ვიყო.

– ცხოვრებას ვიზუალური თვალსაზრისითაც რადიკალურად შეუცვალეთ მიმართულება. ვინც ამ პროექტში გნახათ, ახსოვს ისიც, რომ ჭარბწონიანი იყავით.

– გამხდარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ბავშვობაში ჭარბწონიანად არ ვითვლებოდი. მეცხრე კლასში სამწვერა ნერვის ანთება დამემართა და ექიმმა ჰორმონი დამინიშნა. ერთი თვის განმავლობაში ძალიან მოვიმატე წონაში, თუმცა მაშინ ვერ მივხვდი ამის მიზეზს, ჰორმონების მოქმედების მექანიზმის შესახებ რომ შევიტყვე, მიზეზი მერე გავაცნობიერე. ნელ-ნელა პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. იმდენს არ ვჭამდი, რამდენსაც ვიმატებდი და ეს ყველაზე ცუდი მომენტია. თუმცა, ყოველთვის ვიცოდი, რომ აუცილებლად დავიკლებდი. დიეტების დამსახურებით, მერე კიდევ უფრო მოვიმატე, საერთო ჯამში, 70 კილოგრამი. როცა მივხვდი, რომ დიეტები უარეს შედეგს მაძლევდა, გადავწყვიტე, ბარიატრიისთვის მიმემართა. ოპერაცია გავიკეთე და 60 კილოგრამი დავიკელი. ამ ყველაფრის შედეგად დღეს ვარ ის, ვინც მინდა ვიყო და იქ, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ.

P.S. გამოყენებულია ლუკა მამულაიძის ფოტოები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი