საზოგადოება

ნათელმხილველი ნანული ლალიაშვილი: არ დანებდეთ არასდროს, ყოველთვის არსებობს გზა, გამოსავალი

№33

ავტორი: „თბილისელები“ 19:00 29.08, 2021 წელი

ლალიაშვილი ნანული
დაკოპირებულია

რამდენიმე თვის წინ ჩვენს ჟურნალში იბეჭდებოდა ცნობილი ქართველი ნათელმხილველის, ნანული ლალიაშვილის ინტერვიუები, რასაც დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა. მკითხველის თხოვნით ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ინტერვიუების ციკლს ქალბატონ ნანულისთან, რომელიც ცოტა ხნის წინ ბულგარეთში ექსტრასენსთა და ბიოენერგოთერაპევტთა საერთაშორისო ასოციაციის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს.

ნანული ლალიაშვილი წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობდა რუსეთში, ამერიკასა და ევროპაში, სადაც მის სეანსებსა და მასტერკლასებს მსოფლიოს ცნობილი ადამიანები და ბიოენერგეტიკოსები ესწრებოდნენ, რაც ქალბატონ ნანულის საკუთარ წიგნში – „წინ – ბედნიერებისკენ“ აქვს აღწერილი.

ქალბატონ ნანულისთან ექსკლუზიური ინტერვიუ მის პროფესიულ კარიერაში მნიშვნელოვანი მოვლენის მილოცვით დავიწყეთ.

ნანული ლალიაშვილი: დიდი მადლობა მოლოცვისთვის, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა, პანდემიის გამო ვერ მოვახერხე ბულგარეთში ჩასვლა, მაგრამ ამ საპატიო წოდების მინიჭებამ ძალიან გამახარა. ამ ქვეყანას, ამ მხრივ, დიდი ტრადიცია აქვს. წლების წინ მქონდა გარკვეული საქმიანი შეხება ვანგასთან, როდესაც მოსკოვში ვცხოვრობდი. ასევე, ვიმუშავე ჯუნა დავითაშვილთან, შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცი ამ ადამიანების ფენომენალური უნარის შესახებ და ვიცი, რა კვალიც დატოვეს მათ ეზოთერიკაში. უხერხულია ამის თქმა, მაგრამ აღიარებას ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ ვყოფილვარ მოკლებული. ჩემზე წერდნენ გაზეთებში, ჟურნალებში, თუმცა მე თვითონ არ მიყვარდა პოპულარობა. სენატში ვმუშაობდი, მაგრამ ამ თემაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობდი. ახლა, როდესაც უკვე კომუნიკაციის ბევრი საშუალებაა, ასე აღარ გამოდის, როდესაც პოპულარული ხდები, ბევრ რამეზე გიწევს ანგარიშის გაწევა.

ჩემთვის ყველა ჯილდოზე და რეგალიაზე ძვირფასი ის სიყვარულია, რასაც ჩემს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჩემი ხალხისგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ.

– როგორ ფიქრობთ, რამ განსაზღვრა თქვენი პროფესიული წარმატებები?

_ მე მიყვარს ადამიანები, ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მთავარია ნებისმიერ საქმესა და პროფესიაში. მე მყავდა ძალიან ბრძენი ბებია, რომელიც მასწავლიდა, რომ ადამიანების სიყვარული ყველა ცხოვრებისეული გამოწვევის გასაღები იყო. ბებია სახალხო მკურნალი იყო, იმდენად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, მასთან მთელი საქართველოდან ჩამოდიოდა ხალხი. მან ჩემში საკმაოდ პატარა ასაკში აღმოაჩინა ნათელხილვის უნარი. ბებია ბევრ რამეს მასწავლიდა. განსაკუთრებით მიზიდავდა მისი უძველესი საუკუნოვანი რელიკვიური წიგნი, რომელიც საოცარ მაგიურ საიდუმლოებებს, მათ ახსნასა და წესებს ინახავდა.

მე მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა და ჩემი საქმიანობის წყალობით, ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შემახვედრა, მათ შორის იყვნენ ცნობილი ექიმები, ხელოვანები, ბიზნესმენები, სახელმწიფო მოხელეები, ადამიანები, რომლებიც ქვეყნების ბედსაც კი ცვლიდნენ.

ადამიანების სიყვარულმა ბევრი რამ მომცა ცხოვრებაში, მყავს კარგი ოჯახი, სამი შვილი, ხუთი შვილიშვილი, მყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელთან ერთადაც ხუთი ათეული წელი გავატარე. ის რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილია. ჩემი მეუღლე იყო ჩემი ყველაზე დიდი საყრდენი ცხოვრების ყველა ეტაპზე, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ.

– ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეთ, იმავე არჩევანს გააკეთებდით?

– ამ თემაზე ბევრი მიფიქრია და საკუთარი თავისთვის დამისვამს ეს შეკითხვა და რა თქმა უნდა, დიახ! იმის მიუხედავად, რომ არ გავიარე იოლი გზა, უარი ვთქვი საყვარელ საქმეზე, პედაგოგობაზე, მაინც ამ ცხოვრებას ავირჩევდი. წარმოიდგინეთ ამ წლების განმავლობაში რამდენ ადამიანს დავეხმარე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს პროფესიაში. ნათელმხილველთან ადამიანი მაშინ მიდის, როდესაც ცხოვრების რთული პერიოდი, დიდი განსაცდელი აქვს და როცა ასეთ დროს, იმედდაკარგულ ადამიანს დაეხმარები და ცხოვრების გეზს აჩვენებ ან სწორ გზაზე დააბრუნებ, ადამიანისთვის ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?!

– რა რჩევებს მისცემთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრების რთულ პერიოდებს გადიან?

– ამ ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად არის გამოხატული ბევრი ისეთი საკითხი, რაც ადრე ხალხს ნაკლებად აწუხებდა. სტრესი, შფოთვა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტი ადამიანი მომმართავს მძიმე დეპრესიებით. მათ თითქოს დაკარგეს ცხოვრების აზრი. ეს ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში. მძიმე სოციალურ ფონს დაემატა კოვიდპანდემიაც. მე ხშირად ვეუბნები ჩემთან მოსულ, გაჭირვებულ, განსაცდელში მყოფ ადამიანებს – არ დანებდეთ არასდროს, ყოველთვის არსებობს გზა, გამოსავალი. თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ ბედნიერი და დიახ, უნდა იყოთ ბედნიერი, ყველაფერი უნდა გააკეთოთ ბედნიერებისთვის! პირველად საქართველოში გავაკეთე უპრეცედენტო პროექტი – დავაარსე ალტერნატიული მედიცინის აკადემია – „წინ – ბედნიერებისკენ“, სადაც ტარდება შეხვედრები ერთადერთი მიზნით – ადამიანებს დავანახოთ ბედნიერების გზა და შევცვალოთ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ.

დღეს ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, რომელთაც აქვთ პრობლემები პირად ცხოვრებაში, კარიერაში, ბიზნესში. არის ბარიერები, რაც გვიკეტავს გზას წარმატებისკენ. არსებობს სპეციალური პროცედურები, რომლითაც ვეხმარები ადამიანებს, გადალახონ ეს ბარიერები და მიაღწიონ წარმატებას პირად ცხოვრებაში, საქმეში, ბიზნესში. ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები თითქოს დაცლილები არიან ადამიანური გრძნობებისგან, მათ შორის გაჩნდა უზარმაზარი უფსკრული, ისინი გაუცხოვდნენ, შეუძლიათ გაცემა და ენანებათ, გაქრა დანდობისა და თანადგომის უნარი. ყველა ცდილობს, ერთმანეთს თავისი უპირატესობა დაუმტკიცოს. სამწუხაროდ, ადამიანი, ზნეობრივი განვითარების მხრივ, უფრო და უფრო უკან მიდის. ჩემი რჩევაა, არასდროს დათანხმდეთ ცხოვრებას, იყოთ უზნეობის მხარეს და დროებით გამარჯვებული.

– ცნობილია, რომ თქვენ არ გიყვართ პოლიტიკურ პროგნოზებზე საუბარი, მაგრამ თუ შეგიძლიათ, რამდენიმე სიტყვით გვითხრათ, როგორი შემოდგომა გველის?

– წლის დასაწყისში ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა ჩემი ინტერვიუ, სადაც უახლოესი პერიოდის პროგნოზებზე მომიწია საუბარი, ვამბობდი, როგორი მძიმე იქნებოდა ეს წელი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ისედაც რთული და დაძაბული ცხოვრება გვაქვს, მაქსიმალურად ფრთხილად გამოვხატე ჩემი სათქმელი. მართლაც 2021 წელი ძალიან მძიმე აღმოჩნდა ყველასთვის – კორონაპანდემიის გამო ასეთი დიდი მსხვერპლი გვაქვს, ადამიანებმა დაკარგეს ოჯახის წევრები, რაც ძალიან მძიმე ტრაგედიაა.

სამწუხაროდ, წინ საკმაოდ რთული შემოდგომა გველის. ეკონომიკურ და სოციალურ სიდუხჭირეს, რაც კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა, დაემატება პოლიტიკური დაპირისპირებების მძიმე ფონი. წინ გველის პოლიტიკური დაშლა, დაყოფა, რაც ჩვენს სახელმწიფოს ანგრევს და მტერს გულს უხარებს. არადა, დღეს ყველა უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, არ აქვს მნიშვნელობა, სად ვმოღვაწეობთ – პოლიტიკაში, განათლებაში, ჯანდაცვაში, ბიზნესში თუ სახელმწიფო სამსახურში. ვიგრძნოთ ვალდებულება, რაც გვაკისრია ჩვენი ქვეყნის წინაშე. მხოლოდ ქვეყნისგან ნუ ვითხოვთ, ჩვენც გავიღოთ ის, რაც ყველა მოქალაქემ უნდა გასცეს თავისი ქვეყნის გასაძლიერებლად. მხოლოდ შენი სახელმწიფოს წინაშე მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას და წაიყვანს ჩვენს საზოგადოებას გამარჯვებების გზაზე!

უფალი იყოს ჩვენი მფარველი!

ნანული ლალიაშვილის ოფისთან დასაკავშირებლად, კონსულტაციაზე ჩასაწერად და მეტი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 579-700-057; 599-07-33-22.

უცხოეთიდან დაგვიკავშირდით: WHATSAP/VIBER 5-99-07-33-22.

www.nanulilaliashvili.ge

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი