საზოგადოება

როგორ აიძულებდა უშიშროება მღვდლებს აღსარების საიდუმლოს გათქმას მათთვის საინტერესო პიროვნებებზე

№26

ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 05.07, 2023 წელი

ხრუშოვი
დაკოპირებულია

სიტუაციები ეკლესიაში სტალინის გარდაცვალების შემდეგ

სერგო ვარდოსანიძე: „...ხრუშჩოვი მძაფრი ათეისტური სულისკვეთების კაცი იყო. მან ბევრი მიმართულებით წარმართა პროცესები. კერძოდ, საბჭოთა კავშირში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალიზებული იყო ყველაფერი, არ არსებობდა საბჭოთა კავშირის განათლების სამინისტრო. მოკავშირე რესპუბლიკების განათლების სამინისტროები წყვეტდნენ ყველა საკითხს, რაც განათლებასთან იყო დაკავშირებული. ხრუშჩოვმა პირიქით გააკეთა – შექმნა განათლების სამინისტრო და მოკავშირე რესპუბლიკების განათლების სამინისტროები მას დაუქვემდებარა. მან, ფაქტობრივად, გააუქმა საქართველოს ისტორია, როგორც საგანი. ის სიმწიფის ატესტატიდანაც გაქრა. მერე, უკვე, 1959-1960 წლიდან ასწავლიდნენ საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორიაში, საქართველოს ისტორიისთვის სამი საათი იყო გამოყოფილი და ხუთასი საათი კი რუსეთის ისტორია იყო. ხრუშჩოვმა რუსეთში დაარბია ეკლესია-მონასტრები. ერთ-ერთი თავისი გამოსვლის დროს განაცხადა: საბჭოთა კავშირი სულ მალე მასობრივი ათეიზმის ქვეყანა უნდა გახდეს. კომუნიზმში შევდივართ და როგორღა შეიძლება, ამ დროს მღვდელი გვყავდეს და ვინმეს კომუნიზმის გარდა სხვა რამ სწამდეს. მე ვიქნები პირველი, სულ მალე გავაკეთებ იმას, რომ უკანასკნელ მღვდელს გამოვიყვან ტელევიზიით, ის ან უკრაინელი იქნება, ან ქართველიო.

1952 წლიდან 1960 წლამდე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მელქისედეკი იყო. მოსკოვი რელიგიური საქმეთა რწმუნებულს ავალებდა, დაეწერა ყოველწლიური დახასიათება და გაეგზავნა რუსეთის პატრიარქისთვის. ერთ-ერთ ასეთ დახასიათებაში წერს, რომ ჩემი რჩევების გარეშე არაფერს აკეთებს, მაგრამ ნაციონალისტია. ძალიან შიშობს, რომ ქართველი მორწმუნე მრევლი ცოტაა და რუსები დაეპატრონებიან ქართულ ეკლესიასო. ამას უგზავნის მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქს ქართველი კაცი მოსე მექვაბიშვილი. რა შეიძლება გააკეთოს მელქისედეკმა? ყველაფერში შეზღუდულია. ახალ ეპარქიებს ვერ გახსნის, სასულიერო პირებს ვერ აკურთხებს... ორჯერ მოუწყვეს ამბოხება. შემორჩენილია წერილები, რომლებსაც მელქისედეკი ინტელიგენციის წარმომაგენლებს უგზავნის, რომ ეს დამაბრალეს, ის დამაბრალეს... თითქოს სემინარიის გახსნაზე მთავრობა თანახმა იყო და მე წინააღმდეგი, არ დაიჯეროთ. ამას ჩემი არაკეთილმოსურნენი ავრცელებენო... მას ხალხთან კომუნიკაციის არანაირი საშუალებაც არ ჰქონდა. მინდა, აღვნიშნო, რომ ძველი თაობა, ვინც 20-იანი წლებიდან მოდიოდა, მიუხედავად მუდმივი ტერორისა, ამხელა შიშისა, დადიოდა ეკლესიაში, მაგრამ 30-იანი წლებიდან აქ მრევლში სხვანაირადაა საქმე. საოცარი ისტორია გვაქვს ჩვენ. 1956 წლის 9 მარტს რომ ახალგაზრდები დახოცეს, იცით. ერთ-ერთი ახალგაზრდის, კიაზო ჭანტურიძის ტრაგიკული ისტორია უნდა გავიხსენო. ის ვაკის სასაფლაოზეა დაკრძალული. მის საფლავს პატრონი არ ჰყავს. მე მიმყავდა ხოლმე სტუდენტები, ვასუფთავებდით და 9 მარტს სანთლებსაც ვანთებდით. კიაზო 17 წლის იყო რომ დაიღუპა. დედა – სონია მერაბიშვილი-ჭანტურიძისა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. იგი მაშინდელ ხელისუფლებას სწერდა: ჩემს მშობლებს არ უყვარდათ სტალინი და ამის გამო დახვრიტეს ისინი. მე ჩემი შვილი სტალინის სიყვარულით გავზარდე და თქვენ ამის გამო დახვრიტეთ. როდის და სად დავუშვი შეცდომა, ამაზე მიპასუხეთო. მაგრამ, ვინ უპასუხებდა. მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოდის უკვე თაობა, რომელიც გაიზარდა იმ სისტემის სიყვარულით. უნდოდა, არ უნდოდა – ასე იყო. 1927 წელს პირველად უნივერსიტეტში შემოიღეს ასეთი წესი: თემ-საბჭოს აბიტურიენტისთვის უნდა გაეცა ცნობა, რომ მის ოჯახში არცერთი წიგნი არ იყო და მისმა მშობლებმა წერა-კითხვა არ იცოდნენ, ესე იგი, თავისუფალი დაფა უნდოდათ. ეს ნიშნავდა იმას, რომ ახალი თაობა უკვე ეკლესიაში არ მივიდოდა. ათეისტებად გაიზარდნენ. სახელმწიფომ მოახერხა ხელოვნური გაუცხოების კედელი აღემართა მოსახლეობასა და ეკლესიას შორის.“

ეკლესია ხალხის ჩასაშვებად და დასაჭერად?..

„50-60-იან წლებში ჩვენ არ ვიცით, აბეზღებდნენ თუ არა აღსარების დროს მრევლს მოძღვრები, რომლებსაც მერე იჭერდნენ, მაგრამ ასეთი ფაქტები იყო, მაგალითად, თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე. მღვდელ ჩიხლაძეს (რომელიც შემდგომ დახვრიტეს) სწორედ ამას ედავებოდნენ – ძმებმა ივერიელებმა აღსარება რომ ჩაგაბარათ, ის ამბავი რატომ არ თქვით. ალბათ გეტყოდნენ, რასაც აპირებდნენო. მერე, 2002 წელს, კონსტიტუციურ შეთანხმებაში შეიტანეს მუხლი, რომ მოძღვრისგან აღსარების გაცემის საიდუმლოება არ შეიძლება. მე მომისმენია რამდენიმე მოძღვრისაგან საინტერესო ამბები აღსარებაზე. მაგალითად, იყო ასეთი მღვდელმთავარი მოწამეთაში – მამა გიორგი. ფეხით მოსიარულეს უწოდებდნენ. მან მითხრა: მე აღსარებებს არ ვიბარებდიო. მერე მოდიოდა უშიშროება და მთხოვდა, ვინ რა აღსარება ჩაგაბარაო. ამის გაცემა მე არ შემეძლოო.“

60-იანების ბიუროკრატია ეკლესიაში. მღვდლები და მრევლი

„როგორც მოგახსენეთ, ძირითადად მრევლი უფროსი თაობის წარმომადგენლები არიან. ახალგაზრდა მრევლი არ არსებობს. ახალგაზრდა მრევლი რომ არ არსებობს, ამის მაგალითად შემიძლია, ასეთი რამ გითხრათ. კათალიკოს-პატრიარქი, ეფრემი პატრიარქი 1960 წელს გახდა (სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, როგორ გახდა პატრიარქი). ცოტა ხანში მას გორიდან მოუვიდა თხოვნა. ამ თხოვნას ხელს აწერენ ასაკოვანი, პენსიონერი ადამიანები. თბილისში, ქუთაისში, მცხეთაში თუ არის მოქმედი ეკლესიები, ჩვენ რა დავაშავეთ. ბავშვის მონათვლა რომ გვინდა ან მიცვალებულისთვის წესის აგება, რატომ უნდა წამოვიდეთ ასე შორს, რატომ არ გვაძლევთ საშუალებას, აქაც გვყავდეს მოძღვარი და საერთოდ, მოქმედეი ეკლესია იყოსო. კათალიკოს-პატრიარქმა ეფრემმა დაარიგა, როგორც ხდებოდა ეკლესიის ამოქმედება. პატრიარქს ამის უფლება არ ჰქონდა. მათ განცხადება უნდა შეეტანათ ადგილობრივი აღმასკომის სახელზე. ადგილობრივ აღმასკომს ეს განცხადება უნდა გადმოეგზავნა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის სახელზე, რელიგიის საქმეთა რწმუნებულს უნდა გაეგზავნა მოსკოვში რელიგიის საქმეთა კომიტეტის სახელზე. თუ რელიგიის კომიტეტი იქიდან თანხმობას მიიღებდა, მიდიოდა საქართველოს მინისტრთა საბჭოში, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ისევ აწერდა რელიგიის საქმეთა რწმუნებულს, გატარდებოდა რეგისტრაციაში და ამის შემდეგ ჰქონდა უფლება კათალიკოს-პატრიარქს, იქ გაეგზავნა სასულიერო პირი. როდესაც ეს პროცედურა დაიწყო, ამის პარალელურად, კათალიკოს-პატრიარქმა წერილი გაუგზავნა ვასილ მჟავანაძეს, სადაც წერს: იქნებ, გორელებს ეს თხოვნა შეუსრულოთ. თქვენს ბიოგრაფიაში კიდევ ერთი კარგი, შთამბეჭდავი ფურცელი იქნებაო. მჟავანაძემ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს – გივი ჯავახიშვილს დააწერა (ეს კაცი გორიდან იყო). მან – რელიგიის საქმეთა რწმუნებულს. რელიგიის საქმეთა რწმუნებულმა – გორის უშიშროებას. მოქალაქე ფრანგიშვილი ძალიან აქტიურობს, შეაგროვა ხელმოწერები. საჭიროა, შეხვდეთ და გაესაუბროთ პეროსნალურად, რომ ეს უარყოს. საჭირო იყო ცხრამეტი, ოცი კაცის ხელმოწერა, რომ რელიგიის ჯგუფი შექმნილიყო, რომელსაც ადგილზე სასულიერო პირი უნდოდათ. მერე, ისინი წერდნენ ასეთ რამეს. სათითაოდ დაგვიბარეს, გვითხრეს, პენსიებს აღარ მოგცემთ. თქვენს შვილებს და შვილიშვილებს სამსახურიდან გამოვყრითო. შვილებმა გვითხრეს, ხომ არ დაგაბათ სახლში, რას დაწანწალებთ, რა ეკლესია მოგინდათო და გამოატანინეს ეს განცხადებები. მეორე მხრივ, რა ხდებოდა. მაგალითად, კათალიკოს-პატრიარქმა გამოარჩია ეპისკოპოსი, ქუთათელ-გაენათელი და გაუშვა. იქ, ადგილობრივი რაიკომი აუცილებლად კეტით დახვდებოდა მას და არ შეუშვებდა ეკლესიაში. მას უნდა ჰქონოდა რელიგიის საქმეთა რწმუნებულისგან საგანგებო მიმართვა, რომ იგი იქ ნამდვილად იყო ეპისკოპოსად ან მღვდლად დანიშნული. იყო ასეთი კაცი, ალავერდელი ეპისკოპოსი დავით ბურდულაძე, მოინდომა, ალავერდობა ჩაეტარებინა და ამის შესახებ ყვება: ახმეტის აღმასკომის თავმჯდომარე მომივარდა და მეუბნება: ახლავე შეწყვიტე წირვა, ჩვენ აქ, მექვაბიშვილმა კუკუნაშვილი დაგვინიშნა მღვდლად. შენ ვინ ხარო. მე, ეპისკოპოსი ვარო. ახლავე შეწყვიტე წირვა, თორემ დაგაპატიმრებთო. დამაპატიმრეთო. მერე, გაჩერდნენ და მითხრეს, – შენს მოხუცებულობას ვცემთ პატივს და ამას არ გავაკეთებთ. მეორედ აქ მოსული აღარ გნახოთო. ამას ეუბნებიან ალავერდელს ალავერდის ტაძარში, წარმოიდგინეთ“.

ძველი პატრიარქების ნამსხვრევები

„50-60-იანი წლების პატრიარქები ძველების ნამსხვრევები, თანამებრძოლები არიან. მაგალითად, კირიონის სტიქაროსანი იყო ეფრემი, შემდგომში კათალიკოს-პატრიარქი. მელქისედეკი, უგანათლებულესი კაცი იყო. ამბროსისთან ერთად იდგა მაშინ, როდესაც მას მეამბოხეები ებრძოდენენ, მაგრამ ასე ვთქვათ, ესენი უკვე ხერხემალში გადამტვრეული პატრიარქები არიან. მათ ის ბრძოლები და ამბები აღარ შეუძლიათ. ესენი გარკვეულწილად უკვე შეგუებულები არიან ამ სისტემას. ეს არის რეალობა. მელქისედეკსა და ეფრემს შორის ძალიან დაძაბული ურთიერთობა იყო. მელქისედეკს ეუბნებოდნენ იმ საჩივრების უკან, რაც ხელისუფლებაში იგზავნება, ეფრემი დგასო. საეკლესიო კრება, სინოდი მოიწვია მელქისედეკმა. უნდოდა, გადაეყენებინა და განეკვეთა ეფრემი. ვიღაც-ვიღაცები გაუშვა, მაგრამ ეფრემს ვერ მოერია, სამაგიეროდ, ბორჯომში (1958 წელს) ისვენებდა ქუთათელ-გაენათელი, მიტროპოლიტი ნაუმ შავიანიძე, რომელიც თავის დროზე კალისტრატეს მდივანი იყო, მონაწილეობდა გელათის საეკლესიო კრებაში (1921 წელს) და იყო ნაზარ მიტროპოლიტის მხარდამჭერი (სხვათა შორის, ნაუმ შავიანიძის შვილი შალვა შავიანიძე სამანელთა ჯგუფის წევრი იყო და დახვრიტეს. მასთან ერთად დახვრიტეს ადამ ბობღიაშვილი, კოტე ჯოგლიძე, ხიმშიაშვილი... ესენი ტრაგიკული, დაწყევლილი თაობის წარმომადგენლნი იყვნენ. როსტომ ჩხეიძემ დაწერა მათზე წიგნი. არსებობს ასეთი წერილის ნაფლეთი: „...დედიკო, დახვრეტა მომისაჯეს, იქნებ მამამ კათალიკოს-პატრიარქს, კალისტრატეს წერილი გაუგზავნოს ჩემი შეწყალების შესახებ“... ამის მეტი არაფერი აღარ არის. დახვრიტეს. ნაუმ შავიანიძე მელქისედეკმა გამოიძახა და უთხრა, მოსაყდრედ უნდა დაგტოვოო. მან უპასუხა – არა. ეფრემი იყოს ეკლესიაში და მე – მოსაყდრედ, არ გამოვაო. მაშინ, მელქისედეკმა ურბნელი ეპისკოპოსი დავით დევდარიანი გამოაცხადა მოსაყდრედ. 1960 წელს გარდაიცვალა მელქისედეკი. შეიკრიბა სინოდი. დავითმა იცის, რომ იქ არის მის შესახებ განკარგულება და თავმჯდომარედ უნდა დაჯდეს. გასხნიან ამ განკარგულებას და იქ წერია, რომ ორმოცი დღე უნდა უხელმძღვანელოს და ორმოცი დღის შემდეგ არჩევნები იქნება. ბოდბელმა მიტროპოლიტმა დიმიტრი იაშვილმა უარი თქვა: იქ რა წერია ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ისეთი პიროვნება, ვინც დღეს ეკლესიას ყველაზე მეტად სჭირდება. მე მხარს ვუჭერ მიტროპოლიტ ეფრემს. იგი ავირჩიოთ მელქისიდეკ კათალიკოსის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარედ და მოსაყდრედო. ყველამ მხარი დაუჭირა. ეფრემი ჯერ მოსაყდრედ, შემდგომ კათალიკოს-პატრიარქად აირჩიეს. იმ მღვდელმთავრებს შორის ეფრემი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე პიროვნება იყო. თუმცა დავითი მაინც ხდება პატრიარქი.“

გაგრძელება შემდეგ ნომერში

იაგო ხვიჩიას გადაცემათა ციკლიდან – „საქართველოს დაბადება“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი