საზოგადოება

რა ტრაგედია გამოიარა ქეთი ჩხეიძის ოჯახმა და რატომ არ იცოდა დედამისმა ნამდვილი მშობლების ვინაობა

№32

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 14.08, 2023 წელი

ქეთი ჩხეიძე
დაკოპირებულია

მსახიობ ქეთი ჩხეიძესთან საუბარი სასიამოვნო სიახლით, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ეკრანზე დაბრუნებით დავიწყეთ, თუმცა, საკმაოდ მძიმე ისტორიით გავაგრძელეთ. ისტორიით, რომელიც თავს მის ოჯახს გადახდა.

ქეთი ჩხეიძე: სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ეკრანზე დაბრუნებამ ძალიან გამახარა. სიმართლე გითხრათ, აღარ ველოდი, თუ ეს მოხდებოდა. ვფიქრობდი, რომ პროექტი დასრულდა და შევეგუე კიდეც ამ აზრს. საბედნიეროდ, სერიალის ჯგუფმა მოახერხა მისი გაგრძელება, რაც ძალიან სასიამოვნოა როგორც ჩვენთვის, ისე მაყურებლისთვის.

– ალბათ, ხშირად გეკითხებოდნენ, როდის დაიწყებოდა ახალი სეზონი.

– კი, უცხო ადამიანები ძალიან ხშირად მისვამდნენ ამ კითხვას. ჩემ გარშემო ისედაც იცოდნენ, რა მდგომარეობაც იყო, უცხოებისთვის კი პასუხი, სამწუხაროდ, მეც არ მქონდა. რაც შეეხება ამ სეზონს, მგონი, საინტერესოდ დაიწყო, ახალი ენერგია იგრძნობა. ახალი პერსონაჟები დაგვემატნენ და ყველა ძალიან მომწონს.

– ქალბატონო ქეთი, მინდა, თქვენი ოჯახისთვის განსაკუთრებულ მტკივნეულ ისტორიას შევეხოთ. ვგულისხმობ გასული საუკუნის რეპრესიებს, რომელმაც დედათქვენისა და ბებია-ბაბუის ცხოვრება ტრაგედიად აქცია...

– ასეთი ისტორია მხოლოდ ჩემს ოჯახს არ გადახდენია. სამწუხაროდ, ეს სისასტიკე და უსამართლობა ძალიან ბევრმა იწვნია საკუთარ თავზე და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ყველამ კარგად ვიცით, რასაც ბოლშევიკები შეეხნენ, ყველაფერი გაანადგურეს. საქმე ისაა, რომ ბაბუა (დედაჩემის მამა) ნოე ჟორდანიას ნათესავი იყო და თავადაც ჟორდანია გახლდათ. ზუსტად ამის გამო დააპატიმრეს 1937 წელს. ბაბუა ლანჩხუთში საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო. როგორც ჩემი ოჯახის წევრებისგან ვიცი, ფილიპე მახარაძეს ჩაუვლია საავადმყოფოსთან და მისი გამგის ვინაობა უკითხავს. – აქაური კაცია, კოკი ჟორდანიაო, უპასუხიათ. ამის მოსმენით გაღიზიანებულ მახარაძეს უთქვამს: კი, მაგრამ აღარ უნდა დამთავრდეს ჟორდანიების თარეში საქართველოშიო?! ამის თქმიდან ერთ ან ორ დღეში, როგორც სჩვეოდათ, ღამე შემოვარდნილან ჩვენს ოჯახში. პირველ რიგში, ძაღლი მოუწამლავთ, რადგან ყეფდა და ხელს უშლიდათ, შემდეგ კი ბებია და ბაბუა წაუყვანიათ. სახლში მოხუცი ბებია დარჩა, რომელსაც უკვე მეხსიერების პრობლემები ჰქონდა. მომხდარის შემდეგ, ძალიან მძიმე სტრესის ფონზე კი, საერთოდ გათიშულა და ასოციალური გამხდარა. ბებიას და ბაბუას სახლში სამი შვილი, ორი ბიჭი და ერთი გოგონა – შვიდი თვის დედაჩემი დარჩენიათ. მერე მეზობლებს ფარულად, განსაკუთრებული სიფრთხილით შეუღწევიათ სახლში და ბაბუას ძმისთვის შეუტყობინებიათ მომხდარის შესახებ, რომ ბავშვებისთვის ეპატრონა.

მძიმე ხვედრი ხვდათ ბებიას და ბაბუას. ბებია თბილისში ციხეში დატოვეს, ბაბუა კი ყაზახეთში გადაასახლეს და ბამბის პლანტაციებში ამუშავებდნენ. თურმე, იმდენად მძიმე პირობებში უწევდათ არსებობა, რომ ძალიან ბევრი ვერც უძლებდა და იღუპებოდა. ამას ემატებოდა მალარია, რომელიც იმ პერიოდში მძვინვარებდა.

ერთ დღესაც, გულაგის უფროსის დავალებით, ბაბუასთვის თავზე ტომარა ჩამოუცვამთ და სადღაც წაუყვანიათ. ამ კაცს მისთვის უთქვამს, ვიცი, რომ ექიმი ხარ, ქალიშვილი მყავს ავად და თუ გადამირჩნენ, დაგეხმარები გულაგიდან თავის დაღწევაში, თუ არადა, ხომ იცი, რაც მოგელისო. ბაბუა დიდ რისკზე წასულა – ცხენის დოზა ქინაქინისა და ბავშვისთვის დედის სისხლის გადასხმის წყალობით, სასწაულებრივად მოუხერხებია მისი გადარჩენა. თურმე, მთელი ღამე იბრძოდა და დილით ბავშვს თვალები გაუხელია. ასე გადაურჩენია ამ ბავშვისა და საკუთარი სიცოცხლე. ამის შემდეგ, ბაბუა ოჯახში დაბრუნებულა, მაგრამ მალე გარდაიცვალა, რადგან უკვე მძიმედ დაავადებული და დასუსტებული ყოფილა.

– ოჯახში თუ გაქვთ შემორჩენილი ისტორიები თავად ნოე ჟორდანიასთან ურთიერთობის შესახებ?

– რა თქმა უნდა. ნოე ჩვენი ახლო ნათესავი იყო და ბოლო პერიოდი ბათუმში ბაბუაჩემის დასთან ცხოვრობდა. სწორედ იქიდან წასულა ემიგრაციაში, საფრანგეთში. მისი ნივთები დღემდე ინახება იმ სახლში, რომელიც საქართველოში მისი უკანასკნელი თავშესაფარი აღმოჩნდა.

– რა ბედი ეწია მშობლების გარეშე დარჩენილ დედათქვენს?

– თვეების დედა ბაბუას ძმამ და მისმა მეუღლემ წაიყვანეს თავიანთ ოჯახში, ანუ, ბიცოლამ და ბიძამ. მათ საკუთარი შვილი არ ჰყავდათ. გარკვეული პერიოდი დედა ციხეშიც დაჰყავდათ ღვიძლ დედასთან და ის ძუძუთი კვებავდა, მაგრამ მერე აღარ იყო ამის საშუალება. ბოლოს ოჯახმა გადაწყვიტა, რომ დედა ბიცოლას და ბიძას აეყვანა შვილად. ისინი ჩვენი ოჯახის ყველაზე ახლობლები იყვნენ და იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ნამდვილი ბებიისა და ბაბუის ბედი გაურკვეველი იყო, ფიქრობდნენ, რომ ეს იყო საუკეთესო გამოსავალი. თუმცა, როდესაც ბავშვი, ანუ დედაჩემი, გაიზარდა, მისთვის ეს გადაწყვეტილება სერიოზულ დრამად იქცა. ბებია რომ ციხიდან გამოუშვეს და ბაბუა გადასახლებიდან დაბრუნდა, ცხადია, დედა შეხვდა მათ, მაგრამ არა, როგორც საკუთარ მშობლებს, არამედ, როგორც ბიძასა და ბიცოლას. არც ის იცოდა, რომ ძმები ჰყავდა. უფროსი ძმები ბიძაშვილები ეგონა, რადგან მათ მამიდები ზრდიდნენ.

– დედა როგორ იხსენებდა იმ მომენტს, როცა გაიგო, რომ ის, ვინც ბიძა და ბიცოლა ეგონა, სინამდვილეში მისი ბიოლოგიური მშობლები იყვნენ და ვისაც დედ-მამად მიიჩნევდა – ბიძა და ბიცოლა?

– ბუნებრივია, რომ ეს პროცესი ძალიან მძიმედ მიმდინარეობდა. მაშინ დედა ჯერ კიდევ პატარა იყო. ბიძასა და ბიცოლასთან, ანუ ნამდვილ მშობლებთან, სტუმრად რომ მიდიოდა, თურმე, დედის სუნზე ძალიან ემოციურად რეაგირებდა. კარადაში ძვრებოდა და დედის ტანსაცმელს ყნოსავდა. ბებიას ერთი სუნამო ჰქონია, რომელსაც ხშირად იყენებდა და დედას ფული შეუგროვებია, ეს სუნამო შეუძენია და საკუთარი ბალიშის ქვეშ დაუდვია. მაშინ ის 6-7 წლის ბავშვი იყო და ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა, თუმცა, გაუცნობიერებლად, ნამდვილ დედასთან განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა. ეს ინსტინქტია, რომელსაც ვერაფერს მოუხერხებ, ვერ შეეწინააღმდეგები.

ერთ-ერთ წვეულებაზე დედასთვის შორეულ ნათესავს უთქვამს: ანა შენი ბიცოლაა, ნამდვილი დედა კი ვანდააო. ძალიან ემოციურად შეხვედრია ამას. მაშინვე ყველაფერი გამზრდელი დედისთვის უთქვამს და მისგან სრული სიმართლე მოუსმენია. ამის შემდეგ დაიწყო მისი ტანჯვა. თურმე, ისტერიულად დარბოდა ბიოლოგიურ და გამზრდელ დედას შორის – ერთი სახლიდან – მეორეში და მეორიდან – პირველში...

მისი გამზრდელი დედა, ანა, იმდენად მაღალი მორალის მქონე ქალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ადვილად წარმოსადგენია, როგორ ეძვირფასებოდა საკუთარი შვილივით გაზრდილი დედაჩემი, ადგა და მის ნამდვილ დედას ასეთი რამ მისწერა: „თუ ჩვენ სწორ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, ასე ბავშვი ძალიან ცოდოა – შუაში გაიხლიჩება, პიროვნების გაორება დაემართება და მისგან ნორმალური ადამიანი ვერ დადგება. ვხედავ, რომ სულ შენკენ მოილტვის და სჯობს, წაიყვანო“. ასე დაუბრუნა მშობელ დედას თავისი გაზრდილი ბავშვი, რაც მისთვის უდიდესი დრამა იყო, მაგრამ შეძლო და გმირული ნაბიჯი გადადგა.

ამ ამბავს უცნაური ფინალი აქვს - დედაჩემი რომ გათხოვდა და მე დავიბადე, იმ პერიოდში დედაჩემის გამზრდელმა დედამ ბიოლოგიურ დედას შესთავაზა, რომ მის გვერდით გათავისუფლებულ ბინაში გადასულიყო საცხოვრებლად, რუსთაველზე. გამოვიდა ეს საქმე და ეს ქალბატონები მას შემდეგ, ფაქტობრივად, ერთად ცხოვრობდნენ. ვფიქრობ, რომ გამზრდელი დედის მხრიდან ესეც ძალიან დიდსულოვანი ნაბიჯი იყო.

ამასობაში ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედამ წამომიყვანა თელავიდან, სადაც ექვს წლამდე ვიზრდებოდი და თავის დედებთან დაბრუნდა, რის შემდეგაც ორი ბებია ერთად მზრდიდა.

– ნათქვამი გაქვთ, ორმოცი წელია, დედისგან ერთი ფრაზა მესმის – „მარტო არ დამტოვო“. გადატანილის გამო, ალბათ, ეს სიტყვები მთელ მის ცხოვრებას გასდევს ფონად...

– როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, შვიდი თვის ბავშვებს უკვე აქვთ მეხსიერება. დედაც სწორედ ამ ასაკის იყო, როდესაც სრულიად მარტო დარჩა. გარკვეულ ასაკამდე გამზრდელი მშობლები საკუთარი ეგონა და დედის და მამის დანაკლისი არ ჰქონია, მაგრამ ალბათ, სადღაც, გულის სიღრმეში, მარტოობის განცდა არასდროს მოშორებია. მერე, როცა სიმართლე გაიგო და დედებს შორის „გაიხლიჩა“, ერთ დღესაც ნამდვილ დედასთან მყოფს, უცებ გამზრდელი დედა მონატრებია. მასთან გამოქცეულა, მაგრამ მისთვის კარი არავის გაუღია. ხმაურზე მეზობელი გამოსულა და უხეშად უთქვამს, ანა წავიდა, აქ აღარ არისო. ეს სიტყვები მისთვის იმდენად რთული მოსასმენი გამხდარა, რომ გული წასვლია და სასწრაფო გამოუძახებიათ. მეზობლის მიერ უხეშად ნათქვამსაც თავისი მიზეზი ჰქონდა: მიუხედავად იმისა, რომ დედა ჯერ ძალიან პატარა იყო, მაინც განაწყენებულან მასზე, გამზრდელი დედის დატოვების გამო.

– მერე, როცა სამივე ერთად ცხოვრობდა, ალბათ, ძალიან ბედნიერები იყვნენ.

– განცდილის გამო დედას არანორმალური დამოკიდებულება ჰქონდა ნამდვილ დედასთან. როდესაც ის გარდაიცვალა, დედა ლოგინად ჩავარდა და ექვსი თვე ფეხზე ვერ დგებოდა. მერე ყველაფერი, რაც გადაიტანა, დაწერა. ნაწარმოებში საკუთარ თავს თუთი უწოდა. როდესაც თუთის დედა გარდაეცვლება, ასეთ სიტყვებს ამბობს: რა დიდხანს გეძებდი და რა მალე დაგკარგე...

მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე 24 წლის ვიყავი, როცა ბებია გარდამეცვალა, ანუ, ერთად დიდხანს ვცხოვრობდით, დედასთვის ამ დრომ ერთ წუთში გაიარა და ისევ მის გარეშე დარჩა. ამიტომაცაა, რომ მარტოობის შეგრძნება რეფრენად გასდევს მის ცხოვრებას.

– ეს ისტორია დედამაც დაწერა და გიზო ჟორდანიამაც, ანუ ბიძათქვენმა. ამ ნაწარმოებმა კი დიდი ადგილი დაიკავა თქვენს, როგორც მსახიობის, შემოქმედებაში.

– დედამ თავის ნაწარმოებს „თეთრი იასამანი“ დაარქვა. ეს იმ სუნამოს დასახელებაა, რომელსაც ბებიაჩემი იყენებდა. თუმცა, ეს არ ყოფილა ჩვენი ოჯახის სრული ისტორია, ეს მხოლოდ ერთი ქალის ამბავი იყო. როდესაც ის გიზომ წაიკითხა, გადაწყვიტა, ამ ისტორიაში მამის ხაზიც შემოეტანა. ასე შეიქმნა სპექტაკლი „თეთრი იასამანი“, რომელშიც მე დედაჩემის გამზრდელი დედის როლს ვთამაშობდი. „თეთრი იასამანი“ ასახავს არა კონკრეტულად ერთი ქალის ან ოჯახის ტრაგედიას, არამედ ზოგადად - ტრაგიკულ ეპოქას. დიდი მსხვერპლი გაიღო ჩვენმა ქვეყანამ მაშინ და ამ ბოროტებას ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი შეეწირა. სამწუხაროდ, შედეგებს დღესაც ვიმკით. აღარ გვყავს გამორჩეული გენის მქონე ადამიანთა შთამომავლები, რადგან ისინი ფიზიკურად გაანადგურეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი