შოუბიზნესი

როგორ მოიპოვა ლიზა ავსაჯანიშვილმა პირველი ოქროს მედალი 13 წლის ასაკში იაპონიაში და როგორ გაუმკლავდა ის უცხო ქვეყანაში სამხედრო რეჟიმით სწავლას

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 28.06, 2023 წელი

ლიზა ავსაჯანიშვილი
დაკოპირებულია

ბალერინა ლიზა ავსაჯანიშვილი რვა წლის შემდეგ მშობლიურ სცენას უბრუნდება. ის ბერლინის სახელმწიფო ბალეტის მოცეკვავეა და 20 წლის ასაკში უკვე ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, რადგან ლიზა მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება.

ლიზა ავსაჯანიშვილი: მას შემდეგ, რაც საქართველო დავტოვე, თბილისის სცენაზე არ მიცეკვია. რვა წლის განმავლობაში ჩემს მშობლებსაც კი არ უნახავთ ჩემი ცეკვა ლაივში. ამდენი წლის შემდეგ უკვე, როგორც პროფესიონალი ბალერინა და დასის წევრი, ვბრუნდები ჩემს სამშობლოში. განსაკუთრებული გრძნობა მაქვს, ჩემი ხალხის წინაშე უნდა ვიცეკვო – ეს ჩემთვის დიდი მოტივაცია და ბედნიერებაა. დიდი მადლობა ქალბატონ ნინო ანანიაშვილს მოწვევისთვის. ჩემი პროფესიონალური კარიერა ჭაბუკიანის საბალეტო სასწავლებლიდან დაიწყო და იქ გატარებული წლების განმავლობაში ქალბატონი ნინო ყოველთვის გვერდით მედგა. როდესაც სანკტ-პეტერბურგში, ვაგანოვას აკადემიაში გავაგრძელე სწავლა, კარგად მახსოვს, ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ მითხრეს, მოგაკითხესო. არავის ველოდი და გამიკვირდა. ძალიან გამიხარდა, როდესაც დავინახე, რომ კულისებში ქალბატონი ნინო ანანიაშვილი იდგა. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო მისგან.

– როდის შეხვდებით ქართველ მაყურებელს?

– ფესტივალი ივნისის ბოლოს გაიხსნება. 2 ივლისს ჩატარდება დიდი გალაკონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მოცეკვავეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 2 ივლისს ვიცეკვებ მეც, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტ ეფე ბურაკთან ერთად. ეფე ჩემი კარგი მეგობარია და ის, რომ ერთად გვიწევს ბალეტის შესრულება, ძალიან სასიამოვნო დამთხვევაა.

– სამზადისიც განსაკუთრებულია?

– სამზადისი ძალიან ქაოტურია. ამჟამად ბერლინის სახელმწიფო თეატრში ვცეკვავ და ახლა სეზონს ვამთავრებთ. გრანდიოზული დასასრული გვაქვს, რადგან თეატრმა სეზონის ბოლოს გადაწყვიტა სამი დიდი პრემიერის გამოშვება. სამი თვეა, ამისთვის ვემზადებით. ეს ნიშნავს ძალიან ბევრ შრომას, ოფლის და სისხლის ღვრას. მთელ დროს თეატრში ვატარებ.

– დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. ბალეტით როგორ დაინტერესდით?

– რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ბალერინობა მინდოდა. არ ვიცი, რატომ, თითქოს გავჩნდი და გადავწყვიტე, რომ ბალერინა გავმხდარიყავი (იცინის). დედა მეუბნებოდა, მოდი, ქართულ ცეკვებზე შევიდეთ, მოდი სუხიშვილებშიო, მაგრამ არა, მე მხოლოდ ბალეტი მინდოდა. მშობლები მსახიობები მყავს და ორივემ კარგად იცის, რამდენად რთულია თეატრალური ცხოვრება. შეიძლება, ამიტომაც ცდილობდნენ, ბალეტს ავერდებინე, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი ყოველთვის ეს იყო და ბოლოს ისინიც დარწმუნდნენ, რომ აღარ ვხუმრობდი (იცინის).

– როდის მიხვდნენ ამას?

– საბალეტო წრეზე დავდიოდი. პედაგოგებმა ჩემს მშობლებს უთხრეს, კარგი იქნება, თუ გიმნაზიაში შეიყვანთ, კარგი მონაცემები აქვსო. გადავედი გიმნაზიაში. იქ უთხრეს, ვაიმე ძალიან ნიჭიერია, ჭაბუკიანში უნდა ჩააბაროსო. ჭაბუკიანში ფასიანი და უფასო განყოფილებაა. დედამ მითხრა, თუ უფასოზე ჩააბარებ, ჩააბარებ, თუ არა და საბედნიეროდ, სკოლაში კარგად სწავლობ, გახსნილი გონება გაქვს და სწავლას მიხედავო. უფასოზე ჩავაბარე (იცინის). იქიდან დაიწყო ჩემი პატარ-პატარა წარმატებები. ძალიან კარგი შეფასებები მქონდა პედაგოგებისგან. 13 წლის ასაკში პირველად მივიღე მონაწილეობა კონკურსში, იაპონიაში. ჩემი პირველი გამარჯვება ზუსტად ამ კონკურსს უკავშირდება, პირველი ოქროს მედალი იქ ავიღე. ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო სანკტ-პეტერბურგის ვაგანოვას აკადემიის პედაგოგი ირინა სიტნიკოვა. აღმოჩნდა, რომ კონკურსს ესწრებოდა აკადემიის რექტორიც – ნიკოლოზ ცისკარიძე. ვაგანოვას აკადემია ჩემთვის მიუწვდომელი ოცნება იყო. მახსოვს, ვუყურებდი ხოლმე დოკუმენტურ ფილმებს მის შესახებ და ვფიქრობდი, რომ მე ვერასდროს შევძლებდი იქ სწავლას.

მოკლედ, იაპონიაში კონკურსზე ვარ, ხელში ოქროს მედალი მიჭირავს და ერთი სული მაქვს, როდის დავურეკავ დედას, მამას, რომ ჩემი გამარჯვების შესახებ ვახარო (იცინის). ამ დროს, ნიკოლოზ ცისკარიძე და ირინა სიტნიკოვა მოდიან ჩემთან და მეკითხებიან – რას ფიქრობ, ისწავლი ვაგანოვაში? მე გავთეთრდი, გავშრი, ვუყურებ მათ და არ ვიცი, რა ვუპასუხო. კარგად მახსოვს, რა ხდებოდა მაშინ ჩემს გონებაში, როგორი სტრესი იყო – ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა. ჩემი პროფესია იმდენად მიყვარს, რომ მივხვდი, მის გამო ყველაფერს შევძლებდი. ასე რომ, 14 წლიდან სწავლა ვაგანოვას აკადემიაში გავაგრძელე. ძალიან რთული იყო. როგორც ჯარისკაცს ამზადებენ ომისთვის, ისე გვამზადებდნენ ამ აკადემიაში.

14 წლის ასაკში ოჯახის დატოვება, მით უმეტეს, რომ მე ძალიან ოჯახის ბავშვი ვიყავი, ძალიან რთული აღმოჩნდა. ცხოვრება სხვა ქვეყანაში, უცხო გარემოში, საერთო საცხოვრებელში და დილის ცხრიდან, საღამოს ცხრამდე დარბაზში ვარჯიში – ეს იყო მთელი ჩემი ცხოვრება. არ ვიცოდი ენა და ბევრი ბარიერი მქონდა გადასალახი, პრაქტიკულ თუ მენტალურ დონეზე. საბედნიეროდ, გამომივიდა.

– ნიკა ცისკარიძესთან სწავლამ რა მოგიტანა?

– მისი ყოველთვის მეშინოდა (იცინის). თან რადგან ქართველია, სხვანაირი დამოკიდებულება მქონდა. იქ, იმ გარემოში, ძალიან მინდოდა, რომ მისთვის ჩემზე ცუდი სათქმელი არავის ჰქონოდა. მე ყოველთვის ვეძებდი პატარ-პატარა მოტივაციებს ჩემი თავისთვის. ვიღაცას იმედი არ გავუცრუო, ჩემს თავს იმედები გავუმართლო, წინ წავიდე, უკეთესი გავხდე და ასე შემდეგ. ასეთი რწმენით ნელ-ნელა რაღაც გამოვიდა.

– როგორი იყო იქაური წარმატებები და აღიარება?

– როდესაც ვაგანოვას რიტმს მივეჩვიე, ჩემს თავს ვუთხარი: უნდა იყო უკეთესი! ყოველდღე ბევრს ვშრომობდი იმისთვის, რომ წინა დღის შედეგი გამეუმჯობესებინა. ნიკოლოზ ცისკარიძე ამჩნევდა ამ ყველაფერს და მალე პირველი დიდი პარტია მომცა. 16 წლის ასაკში შევასრულე პირველი ბალეტი და ეს იყო „მაკნატუნა“. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მას გამოსაშვებ საღამოზე ცეკვავენ 18-19 წლის გოგონები. მე ვიყავი პირველი, ვინც ის 16 წლის ასაკში იცეკვა. დაიწყო ჩემი და ბატონი ნიკოლოზის პროფესიული დაახლოება, თუმცა, ის ყოველთვის მიყვიროდა და მეჩხუბებოდა. ძალიან მკაცრია. მასთან ვერასდროს ვიღებდი ხმას, თუმცა, ვგრძნობდი, რომ მისი სიმკაცრის და ჩხუბის მიზეზი არ იყო ის, რომ მას მე არ ვუყვარდი. ერთ-ერთი სპექტაკლის წინ, ჩემთან მოვიდა, პირველად ჩამეხუტა და მითხრა, დღეს სცენაზე დიდი საზოგადოება გვიყურებს და აბა, შენ იციო. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი იმედი ჰქონდა. სპექტაკლის შემდეგ მომილოცა, ჩამეხუტა და მითხრა: ნუ, არა უშავდა. ეს სიტყვები ნიშნავდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. (იცინის).

– სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარი ადგილის პოვნაც არ არის ადვილი.

– ასეა. სკოლაში შენი სახელი გაქვს, მაგრამ თეატრში ყველაფერს ნულიდან იწყებ, რადგან იქ არავინ ხარ. მე გამიმართლა. საქმე ისაა, რომ მარიინსკის თეატრის დირექტორი ხშირად უყურებს გამოსაშვებ საღამოებს და რადგან მე ხშირად ვცეკვავდი წამყვან პარტიებს, თვალში მოვხვდი და სწავლის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე მივიღე მოწვევა. ასე რომ, სწავლის დამთავრების შემდეგ, ჩემი კარიერა მარიინკის თეატრში გაგრძელდა. პირველი სეზონი ძალიან რთული იყო, თუმცა, ნელ-ნელა წარმატება მოვიდა და ჩემს სპექტაკლებს დიდი გამოხმაურება ჰქონდა ხოლმე. კრიტიკოსები ბევრ ჟურნალში მოიხსენიებდნენ ჩემს სახელს დადებითად. იყო კონკურსები, სადაც ლაურეატი გავხდი და ყველაფერი ძალიან კარგად განვითარდა.

– ახლა უკვე ბერლინში აგრძელებ კარიერას. როგორ გადაწყვიტე ევროპაში გადასვლა?

– სანტ-პეტერბურგში კლასიკური ბალეტის ძალიან დიდი კულტურა აქვთ და მეც კლასიკური მოცეკვავე ვარ. ამიტომ, სხვა მხრივაც მინდოდა განვითარება. მარიინსკის თეატრი არ არის მოდერნი, არის კლასიკა, რაც, თავის მხრივ, საოცარია, ამიტომაც არის უმაღლეს საფეხურზე, მაგრამ მინდოდა, მოდერნისტული მიმართულებაც მეცადა და ამიტომაც შევაჩერე არჩევანი ევროპაზე. რამდენიმე თეატრში ვცადე ბედი და აბსოლუტურად ყველა თეატრიდან მივიღე მოწვევა. ძალიან გამირთულდა საქმე (იცინის). გადავწყვიტე, რომ ბერლინი იყო საუკეთესო ვარიანტი და რომ ჩემი კარიერული ზრდა ბერლინის სახელმწიფო თეატრში უნდა გამეგრძელებინა.

– ბერლინში რამდენად რთული აღმოჩნდა წარმატების მიღწევა?

– აქ იმის საშუალებაც მაქვს, რომ პროფესიულთან ერთად პიროვნულადაც განვვითარდე. სანკტ-პეტერბურგში მხოლოდ თეატრით ვცხოვრობდი, რაც პროფესიული კუთხით კარგია, მაგრამ პიროვნულად თითქოს იკარგები. მართალი არ იქნება, რომ ვთქვა, აქ მეტი დრო მაქვს-მეთქი, მაგრამ აქ ყველაფერი უფრო მშვიდად მიდის და ეს ბევრს ნიშნავს. დასში, რომელიც 35 წელზე მეტია, არსებობს პირველი ქართველი ბალერინა ვარ. მინდა გითხრათ, რომ ყველგან დიდი სიამაყით ვამბობ, რომ მე ქართველი ვარ და ყველა კონკურსში ჩვენი ქვეყნის სახელით ვმონაწილეობ. ვხედავ, რომ აქ ხალხი უკვე მცნობს და მეკითხებიან, როდის არის ჩემი შემდეგი სპექტაკლი, რაც ძალიან მახარებს. ფოტოგრაფების, ვიდეოგრაფებისგან წამოვიდა ინტერესი, სხვადასხვა პროექტიდან დაინტერესდნენ, ბევრი გზა გამოჩნდა სხვადასხვა მიმართულებით და ესეც ძალიან სასიამოვნოა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი