საზოგადოება

როგორ აღმოჩნდა ელენე ჭანიშვილი „ვოგის“ ფურცლებზე, რომელიც 57 წლის ასაკში გახდა მოდელი

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 01.11, 2023 წელი

ელენე ჭანიშვილი
დაკოპირებულია

ბოლო პერიოდში, ალბათ ბევრს მოგხვდათ თვალში მოდელი ჭაღარა თმით, რომელმაც გამოჩენისთანავე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ელენემ 57 წლის ასაკში გადადგა გაბედული ნაბიჯი და ახალი პროფესიით დაკავდა. დარწმუნებული ვარ, მისი ცხოვრება ბევრისთვის გახდება სტიმულის მიმცემი.

ელენე ჭანიშვილი: ხელოვანი მამა მყავს, ქორეოგრაფი – რეზო ჭანიშვილი. მან მოახერხა საკუთარი სიტყვა ეთქვა ქართულ ქორეოგრაფიაში. სამწუხაროდ, დედა – დოდო იმერლიშვილი, გარდამეცვალა. ის დიასახლისი იყო, მაგრამ ხელოვანი – არაჩვეულებრივად მღეროდა და ჩონგურზე უკრავდა. ჩემი ძმა – გელა ჭანიშვილიც ცეკვავდა და საკმაოდ წარმატებული დრამერი იყო. ამასთან ერთად, არაჩვეულებრივად ხატავს. მამა ამბობს ხოლმე, ჭანიშვილები ვცეკვავთ, ვხატავთ ან ვმღერით, მაგრამ ჩემი შვილი თუ ამ ასაკში პოდიუმზე გავიდოდა, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდიო. მან, როგორც ქორეოგრაფმა, ძალიან კარგი რჩევები მომცა სიარულის მანერასთან დაკავშირებით.

– სინამდვილეში პროფესიით ვინ ხართ?

– რუსეთში საფეიქრო დავამთავრე. ფაბრიკაში დიდ დანადგარებთან ვმუშაობდი, ბამბისგან ძაფებსა და ქსოვილებს ვამზადებდით. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო. საქართველოში 90-იანებში დავბრუნდი და მოგეხსენებათ, იმ პერიოდში ყველაფერი გაიყინა. მუშაობა სხვა სფეროში დავიწყე და 30 წელი ერთი საქმით ვიყავი დაკავებული. პარალელურად, იმპრესარიო-პროდიუსერის პროფესია შევისწავლე. რაც, სხვათა შორის, ახლა ძალიან გამომადგა – ჩემი თავის პროდიუსერი გავხდი.

– თვითონ არ ცეკვავდით და მღეროდით?

– სასიმღერო ხმა არასდროს მქონია. ვერც ხატვაში ვივარგე, მაგრამ ცეკვა გენში მიზის, ეს ნიჭი მამიკოსგან მერგო, თუმცა, პროფესიონალურად არასდროს მიცეკვია. სპორტი ვარჩიე. დედიკო ამბობდა ხოლმე, ბავშვობიდანვე ვერცხლისწყალივით მოუსვენარი იყავიო და ალბათ, ამიტომაც დავუკავშირე ჩემი ცხოვრება სპორტს. ჩემს ბავშვობაში სპორტის ნებისმიერი სახეობის შესწავლა უფასო იყო. თან, მე ბათუმში დავიბადე და გავიზარდე, სადაც ყველაფერი სახლთან ახლოს მქონდა, ამიტომ, ვეზიარე ყველაფერს, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა. თავიდან სპორტული ტანვარჯიშით დავიწყე. მალე კარატეთი დავინტერესდი და წლები დავუთმე სპორტის ამ სახეობას. ძალიან გამიმართლა მასწავლებელში – სენსეი სოსო დოლიძეში. 1978 წელს დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღეს და თქვენი მონა-მორჩილი ელენე იყო მისი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი, როგორც პირველი კარატისტი გოგონა. მაშინ მე 13 წლის ვიყავი. როგორც ახლა უკვირთ ასაკოვანი და თმაჭაღარა მოდელი, ისე უკვირდათ მაშინ კარატისტი გოგონა (იცინის). კიდევ, ვცურავდი, წყალში მხტომელი ვიყავი და მოტოსპორტმაც სერიოზულად გამიტაცა.

– გამოდის, ცნობილი პირველად 13 წლის ასაკში გამხდარხართ.

– თუმცა ერთს ვიტყვი, არ მიყვარს ცნობადობა. ეს არ ზის ჩემს ხასიათში.

– რატომ? სიყვარულსა და სითბოს რომ გამოხატავენ, ეს ხომ სასიამოვნოა?

– მეორე მხარეც აქვს ამ ამბავს. თუ ეგ სასიამოვნოა, მაშინ იმასაც არ უნდა შევუშინდე, როცა ვიღაცები მწერენ: 80 წლის ბებერს ჰგავხარ, რა დროს შენი პოდიუმია, სახლში დაჯექი, ბებია და წადი, თმა შეიღებეო. მე ეს არ მაღიზიანებს, მაგრამ ამ კომენტარებს ის ქალბატონიც წაიკითხავს, ვისაც ჩემ მიერ ამ ასაკში გადადგმული ნაბიჯით ოდნავი ბიძგი მაინც მივეცი და ხომ შეიძლება, შეშინდეს და დაპაუზდეს?! ამასთან დაკავშირებით ჩემი სათქმელი მხოლოდ ერთია – ასაკის არ უნდა გვეშინოდეს, ეს მხოლოდ ციფრებია და არც ჭაღარა თმა არის სასირცხვილო. ეს თავს მოხვეული სტერეოტიპია, რომელსაც სილამაზის ინდუსტრიის ფინანსური ინტერესებიც ერთვის, რასაც ის არ დათმობს და ამიტომაც გიმტკიცებს, რომ სირცხვილია, თუ თმას არ იღებავ. არავის ვედავები, ვისაც მოსწონს – მოსწონს. სხვისი შეღებილი თმა მე არანაირად არ მიშლის ხელს და ასევე, არ უნდა ვუშლიდე ხელს მე სხვას მხოლოდ იმიტომ, რომ თეთრი თმა მაქვს. რატომ უნდა ასოცირდებოდეს ეს მოუვლელობასთან?! ზოგი, პირიქით, ამბობს, რომ ჭაღარა მოდაშია, მაგრამ მე ამას მოდად არ მივიჩნევ. ეს, უბრალოდ, თმის ფერია და მეტი არაფერი. 15 წლის ვიყავი, როდესაც ჭაღარა გამიჩნდა. მე და ჩემი ძმა ზუსტად მამიკოსავით გავთეთრდით, ეს ჩვენი გენეტიკაა. ეს მიუთითებს, რომ ჭაღარა ყოველთვის სიბერეს არ ნიშნავს, მაგრამ ასეც რომ იყოს, სიბერე სირცხვილი არ არის. ყველაზე მეტად არ მესმის, როგორ შეიძლება, სიტყვა „ბებერო“ სალანძღავ და დასამცირებელ ტერმინად გამოიყენოს ჩვენი კულტურის მქონე ერმა?!

– თმა არასდროს შეგიღებავთ?

– კი, თავიდან ვიღებავდი, რადგან სამსახურში მთხოვდნენ. მეც არ ვიყავი წინააღმდეგი. შემდეგ ძალიან გავთეთრდი და შეღებვიდან 2-3 კვირაში უკვე ანათებდა ჩემი ჭაღარები. ამას თან დაერთო ექიმის რჩევა – კარგი იქნება თუ საერთოდ არ შეიღებავთო. გადავწყვიტე, მისი სიტყვები გამეთვალისწინებინა და უკვე 12 წელია, რაც ჩემი ჭაღარით დავდივარ.

– რაც შეეხება თქვენს ახალ პროფესიას. მომიყევით, როგორ შეცვალეთ თქვენი ცხოვრება?

– პანდემიის დროს ჩემი სამსახური გაჩერდა და ძალიან გამიჭირდა. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში კიდევ უფრო რთული პერიოდი დადგა – დედა დავკარგე. სტრესის ფონზე თმის ცვენა დამეწყო. სახლში ვიჯექი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ცოტა დრო რომ გავიდა, ჩემმა სამსახურმა მუშაობა განაახლა, მაგრამ მე მითხრეს, რომ შემცირებაში მოვყევი. რთული პერიოდი იყო, მაგრამ ჩემი შვილი დამიდგა გვერდით. გულში ჩამიხუტა და მითხრა, ძალიან მიხარია, რომ გამოგიშვეს, რადგან თვითონ ვერ ხვდებოდი, რომ უნდა წამოსულიყავი. ყველაფერში ჩემი იმედი გქონდესო. უსაქმოდ დავრჩი და რაღაც ხომ უნდა მეკეთებინა?! როგორც გითხარით, სტრესის ფონზე თმის ცვენა დამეწყო და გადავწყვიტე, ეს პრობლემა შემესწავლა. ინტერნეტის მეშვეობით ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიე და იმდენად შემიყოლია ამ თემამ, რომ ბოლოს მარტო თმის სტრუქტურა კი არა, სკალპის ანატომია, პროდუქტების შემადგენლობა და ათასი რამ ვისწავლე. შემდეგ გავხსენი ბლოგი, სადაც ვდებდი ვიდეოებს იმის შესახებ, თუ როგორ მოვუაროთ თმას.

მალე ერთ-ერთმა გამომწერმა მითხრა, რომ ერთი კარგი ფოტოგრაფი 20-იდან 45 წლამდე მოდელს ეძებდა. ეს იყო გასული წლის აგვისტოში. ავდექი და ამ ფოტოგრაფს ხუმრობით მივწერე სამი სიტყვა – „ყველგან ახალგაზრდები გინდათ?“ და ერთი ცრემლიანი ემოჯი. მან მიპასუხა, 40-45 კარგი ასაკია, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაც არ არისო. ჩემი 57 წლის გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ახალგაზრდაა-მეთქი, ვუთხარი. როგორც ჩანს, ამან დააინტერესა. ჩემს გვერდზე გადმოსულა და ფოტოები უნახავს. ოლგა კალაბინა – ასე ჰქვია ამ არაჩვეულებრივ ფოტოგრაფს და ის ქართველების რძალია. თურმე, მას შემდეგ რაც საქართველოში ცხოვრობს, თმაჭაღარა მოდელს ეძებდა, მაგრამ მანამდე – უშედეგოდ. მაშინვე ფოტოსესია დავგეგმეთ. გადაღების დროს ძალიან დაძაბული ვიყავი, მაგრამ მან დამარწმუნა, რომ არაფოტოგენური ქალი არ არსებობს. მე ეს ფოტოები ჩემი ბლოგის განვითარებისთვის მინდოდა, მაშინ მეტი არაფერი მიფიქრია. მასაც თავისი მიზნები ჰქონდა. რამდენიმე ევროპულ ჟურნალში გაგზავნა ჩვენი ნამუშევარი და მალე შემატყობინა, რომ ერთ-ერთმა იტალიურმა ჟურნალმა რვა ფოტო აიღო. საკუთარ გვერდზეც გამოაქვეყნა ჩემი ფოტოები და მისი გამომწერებიდან საქართველოში მოღვაწე არაერთი უცხოელი ფოტოგრაფი დაინტერესდა ჭაღარა მოდელით (იცინის).

არავინ იცის რა იქცევა შენს მთავარ ნიშად, ამიტომაც დავარქვი ამ ამბავს „კონკიას ზღაპარი“, ოლგას კი – „ფერია ნათლია“ ვუწოდე. მე ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი, თუ ზუსტად ჩემი თმით გავხდებოდი ვინმესთვის საინტერესო. მოდელობას, ხომ საერთოდ, ვერც კი წარმოვიდგენდი. მალე დაიწყო კომერციული გადაღებები, შემოსავალიც გაჩნდა. თუმცა ამ დროს ჩვენი ფოტოგრაფები ვერ მხედავდნენ. მერე გამოჩნდა ქართველი გოგონა – ნინი, ძალიან კარგი ფოტოგრაფი, რომელმაც არაჩვეულებრივი ფოტოები გადამიღო და „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა, საიდანაც ძალიან ბევრმა გაიგო ჩემი არსებობის შესახებ და ტელევიზიები და ჟურნალ-გაზეთები გამომეხმაურნენ.

ამ ზაფხულს კი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. თურმე, ოლგა დიდი ხანი ცდილობდა, რომ მისი ფოტოები მსოფლიოს მთავარ ჟურნალ VOGUE-ში მოხვედრილიყო. ჩემი ფოტოც გაუგზავნია და მათგან მიიღო პუბლიკაციის ნებართვის სასურველი ბეჭედი, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიური „ვოგის“ რედაქტორმა ფოტო დაამტკიცა. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჟურნალის ონლაინფორმატშია, მაგრამ მალე ჩემს თავს ბეჭდურ გამოცემაშიც ვნახავ და ამ მომენტს მოუთმენლად ველი.

რაც შეეხება პოდიუმს, აქ ჩემი პროდიუსერის პროფესია გამოვიყენე. მე დავინახე ჩემი განსხვავებულობა ქართულ სამოდელო სფეროში და როცა გავიგე, რომ „ფეშენ-ვიქი“ იწყებოდა, ორგანიზატორს მივწერე, ასაკოვანი არასტანდარტული მოდელი არ გჭირდებათ-მეთქი? მისგან პასუხად კულტურული უარი მივიღე. არც მაცია, არც მაცხელა და კიდევ ერთხელ მივწერე: თქვენს დიზაინერებს უთხარით, რომ მე მათ ვჭირდები, მაგრამ ამის შესახებ ჯერ თვითონაც არ იციან-მეთქი (იცინის). შემდეგ ერთ-ერთმა ვიდეოგრაფმა, რომელმაც მანამდე გადამიღო, სრულიად შემთხვევით დამპატიჟა „ფეშენ-ვიქზე“ და სიხარულით წავედი. მივედი ორგანიზორთან და ჩემი თავი შევახსენე. საოცარი რეაქცია ჰქონდა. მეც ვუთხარი, რომ დასკვნები მხოლოდ ფოტოდან არ უნდა გაეკეთებინა. მერე როცა ერთ-ერთ დიზაინერს პლუს 50 დასჭირდა, მე გავახსენდი. ამას ნიშნისმოგებით არ ვყვები, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია კარგი დასასრულით. ქასთინგზე დამიბარეს და მივედი. იცით, რა მოხდა? ერთ დიზაინერს უნდა ვენახე, მაგრამ იქიდან რომ გამოვედი, 15-იდან ცხრას ვუნდოდი საკუთარი ჩვენებისთვის. 2 მაისს 58 წლის გავხდი და 3-ში ასეთი ამბავი მქონდა.

„ფეშენ-ვიქზე“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი დიზაინერის, ლაშა ჯოხაძის ჩვენება და მთლიანად შოუ მე დავხურე. ამან მომცა საშუალება მეთქვა: გოგონებო, მერე რა, რომ 58, მერე რა რომ 68, ნებისმიერ ასაკში შეიძლება, ასეთი ნაბიჯების გადადგმა. მთავარია, 20 წლის გოგონას არ შეეჯიბრო და იცხოვრო იმით, რაც გაქვს.

ეს ცვლილებები არ იყო მარტივად განსახორციელებელი. ვფიქრობდი, ვნერვიულობდი, ხომ სწორად ვიქცევი-მეთქი. ჯარა მამალაძე, ანუ ისევ და ისევ ჩემი შვილი დამეხმარა. სიმშვიდე მისმა მხარდაჭერამ მომიტანა. მისი დამსახურებაა, რომ მარწუხებისგან გავთავისუფლდი და მოვიხსენი კომპლექსი „ხალხი რას იტყვის“. თუ ჩემი თმის შეღებვა-არშეღებვით სხვას არ შევუშლი ხელს, თუ ჩემი პოდიუმზე გამოსვლით და 57 წლის ასაკში მოდელის პროფესიით დაკავებით სხვას არ დავაზიანებ, რატომ არ უნდა გავაკეთო ეს?! ზუსტად ამის გაცნობიერებაში დამეხმარა ჩემი შვილი, რისთვისაც მისი უზომოდ მადლიერი ვარ.

– აღმოჩნდა გადამდები თქვენი განწყობა სხვებისთვის?

– მაგალითად, ჩემი მეზობელი თმას აღარ იღებავს (იცინის). ბევრი მწერს, მეც არ მინდოდა შეღებვა და ნეტავ, რატომ ვიკლავდი თავსო. ბევრი მეუბნებება შენ გიხდება თეთრი თმა, მე ასე კარგად არ მაქვსო. არადა, მილიონობით ვარიანტი მინახავს და ზუსტად ვიცი, რომ თეთრ თმას ყველაზე საოცარი ეფექტი აქვს. მთავარია, თავს მოხვეულ სტერეოტიპებს მოსწყდე და რეალობის აღქმა შეძლო. სილამაზის იდეალებს არ უნდა გამოვეკიდოთ. მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ და არ ვარ ვალდებული, სამყარო გავალამაზო. არ ვარ ვალდებული, თმა შევიღებო იმისთვის, რომ ვიღაცამ თავი უკეთ იგრძნოს. უბრალოდ, მივიღოთ ჩვენი თავი ისეთები, როგორებიც ვართ. თუმცა, მეც მაქვს რაღაცების მიუღებლობა, მაგალითად, კომპლიმენტების. როცა მეუბნებიან, რომ ლამაზი ვარ, ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას მადარებენ, თორემ მეორე წამს შეიძლება, ვიღაცამ მახინჯი მიწოდოს. ვიღაც თოვლის დედოფალს მადარებს, ვიღაც ბაბაიაგას და ეს ძალიან თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ სილამაზეც ძალიან სუბიექტურია. ამიტომ მე, უბრალოდ, ვარ ის, რაც ვარ და ამით თავს ბედნიერად ვგრძნობ.

P.S. გამოყენებული ფოტოების ავტორები არიან: olgakalabina_photo, nini_ninuca_photography, o.lesya.yaa

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი