საზოგადოება

ფონდმა „თაობამ“ პირველად საქართველოში შექმნა პორტალი მათთვის, ვინც ჯანსაღ სიბერეს აპირებს

№6

ავტორი: ეთო ხურციძე 14:00 17.02, 2021 წელი

უჩა ვახანია
დაკოპირებულია

პირველად საქართველოში ფონდმა „თაობამ“ ხანდაზმული ადამიანების პორტალი შექმნა, რომელიც მოიცავს დაბერებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს. ასაკოვანი ადამიანებისადმი მიძღვნილ ვებ-სივრცეში გაეცნობით სხვადასხვა სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციას, მიიღებთ თქვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხებს. www.taoba.org.ge საინტერესოა არა მარტო უფროსი თაობის ადამიანებისთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისა და ყველასთვის, ვინც ჯანსაღ სიბერეს აპირებს. პორტალთან დაკავშირებით ფონდ „თაობის“ დირექტორს, ბატონ უჩა ვახანიას ვესაუბრეთ.

 

უჩა ვახანია: ჩვენი ორგანიზაცია – „თაობა“, თავისი წინამორბედი ორგანიზაციების ჩათვლით, ამ სფეროში 90-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობს და საქართველოში ლიდერ ორგანიზაციად ითვლება ხანდაზმულებზე ზრუნვაში. ალბათ, ეს უნდა გვიხაროდეს, რადგან რაღაცას კარგად ვაკეთებთ, მაგრამ როცა ამ „შეჯიბრში“ თითქმის მარტო ხარ, არანაირ სიამოვნებას არ განიჭებს – სჯობს, იყო სისტემის ნაწილი და თუნდაც მეასე. სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის, რას ვაკეთებთ, რატომ და რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო. მთელი ჩვენი საქმიანობა ერთი წინადადების ირგვლივ ტრიალებს: ხანდაზმული ადამიანი არის ადამიანი. თითქოს ამ ფრაზას არანაირი შინაარსი არ აქვს, მაგრამ სწორედ, ეს არის წყალგამყოფი. ხანდაზმული ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც გარკვეულ ასაკში იმყოფება. თუ მშვიდობა იქნება და ახალგაზრდები არ გარდავიცვლებით, ყველანი დავბერდებით და ჩვენც გავხდებით მოხუცები. წლების განმავლობაში, ხელშეწყობის დეფიციტის პირობებში, განვითარებული ქვეყნებიდან გადმოვიტანეთ და დავნერგეთ ხანდაზმულებზე ზრუნვის ინოვაციური მოდელები, რომელსაც გავრცელება სჭირდება.
– პირველად საქართველოში ხანდაზმულთა პორტალი შექმენით. იდეა როდის გაჩნდა?
– ვებ-გვერდების სიმცირეს არ ვუჩივით, არის პროფესიული, სამედიცინო, გასართობი, თემატური, სოციალური და ასე შემდეგ. საქართველოში მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტი ადამიანი გვყავს, რომლებიც სრულიად მივიწყებულები არიან. ისინი არსად ჩანან, მათ შორის, არც სახელმწიფო პროგრამებში, არც პოლიტიკაში და არც საზოგადოებრივ აზრში, თითქოს ეს ხალხი საერთოდ არ არსებობს. ხანდაზმულების მიმართ მედიის დამოკიდებულებაც ორგვარია, პირველი – სრული იგნორირება, მეორე – გადაჭარბებული მგრძნობიარობა. ერთიც და მეორეც არასწორია, პირველი არაადამიანურია, მეორე – ყალბი. მარტივად, სწორი იქნებოდა ის, რომ ხანდაზმულები არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი და მათ სჭირდებათ ყველაფერი, რაც ყველა სხვას. თაობათა შორის განხეთქილება კაცობრიობის ისტორიას მუდმივად თან სდევს, თუმცა ჩვენი ეპოქა განსაკუთრებული სირთულით გამოირჩევა – ციფრულმა ტექნოლოგიამ თაობათა შორის ნამდვილი უფსკრული გააჩინა. ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთგვარი ხიდი ავაგოთ და ციფრულ ტექნოლოგიაზე გადმოვიყვანოთ ხანდაზმული ადამიანები, რაც სავსებით რეალურია. კომპიუტერის ჩართვისა და პორტალის მოხმარების სწავლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ბებია-ბაბუებს ამაში შვილიშვილები დაეხმარებიან, რაც დამატებით იქნება თაობათა შორის სოლიდარობისა და თანამშრომლობის მასტიმულირებელი. სწორედ ამიტომ, შევქმენით ერთიანი ონლაინ სივრცე, რომლითაც ხანდაზმული ადამიანი ისარგებლებს და გაეცნობა მისთვის საინტერესო ინფორმაციას. ყველა საკითხი იქნება განხილული, რაც მათ აწუხებთ, დაწყებული მაღალი წნევიდან, დამთავრებული სამემკვიდრეო სამართლით. თუ რამე შეკითხვა თავად გაუჩნდებათ, საშუალება აქვთ, მოგვწერონ და პასუხს მოკლე დროში მიიღებენ. პორტალის შექმნის პროექტი დააფინანსა „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა“, Bread for the world-ის მხარდაჭერით.
– რამდენად აქვთ ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა ხანდაზმულ ადამიანებს, რათა პორტალით სარგებლობა შეძლონ?
– საქართველო კავშირგაბმულობის მხრივ არ არის ჩამორჩენილი ქვეყანა, მაგრამ ხანდაზმულებზე ზრუნვით ძალიან ჩამორჩება. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დიდია, ამიტომ ეს არ იქნება პრობლემა. თან, მათ ახალგაზრდებიც მიეხმარებიან და მარტივად გახდებიან პორტალის მომხმარებლები.
– რა შინაარსისაა პორტალი და მხოლოდ ხანდაზმულებზეა გათვლილი?
– აუდიტორიაზე თუ ვისაუბრებთ, პირველ რიგში, ესენი ხანდაზმული ადამიანები არიან, მეორე – მათი ოჯახის წევრები და ისინი, ვინც მათზე ზრუნავენ; ასევე, ყველა ის ადამიანი, რომელსაც აინტერესებს ჯანსაღად დაბერება და რომელიც ფიქრობს ხანდაზმულ ასაკზე. რეალურად ყველა ადამიანს მოიცავს, მეტწილად კი მოხუცებს. რაც შეეხება შინაარსს, არის ჯანმრთელობა, ფსიქოლოგია, მოვლა, რეგულირება, რომელშიც იურიდიული საკითხები და სოციალური პროგრამები შედის, ასევე, სხვადასხვა საინტერესო და სახალისო ინფორმაცია.
– საზოგადოების ნაწილი წერდა, რომ ამ ყველაფრის უკან კორუფცია იმალება...
– კი, წერდნენ მსგავს რამეებს, თურმე ხანდაზმულების დაჩიპვასაც ვაპირებთ, ვაქცინით დახოცვას და ასე შემდეგ. ნამდვილად თანავუგრძნობ მათ და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ყველაფერს ტროლები წერენ. ეს არის მოტყუებული თაობა და მათი რეაქცია ყველა სიკეთეზე არის ეჭვი, შიში, უმადურობა. ამ ადამიანებს ჯერ ეუბნებოდნენ, რომ ამერიკას უნდა დავეწიოთ და გავუსწროთო, მაგრამ უფრო ჩამორჩნენ, მერე გერმანიას ომი მოვუგეთო და დამარცხებულ ქვეყანას გაუშვირეს დასახმარებლად ხელი, კომუნიზმს ვაშენებთო და ველურ კაპიტალიზმში აღმოჩნდნენ, ანაბრებზე, ეგრეთ წოდებული, „დასამარხი ფული“ ჰქონდათ გადანახული და ისიც წაართვეს, მერე 8-ლარიანი პენსია დაუნიშნეს... ერთი სიტყვით, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არის მოტყუებული თაობა, რომელიც მიეჩვია იმას, რომ ყველაფერი მათ საზიანოდ ხდება. რეალურად როგორ წარმოგიდგენიათ, სურვილიც რომ იყოს, ვებ-გვერდმა ადამიანს ბინა წაართვას, ჩიპი ჩაუყენოს, ვაქცინა გაუკეთოს ან მისი პენსია მიითვისოს, ან გიგანტური ჰესები ააშენოს, ბირთვული ომი დაიწყოს და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც გითხარით, მესმის ასეთი ადამიანების.
– რამდენადაა დაინტერესება პორტალის მიმართ და არის თუ არა უკვე მომართვიანობა?
– პორტალი პირველი თებერვლიდან გაეშვა და მომართვიანობაც არის. პირველი კითხვები უკვე დაისვა და პასუხებიც გაეცა. მასალებს კიდევ დავამატებთ და გარკვეულ დროში, მომხმარებელთა აქტიურობის სტატისტიკისა და შეკითხვების მიხედვით, საიტის ოპტიმიზაციაზე ვიზრუნებთ, რათა ის მაქსიმალურად მორგებული იყოს დაბერების საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი