USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
თბილისი
რომელ წმინდათა ხსენების დღეა 26 დეკემბერს?
თარიღი:  152

26 დეკემბერს, ახალი სტილით, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმიდა მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი (+284-305)

13 (26) დეკემბერი

წმიდა მოწამენი: ევსტრატი, ავქსენტი, ევგენი, მარდარი და ორესტი იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს ეწამნენ. უსჯულო ხელისუფლებმა სომხეთსა და კაბადოკიაში ამტყდარი შფოთისა და არეულობების ჩასაცხრობად მხედართმთავრები: ლისიუსი და აგრიკოლა გაგზავნეს და, რადგან იმ დროს ყოველგვარ სახალხო მღელვარებას ქრისტიანებს მიაწერდნენ ხოლმე, უბრძანეს, ან წამებით დაეხოცათ ისინი, ან - კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინათ.

ქალაქ სატალიონში სხვა ქრისტიანებთან ერთად ავქსენტი ხუცესიც შეიპყრეს. სასამართლოს დღეს ციხეში ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული და მდიდარი მოხელე - ევსტრატი მივიდა თავისი რაზმით და ტყვე ქრისტიანები სამსჯავრო მოედანზე გამოიყვანა. თავად ევსტრატი ქრისტეს მიმდევარი იყო, მაგრამ მანამდე თავის სარწმუნოებას ფარულად ინახავდა. ახლა ნეტარმა შესაფერი ჟამი ჰპოვა და მტარვალ ლისიუსის წინაშე აშკარად აღიარა მაცხოვარი. მსაჯულმა ბრძანა, დაუყოვნებლივ აეყარათ მისთვის სამხედრო წარჩინების ნიშნები და საწამებლად გადაეცათ. წმიდა ევსტრატი სასტიკად გვემეს, მაგრამ იგი მოთმინებით იტანდა სატანჯველებს. მოწამემ მადლობა უთხრა ჯალათს: „სატანჯველებით სული ცოდვებისაგან გამიწმინდე და მარადიულობისათვის განმამზადებინეო“. ჯალათმა უპასუხა, შენს ღმერთს შენთვის უკვდავების მონიჭება რომ შეძლებოდა, წყლულებისგანაც განგკურნავდაო. ამის თქმა და ევსტრატის განკურნება ერთი იყო. ამ სასწაულის ბევრმა მხილველმა ადიდა უფალი, ხალხში მდგარმა ევსტრატის მეგობარმა და მისი რაზმის მეომარმა, ევგენიმ კი ხმამაღლა შესძახა: „ლისიუს! მეც ქრისტიანი ვარ, როგორც ჩემი ბატონი ევსტრატი!“ მაშინ ევსტრატისა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ისიც შეიპყრეს. მეორე დღეს ლისიუსმა, რომელიც ნიკოპოლში მიემგზავრებოდა, ბრძანა, ტყვე ქრისტიანებიც თან გაეყოლიებინათ. ევსტრატის ლანჩებში ლურსმნებგაჩრილი რკინის ჩექმები ჩააცვეს, ასე რომ, მთელი გზა მისთვის საშინელი წამება იყო.

 ორი დღის შემდეგ ჩააღწიეს ევგენისა და ევსტრატის მშობლიურ ქალაქ არავრაკში. უამრავი ხალხი გამოეფინა ქუჩებში, მათ სურდათ, მიახლოებოდნენ ევსტრატის, რომელიც ძალიან უყვარდათ და პატივს სცემდნენ, მაგრამ დასჯის შიშით ამას ვერ ბედავდნენ; ერთმა ღარიბმა ქრისტიანმა, მარდარიმ კი გასაოცარი საღვთო შური გამოავლინა. მას ახალი სახლი აეშენებინა და მის გადახურვაზე მუშაობდა. როცა ტყვეები და, მათ შორის, ევსტრატიც შენიშნა, წმიდანი საჩქაროდ ჩამოვიდა სახურავიდან და მეუღლეს მიმართა: „ხედავ ამ დიდებულ კაცს?! ის არც ხარისხს დაერიდა, არც სიმდიდრეს, ყველაფერი დაუტევა და უფალს შეეწირა მსხვერპლად! ნეტარ ხარ, ევსტრატი - ამქვეყნადაც სახელოვანი იყავი და იმქვეყნადაც გამოუთქმელ სიხარულს მიემთხვევი!“ ქრისტეს სიყვარულით ანთებულმა ქალმა უპასუხა: „შენ რა გიშლის, რომ იმავე გზას დაადგე?“ მარდარი სწორედ ამაზე ფიქრობდა. მან მუხლი მოიყარა და მხურვალედ ილოცა: „მეუფეო ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდშობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო, ერთო ღვთაებაო, ერთო ძალო, შემიწყალე მე ცოდვილი, და რომლითაცა მსჯავრითა უწყი, მაცხოვნე მე უღირსი მონა შენი, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ საუკუნითგან და უკუნისამდე, ამინ“ (ეს ლოცვა ეკლესიაში დღესაც იკითხება მესამე ჟამნის ბოლოს და შუაღამიანზე). ამის შემდეგ წმიდანი გამოემშვიდობა ღვთისმოშიშ მეუღლეს, გადაკოცნა მცირეწლოვანი ვაჟიშვილები და ხმამაღლა შესძახა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ეს რომ ესმათ, იგი დაუყოვნებლივ შეიპყრეს და სხვა ტუსაღებთან ერთად საპყრობილეში გამოკეტეს.

 დილით მსჯავრდებულები გასასამართლებლად გაიყვანეს. პირველად ავქსენტის გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი და თავი მოჰკვეთეს. არავრაკელმა მღვდლებმა ღამით ფარულად გადაასვენეს წმიდანის ცხედარი და პატივით დაკრძალეს.

შემდეგ მარდარის წამება დაიწყეს. უსჯულოებმა მას ფეხები დაუხვრიტეს, შიგ ბაწრები გაუყარეს, თავდაყირა დაკიდეს და გახურებული ლურსმნებით ჩხვლეტა დაუწყეს. დიდხანს გასტანა ნეტარის წამებამ. ბოლოს წმინდანმა მადლობა შეაწირა ღმერთს: „უფალო! გმადლობ, რომ ამგვარ სიკეთეთა ღირსი გამხადე. მშვიდობით შეივედრე სული ჩემი!“ - და აღესრულა.

 შემდეგ ევგენი წარდგა სამსჯავროს წინაშე. მას ჯერ ენა ამოგლიჯეს, შემდეგ ხელ-ფეხი დააჭრეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.

 ლისიუსმა ევსტრატის დასჯა დროებით გადადო და ქალაქში განლაგებული ჯარის ნაწილების დასათვალიერებლად გაეშურა. მისი ყურადღება მიიქცია მხედარმა ორესტიმ, რომელიც თავისი პირმშვენიერებით, ტანადობითა და სიმარჯვით მეტად გამოირჩეოდა სხვა მეომრებისგან.

უღმრთო მხედართმთავარმა მას უბრძანა, წინ გამოსულიყო და შუბი ეტყორცნა მიზანში. მეომარმა იარაღი აიღო. ის-ის იყო, ბრძანება უნდა შეესრულებინა, რომ მკერდზე დაკიდული ჯვარი გამოუჩნდა. ლისიუსმა რისხვით იკითხა: „რა არის ეს? განა შენ იმათგანი ხარ, ვინც ჯვარცმულს სცემს თაყვანს?!“ „მე ჩემი ჯვარცმული მეუფისა და ღვთის მონა ვარ და ჯვარს ყოველგვარი ბოროტისაგან თავის დასაცავად ვატარებ!“ - უპასუხა ორესტიმ. მაშინ ისიც შეიპყრეს და სხვა ქრისტიანებთან ერთად გამოამწყვდიეს. ორესტის მიბაძვით მისი რაზმის ბევრმა სხვა მეომარმაც აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ლისიუსმა ყველა ციხეში ჩაყარა. შემდეგ მტარვალმა მოსალოდნელი სახალხო მღელვარების შიშით ბრძანა, ევსტრატი და ორესტი სებასტიაში გაეგზავნათ, სომხეთის მმართველ აგრიკოლასთან.

 აგრიკოლა მართლმორწმუნეთა მიმართ სასტიკი და დაუნდობელი იყო, მაგრამ ევსტრატის ბრძნულმა და დამაჯერებელმა საუბარმა უფალზე და მის გამოუთქმელ სახიერებაზე, გული მოულბო. მრისხანე მსაჯული დამწუხრდა და მთელი ღამე არ უძინია. მან განიზრახა, ევსტრატი გადაერჩინა და თხოვდა, მოჩვენებით, სხვათა დასანახად მაინც ეცა კერპებისთვის თაყვანი, თან პატივსა და ძღვენს აღუთქვამდა; მაგრამ წმიდა მოწამე უდრეკი დარჩა.

 მოთმინებადაკარგულმა აგრიკოლამ ბრძანა, ორესტი გახურებულ რკინის სარეცელზე დაეწვინათ. წმიდანი გაბედულად ავიდა სარეცელზე, ილოცა: „უფალო იესო ქრისტე! ხელთა შენთა შეივედრე სული ჩემი!“ - და აღესრულა.

ღამით ევსტრატი სებასტიელმა ეპისკოპოსმა, ვლასიმ მოინახულა საპყრობილეში და ქრისტეს ცხოველმყოფელ სისხლსა და ხორცს აზიარა. ამასთან, უეცრად ზეციურმა ნათელმა გააბრწყინა საკანი და ზეგარდამო გაისმა: „ევსტრატი! კეთილი ღვაწლი განასრულე; აწ მოვედ ზეცად და დაიმკვიდრე შენთვის განმზადებული გვირგვინი!“

 დილით აგრიკოლამ უფლის რჩეულს დაწვა მიუსაჯა. სანამ ჯალათები განაჩენის აღსასრულებლად ემზადებოდნენ, წმიდანმა წარმოთქვა ლოცვა, რომელიც შემდგომ შაბათის შუაღამიანის საკითხავებში ჩართეს: „დიდებით გადიდებთ შენ, უფალო, რამეთუ მოხედენ სიმდაბლესა ჩემსა ზედა, და არა მიმეც მე ხელთა მტერთა ჩემთასა, არამედ იხსენ ჭირისაგან სული ჩემი; და აწ, მეუფეო, დამიფარენ ხელმან შენმან. და ნუმცა იხილავს სული ჩემი დაბნელებულსა მას პირსა ბოროტთა ეშმაკთასა, არამედ შეივედრებენ მას ანგელოსნი შენნი ბრწყინვალენი და ნათლისანი“. ამის შემდეგ ნეტარი მარტვილი თავად შევიდა გახურებულ ღუმელში და სული უფალს შეჰვედრა.

ეპისკოპოსმა ვლასიმ ცეცხლში უვნებლად დარჩენილი მისი პატიოსანი ცხედარი ორესტისა და სხვა მოწამეების წმიდა გვამებთან ერთად პატივით დაკრძალა. შემდგომში კონსტანტინოპოლის მახლობლად, ოლიმპოს მონასტრის გალავანში წმიდა მოწამეთა: ევსტრატის, ავქსენტის, ევგენის, მარდარისა და ორესტის სახელობის ტაძარი აიგო.

 

წმიდა მოწამე ლუკია (+304)

13 (26) დეკემბერი

წმიდა მოწამე ლუკია ქალაქ სირაკუზაში ცხოვრობდა - სიცილიის კუნძულზე, იტალიის მახლობლად. ერთხელ იგი თავის სნეულ დედასთან - ევტიქიასთან ერთად ქალაქ კატანში ჩავიდა წმიდა მოწამე აღათიას ნაწილთა თაყვანსაცემად. მსახურების დროს ხუცესმა ნეტარი მოწამის ლუსკუმასთან წაიკითხა სახარება დედაკაცზე, რომელიც რწმენით შეეხო მაცხოვრის სამოსლის კიდეს და განიკურნა. ლუკიამ ევტიქიას უთხრა: „დედა, თუ გჯერა, რაც იკითხება, ისიც გწამდეს, რომ ქრისტეს სახელისათვის აღსრულებული აღათია დღეს მის წინაშე დგას ცათა შინა. სარწმუნოებით შეეხე მის საფლავს და განიკურნები“.

 ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ დედა და შვილი მოწამის ლუსკუმის წინაშე დიდხანს ლოცულობდნენ. ბოლოს ლუკიას ჩასთვლიმა. სიზმრისეულ ჩვენებაში ანგელოზებით გარემოცული წმიდა აღათია წარდგა მის წინაშე და უთხრა: „დაო ჩემო ლუკია, სძალო ღვთისაო! შენი სარწმუნოება შეეწია დედაშენს, და ის უკვე განიკურნა. და როგორც ჩემით განდიდდა ქალაქი კატანი, შენით სირაკუზა განდიდდება, რამეთუ შენი სიწმიდით კეთილი ჭური განუმზადე ქრისტეს!“

 ამის შემდეგ ლუკიამ მთლიანად უფალს მიუძღვნა თავი, უკვე დაწინდულმა, უარი თქვა გათხოვებაზე და დედაც დაიყოლია, მთელი ქონება გლახაკებისთვის დაერიგებინა.

 წმიდა ქალწულისგან უარყოფილი სასიძო ძალიან განაწყენდა და ქალაქის თავთან დაასმინა ნეტარი - ქრისტეს აღიარებსო. ამ დროს იმპერიას მაქსიმიანე და დიოკლეტიანე (284-305) მართავდნენ და ქრისტიანები სასტიკად იდევნებოდნენ. ლუკიასაც სამსჯავროზე მოუხმეს. გამგებელმა ნეტარის წამება ბრძანა. უფალმა ისურვა, სასწაულით განედიდებინა თავისი რჩეული: როცა ლუკიას დასასჯელად წაყვანა დააპირეს, მისი სხეული ისე დამძიმდა, რომ მრავალი უსჯულო ამაოდ ცდილობდა ადგილიდან მის დაძვრას. მაშინ წმიდანი რამდენიმე წყვილ ხარს მიაბეს ბაწრებით, მაგრამ იგი კვლავ მტკიცედ იდგა და ხალხს ქრისტეს უქადაგებდა. მაშინ ქალაქის თავმა ბრძანა, ცეცხლი შემოენთოთ მოწამისათვის. ლუკია არც ახლა განძრეულა. მან წარბშეუხრელად მიმართა მტარვალს: „მე უფალ იესო ქრისტეს ვევედრე, რომ ცეცხლს არ ჰქონოდა ჩემზე ხელმწიფება. მე ჩემი წამების გახანგრძლივება ვითხოვე, რომ მორწმუნეები სატანჯველების შიშისაგან დამეხსნა, უსჯულოთათვის კი ქრისტიანთა გინების ნება არ მიმეცა“.

 მაშინ ერთმა წარმართმა წმიდა მოწამეს ხორხში მახვილი ჩასცა, მაგრამ იგი, ქრისტესგან განმტკიცებული, განაგრძობდა ხალხთან საუბარს, წინასწარმეტყველებდა ქრისტიანთა დევნის დასრულებას და სირაკუზელებს აღუთქვა, რომ მათი ქალაქის მფარველი იქნებოდა.

 მარტვილის წმიდა ცხედარი მისი წამების ადგილზევე დაკრძალეს. შემდგომში აქ წმიდა სამების სახელობის ტაძარი აიგო.

 ღირსი არსენი (VIII-IX)

13 (26) დეკემბერი

ღირსი არსენი კონსტანტინოპოლში მცხოვრები დიდგვაროვანი და კეთილმსახური მშობლების შვილი იყო. იმპერატორმა იგი მხედართმთავრად დანიშნა. ერთხელ, როცა წმიდანს თავისი ლაშქარი ხომალდებით გადაჰყავდა ზღვაზე, მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა. გემები ჩაიძირა. მთელი მხედრიონიდან მხოლოდ წმიდა არსენი გადარჩა. ამის შემდეგ იგი ბერად აღიკვეცა. ამგვარი ღვაწლით სულიერად ახოვანქმნილმა მოსაგრემ მცირე აზიაში მდებარე ლატრის მთას მიაშურა და ლოცვითა და ჯვრის ნიშით მოკლა მავნე ასპიტი. შემდეგ წმიდანი მთის ჩრდილოეთ კალთაზე გაშენებულ კელიბორის მონასტერში დამკვიდრდა და აქ იღუმენად იქნა დადგენილი. კიდევ უფრო მკაცრი მოღვაწეობისაკენ მოსწრაფე მამამ გარკვეული ხნის შემდეგ დატოვა სავანე, ერთ-ერთი გამოქვაბულიდან ლოცვის ძალით გაასხა მხეცები და შიგ დამკვიდრდა. თანდათან მის ირგვლივ საძმო შეიკრიბა. ნეტარი, ჩვეულებრივ, მთელ კვირას განმარტოებით ატარებდა ვიწრო სენაკში, კვირადღეს კი საზრდელს ღებულობდა და ძმებს მოძღვრავდა. ბოლოს ღირსმა არსენიმ ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ ანგელოზი უზიდავდა საზრდელს.

 ღირსი მამა მშვიდობით მიიცვალა, ძმებით გარემოცული. ვარაუდობენ, რომ იგი VIII-IX საუკუნეებში მოღვაწეობდა.

სპორტი
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.