თბილისის მერია „ახალი მზიურის" პროექტს მხარს უჭერს

თბილისის მერია მხარს უჭერს პროექტს - „ახალი მზიური", რომელიც საზოგადოება „მზიანის" ინიციატივით დაიწყო. „მზიურის“ ტერიტორიაზე მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა პროექტის ავტორთან ერთად, კაფისა და ამფითეატრის აზომვითი ნახაზები შეადგინეს.

პროექტის ფარგლებში „მზიური“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მისი ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„ახალი მზიურის" იდეა  „მზის ფესტივალის" დამაარსებელსა და ორგანიზატორს, ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს ეკუთვნის -  „ჩვენ გვინდა მზიური იქცეს სივრცედ, სადაც ყველა ასაკის და შესაძლებლობის ადამიანი შეძლებს მოსვლას და დასვენებას. თუკი მერიის მხარდაჭერა გვექნება, სპონსორების დახმარებით ავამუშავებთ დაკეტილ კაფეს, რომელიც იქნება სოციალური პასუხისმგებლობის და არ იქნება ორიენტირებული მოგებაზე.  დამონტაჟდება პანდუსები, უსინათლოებისთვის გაკეთდება ბილიკები. ასევე გაკეთდება ამფითეატრი, სადაც მოეწყობა კინოჩვენებები, კონცერტები, სპექტაკლები. სეზონის მიხედვით გაიმართება შემეცნებითი ღონისძიებები,“  - ამბობს ანა გოგუაძე.

თბილისის მერია უერთდება საზოგადოების ინიციატივას „მზიურის“  განახლებასთან დაკავშირებით და გამოთქვამს მზადყოფნას მოლაპარაკებები გამართოს პროექტის ორგანიზატორებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეირჩეს ის ორგანიზაციები, რომლებიც „მზიურის გაცოცხლების“ პროექტში ჩაერთვებიან. 

გასული საუკუნის 1970-იანი წლების მიწურულს პრესაში გამოქვეყნდა ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სტატია „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“. სტატიაში მწერალი მდინარე ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქის მშენებლობაზე ოცნებობდა. პარკის პროექტზე არქიტექტორთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. პარკი 1982 წელს გაიხსნა.

ნოდარ დუმბაძე -  „ვისაც ეს წერილი ღიმილს მოჰგვრის, ვთხოვ, თითო აგური იშოვოს, მოიტანოს და მდინარე ვერეს ხეობაში დადოს. მერე ნახონ, ეს ჩვენი ოცნების ქალაქი თუ ნება-ნება, თანდათან ყველა ჩვენთაგანის მეცადინეობით არ აშენდეს. სხვისი არ ვიცი და მე კი სიამოვნებით გავხდებოდი ამ მზიურ ქალაქის ყველაზე ხანდაზმული მოქალაქე. შეიძლება ეგ საქმე არც ისე იოლი იყოს, როგორც მე დავხატე, მაგრამ არ არის სავალდებულო, ჩვენ მიერ დაწყებული საქმე ჩვენ დავამთავროთ, მთავარია, ჩვენ დავიწყოთ."

 

 

 

24 სექტემბერი 2015