თბილისის მერის საახალწლო მილოცვა

გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას! მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2016 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის! მინდა, თითოეულ თქვენგანს გულითადად მოგილოცოთ ეს დღესასწაული!

გასული, 2015 წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვისა და დედაქალაქისთვის! ეს იყო ისტორიული წელი, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროპასთან! კიდევ უფრო დაგვაახლოვა იმ მიზანთან, საითკენაც საუკუნეების მანძილზე ისწრაფვოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები და ვისწრაფვით ჩვენც!

მე კარგად მესმის, რომ  ბევრი ადამიანი ახალ წელს გაჭირვებაში ხვდება! ვისურვებდი, რომ 2016 წელი მათთვის წინსვლისა და გაძლიერების წელი ყოფილიყოს! მე მჯერა, რომ ეს ასეც იქნება! მინდა, ამ ადამიანებს განსაკუთრებულად მივულოცო ახალი წელი!

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, ახალმა პროგრამებმა, რომლებიც სოციალური მომსახურებების, ჯანდაცვისა და მოქალაქეების მიერ შერჩეული სხვა პრიორიტეტების მიმართულებებით განვახორციელეთ, საშუალება მოგვცა, ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრების დონე და პირობები, წინა წლებთან შედარებით, გაგვეუმჯობესებინა! წამოგვეწყო სამომავლო პროექტები, რომელთა მეშვეობითაც, თბილისი ძალიან მალე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით უფრო მეტად განვითარებული და კეთილმოწყობილი ქალაქი იქნება! ეს მხოლოდ დასაწყისია! 2016 წელს თბილისის მთავრობა კიდევ უფრო ეფექტური ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობისა და წინსვლისთვის!

თბილისი ოდითგანვე იყო რეგიონის უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრი და ეს სტატუსი ჩვენთვის უდიდეს მიღწევასა და პატივთან ერთად დიდი გამოწვევაცაა!

ჩემო მეგობრებო! განსაკუთრებულად მინდა, მივულოცო ახალი წელი იმ ადამიანებს, ვინც დღეს საქართველოში, თბილისში არ იმყოფება. მომავალი წელი მათი სამშობლოში დაბრუნების წელი უნდა იყოს! ქვეყნის ხელისუფლება და დედაქალაქის მთავრობა ამისთვის ძალას არ დაიშურებს! ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დედაქალაქი სულ უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის, ასევე, უფრო საინტერესო ხდება ტურისტული თვალსაზრისითაც! ეს ყველაფერი დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მე მჯერა, ის თანამოქალაქეები, რომლებმაც ქვეყანა სხვადასხვა მიზეზების გამო დატოვეს, დაუბრუნდებიან მშობლიურ ქალაქს!

ასევე, გულითადად ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს! ვულოცავ ახალ წელს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს!

მე მჯერა, რომ ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, მუხლჩაუხრელი შრომითა და ურთიერთსიყვარულით, ჩვენ შევძლებთ, რომ უკეთეს პირობებში ვიცხოვროთ! მაშინ, როცა დემოკრატიული, გამჭვირვალე, ევროპული სახელმწიფო ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივი ნებაა, მოვლენების სხვაგვარი განვითარება, შეუძლებელიც კია!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ, 2016 წელს! გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობას, დღეგრძელობასა და კეთილდღეობას!

31 დეკემბერი 2015