შოუბიზნესი

როგორ მიხვდნენ განო გერლიანი და ლუკა თარხან-მოურავი პირველივე პაემანზე, რომ მეორე ნახევარი იპოვეს და რატომ ეშინია განოს ყველაზე მეტად შეყვარებულის შეფასებების

№41

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 16.10, 2023 წელი

განო გერლიანი
დაკოპირებულია

განო გერლიანი ულამაზესი და უნიჭიერესი ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც ახლახან სერიალ „სიყვარულს მიღმაში“ გამოჩნდა და მაყურებლის გულის მოგება მალევე მოახერხა.

განო გერლიანი: როგორც ხდება ხოლმე, სერიალში ქასტინგის მეშვეობით მოვხვდი. თავიდან დიდად არ მქონდა იმედი, რომ დამამტკიცებდნენ და აბსოლუტური შოკი მივიღე, როცა პასუხი დადებითი იყო. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ.

– მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანია გასული, რაც სერიალში გამოჩნდი, შენი პერსონაჟი უცებ აიტაცა მაყურებელმა. როგორი შეფასებები მიიღე მათგან?

– 80 პროცენტი დადებითი გამოხმაურებებია. ძირითადად, ყველაფერს კარგს წერენ, მაგრამ როგორი კარგიც არ უნდა იყოს ჩემი შესრულება, სცენარიც და გადაღებაც, კომენტარებს შორის არის რაღაცები, რაც არ გესიამოვნება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პირადად მე მეხებიან. საერთო ჯამში, მაინც ყველაფერი კარგია.

– თვითონ როგორ მოგწონს თავი ამ როლში და რა განსხვავებაა შენსა და ლილუს შორის?

– ეს პერსონაჟი საერთოდ არ მგავს და ძალიან ვცდილობ, რომ მიყვარდეს. ალბათ, ყველა მსახიობს უნდა, უყვარდეს თავისი პერსონაჟი, ცუდი იქნება ის თუ კარგი. მეც შევიყვარებ ნელ-ნელა. ისეთი ცუდიც არ მგონია, იყოს, როგორიც გამოჩნდა. არ მომწონს, მეგობრებთან და მშობლებთან როგორც იქცევა. ვგავართ იმით, რომ მანქანის ტარება არც მე ვიცი (იცინის).

– მსახიობობაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდი?

– კი, ზუსტად ასე იყო. არ მახსოვს ჩემი თავი, როცა მსახიობობაზე არ ვოცნებობდი. ერთი წამიც არ ყოფილა ასეთი. დედა სოხუმიდან არის და იქ სტუდიაში თამაშობდა სპექტაკლებს. იმდროინდელ ფოტოებს ვათვალიერებდი ხოლმე და ყოველთვის ძალიან მომწონდა. თუმცა, ესეც რომ არა, მსახიობობის სურვილი მაინც გაიღვიძებდა ჩემში. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, რაც კი არსებობს ყველანაირ ცეკვას ვცეკვავდი და თეატრალურ სტუდიაშიც დავდიოდი. თუმცა, ქასტინგების არანორმალურად მეშინოდა და პირველად ორი წლის წინ 17 წლისამ გადავდგი ეს ნაბიჯი. სწავლას სხვა ქვეყანაში ვაპირებ და დიდი იმედი მაქვს, რომ გამომივა. ახლა ვემზადები ამისთვის და ამ პროცესში სერიალიც მეხმარება.

– ვინც არ იცის ვუთხრათ, რომ შენი საქმრო მსახიობი ლუკა თარხან-მოურავია. ლუკა, სინამდვილეში როგორი გოგოა განო?

ლუკა: აბსოლუტურად ბრჭყვიალა ადამიანია. ფოტოსა და ვიდეოში ამის ნახვა არ შეიძლება. ცხოვრებაში რომ დაინახავ, მერე მიხვდები, რომ უზომოდ პოზიტიური, კეთილი და ძალიან ემოციური ადამიანია, რომელიც ყველას გამო განიცდის, ნერვიულობს და ყველაზე ზრუნავს. მთელი დღე ტირის ამის გამო.

განო: ეს მართალია (იცინის). მგონი, ჩემზე ემოციური ადამიანი არ შემხვედრია. მე რომ ვტირი, მგონი, ამდენი არავის უტირია და არ ვამაყობ ამით (იცინის). თუმცა, კარგად ვმალავ ჩემს ემოციურობას, მერე რომ ასახსნელად ბევრი ლაპარაკი არ დამჭირდეს და ბევრი ვერც ხვდება, რომ ასეთი ვარ.

– თქვენი ამბავი მოვყვეთ. რომელი უფრო კარგად ჰყვება ამ ისტორიას?

- რა თქმა უნდა, ლუკა. თან, მე არ მომწონს ჩვენი დასაწყისი (იცინის).

ლუკა: იმიტომ არ მოსწონს, რომ „ინსტაგრამზე“ აღმოვაჩინე. უნდოდა, სადმე პოსტაპოკალიფსურ მდგომარეობაში გადამერჩინა ზომბებისგან (იცინის). რეალურად კი „ინსტაგრამზე“ რაღაც დროის მიმოწერის შემდეგ შევხვდით. პირველივე შეხვედრის შემდეგ ჩემს დეიდაშვილს დავურეკე, მომილოცე, ცოლი მომყავს-მეთქი (იცინის). მაშინვე დავრწმუნდი, რომ ის ერთადერთი იყო.

განო: მეც ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა.

ლუკა: სხვათა შორის, პირველ პაემანზე ექვსი საათი მალოდინა. თვითონაც საცობში მოყვა და ფორსმაჟორი ჰქონდა. მე მანქანაში მეძინა კარგა ხანს, მაგრამ მთავარია, ჩვენი შეხვედრა შედგა (იცინის).

განო: პირველად რომ ვნახე, ანუ, მანქანაში რომ ჩავჯექი და შევხედე, ჩემი პირველი სიტყვები იყო – რა ლამაზი ხარ...

ლუკა: ვუყურებ და მართლა შოკირებული ვარ. ჩემთან ერთად ზის მანქანაში და ისეთია, გეგონება, ციდან ჩამოფრინდა. დამუნჯებული ვუყურებ, ვერაფერს ვამბობ და უცებ, თვითონ მეუბნება, რა ლამაზი ხარო (იცინის).

განო: პირველი შთაბეჭდილება იყო და გულწრფელად ვუთხარი, რაც ვიფიქრე. სამი დღის გაცნობილი მყავდა, როცა შინაგანად უკვე ვიცოდი, რომ საქმრო იყო და მანაც უკვე იცოდა, რომ საცოლე ვიყავი. რამდენიმე თვის წინ დავინიშნეთ კიდეც.

– რა მოხდა პარიზში?

ლუკა: იქ მეგობრები ჩავედით სამოგზაუროდ და ყველა გაფრთხილებული მყავდა, რომ პარიზში უნდა მეთხოვა ხელი.

განო: მე არ ვიცოდი, რომ ხელის თხოვნას აპირებდა და ისე გამოვიდა, რომ ეიფელის კოშკიდან უკვე დანიშნული გამოვედი (იცინის).

– როგორც მსახიობი, პირველ ნაბიჯებს დგამ და ასეთ დროს საყვარელი ადამიანისა და თან, მსახიობის გამხნევება, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორი შემფასებელია ლუკა?

– რადგან მე ასაკით პატარა ვარ, ლუკას სულ ტელევიზორში ვხედავდი და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ძალიან ნიჭიერი იყო. რაც შეეხება ჩემს პირველ ნაბიჯებს, ამ პროცესში ყველაზე მეტად ლუკასი მეშინია. ალბათ, სტივენ სპილბერგმა რომ მომცეს შენიშვნა, ისე არ მეწყინება, როგორც ლუკას ნათქვამი. ყველაფერში მეხმარება, მეხვეწება, რომ მასთან გავიარო რეპეტიციები, თუმცა ჩემთვის ლუკასთან ერთად თამაში და მასთან ერთად ქასტინგზე მისვლა კოშმარია, ძალიან მიჭირს. რომ წარმოვიდგენ, რომ მის წინაშე უნდა ვითამაშო, ძალიან ვნერვიულობ. როცა ცუდი უნდა მითხრას, მაშინაც არ მეუბნება, მაგრამ მე მაინც ვნერვიულობ. თუმცა, მაინც მიწევს, რადგან საერთო პროექტში ვართ, მოკლემეტრაჟიან ფილმში ვთამაშობთ შეყვარებულების როლებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი