შოუბიზნესი

თათა გიორგობიანი: მამა განიცდის, პრობლემა რომ შეგექმნას, ვერ დაგიცავო

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 08.03, 2021 წელი

თათა გიორგობიანი
დაკოპირებულია

მომღერალი თათა გიორგობიანი ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში იმ პრობლემის შესახებ წერდა, რომელიც ალბათ, ბევრს აწუხებს. „ფეისბუქზე“ მისი პროფილის „გატეხვის“ მორიგი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და თათას სამართალდამცავების ჩარევა არ დასჭირდა.

 

თათა გიორგობიანი: ჩემი „ფეისბუქგვერდის“ გატეხვა უნდოდათ და ვისზეც მქონდა ეჭვი, ის აღმოჩნდა. ისე, საკმაოდ ხშირად მომდის შეტყობინება, რომ ჩემს გვერდზე შეღწევას ცდილობენ, მაგრამ ესემესდაცვა მიყენია და არ არის ასე მარტივი. ზოგადად, არ გამოვირჩევი სოციალურ ქსელში სტატუსებით, მაგრამ ამჯერად მინდოდა, ამ ადამიანს გაეგო, რომ მისი ვინაობა ვიცი, პირადად მასთან დაკავშირება არ გამოდიოდა და ამიტომ სოციალურ ქსელში საჯაროდ დავწერე, რომ შემიძლია საქმე აღვძრა. მე ვიცი ამ ადამიანის ფსიქოლოგია, მიიღო ეს ინფორმაცია და გაჩერდა. ამიტომ, ამ ეტაპზე მეტად აღარ გავართულე. ადამიანებს ყოველთვის ვაძლევ გამოსწორების შანსს. თუმცა, ყველაფერს საზღვარი აქვს და როცა საჭირო გამხდარა, მიმიმართავს კიდეც სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ადრე ერთ-ერთი კოსმეტიკური საშუალებების კომპანიაში ვმუშაობდი და მის ჟურნალებს ვატარებდი. უცხო ბატონს ერთ-ერთი რელიგიური მოძღვრების წარმომადგენელი ვეგონე და ისე, რომ კითხვაც არ დაუსვამს, ჩემზე ფიზიკურად იძალადა. ასაკოვანი ადამიანების მიმართ განსაკუთრებულად ზრდილობიანი ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ზედმეტი მოუვიდა. თან, მივხვდი, რომ ნერვული სისტემაც ვერ ჰქონდა მწყობრში და პოლიციას მივმართე. ეს სათაკილო კი არაა, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. ეს სახელმწიფოა და თითოეულ მოქალაქეს კანონი იცავს. აღმოჩნდა, რომ უბნის ინსპექტორს სცოდნია ამ ბატონის შესახებ, თურმე, იქამდეც შემჩნეული იყო აგრესიულ ქმედებებში. გაფრთხილება მისცეს. იმედი მაქვს, ჭკუა ისწავლა და მას შემდეგ ასე აღარ მოქცეულა. არ ვარ ადამიანი, რომელიც პირდაპირ სამართალდამცავებთან გარბის, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ვდგამ ამ ნაბიჯს, როცა პრობლემა ზრდილობიანად არ გვარდება.

– თამამი ეკრანული იმიჯის გამო ვინმეს მხოლოდ სექსუალურ ობიექტად აღუქვიხართ?

– არ ვთვლი, რომ სექსუალობა ცუდი რამ არის. ქალს სხვადასხვა მხარე აქვს და სექსუალურობა ერთ-ერთია. თუ ვინმე ჩემში მხოლოდ ამ მხარეს ხედავს, ეს მისი პრობლემაა. ამ ეტაპისთვის მე ფსიქოლოგიის მაგისტრანტი ვარ, სამ სხვადასხვა სამსახურში ვმუშაობ და მათ შორის, ფინანსური მარკეტინგის განხრით. სოციალურ ქსელში ჩემს გვერდს თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ მრავალფეროვანი ინტერესები მაქვს. ვინ რას დაინახავს, მათი საქმეა და მათი აღქმის დიაპაზონით განისაზღვრება. ამასთან დაკავშირებით ნეგატიური მოგონებები ნამდვილად არ მაქვს. შეიძლება, ყოფილა მცირე მომენტები, რომელიც არ მესიამოვნა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცნობად სახეს ცოტა მეტი თმენის ვალდებულება გაქვს, თუ საქმე ზღვარგადასულ ქმედებას არ ეხება.

– ყოფილა მომენტი, როცა საკუთარი თავი არ მოგწონდა და გიჭირდა ისეთად მიღება, როგორიც იყავი?

– გარდატეხის ასაკში საკუთარ გარეგნობასთან ძალიან სერიოზული პრობლემები მქონდა. ვერაფრით ვიღებდი ჩემს თავს. მეგონა, რომ ყველაზე მახინჯი ვიყავი. თითქმის არაფერი მომწონდა, ახლა რომ ჩამოთვლა დავიწყო, სიას ვერ დავასრულებ (იცინის). მერე გავაცნობიერე, რომ იდეალურობა არ არსებობს და ალბათ, არც უნდა იარსებოს. რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ სინამდვილეში ადამიანის მახასიათებლები, რომლებიც შესაძლოა, სილამაზის სტანდარტებში საერთოდ არ იჯდეს, განგასხვავებს სხვებისგან და ინდივიდუალობას განიჭებს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ გარეგნობაზე გადაყოლა არ ღირს. მთავარია, მოწესრიგებული იყო და საკუთარ კანში თავს კომფორტულად გრძნობდე.

– როგორც ვიცი, საკმაოდ მკაცრი მამა გყავს, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს. ნათქვამი გაქვს, რომ ძალიან მომთხოვნია. რას ითხოვს თათასგან?

– მამასთვის მნიშვნელოვანია, რა ღირებულებები მაქვს. ახლა უკვე ზრდასრულ ასაკში ვარ და თანდათან ნაკლებად ნერვიულობს. მაგრამ რადგან შორსაა, განიცდის, პრობლემა რომ შემექმნას, რომელშიც მამაკაცის ჩარევა იქნება საჭირო, ის ჩემს გვერდით არაა და ვერ დამიცავს. თუმცა, არც ვიქცევი ისე, რომ ვინმეს გაღიზიანება გამოვიწვიო. ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ბევრს ვსაუბრობთ. ეკრანზე რომ გამოვჩნდი, ამ ამბავმა ცოტა ააღელვა, მაგრამ ყველამ რომ უთხრა: რა კარგი გოგო გყავს, რა ლამაზი, რა ნიჭიერი, რა კარგად უჭირავს თავიო, ისიც შეგულიანდა და მიიღო ეს ყველაფერი (იცინის).

– თაყვანისმცემლებს რომ ეხება საქმე, მაშინ როგორია მამა?

– ვცდილობ, ეგ თემები მოვარიდო მის ყურს და თვალს. ვიცი, რომ აქაც დაცვის მომენტი ჩაერთვება. თუმცა, ჩემს თავს ისეთი არც არაფერი ხდება. ცუდი არაფერია იმაში, თუ ვინმე საჩუქარს მაჩუქებს. მე ყველასთვის ნათქვამი მაქვს, რომ საჩუქრებს არ ვიღებ, მინდა, ადამიანებმა ამით საკუთარი თავები გააბედნიერონ. მაგრამ ხანდახან იძულებული ხარ, უარი არ თქვა, რადგან ზედმეტი თავის დაფასება უზრდელობას ემსგავსება და შესაბამისად, ზოგჯერ ვიღებ საჩუქარს, მაგრამ ამას მამასთან არ ვახმოვანებ (იცინის).

– ნათქვამი გაქვს, ძალიან იშვიათად ვინმე მომეწონოსო – არ გამოჩნდა ასეთი ადამიანი?

– არის ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, ვისთან ერთადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ. წლებია, ერთად ვართ. ბევრი წელი მეგობრები ვიყავით. შემდეგ მუსიკამ ძალიან დაგვაახლოვა და ჩვენი ურთიერთობა ბუნებრივად გადაიზარდა სიყვარულში.

– სოციალურ ქსელში შენთან დაკავშირებით სასწაულ კომენტარებს წერენ ბიჭები. ძალიან ბევრი ისურვებდა შენ გვერდით ყოფნას. შენი მეგობარი ბიჭი როგორ რეაგირებს ამაზე?

– ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც დადებით შეფასებებს არ იშურებს. ზოგჯერ თავს უხერხულად ვგრძნობ. დაბალი თვითშეფასება ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ მგონია, რომ ზოგჯერ ძალიან ბევრი მოსდით ხოლმე. ისიც გასაგებია, რომ ალბათ, უამრავ მამაკაცს გაუცრუვდა იმედი, იმის გამო, რომ ამ ადამიანთან წლების ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ იმედია, გაუხარდებათ ის, რომ მე ბედნიერი ვარ. ჩემი მეგობარი ბიჭი მსგავს კომენტარებს ძალიან ჯანსაღად ხვდება.

– სწავლობ, მუშაობ, კიდევ რა არის შენთვის აქტუალური?

– სამსახური, სწავლა... ბევრ რამეს ვაკეთებ ერთად და ისე გამოდის, რომ ხეირიანად ვერცერთს. ხან რომელს ვაკლებ დროს, ხან – რომელს. სხვა გეგმებიც მაქვს, მინდა პატარა ბიზნესი გავაკეთო და ქალის საცვლები გამოვუშვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი