Archive for the ‘გაბრიელ გარსია მარკესი’ Category

გაბრიელ გარსია მარკესი

გაბრიელ გარსია მარკესი

ქედმაღლობითაც შეიძლება სიყვარულს მისწვდე.
ჟილ ვისენტე (დაახლ. 1470-1536),
ცნობილი პორტუგალიელი
დრამატურგი და პოეტი-სატირიკოსი)

მთარგმნელი: ელზა ახვლედიანი

იმ დღეს, რა დღესაც უნდა მოეკლათ, სანტიაგო ნასარი დილის ექვსის ნახევარზე ადგა, რათა გემით მომავალ ეპისკოპოსს დახვედროდა ნავსადგურში. დაესიზმრა, ვითომ ლეღვის ხეების ტევრში მიაბიჯებდა, სასიამოვნოდ ცრიდა და სულ რაღაც ერთი წამით ბედნიერი იყო, მაგრამ გამოღვიძებულს ისეთი განცდა აჰყვა, თითქოს ჩიტების სკორეში ამოსვრილიყოს. „ხშირად ესიზმრებოდა ხეები, — მითხრა დედამისმა პლასიდა ლინერომ ოცდაშვიდი წლის შემდეგ, როდესაც წვრილად იგონებდა იმ დაწყევლილ ორშაბათ დღეს, — სიკვდილამდე ერთი კვირით ადრეც დაესიზმრა, ვითომ კალის თვითმფრინავით დაფრინავდა ნუშის ხეებში და ეშინოდა, ტოტებს არ გამოსდებოდა“. ეს ქალბატონი უბადლო ამხსნელი იყო სხვათა სიზმრებისა, თუკი უზმოზე უამბობდნენ ამ სიზმრებს. ვაჟიშვილის ამ ორ სიზმარსა და სიკვდილის წინა დღეებში დილაობით ნაამბობ სხვა სიზმრებში ნანახი ხეები კი რატომღაც ცუდად არ ენიშნა ქალს.
არც თვითონ სანტიაგო ნასარს უგუმანია ცუდი რამ. ტანგაუხდელს ცოტა ხანს და თანაც ცუდად ეძინა.

↘™ განაგრძე კითხვა…

გაბრიელ გარსია მარკესი

გაბრიელ გარსია მარკესი

— უკადრისი იკადრა, — უთხრა მოხუცს მეფუნდუკე ქალმა, — მძინარე ქალისთვის არ უნდა ჩაედო თითი პირში ან გაეკეთებინა რაღაც ამდაგვარი.
იასუნარი კავაბატა, „მძინარე მზეთუნახავების სახლი“

1.
ოთხმოცდაათი წლისა რომ გავხდი, გადავწყვიტე, დაბადების დღის აღსანიშნავად საკუთარი თავისთვის თავად მიმერთმია საჩუქარი — უბიწო გოგონასთან გიჟური სიყვარულის ღამე.

როსა კაბარკასი გამახსენდა — იატაკქვეშა დაწესებულების დიასახლისი: როგორც კი „ქორფა“ გოგოს ჩაიგდებდა ხელში, მაშინვე თავის გულუხვ კლიენტებს ატყობინებდა. მე არ მიზიდავდა მისი ბილწი შემოთავაზებები, მას არ სჯეროდა ჩემი პრინციპების სიწმინდისა. „მორალი დროის საქმეა, — ღვარძლიანად ქირქილებდა ის. — მოვა დრო, თვითონ დარწმუნდები“. როსა ჩემზე ცოტათი უმცროსი იყო. რამდენი წელიწადია არაფერი ვიცი მის შესახებ. იქნებ აღარც არის ცოცხალი, მაგრამ ყურმილში მომესმა თუ არა ხმა, მაშინვე ვიცანი — როსა იყო.

ეგრევე მივახალე:
— დღეს — კი.
როსა კაბარკასმა ამოიოხრა: „ეჰ, ჩემო ნაღვლიანო ბრძენკაცო, მთელი ოცი წელი სადღაც გადაიკარგები, მერე უცებ გამოჩნდები და შეუძლებელს მთხოვ“. მაგრამ ხელობა მაინც ხელობაა და როსამაც ასარჩევად რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზა: ყველანი ხმარებაში გაცვეთილები იყვნენ. უსათუოდ ქალწული და უსათუოდ ამაღამ-მეთქი, — ვთქვი შეუვალად. როსა დაიბნა: „კი მაგრამ, რისი იმედი გაქვს?“ „არაფრის, — როსამ მტკივნეულ ადგილზე დამადგა ფეხი, — მშვენივრად ვიცი, რა შემიძლია და რა არ შემიძლია“. როსა ცოტა დამშვიდდა: „ბრძენმა ხალხმა ყველაფერი იცის და მაინც ყველაფერი არ იცის. ამქვეყნად ერთადერთი „ქალწულები“ თქვენ ხართ, აგვისტოს თვეში ამ ნიშნით დაბადებულები. რატომ ადრე არ გამაფრთხილე?“ „აღმაფრენა წინასწარ არაფერს გითანხმებს“, — ვთქვი მე.

↘™ განაგრძე კითხვა…

გაბრიელ გარსია მარკესი

გაბრიელ გარსია მარკესი

   ის ახლა მიტოვებული სახლის შორეულ კუთხეშია. მანამდე ვიღაცამ გვითხრა, რომ ეს ქალი აუჩქარებელ ცხოვრებას უნდა შეჩვეოდა, გემოსა და სუნის გარეშე, სადაც ყველაზე მიმზიდველი – მკაცრი, თითქოს ქვისა და კირისგან გამოთლილი მარტოსულობაა, რომელიც მხრებზე აწვა. იმ დროს ჯერ მისი ნივთებიც არ გვქონდა მოტანილი: ტანსაცმელი, ჯერ კიდევ, ტყის სუნი რომ ასდიოდა და ავდარში ჩასაცმელი მსუბუქი ფეხსაცმელი.

დიდი ხნის შემდეგ კიდევ სხვა რაღაც გაგვახსენდა, ოდესღაც ეს ქალიც ბავშვი იყო, მაგრამ როცა პირველად გვითხრეს, არ დავიჯერეთ. ახლა, როცა კუთხეში მჯდომ ქალს ვხედავდით, გაოცებული თვალებით რომ გვიცქერდა და თითი ტუჩებთან მიეტანა, უკვე გვჯეროდა – ისიც იქნებოდა ბავშვი, ეყვარებოდა წვიმის ხანმოკლე სიგრილე და მზეში მასაც ექნებოდა ჩრდილი.
ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი სხვა რაღაც დავიჯერეთ იმ საღამოს, მიუხედავად მისი შემაშინებელი შერწყმულობისა ქვესკნელის სამყაროსთან, მაინც სრულიად ადამიანური იყო. ამაში მაშინ დავრწმუნდით, როცა ქალმა ისეთი შემაძრწუნებელი ყვირილი მორთო, თითქოს სხეულში მინა ემსხვრეოდა; გვეძახოდა, თითოეულს სახელით მოგვმართავდა, ტირილით გვიხმობდა, სანამ ყველანი მის გვერდით არ ჩამოვსხედით; მერე ვიმღერეთ, ტაშიც დავუკარით, თითქოს ამ ხმებით შეგვეძლო დამსხვრეული მინის გამთელება. სწორედ მაშინ დავიჯერეთ, რომ ერთ დროს ისიც ბავშვი ყოფილა. მერე ქალი წამოდგა და რატომღაც, მდინარე და ხეები გაგვახსენა, წინ გადმოიხარა, სახე გამოაჩინა და ჯერ კიდევ თვალცრემლიანმა გვითხრა:

↘™ განაგრძე კითხვა…

გაბრიელ გარსია მარკესი

გაბრიელ გარსია მარკესი

მე იგი მაშინვე ვიცანი – თავის მეუღლესთან, მერი უელშთან ერთად სენ-მიშელის ბულვარზე სეირნობდა პარიზში. 1957 წლის გაზაფხულის წვიმიანი დღე იყო. ისინი ქუჩის მეორე მხარეს მიდიოდნენ, ლუქსემბურგის ბაღისკენ. უზარმაზარი კაცი, რომელსაც გახეხილი ჯინსის შარვალი ეცვა, თავზე კი ბეისბოლისტის ქუდი ეხურა, მკვეთრად გამოირჩეოდა სხვებისგან, თუმცა უხეში ძალის განსახიერებააო, მაინც ვერ იტყოდი.
იმ დროს იგი ორმოცდაცხრამეტი წლისა იყო, მაგრამ სიცოცხლის ხალისით სორბონელი ახალგაზრდების ნაკადშიც კი იქცევდა ყურადღებას.

ფიქრადაც ვერ გაივლებდი, რომ სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ ის ცოცხალი აღარ იქნებოდა.
დაბნეული ვიდექი და ვერ გადამეწყვიტა, რა მექნა. მაკავებდა ჩემი პრიმიტიული ინგლისური, მტანჯავდა აზრი, რომ ვერ გავუგებდით ერთმანეთს. ამაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე – ტარზანივით მივიტანე ხელისგულები პირთან და ვიღრიალე:
„მა-ა-ა-ეეე-სტრო!!!“
ჰემინგუეი უმალვე მიხვდა, რომ მის გარდა სტუდენტთა მასაში მაესტრო არავინ იქნებოდა, შემობრუნდა, ხელი მაღლა აიქნია და ბიჭური სიმკვირცხლით მომაძახა ესპანურად: „Adios, Amigo!“
ეს იყო ჩემი ერთადერთი შეხვედრა მასთან (მაშინ 28 წლის ვიყავი). მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევამ სამუდამო დამიტოვა განცდა, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც არაჩვეულებრივად მნიშველოვანი რამ მოხდა..

Gabriel Garcia Marquez

გაბრიელ გარსია მარკესი

   ბავშვობაში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზეზით ვისურვებდი: რათა კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო მაგდალენაზე. მდინარის გემით წელიწადში ორჯერ ვმგზავრობდი (ბოგოტასკენ და ბოგოტადან) – საშუალო სკოლაში სწავლის ექვსი წლისა და უნივერსიტეტში სწავლის პირველი ორი წლის განმავლობაში.
ყოველი მგზავრობისას გაცილებით უკეთ ვეცნობოდი ცხოვრებას, ვიდრე – სკოლაში.

მდინარის წყალუხვობის პერიოდებში ხუთი დღე სჭირდებოდა გემით მგზავრობას ბრანკილიადან პუერტო-სალგარამდე და, შემდგომ, მატარებლით ბოგოტამდე მიღწევას. წვიმების დროს – რაც არცთუ ისე იშვიათი მოვლენა გახლდათ – მგზავრობა სამ კვირამდე გრძელდებოდა.
პუერტო-სალგარიდან ბოგოტისკენ მიმავალი მატარებელი მთაგორიან ადგილებში მიიკლაკნებოდა და კლდოვან ქედებზე დაბობღავდა. ციცაბო აღმართებზე ის უკან მიგორავდა, შემდეგ სიჩქარეს ავითარებდა და კვლავ წინ მიიწევდა. დრაკონივით მძლავრად ქშინავდა და ოხშივარს უშვებდა.
მატარებლის სვლის გასაიოლებლად მგზავრები ზოგჯერ ფეხით ადიოდნენ უახლოეს ქედზე. ლიანდაგის გასწვრივ ჩამწკრივებული გათოშილი, პირქუში სოფლელები ყიდდნენ შემწვარ ყვითელ წიწილებს და კარტოფილის პიურეს, საავადმყოფოს სუნით რომ ყარდა.
მატარებელი ბოგოტას აღწევდა საღამოს ექვსი საათისთვის, რომელიც ახლაც დღის ყველაზე უსიამოვნო მომენტად მიმაჩნია. ამ უხალისო, ცივ ქალაქში ტრამვაები ღრჭიალებდნენ და ყოველ მოსახვევთან ნაპერწკლებს ისროდნენ. ჭვარტლნარევი წვიმა არ წყდებოდა.

განაგრძე კითხვა…

Gabriel Garcia Marquez

გაბრიელ გარსია მარკესი

ანტონიო პიგაფეტამ, ფლორენციელმა ზღვაოსანმა, რომელმაც მაგელანთან ერთად პირველად შემოუარა დედამიწას, ამერიკის სამხრეთი მიწები ზუსტად აღწერა, თუმც ეს ძალიან წააგავდა ფანტაზიას. იგი წერს, რომ იხილა ტახები, რომელთაც ჭიპი ბარკალზე გამობმოდათ; უკლანჭებო ფრინველები, რომელთა დედლები კვერცხებს მამლების ზურგზე დებდნენ; ასევე, უენო პელიკანების მსგავსი ფრთოსნები, რომელთაც კოვზისებრი ნისკარტები ჰქონდათ. იგი წერს, რომ იხილა უკუღმართად შობილი ჯორისთავა და ჯორისყურა არსებები, რომელთაც ტანი აქლემისა ჰქონდათ, ფეხები – ირმისა და ცხენებივით ჭიხვინებდნენ. იგი აღწერს პირველ პატაგონიელს, რომელმაც სარკეში ჩაიხედა და აგზნებული გოლიათი საკუთარ გამოსახულებას შეება.

ეს მომცრო და მომაჯადოებელი წიგნი, რომელიც თანამედროვე რომანისთვის ნიშანდობლივ მარცვლებს შეიცავს, იმდროინდელი რეალობის უცილოდ თავბრუდამხვევი აღწერაა. ინდიელთა ქრონიკებმა უამრავი ასეთი რამ შემოგვინახა. ელდორადოს, ასეთი ჟინით ნაძიებ ილუზორულ ქვეყანას, დიდი ხნის განმავლობაში უამრავ რუკაზე აღნიშნავდნენ და ფორმასა და ადგილმდებარეობასაც კარტოგრაფის ფანტაზიისამებრ უცვლიდნენ.

მარადიული სიყმაწვილის შადრევნის ძიებაში მითიური ალვარ ნუნეს კაბესა დე ვაკა 8 წლის განმავლობაში იკვლევდა მექსიკის ჩრდილოეთს. ექსპედიციის პირშიჩალაგამოვლებულმა წევრებმა ერთმანეთის ჭამა დაიწყეს და 600 კაციდან მხოლოდ 5 დაბრუნდა შინ. იმავე დროს განეკუთვნება ერთ უიდუმალეს ამბავთაგანი, როცა ასი გირვანქა ოქროთი დატვირთული 11 ათასი ჯორი კუსკოდან დაძრეს და გზას გაუყენეს ატაჰუალპასთვის გამოსასყიდის გადასახდელად. ამ ქარავანს დანიშნულების ადგილისთვის არ მიუღწევია. შემდეგ, კოლონიურ ხანაში, კარტაჰენა დე ინდიაში ყიდდნენ ქათმებს, რომლებიც ნალექიან მიწაზე ბინადრობდნენ და რომელთა ჩიჩახვებშიც ოქროს ციცქნა ზოდებს პოულობდნენ.

ერთმა ოქროსმაძიებელმა სულ ახლახანაც შეგვახსენა თავი. გასულ საუკუნეში გერმანულმა მისიამ გადაწყვიტა პანამის ყელზე გამავალი სარკინიგზო კონსტრუქციის გამოკვლევა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ: იმ ადგილებში ლითონი არასაკმარისად მოიპოვებოდა, ამიტომ ლიანდაგები ოქროსგან უნდა დაეგოთ.

არც ესპანელების ბატონობისაგან გათავისუფლებას შეუშლია ხელი ჩვენი უგონობისათვის.

გენერალმა ანტონიო ლოპეს დე სანტა ანამ, მექსიკის სამგზის დიქტატორმა, თავისი მარჯვენა ფეხი, რომელიც მან ე.წ. „ნამცხვრების ომში“ დაკარგა, პომპეზურად დაასაფლავა. გენერალი გაბრიელ გარსია მორენო 16 წლის განმავლობაში განაგებდა ეკვადორს აბსოლუტური მონარქის სტატუსით. მისი გვამი პრეზიდენტის სკამზე დასვეს, სადღესასწაულო უნიფორმით შემოსეს და თხელ ფენად მედლებიც დაჰკიდეს. გენერალმა მაქსიმილიანო ჰერნანდეს მარტინესმა, სალვადორის თეოსოფოსმა დესპოტმა, რომელმაც 30 ათასი გლეხი გაჟუჟა, გამოიგონა ქანქარა საკვებში შხამის მისაკვლევად, ხოლო ლამპიონები წითელი ქაღალდით შებურა, ქუნთრუშის ეპიდემიას ამით დავამარცხებო.
ტეგურიგალპას მთავარ მოედანზე მდგარი გენერალ ფრანსისკო მორასანის ძეგლი, ფაქტობრივად, მარშალ ნეის ერთ იმ სკულპტურათაგანია, რომელსაც იოლად შეიძენ პარიზის ყავლგასულ სკულპტურათა საწყობში.

თხუთმეტი წლის წინ, ჩილელმა პაბლო ნერუდამ, ჩვენი დროის ერთ-ერთმა გამოჩენილმა პოეტმა, ეს აუდიტორია თავისი სიტყვით გაანათა. ამის შემდეგ კეთილი ნების ევროპელებს – ხანდახან, ბოროტებსაც – თავზარი დასცა ლათინური ამერიკის არამიწიერმა სიახლეებმა, ამ უსამანო სამყარომ მოუსვენარი მამაკაცებისა და ისტორიული ქალებისა, რომელთა დაუსრულებელი სიკერპე ლეგენდებსაც კი აფერმკრთალებდა.
ჩვენ ამოსუნთქვის დრო არ გვქონია.

ცეცხლმოკიდებულ სასახლეში გამაგრებული ჩვენი პრომეთესებრი პრეზიდენტი მარტო შეაკვდა ჯარს. ორმა საეჭვო ავიაკატასტროფამ შეუმოკლა სიცოცხლე მეორე დიდებულ პრეზიდენტს და დემოკრატიის ჯარისკაცს, რომელმაც თავის ხალხს ღირსების განცდა დაუბრუნა.

აქ 5 ომი მძვინვარებდა და 17 სამხედრო გადატრიალება მოხდა. აქ წარმოიშვა დემონური დიქტატორი, რომელიც ღვთის სახელით ლათინოამერიკელთა ეთნოციდს ახორციელებს ჩვენს დროში. ამასობაში, ერთ წლამდე ასაკის 20 მილიონი ლათინოამერიკელი ბავშვი დაიღუპა – უფრო მეტი, ვიდრე – ევროპაში 1970 წლიდან დაბადებულნი. რეპრესიებს ემსხვერპლა თითქმის 120 ათასი ადამიანი, თითქოს უფსალას მოსახლეობის დათვლა არავის შეეძლოს! უამრავი ორსული ქალი დააპატიმრეს, რომელთაც არგენტინის ციხეებში იმშობიარეს. არავინ იცის იმ ბავშვების ადგილსამყოფელი, რომლებიც ფარულად გააშვილეს ან სამხედროთა ბრძანებისამებრ, უპატრონოთა თავშესაფარში მიავლინეს. ამ ვითარების გამოსწორებისთვის ბრძოლას შეეწირა კონტინენტზე მცხოვრები ორას ათასამდე ქალი და მამაკაცი.

ას ათასამდე დაიღუპა ცენტრალური ამერიკის სამ პატარა და უიღბლო ქვეყანაში: ნიკარაგუაში, სალვადორში, გუატემალაში. ეს რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარიყო, ასეთ მაჩვენებელს მივიღებდით: მილიონ ექვსასი ათასი ძალმომრეობითი სიკვდილი 4 წელიწადში. ჩილედან მილიონი ადამიანი გაიქცა, რაც ამ სტუმართმოყვარე ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტია. ურუგვაიდან, რომელშიც ორნახევარი მილიონი მოსახლეა და საკუთარ თავს კონტინენტის ყველაზე ცივილიზებულ ერად მიიჩნევს, ყოველ მეხუთე მკვიდრზე ერთი გაძევებულია.

1979 წლის შემდეგ, სალვადორში გაჩაღებულმა სამოქალაქო ომმა ყოველ ოც წუთში ერთი მოსახლე ლტოლვილად აქცია. ლათინური ამერიკიდან დევნილებსა და გაძევებულებს სახელმწიფო რომ შეექმნათ, მისი მოსახლეობა ნორვეგიისაზე მეტი იქნებოდა.

ვბედავ იმაზე ფიქრს, რომ ეს სინამდვილე საზღვრებს გასცდა და არა მხოლოდ ლიტერატურამ, არამედ ამანაც მიიპყრო შვედეთის აკადემიის ყურადღება. არა ლიტერატურულმა რეალობამ, არამედ იმან, რაც ჩვენს შორისაა და ყოველდღიურად უთვალავ სიკვდილს განსაზღვრავს. სწორედ ეს კვებავს ხარბ შემოქმედებით წყაროს, რომელიც სავსეა წუხილითა და მშვენიერებით.

ამიტომაც ეს მოხეტიალე და ნოსტალგიური კოლუმბიელი კიდევ ერთი შიფრია, რომელიც ბედისწერამ დაიმარტოვა. პოეტებსა და ღატაკებს, მუსიკოსებსა და წინასწარმეტყველებს, მეომრებსა და ავაზაკებს, ამ თავაწყვეტილი რეალობის ყველა ქმნილებას წარმოსახვის გარეშე უნდა დაგვენახა, რომ ყველა ჩვენი სასტიკი პრობლემა წარმოშვა ერთიანი აზრის ნაკლებობამ: დამაჯერებლობა შთაგვებერა საკუთარი სიცოცხლისათვის. აი, ეს არის, ჩემო მეგობრებო, ჩვენი მარტოობის მთავარი დაბრკოლება.

ეს სიძნელეები ხელს იმიტომ გვიშლის, რომ სამყაროს ამ ნაწილში მცხოვრები ნიჭიერი და გონიერი ადამიანები, რომლებიც ასეთად საკუთარი კულტურის კვლევამ აქცია, ჩვენს ინტერპრეტირებას ცდილობენ.

დაუჩემებიათ, რადაც უნდა დაუჯდეთ, იმავე კრიტერიუმებით გაგვზომონ, რომლებსაც სათავისოდ იყენებენ. მათ ავიწყდებათ, რომ ცხოვრება ყველაზე როდი მოქმედებს გამანადგურებლად; ჩვენი იდენტობის ძიებას ისევე თან სდევს სისხლი და სირთულე, როგორც მათსას ახლდა. ჩვენი რეალობის ინტერპრეტირება იმ ნიმუშებით, რომლებიც უცხოა ჩვენთვის, უფრო გვაუცხოებს, ნაკლებად გვათავისუფლებს, უფრო ამძაფრებს ჩვენს მარტოობას.

ღირსეული ევროპა უფრო შორსმჭვრეტელი ალბათ მაშინ აღმოჩნდებოდა, როცა ჩვენს დანახვას ჩვენივე წარსულთან ერთად შეეცდებოდა. გავიხსენოთ, რომ ლონდონში სამასი წლის განმავლობაში აშენებდნენ პირველ გალავანს და სამას წელზე მეტ ხანს ელოდნენ პირველ ეპისკოპოსს.

რომი ოცი საუკუნის განმავლობაში იყო ურწმუნობის ბინდში გახვეული, ვიდრე მის ისტორიაში ეტრუსკი იმპერატორი არ გამოჩნდა. მშვიდობისმოყვარე შვეიცარიელები, დღეს რომ რბილი ყველითა და აპათიური საათებით გვიმასპინძლდებიან, ჯერ კიდევ XVI საუკუნეში, დაქირავებული ჯარისკაცების სახით, სისხლისგან ცლიდნენ ევროპას. რენესანსის ზეობაშიც კი იმპერიული არმიის შემადგენლობაში მებრძოლმა 12 ათასმა ლანსკუენეტმა ააოხრა და გაძარცვა რომი და 8 ათასი ადამიანი ხმლებით აკუწა.

ტონიო კრეგერის ოცნება უბიწო ჩრდილოეთისა და ვნებიანი სამხრეთის გაერთიანება იყო. აქ 53 წლის წინათ მას თომას მანი განადიდებდა. მე არ მსურს ტონიოს ილუზიის ხორცშესხმა, მაგრამ მწამს, რომ ის გამჭრიახი ევროპელები, რომლებიც ახლაც იბრძვიან, რათა თავიანთ ქვეყნებში უფრო მეტი სამართლიანობა და კაცთმოყვარეობა დაამკვიდრონ, უფრო დაგვეხმარებოდნენ, თუ ჩვენი ხედვის რაკურსს შეცვლიდნენ.
ჩვენი ოცნებების გაზიარება ნაკლებ მარტოსულებად როდი გვხდის. ეს სოლიდარობა უნდა გარდაიქმნას ყველა იმ ხალხის კანონიერი მხარდაჭერის კონკრეტულ აქტებად, რომლებსაც ამ დანაწევრებულ სამყაროში თავის ნებაზე ცხოვრების ილუზია ტანჯავთ.

ლათინურ ამერიკას არც სურს და არც მიზეზი აქვს, მისდაუნებურად პაიკის როლი შეასრულოს. არც იმ სასურველის სინამდვილედ მიჩნევა უნდა, რომ მისი დამოუკიდებლობა და თვითმყოფობა დასავლეთის მისწრაფებად გადაიქცევა.

მართალია, ნავიგაციურმა სრულყოფამ შეამცირა მანძილი ჩვენს ამერიკასა და ევროპას შორის, მაგრამ მგონი, უფრო მკაფიო გახადა ჩვენი კულტურების დაშორებულობა.

რატომაა, რომ ჩვენი ორიგინალობა ასე ფასობს ლიტერატურაში და ასე ურწმუნოდაა უკუგდებული სოციალური ცვლილებებისას? რატომ ჰგონიათ, რომ სოციალური სამართლიანობა, რომლის მოპოვებას პროგრესული ევროპელები თავიანთი ქვეყნებისათვის ცდილობენ, შეუძლებელია ლათინური ამერიკის მიზნად იქცეს, განსხვავებული მეთოდებით განსხვავებულ პირობებში? არა: განუსაზღვრელი ძალადობისა და ჩვენი ისტორიული ტკივილის – ძველი უსამართლობის შედეგთა და გამოუთქმელ წუხილთა ბრალია, რომ ჩვენი სახლიდან თქვენამდე სამი ათასი ლიეა. თუმც ბევრი ევროპელი ლიდერი და მოაზროვნე ფიქრობს ბებრული ბავშვურობით (დავიწყნიათ სიყმაწვილეში ჩადენილი უხვი უსაქციელობანი!), რომ შეუძლებელია სხვა ბედს ეწიო, ვიდრე იცხოვრო ორ მბრძანებელს შუა. ეს არის, ჩემო მეგობრებო, ჩვენი მარტოობის საზომი.

მიუხედავად ამისა, ჩაგვრას, ძარცვას, უარყოფას ჩვენ სიცოცხლით ვუპასუხებთ. ვერც წყალდიდობები და ეპიდემიები, ვერც შიმშილი და კატაკლიზმები, ვერც საუკუნო ომები ვერ უარყოფენ სიცოცხლის უპირატესობას სიკვდილზე. ეს უპირატესობა იმატებს, იზრდება. ყოველ წელს 74 მილიონით მეტი იბადება, ვიდრე – კვდება. ახალშობილთა ყოველწლიური რაოდენობა ნიუ-იორკის მოსახლეობის შვიდმაგ ოდენობაზე უნდა გადავამრავლოთ.

ჩვილების უმრავლესობა ნაკლებრესურსიან ქვეყნებში ჩნდება, რომლებშიც, რა თქმა უნდა, ლათინური ამერიკაც იგულისხმება. ამის საპირისპიროდ, ყველაზე მდიდარ ქვეყნებში ნგრევის ძალაუფლებას ამრავლებენ. მაგალითად, ასჯერ ძალუძთ არა მხოლოდ ადამიანთა, არამედ იმ ცოცხალ არსებათა მოსპობაც, რომლებსაც კი ოდესმე უსუნთქავთ ამ უიღბლო პლანეტაზე.

ერთ დღეს, რომელიც დღევანდელს ჰგავდა, ჩემმა მოძღვარმა უილიამ ფოლკნერმა თქვა: „უარს ვამბობ ადამიანის დასასრულთან შეგუებაზე“. შესაძლოა, უღირსობის გამო ამ ადგილზე წავქცეულიყავი, სადაც ოდესღაც ფოლკნერი იდგა. მაგრამ სრულად ვარ იმაში დარწმუნებული, რომ რაც 32 წლის წინათ ფოლკნერმა უარყო, დღეს, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, სხვა არაფერია, თუ არა უბრალო მეცნიერული შესაძლებლობანი.

ვეხლებით ამ საოცარ სინამდვილეს, რომელიც, ალბათ, უტოპიად მიაჩნდათ კაცობრიობის არსებობის მანძილზე. ჩვენ, მეიგავენი, იმასაც ვირწმუნებთ, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან, მონაწილეობა მივიღოთ ამ უტოპიის საწინააღმდეგო უტოპიის შექმნაში. სიცოცხლის ყველაზე მძაფრი და ახალი უტოპია ისაა, როცა არავინ გადაუწყვეტს სხვას, თუ როგორ მოკვდეს; როცა სიყვარული ჭეშმარიტებად გადაიქცევა, როცა ბედნიერება შესაძლებელი იქნება და როცა რასები ასწლიანი დუმილით დაისჯებიან, როცა დედამიწას ერთხელ და უკანასკნელად მიეცემა მეორე შესაძლებლობა.

Gabriel Garcia Marquez

გაბრიელ გარსია მარკესი

  თავი I

(ფრაგმენტი)

დედამ მთხოვა, სახლის გასაყიდად გავყოლოდი. დილით ბარანკილიაში იმ მიყრუებული სოფლიდან ჩამოვიდა, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა, და ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მომძებნიდა. აქა-იქ ნაცნობებში მკითხულობდა, როცა მიასწავლეს, რომ ჩემს ნახვას მხოლოდ წიგნების მაღაზია „მუნდოში“ ან ახლომდებარე კაფეებში შეძლებდა, სადაც მეგობარ მწერლებთან ერთად სასაუბროდ დღეში ორჯერ დავდიოდი. ამასთან, დედა გააფრთხილეს კიდეც: „ფრთხილად იყავით, საბოლოოდ შეიშალნენ.“ ზუსტად თორმეტ საათზე გამომეცხადა. თავდაპირველად საგამოფენო წიგნებით სავსე მაგიდებს შორის მარდად დააბიჯებდა, შემდეგ უეცრად ჩემს წინაშე ადგილზევე გაშეშდა, თვალებში ჩვეული, ეშმაკური ღიმილით ჩამხედა და, სანამ გონს მოვეგებოდი, მითხრა:
– დედაშენი ვარ.
ერთი შეხედვით ვერც კი შევიცანი.

თითქოს ეს ქალი რაღაცამ შეცვალაო: ორმოცდახუთი წლის ასაკში თერთმეტ მშობიარობას, ორსულობის ათ წელიწადსა და ჩვილების გამოკვებაში გატარებულ ამდენივე წელს ითვლიდა. სრულიად უდროოდ გაჭაღარავებულიყო, სათვალიდან კი გაცილებით ფართო და განცვიფრებული თვალები უჩანდა. ეტყობოდა, დედას ჯერ კიდევ გლოვობდა, თუმცა ქორწინების სურათზე აღბეჭდილი რომაული სილამაზის კვალი ისევ შერჩენოდა. სანამ გადამეხვეოდა, ჩვეული მოკრძალებით მითხრა:
– მოვედი, რომ გთხოვო, სახლის გასაყიდად გამომყვე.
განმარტებაც კი ზედმეტი იყო, რამეთუ ამქვეყნად ჩვენთვის მხოლოდ ერთი სახლი არსებობდა: წინაპართა ძველი სახლი არაკატაკაში, სადაც ღვთის წყალობით დავბადებულვარ და რვა წლის ასაკამდე ვიზრდებოდი. ის-ის იყო ექვსი სემესტრის გასრულებისთანავე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი მივატოვე. გულმოდგინედ ვკითხულობდი ყველაფერს, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა, და ესპანეთის ოქროს საუკუნის განუმეორებელ პოეზიასაც ზეპირად ვსწავლობდი. წაკითხული მქონდა ყველა იმ წიგნის თარგმანი, წერის ტექნიკის ასათვისებლად რომ ვითხოვე.

გაზეთის „დამატებაში“ ექვსი მოთხრობაც გამოვაქვეყნე, რამაც ჩემი მეგობრების აღტაცება და ზოგიერთი კრიტიკოსის ყურადღებაც დაიმსახურა. მომდევნო თვეს ოცდასამი წელი მისრულდებოდა. სამხედრო სამსახურის კანონდამრღვევი და ორჯერ გონორეამოხდილი ვეტერანი, ყოველდღიურად ბარბაროსული თამბაქოს სამოც ღერს ვეწეოდი. მოცალეობისას დროს ბარანკილიასა და კარტახენა დე ინდიასში, კარიბის ზღვის სანაპიროზე ვატარებდი, თავს კი იმით ვირჩენდი, რასაც „ელ ერალდოში“ ყოველდღიური უწყებებისთვის მიხდიდნენ. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში იქ მეძინა, სადაც მიღამდებოდა.
უფრო სიმწირის, ვიდრე გემოვნების გამო, მოდას ოცი წლით გავუსწარი: ველური ულვაშები, გაწეწილი თმა, ჯინსები, ორაზროვანი ყვავილებით შემკული პერანგები და პილიგრიმის სანდლები. ერთხელ, ჩემმა მეგობარმა გოგონამ ჩაბნელებულ კინოდარბაზში ვერ შემნიშნა, როცა ვიღაცას გადაულაპარაკა: ,,საწყალი გაბიტო, მთლად წყალწაღებულია.’’ ასე რომ, დედაჩემის თხოვნას, სახლის გასაყიდად გავყოლოდი, დაუყოვნებლივ დავთანხმდი.
ყოვედღიურ „უწყებანში“ სამ პესოს მიხდიდნენ, ოთხს კი იმ მოწინავე სტატიაში, რომელიმე რედაქტორის არყოფნის შემთხვევაში თუ დავწერდი. ეს თანხა ძლივს მყოფნიდა.

ვცადე ფული მესესხა, მაგრამ გამგემ შემახსენა, რომ ჩემი ვალი ორმოცდაათ პესოს აღემატებოდა. სწორედ იმავე საღამოს ბოროტმოქმედების ჩადენა განვიზრახე, რასაც, ალბათ, ვერცერთი ჩემი მეგობარი ვერ შესძლებდა. კაფე „კოლუმბიის“ გასასვლელში, წიგნების მაღაზიასთან, კატალონელ წიგნებით მოვაჭრეს, მოხუც მაესტრო დონ რამონ ვინიეს წამოვეწიე და ათი პესო ვთხოვე, თუმცა მას მხოლოდ ექვსი აღმოაჩნდა.
ვერც მე და, რა თქმა უნდა, ვერც დედაჩემი ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ის ორდღიანი, გულმოდგინე გასეირნება ისეთი გადამწყვეტი და ხანგრძლივი გამოდგებოდა ჩემთვის, დროც რომ არ მეყოფოდა მოსაყოლად. ახლა კი, სამოცდათხუთმეტს გადაცილებულმა, კარგად ვიცი, რომ ეს ჩემი სამწერლო მოღვაწეობის, უკეთ რომ ვთქვათ, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.
მოზარდის მეხსიერება უფრო მეტ ინტერესს წარსულის კი არა, მომავლისადმი იჩენს. ასე რომ, იმხანად ჩემი სოფლის მოგონებანი ჯერ კიდევ არ იყვნენ ნოსტალგიით იდეალიზებულნი. მახსენდება საცხოვრებლად ხელსაყრელი ადგილი კამკამა მდინარის პირას, რომელიც ისტორიამდელი კვერცხის მსგავს უზარმაზარ ქვიან კალაპოტში ჩაედინებოდა, ის ადგილი, სადაც ყველა ერთმანეთს სცნობდა. შებინდებისას, განსაკუთრებით დეკემბერში, როცა წვიმები გადაივლიდა და ჰაერიც გრილდებოდა, სანტა მარტას სიერა ნევადა თეთრი მწვერვალებით თითქოს, მოპირდაპირე მხარეს გაშენებულ ბანანის პლანტაციებს ერწყმოდა.

მოჩანდნენ მთაგრეხილიდან მწყობრად მომავალი, ჯანჯაფილით დატვირთული ინდიელი არუაკები, კოკაინის ღეჭვით ცხოვრების შემსუბუქებას რომ ლამობდნენ. მარადიული თოვლის დანახვისთანავე ბავშვებს გუნდაობის, ხოლო სიცხისაგან გავარვარებულ ქუჩებში კი ,,ომობანას’’ თამაშის სურვილი გვამოძრავებდა. აუტანელი სიცხის გამო, განსაკუთრებით სიესტის დროს, უფროსები ჩივილს ისე მოჰყვებოდნენ, თითქოს ეს მათთვის ყოველდღიური სიურპრიზი იყო. ჩემი გაჩენის დღიდან მესმოდა, რასაც დაუღალავად იმეორებდნენ რომ ,,იუნაითიდ ფრუთ კომპანის’’ ბანაკები და რკინიგზაც ღამით აუშენებიათ, რადგან დღისით, მზეზე გავარვარებული ხელსაწყოების გამოყენება შეუძლებელი ყოფილა.
ბარანკილიადან არაკატაკაში მისაღწევად ერთადერთი გზა არსებობდა: კოლონიის პერიოდში ტყვეთა ხელით გაჭრილი საზღვაო არხი ჯერ მოტორიანი დაშლილი ნავით უნდა გადაგელახათ, შემდეგ მღვრიე, გამოცარიელებული და ვეებერთელა ჭაობნარის გზით ,,სიენაგას’’ მისტერიულ დასახლებამდე მიაღწევდით, საიდანაც ჩვეულებრივი მატარებელი, იმხანად ქვეყანაში საუკეთესოდ რომ ითვლებოდა, ბანანის უზარმაზარი პლანტაციების, მტვრით დაფარული სოფლების, განმარტოებული სადგურების ბაქნებზე ამაო გაჩერებების შემდეგ ფინალურ მგზავრობას ასრულებდა. სწორედ ამ გზას დავადექით მე და დედა 1950 წლის 18 თებერვლის, შაბათ საღამოს შვიდ საათზე. ჩვენი მგზავრობა კარნავალის წინადღეს, კოკისპირული წვიმის ფონზე წარიმართა. ჯიბეში სულ 32 პესო გვქონდა და, თუ სახლი წინასწარი გათვლით არ გაიყიდებოდა, ეს თანხა უკან დასაბრუნებლადაც არ გვეყოფოდა.
სამდინარო პორტში იმ ღამით ქარი ისე მძვინვარებდა, რომ დედა დიდი თხოვნის შემდეგ გემით მგზავრობაზე დამთანხმდა.

ეს ნიუ-ორლეანის გემის იმიტაცია იყო, საწვავზე მომუშავე მოტორით, რომლის წყალობით ყველაფერი ციებცხელებიანივით ცახცახებდა. პატარა სალონში ჰამაკის ჩამოსაკიდებელ სხვადასხვა სიმაღლის საბრჯენებსა და ხის საზურგიან სკამებზე იდაყვდაყრდნობილი მგზავრები ცოცხალი ღორებით, ქათმის გალიებითა თუ ნავაჭრით დატვირთული ჩემოდნებიანად შექუჩებულიყვნენ. დახუთულ კაიუტებში, როგორც ყაზარმებში, ორ-ორი საწოლი იდგა, სადაც უღირს მეძავებს თითქმის ყოველთვის შეეძლოთ „სასწრაფო დახმარების“ აღმოჩენა. რაკი ცარიელი ადგილი ვერ ვიპოვეთ და არც ჰამაკები გვქონდა, მე და დედამ ცენტრალური დერეფნის ორი რკინის სკამი იერიშით ავიღეთ და ღამის გასათევად მათზე მოვკალათდით.
დედაჩემის შიში ამაო არ გამოდგა. ქარიშხლისაგან აღელვებული ზვირთები ჩვენს გემს ეხეთქებოდა. გადავცურეთ მდინარე მაგდალენაც, რომელიც ოკეანის ტემპერამენტით გამოირჩეოდა. იაფფასიანი სიგარეტი და თუთუნი პორტშივე მქონდა მომარაგებული და მოწევასაც ჩვეული მანერით შევუდექი.

უილიამ ფოლკნერის „აგვისტოს ნათელის“ ხელმეორედ გადაკითხვით გართული, სიგარეტს სიგარეტზე ვაბოლებდი. უილიამ ფოლკნერი იმხანად ჩემს მფარველ ყველაზე ერთგულ დემონად მიმაჩნდა. უეცრად დედა თავის კრიალოსანს ჩაებღაუჭა და ღმერთს საკუთარი თავისთვის არაფერი, სამაგიეროდ თერთმეტი მიუსაფრის ხანგრძლივი სიცოცხლე და იღბალი შესთხოვა. მისი ვედრება უფალმა ნამდვილად შეისმინა, რადგან არხში შესვლისთანავე წვიმამ იკლო, სიოც ხანდახან, მოსკიტების დასაფრთხობად თუ დაუბერავდა. დედამ კრიალოსანი შეინახა და დიდი ხნის მანძილზე მდუმარედ აკვირდებოდა ჩვენს ირგვლივ ატეხილ ცხოვრებისეულ ალიაქოთს.
მართალია, დედაჩემი მოკრძალებულ სახლში დაიბადა, სამაგიეროდ, ბანანის კომპანიის ეფემერული დიდების ფონზე გაიზარდა. მდიდარი გოგონას მსგავსად, სანტა მარტას ღვთისმშობლის სახელობის კოლეჯში შესანიშნავი განათლების მიღებაც მოასწრო. საშობაო არდადეგების დროს მეგობრებთან ერთად ფანჯრის რაფაზე ქარგავდა, საქველმოქმედო ბაზრობებზე კლავიკორდზე უკრავდა, ხოლო მდიდარ მამიდასთან ერთად, ადგილობრივი, ღვთისმოშიში არისტოკრატიის ყველაზე უმწიკვლო ცეკვებს ესწრებოდა.

ამის მიუხედავად, მშობლების ნება-სურვილს მაინც წინაღუდგა, როცა სოფლის ტელეგრაფისტზე დაქორწინდა. თავიდანვე იუმორის გრძნობა და რკინის ჯანმრთელობა მოსდგამდა, რომელსაც ხანგრძლივი ცხოვრების გზაზე დაგებული მახეები ვერაფერს აკლებდა. გასაოცარი იყო, რომ ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული, შიშისმომგვრელი ძალის შენიღბვას როგორ ახერხებდა, სწორედ ამ თვისების დამსახურებით, სამზარეულოდან, მზის სისტემის მსგავსად, წვრილი ხმითა და თვალის დაუხამხამებლად მატრიარქატული ძალაუფლება დაამყარა, რომელიც ყველაზე შორეულ ნათესავზეც კი ვრცელდებოდა.
დედა ყოველგვარი აღელვების გარეშე, მოთმინებით იტანდა იმ ულმობელ მგზავრობას, და მე საკუთარ თავს ვეკითხებოდი, როგორ შეძლო ასე სწრაფად სიღატაკის უსამართლობას დამორჩილებოდა. სხვა თუ არაფერი, იმ ავადმოსაგონარი ღამის გახსენებაც კმარა: სისხლმოწყურებული მოსკიტები, სულის შემხუთავი და გულისამრევი სიცხე, უძილო მგზავრთა გაუთავებელი ბორიალი, საკუთარ ტყავში უცხოდ რომ გრძნობდნენ თავს და უფრო თბილი ადგილისათვის ჩხუბსაც არ თაკილობდნენ. დედაჩემი გაუნძრევლად იჯდა და იმ დაქირავებულ გოგონებს აკვირდებოდა, რომელნიც გვერდითა კაიუტებში კარნავალის წყალობით ხან მამაკაცის, ხანაც მადრიდელი ქალბატონის სამოსში გადაცმულნი, შემოსავალს იღებდნენ. ერთ-ერთი მათგანი სხვადასხვა კლიენტთან ერთად კაიუტაში უამრავჯერ შევიდა. თავდაპირველად მეგონა, რომ დედას ის არც კი შეუმჩნევია, მაგრამ მეოთხე თუ მეხუთე ჯერზე გამოსულს კორიდორის ბოლომდე სიბრალულით მიადევნა თვალი და:
– საბრალო გოგონებიო, – ამოიოხრა.

– ის, რითაც თავი უნდა ირჩინონ, მუშაობაზე უარესია.
ეს ყველაფერი შუაღამემდე გაგრძელდა. კორიდორის მკრთალი სინათლისა და აუტანელი ჯანჯღარის გამო კითხვით დაღლილმა მოწევა გადავწყვიტე. გასულ წელს უნივერსიტეტი უგუნური ილუზიის წყალობით მივატოვე, მეგონა ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის ხარჯზე თავის რჩენას უსწავლელადაც შევძლებდი. ამასთანავე ბერნარდ შოუს ფრაზაც მამხნევებდა: „სკოლაში რომ წავსულიყავი, პატარაობიდანვე განათლების მიღება შევწყვიტე.“ შეუძლებლად მიმაჩნდა ამ თემაზე დისკუსია მომეწყო, რადგან ისედაც ნათელი იყო, რომ ჩემი არგუმენტები მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე გასამართლებლად თუ გამომადგებოდა. მშობლები, რომლებმაც ამხელა იმედი დაამყარეს ჩემზე და ამდენი ფული დამახარჯეს, მსგავს სიგიჟეს ნამდვილად ვერ შეეგუებოდნენ. განსაკუთრებით მამაჩემი, რომელიც ყველაფერს მაპატიებდა, კედელზე ჩამოკიდებული დიპლომის გარდა, თვითონ ვერასდროს რომ ვერ მოიპოვა. ჩვენ ურთიერთობა გვქონდა გაწყვეტილი.

თითქმის ერთი წლის შემდეგ მის მონახულებას ვაპირებდი, რათა ყველაფერი დამესაბუთებინა, ამ დროს დედაც გამოჩნდა და მთხოვა, სახლის გასაყიდად გავყოლოდი. შუაღამემდე დედა საქმეზე არ დამლაპარაკებია. მხოლოდ ხელსაყრელი მომენტის წყალობით შეძლო გულახდილად გამსაუბრებოდა, რითაც მგზავრობის ჭეშმარიტ მიზანსაც ნათელი მოჰფინა. ჩვენი დიალოგი ზომიერების ფარგლებში წარიმართა, რამაც ცხადყო, რომ დედას სათქმელი გამომგზავრებამდე დიდი ხნით ადრე, უძილობით დაღლილს, მარტოობაში მოუმწიფდა.
– მამაშენი ძალიან დაღონებულია, – თქვა.
ამ სიტყვების გაგონებას ჯოჯოხეთს ვამჯობინებდი. დედას ყოველთვის ასე სჩვეოდა: საუბარს მაშინ იწყებდა, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდი, და თან ისეთი მშვიდი ხმით, რომ წინ ვერაფერი დაუდგებოდა. Aამიტომაც მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვკითხე:
– ვითომ რატომ?
– სწავლა რომ მიატოვე.
– არ მივატოვე, მხოლოდ პროფესია შევიცვალე.
დისკუსიამ დედას განწყობა აუმაღლა.
– მამაშენი ამბობს, რომ ეს ერთი და იგივეა.

აშკარად ვგრძნობდი, ცრუობდა და ამიტომაც ვუთხარი:
– მამაჩემმაც ხომ მიატოვა სწავლა, ვიოლინოზე რომ დაეკრა.
– ეს სულ სხვა რამ იყო,- მკვირცხლადვე შემეკამათა დედა. ვიოლინოზე მხოლოდ დღესასწაულებისა და სერენადების დროს უკრავდა. სწავლა კი იმიტომ მიატოვა, რომ პურის ფულიც არ ჰქონდა. ტელეგრაფიის შესასწავლად ერთი თვეც არ დასჭირვებია. იმხანად ეს ყველაზე ხელსაყრელი პროფესია იყო, განსაკუთრებით არაკატაკაში.
– მეც გაზეთებში სტატიების გამოქვეყნებით ვსულდგმულობ,- ვუპასუხე.
– ამას იმიტომ მეუბნები, საბოლოოდ რომ არ გამანადგურო,- თქვა მან.

– თუმცა გასაჭირს კაცი შორიდანვე მიგიხვდება. წიგნების მაღაზიაში რომ დაგინახე, ვერ გიცანი.
– ვერც მე გიცანით, დედა.
– სულ სხვა მიზეზის გამო,- თქვა მან.

მე კი გლახაკს მიგამსგავსე.
– ჩემს გაცვეთილ სანდლებს გადმოხედა და დასძინა: – წინდაც არ გაცვია.
– ასე გაცილებით მოსახერხებელია,- ვუთხარი. Oორი პერანგი და ორი საცვალი: თითო ჩასაცმელად და თითო გასაშრობად ჩამოკიდებული. მეტი რა საჭიროა?
– უფრო ღირსეულად მოქცევა გმართებს,- მითხრა მან და მაშინვე ტონი შეარბილა: – ყოველივე ეს შენდამი უსაზღვრო სიყვარულმა მათქმევინა.
– ვიცი, მაგრამ ერთი რამ ამიხსენით: ჩემს ადგილას თქვენ იგივეს არ გააკეთებდით?
– თუ ამით მშობლებს დავუპირისპირდებოდი, არ გავაკეთებდი,- მითხრა მან.
გამახსენდა, როგორ დაჟინებით ცდილობდა დედა ოჯახის წინააღმდეგობა დაეძლია, ტელეგრაფისტზე რომ დაქორწინებულიყო, და ღიმილით ვუთხარი:
– თვალი გამისწორეთ.
მან თვალი ამარიდა, რადგან კარგად იცოდა, რაზეც ვფიქრობდი.
– მხოლოდ მშობლების ლოცვა-კურთხევით დავქორწინდი; ნებით თუ დაჟინებით, ეს დალოცვა მაინც დავიმსახურე.
დედამ დიალოგი შეწყვიტა. არა იმიტომ, რომ ჩემმა არგუმენტებმა დაამარცხა, არამედ საპირფარეშოში გასვლა დასჭირდა. სანიტარულ პირობებს უნდობლობა გამოუცხადა და მე ბოცმანს გამოველაპარაკე, მაგრამ ამაოდ. მან უმალვე განმიმარტა, რომ თავადაც საერთო საპირფარეშოთი სარგებლობდა და საუბარი ჯოზეფ კონრადის სიტყვებით დაასრულა: „ზღვაში ყველანი თანასწორნი ვართ.“ ასე რომ, დედაჩემი საერთო კანონს დამორჩილდა, უკან დაბრუნებული კი სიცილს ძლივს იკავებდა:
– წარმოიდგინე, რას იფიქრებს მამაშენი, დასნეულებული რომ დავბრუნდე?
შუაღამე გადავლილი იყო, როცა სამი საათით გავჩერდით. საზღვაო არხის წყალმცენარეებმა გემის პროპელერის მოძრაობა შეაფერხა, რის გამოც მანგროს ტყით დაფარულ, ტროპიკულ სანაპიროზე განსაცდელში აღმოვჩნდით.

უამრავმა მგზავრმა თავს გაქცევით უშველა. აუტანელი სიცხისა და მოსკიტების მიუხედავად, დედა დრო და დრო თვლემდა კიდეც. როდესაც გზა განვაგრძეთ და გრილმა სიომაც დაბერა, საბოლოოდ გამოფხიზლდა.
– ყოველ შემთხვევაში,- ამოიოხრა,- რაღაც ხომ უნდა ვუპასუხო მამაშენს.
– უმჯობესია, თუ არ შეწუხდებით,- გულუბრყვილოდვე ვუპასუხე. დეკემბერში ჩამოვალ და ყველაფერს ავუხსნი.
– იქამდე ათი თვეა,- თქვა მან.
– წელს უნივერსიტეტში მაინც აღარაფერი მოგვარდება,- ვუპასუხე.
– მპირდები, რომ მართლა ჩამოხვალ?
– გპირდები,- ვთქვი და პირველად შევნიშნე, დედაჩემის ხმას მღელვარება რომ დაეტყო.
– ესე იგი მამაშენს გადავცე, რომ ეთანხმები?
– არა,- გადაჭრით ვუპასუხე.
ცხადი იყო, დედა გამოსავალს ეძებდა, მაგრამ გასაქანი არ მივეცი.
– მაშინ უკეთესი იქნება, სრულ სიმართლეს თუ ვუამბობ, რასაც სიცრუესთან არანაირი კავშირი არ ექნება,- თქვა მან.
– კეთილი,- შვებით ვუპასუხე,- უამბეთ ყველაფერი.
საუბარი შევწყვიტეთ. ვიღაც იფიქრებდა, ყველაფერი დასრულდაო, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს პაუზა სულის მოსათქმელად იყო საჭირო. ცოტა ხანში დედას ღრმად ჩაეძინა. როდესაც სიომ მოსკიტები დააფრთხო და ჰაერი ყვავილების სურნელით გაიჟღინთა, იალქნიანი გემიც მწყობრში ჩადგა.
სიენაგა გრანდეს – ჩემი ბავშვობის მითიურ ადგილს მივადექით.

ამ ადგილის გადაცურვა ბევრჯერ გვიხდებოდა, როცა ბაბუას, პოლკოვნიკ ნიკოლას მარკეს მეხიას, რომელსაც შვილიშვილები „პაპალელოს“ ვეძახდით, არაკატაკადან ბარანკილიაში მშობლების მოსანახულებლად მივყავდი.  „ჭაობნარს კი არ უნდა უფრთხოდე, პატივს უნდა სცემდე,“- მითხრა ერთხელ ბაბუამ, როცა მას დაუოკებელ ოკეანეს ადარებდა და დინების მოულოდნელობით აღსავსე ხასიათზე მესაუბრებოდა.
იმ ღამით, საბედნიეროდ, ჭაობნარი ერთ წერტილში გაყინულიყო. ფანჯრიდან ჰაერი რომ ჩამესუნთქა, გემის ცხვირს მივუახლოვდი. თენდებოდა. თევზსაჭერი ნავების მოციმციმე შუქი წყლის ზედაპირზე მოტივტივე ვარსკვლავს მაგონებდა. იქვე, შორიახლოს უჩინარ მეთევზეთა საუბარიც ისმოდა. მოაჯირზე იდაყვდაყრდნობილს, სიერას კონტურული მონახაზის დაკვირვებით გართულს, ნოსტალგიის პირველმა ტალღამ გადამიარა.
იმდროინდელი გარიჟრაჟი გამახსენდა, სიენაგა გრანდეს გავლისას, „პაპალელომ“ კაიუტაში ჩაძინებული რომ დამტოვა თავად კი ბუფეტში გავიდა.

არ ვიცი, რომელი საათი იქნებოდა, როდესაც ხალხის აურზაურმა გამომაღვიძა. მაშინ ხუთი წლისაც არ ვიქნებოდი. უეცრად საშინელმა შიშმა შემიპყრო. საბედნიეროდ, სულ მალე სიმშვიდემ დაისადგურა, მე კი უმალვე ყოველივე სიზმარს მივაწერე. შევეცდები ეს მოგონება დაწვრილებით აღვიდგინო: დილით „სიენაგას“ ნავსადგურში გავჩერდი. წვერის გაპარსვით გართულ ბაბუას პერანგიც არ ეცვა, თუმცა მაისურზე ფართო, მწვანე ზოლიანი თასმები გადაეჭიმა. ვიღაც კაცს ესაუბრებოდა, რომლის ამოცნობაც, ერთი შეხედვით, ახლაც კი შემიძლია.

პროფილში ყორანს ჰგავდა, მარჯვენა ხელს მეზღვაურის სვირინგი, კისერსა და მაჯას კი ოქროს ჯაჭვები და სამაჯურები უმშვენებდა. ის იყო ტანთ ჩავიცვი და საწოლზე ჩამომჯდარი ფეხსაცმელს ვიცვამდი, როცა ამ მამაკაცმა ბაბუას უთხრა:
– ეჭვი არ შეგეპაროთ, პოლკოვნიკო. თქვენი წყალში გადაგდება სურდათ.
ბაბუას ჩაეცინა. აზრადაც არ მოსვლია, წვერის გაპარსვა შეეწყვიტა და თავისი ჩვეული ქედმაღლობით უპასუხა:
– არ უღირდათ გაბედვა.
მაშინ კი მივხვდი, თუ რა მოხდა გასულ ღამეს. ვიღაცის იდეამ, ბაბუა წყალში გადაეგდოთ, ძალიან ამაღელვა.
ბურუსით მოცული ამ ეპიზოდის მოგონებამ კიდევ ერთხელ გამაოგნა იმ დღის გარიჟრაჟზე, როცა დედას სახლის გასაყიდად მივყვებოდი. სანამ დათოვლილ, მზის პირველი სხივებით გაცისკროვნებული სიერას მზერით ვტკბებოდი, საბოლოოდ ინათა და მეთევზეებით დასახლებული ქვიშის თავთხელიც გამოჩნდა: ძალზედ შთამბეჭდავი იყო სანაპიროზე გასაშრობად გამოკიდებული ბადეების, იალქნისაგან შეკოწიწებულ ფეხბურთის ბურთით გართული, ჭუჭყიანი, გაძვალტყავებული ბიჭების, უდროოდ გადაგდებული დინამიტისაგან დასახიჩრებული მეთევზეებისა და გემიდან გადაყრილი მონეტებისათვის წყალში მყვინთავი ბავშვების დანახვა.
შვიდი საათი იქნებოდა, როდესაც სიენაგას დასახლებამდე ოდნავ მოშორებით, გახრწნილ ჭაობს მივადექით. მუხლამდე ტალახით მოსვრილმა მტვირთავებმა ნავსადგურამდე წყალში ჭყაპა-ჭყუპით, ხელჩაკიდულებმა გადაგვიყვანეს.

პორტში მაგიდას მივუსხედით. საუზმედ მწვანე ბანანის შემწვარ ნაჭრებს შევექცეოდით, როცა დედამ ისევ ომი გამომიცხადა და შეკითვებით თავს დამესხა:
– ბოლოს და ბოლოს არ მეტყვი, რა გადავცე მამაშენს? ვცადე მოსაფიქრებლად დრო მომეგო და ამიტომაც ვკითხე:
– რას გულისხმობთ?
– ერთადერთი, რაც მას აინტერესებს,- თქვა წყრომით,- შენი განათლებაა.
უეცრად ბედმა გამიღიმა, როდესაც გაცხარებული დიალოგით დაინტერესებულმა ერთმა კადნიერმა მუქთახორამ ჩემი არგუმენტების მოსმენა განიზრახა.

მე დედას დაუყოვნებელმა პასუხმა კი არ დამაშინა, არამედ მისმა ემოციურობამ გამაოცა.
– ესე იგი მწერლობა გადავწყვიტეთ,- თქვა მან.
– კარგი მწერალი კარგ გასამრჯელოს იღებს,- წამოიძახა მთელი სერიოზულობით მუქთახორამ. _განსაკუთრებით, თუ ის მთავრობასთან თანამშრომლობს.
არ ვიცი მახვილგონიერების წყალობით, თუ მოულოდნელად გამოჩენილი თანამოსაუბრის არგუმენტებით დაშინებულმა დედამ თემა მარჯვედ შეცვალა. ისინი თანაუგრძნობდნენ, ეჭვის თვალით შეჰყურებდნენ ჩემს თაობას და ერთმანეთს სევდას უზიარებდნენ. ბოლოს, საერთო ნაცნობების ნუსხასაც გადახედეს და დაასკვნეს, რომ ჩვენ იგუარანებისა და კოტესების ორმხრივ ნათესავებად ვითვლებოდით. იმხანად, კარიბის ზღვის სანაპიროს ყოველი სამი დამხვდურიდან ორი მაინც იგივეს გვეუბნებოდა.

დედა კი ამ ფაქტს ყოველთვის უჩვეულო მოვლენად აღიქვამდა.
ლეგენდარული წარმოშობის, მოძველებული და მსოფლიოში ალბათ უკვე უკანასკნელი ერთი ცხენის ძალის სიმძლავრიანი მანქანა „პობედით“ რკინიგზის სადგურამდე მივაღწიეთ. დედაჩემი გვარჯილით გადამწვარ, ხრიოკ დაბლობს გადაჰყურებდა, რომელიც ჭანჭრობით იწყებოდა და ჰორიზონტს ერწყმოდა. პირადად ჩემთვის ეს ისტორიული ადგილი იყო: სამი თუ ოთხი წლის ასაკში ბაბუასთან ერთად ჩემი პირველი მოგზაურობისას ბარანკილიაში სწორედ ამ მცხუნვარე, უდაბური ადგილის გავლით მოვხვდი. მახსენდება, ჩვენს თვალწინ ფართოდ გადაჭიმული, დამხრჩვალი ქათმებით მოტივტივე, მწვანე ფერის წყლის ზედაპირი რომ გადაიშალა.
– ეს ზღვაა,- მითხრა ბაბუამ.
იმედგაცრუებულმა ვკითხე, მეორე ნაპირას რა ხდება- მეთქი. მან კი უყოყმანოდ მიპასუხა:
– მეორე მხარეს ნაპირი არა აქვს.
დღესდღეობით კი, ზღვის უთვალავჯერ ნახვის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ ეს ბაბუას ყველაზე გონივრული პასუხი იყო. ყოველი შემთხვევისათვის, არც ერთი ჩემი ურიცხვი წარმოსახვიდან არ შეესაბამებოდა ამ ჭუჭყიან, ბილწ, გაშლილ ზღვას, რომლის გვარჯილით, დამპალი მანგროს ხის ჩამოკაფული ტოტებითა და ნიჟარის ნამსხვრევებით მოფენილ სანაპიროზე გავლა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ყველაფერი ამაზრზენად გამოიყურებოდა.
შესაძლოა, „სიენაგას“ ზღვაზე დედაც იგივეს ფიქრობდა.

მხოლოდ მაშინ, როცა მანქანის მარცხენა მხრიდან ზღვის კვალი უეცრად გაუჩინარდა, ამოიოხრა და თქვა:
– არ არსებობს უფრო დაკლაკნილი ზღვა, როგორიც რიოაჩაშია!
მეც დრო ვიხელთე და დამხრჩვალი ქათმების მოგონება ვუამბე. სხვების მსგავსად, მან ეს ყველაფერი ბავშვობის ჰალუცინაციად აღიქვა. დედა გზაზე შემხვედრ ყოველ კუთხე-კუნჭულს ისეთი დაკვირვებით ათვალიერებდა, რომ სახის გამომეტყველებიდანვე ვხვდებოდი, რასაც ფიქრობდა. სარკინიგზო ხაზის მოპირდაპირე მხარეს „ბარიო დე ტოლერანსიას“ ჩავუარეთ, რომელიც, ერთის მხრივ, ფერადი ქოხების ჟანგმოკიდებული სახურავებით იწონებდა თავს, მეორეს მხრივ კი, ფარდულზე დაკიდებული რგოლებიდან პარამარიბოს ბებრუხანა, პორტუგალურ ენაზე მოლაპარაკე თუთიყუშებით კლიენტებს იზიდავდა. ორთქლმავლების სარწყულებელ, უზარმაზარ რკინის სარდაფსაც გავცდით, რომელიც გადამფრენი ჩიტებისა და გზააბნეული თოლიების თავშესაფრად ქცეულიყო. ქალაქი ისეთი მიხვეულ-მოხვეული გზებით შემოვიარეთ, რომ არც კი შევსულვართ. სამაგიეროდ, კარგად დავინახეთ დაცარიელებული ფართო ქუჩები, ერთსართულიანი, ძველებური ყაიდის სახლები, რომლის ფანჯრებშიც გამთენიიდან პიანინოზე უწყვეტი დაკვრის ხმა ისმოდა.

უეცრად დედამ თითით მიმანიშნა:
– შეხედე,- მითხრა. აი, სწორედ იქ არის სამყაროს დასასრული.
მე მის საჩვენებელ თითს თვალი გავაყოლე და სადგური დავინახე: ეს იყო გამოფიტული ხის შენობა თუთიის სახურავით, დაკიდებული აივნებითა და იმ პატარა, ხრიოკი მოედნით, ორას ადამიანს ძლივს რომ იტევდა. როგორც დედამ განმიმარტა, სწორედ აქ, ამ მოედანზე, 1928 წელს ჯარმა ბანანის პლანტაციების მუშათა დაუდგენელი რაოდენობა ამოჟლიტა. ბაბუასგან ეს ამბავი ათასჯერ მაინც მსმენია და მეხსიერებაში ისე ჩამებეჭდა, თითქოს მეც ამ მოვლენის მონაწილე ვიყავი: სამხედრო პირი იმ დადგენილებას კითხულობდა, რომლის მიხედვითაც გაფიცულ მუშათა რაზმი ბოროტმოქმედთა პარტიად გამოცხადდა. მცხუნვარე მზის ქვეშ მდგომ სამი ათას კაცს, ქალსა თუ ბავშვს, ოფიცრის ბრძანებით, ხუთ წუთში მოედანი უნდა გაეთავისუფლებინა. ამას მოჰყვა ცეცხლის გახსნის ბრძანება, ტყვიამფრქვევის ჯერის ხმა, პანიკისაგან დამფრთხალი ბრბო, რომელსაც საფანტი, გაუმაძღარი და გეგმაზომიერი მაკრატლის მსგავსად, მტკაველ-მტკაველ აცოტავებდა.
სიენაგას მატარებელი დილის ცხრა საათზე ჩამოდგებოდა ხოლმე, რომელსაც გემებიდან ან სიერადან გადმოსული მგზავრები თხუთმეტ წუთში ბანანის პლანტაციების ზონაში გადაჰყავდა. რვა საათს გადაცილებული იყო, როცა მე და დედა სადგურს მივადექით.

მატარებელი უკვე ჩამომდგარიყო, რომლის მგზავრებიც მხოლოდ ჩვენ გახლდით. დედამ ცარიელ ვაგონში ასვლისთანავე მხიარული ტონით წამოიძახა:
– რა ფუფუნებაა! მთელი მატარებელი ჩვენს განკარგულებაშია!
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დედაჩემის ეს მოჩვენებითი სიხარული უფრო იმედგაცრუების შენიღბვას ემსახურებოდა, რადგან ვაგონებს დროის მსახვრალი ხელი ერთი შეხედვითაც ეტყობოდა. უწინდელი მატარებლისაგან მხოლოდ მოჩვენებაღა დარჩენილიყო: მოძველებულ, მეორე კლასის ვაგონებში მინებისა და ტირიფის ხის სკამების ნაცვლად, ღატაკებისთვის განკუთვნილი ცხელი და ხის თხელძირიანი სკამები დაგხვდებოდათ; მესამე კლასის ვაგონი უფრო ხის ყუთს მაგონებდა, სადაც ბანანისა და მსხვერპლშეწირული პირუტყვის გვერდით, ღატაკნი გრძივ, უხეშ ხის სკამებზე მგზავრობდნენ. მეორე კლასის ვაგონს უწინ ტირიფის ხის სკამები და ბრინჯაოს ჩარჩოები ამშვენებდა. დერეფანში დაგებული ნოხებითა და წითელი ხავერდის სავარძლებით მოწყობილი პირველი კლასის ვაგონით კი, ძირითადად, მთავრობის წევრები და ბანანის კომპანიის მაღალჩინოსნები სარგებლობდნენ. თუ კომპანიის სუპერინტენდანტი, მისი ოჯახი ან საპატიო სტუმარი მგზავრობდა, მატარებელს უკან მდიდრულ ვაგონს ჩაუბამდნენ ხოლმე, რომელსაც მზისგან დამცავი, მოოქროვილ ჩარჩოიანი ფანჯრები და ჩაის მისართმევი ღია ვერანდა ჰქონდა. თუმცა დღემდე ერთი მოკვდავიც კი არ მინახავს, ასეთი სადღესასწაულო კარეტის წარმოსახვა რომ შესძლებოდა.

ბაბუაჩემს ალკალდის თანამდებობა ორჯერ ეკავა, გარდა ამისა, არც უსახსრობას უჩიოდა, თუმცა მეორე კლასის ვაგონით მხოლოდ მაშინ სარგებლობდა, როცა ოჯახის წევრი ქალი ახლდა.

შეკითხვას, რატომ მგზავრობდა მესამე კლასით, პასუხობდა: ,,იმიტომ რომ არ არსებობს მეოთხე კლასის ვაგონი.’’ თუმცა იმხანად ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, მატარებლის პუნქტუალურობა იყო. სოფლის საათებს ხომ სასტვენის ხმაზე ასწორებდნენ.
იმ დღეს, ამა თუ იმ მიზეზის გამო, მატარებელი საათნახევრის დაგვიანებით ზანტად, ჭრიალით დაიძრა. Dდედამ პირჯვარი გადაისახა, მაგრამ მალევე რეალობას დაუბრუნდა და თქვა:
– ამ მატარებლის რესორები დასაზეთია.
ვაგონში ჩვენ გარდა არავინ იყო, შესაძლოა მთელს მატარებელშიც კი, ამიტომაც ჩემს ინტერესს არც არაფერი იწვევდა. უილიამ ფოლკნერის „აგვისტოს ნათელის“ კითხვამ ისევ გამიტაცა, თან დაუღალავად ვეწეოდი და გზადაგზა ზოგიერთი ადგილის გასახსენებლად თვალიც გამირბოდა. მატარებელმა გაბმული საყვირის თანხლებით სიერას დაბლობები გადაიარა და მთელი სისწრაფით ალისფრად მოელვარე კლდეებს შორის მოექცა, სადაც ვაგონების გრუხუნის ხმა უფრო აუტანელი გახდა. სულ რაღაც თხუთმეტ წუთში სვლა შეანელა და მშვიდი ქშინვით პლანტაციების მკრთალი ჩრდილის სიგრილეს შეერწყა.

ზღვიდან მონაბერი სიო აღარ იგძნობოდა და დროც გაირინდა. მართალია, ბანანის პლანტაციების ჰერმეტულ სამეფოში შევაღწიეთ, მაგრამ კითხვა არ შემიწყვეტია.
აქაური სამყარო მართლაც შეცვლილიყო. სარკინიგზო ხაზების გასწვრივ ხეივნები უსასრულოდ გადაჭიმულიყო. იქვე ურემში შებმული, მკვახე მტევნებით დატვირთული ხარებიც მოჩანდნენ. უნათესო მიწებზე წითელი აგურით ნაშენი ბანაკები და ჭერზე ვენტილატორდაკიდებული ოფისები წამოუჭიმავთ, ყაყაჩოებით მოფენილ მინდორს კი განმარტოებით მდგარი საავადმყოფო ამშვენებდა. აქ ყოველ სოფელს თავისი მდინარე ჩამოუდიოდა. კივილით მიმავალი მატარებლის ხმის გაგონებაზე ყოველი მდინარის ხიდზე ყინულივით ცივ წყალში მობანავე გოგონები საბალოსავით ამოხტებოდნენ ხოლმე, თავიანთი დიდებული ძუძუებით მგზავრებისათვის გული რომ მოეკლათ.
რიოფრიოს დასახლებიდან მატარებელში არუაკების რამდენიმე ოჯახი ამოვიდა.

სიერას ყველაზე გემრიელი ავოკადოს პირთამდე სავსე ზურგჩანთები მხარზე მოეგდოთ. თავდაპირველად ვაგონი სულ ხტუნვა-ხტუნვით შემოირბინეს, თითქოს დასაჯდომად ხელსაყრელ ადგილებს ეძებდნენ. როდესაც მატარებელმა გზა განაგრძო, ორი თერთკანიანი ქალბატონი ჩვილი ბავშვით და ახალგაზრდა მღვდელი დარჩნენ. მთელი გზის მანძილზე ბავშვი გამუდმებით ტიროდა. მღვდელს ჩექმები, მკვლევარის მუზარადი და უხეში ტილოს ოთხკუთხედებად შემოკერებული ანაფორა მიჰქონდა. ჩვილის ტირილს მისთვის ხელი არ შეუშლია და ისე საუბრობდა თითქოს ამბიონზე დგასო. მისი ქადაგების ძირითადი თემა ბანანის კომპანიის დაბრუნების შესაძლებლობას ეხებოდა.

მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი გაქრა, პლანტაციების ზონაში სალაპარაკოდ სხვა თემა აღარ არსებობდა. შესაბამისად, აზრიც ორ ნაწილად გაიყო: ერთნი, ვისაც უნდოდა და მეორენი, ვისაც არ უნდოდა კომპანიის დაბრუნება. თუმცა, საბოლოო ჯამში, ორივე მხარე ამ შესაძლებლობას იმედის თვალით შეჰყურებდა. მღვდელი მოწინააღმდეგეთა ბანაკს განეკუთვნებოდა, ხოლო საკუთარი პოზიცია ისეთი სუბიექტური არგუმენტით გამოხატა, რომ ქალებს უაზროდაც კი მოეჩვენათ:
– სადაც კი კომპანია შეაღწევს, ყველაფერი გაჩანაგდება.
თუ მისი საუბრიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ეს ერთადერთი ორიგინალური ფრაზა იყო. მღვდელს მეტი აღაფერი განუმარტავს, ამიტომაც ბავშვიანმა ქალმა ის უმალვე შეარცხვინა და დაუდასტურა, რომ მისი არგუმენტები უფლის ნებასაც კი ეწინააღმდეგებოდა.
ნოსტალგიამ, ბუნებრივია, ავბედით მოგონებათა კვალიც გააქრო, ტკბილი მოგონებანი კი _ განადიდა. მიყენებულ ზარალს ვერავინ გადაურჩა. ვაგონის ფანჯრიდან მამაკაცები მოჩანდნენ.

ისინი საკუთარი ჭიშკრის წინ ისხდნენ და ერთი შეხედვითაც ეტყობოდათ, რასაც ელოდნენ. გვარჯილით განოყიერებულ პლაჟებზე გამოსული მრეცხავებიც მიმავალ მატარებელს იმედის თვალით გასცქეროდნენ. აქ საქმიანი პორტფელით ჩამოსული ყოველი მამაკაცი ხომ „იუნაითიდ ფრუთ კომპანის“ წარმომადგენლად მიაჩნდათ, ის ვისაც მათთვის წარსულის დაბრუნება შეეძლო. ყოველ წერილობით ტექსტში, ვიზიტისა თუ შეხვედრის დროს, ადრე თუ გვიან, ეს საკრალური ფრაზა მაინც გაიჟღერებდა ხოლმე: „ამბობენ, რომ კომპანია დაბრუნდება.“ არავინ იცოდა, ეს სიტყვები ვინ, როდის ან რატომ წარმოთქვა, თუმცა ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში ეჭვი არავის შეჰქონდა.
დედაჩემს თავი ყოველთვის უშიშრად მოჰქონდა. მშობლების გარდაცვალებისთანავე არაკატაკასთან ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა. თუმცა მისი გამოტეხვა მხოლოდ სიზმრებს შეეძლოთ. ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, საუზმობისას ხანდახან სიზმრის გამხელას მოისურვებდა ხოლმე, რომელიც უთუოდ ბანანის ციებ-ცხელების ნოსტალგიით იყო გაჯერებული.

თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდი დედამ სახლის გაყიდვაზე ფიქრს შეალია, იმ ილუზიას, რომ კომპანიის დაბრუნების შემთხვევაში, ის ოთხჯერ მეტ სარგებელს მოუტანდა. საბოლოოდ კი ამ მიზანმა რეალობის აუტანელ ზეწოლას ვეღარ გაუძლო. როცა მატარებელში მღვდელმა კომპანიის დაბრუნების ჭეშმარიტებას ხელმეორედ გვაზიარა, დედა დანაღვლიანდა და ყურში ჩამჩურჩულა:
– სამწუხაროა, მოსაცდელად ცოტაოდენო დროც კი არ გვრჩება, სახლი უფრო ძვირად რომ გაგვეყიდა.
სანამ მღვდელი საუბრით იყო გართული, ხალხმრავალ მოედანსაც გავცდით, სადაც ორკესტრი მომქანცველი მზის ქვეშ მწუხრის მელოდიას ასრულებდა. ჩემთვის ყველა სოფელი ერთნაირი იყო. როცა „პაპალელოს,“ დონ ანტონიო დაკონტის ახლად გამომცხვარ კინო „ოლიმპიაში“ დავყავდი, ვამჩნევდი ხოლმე, რომ ვესტერნებში ასახული სადგურები ჩვენი მატარებლისას ძალიან ჰგავდა. უფრო მოგვიანებით კი, როცა უილიამ ფოლკნერის კითხვა დავიწყე, მის რომანებში აღწერილი სოფლებიც აქაურთან გავაიგივე. გასაკვირი არც იყო, ისინი ხომ „იუნაითიდ ფრუთ კომპანის“ მსგავსად, მესიანური შთაგონებით, დროებითი, სახელდახელოდ აღმართული ბანაკების სტილში იყო გადაწყვეტილი.

უკლებლივ ყველა სოფელი მახსოვს: მოედანზე მდგარი ეკლესიითა და ჯადოსნური ზღაპრებიდან გაცოცხლებული, პრიმიტიული საღებავებით შეღებილი ქოხმახებით; მახსენდება შებინდებისას მომღერალ შავ მუშათა ბრიგადა; საკარმიდამო ფარდულების ქვეშ სატვირთო მატარებლის მომლოდინე გუშაგები; უქმეებზე ხმაურიანი დროსტარებით მოქანცული ტყის მჭრელები; მახსენდება არაკატაკასა და სევილიაში რკინიგზის მოპირდაპირე მხარეს გაშენებული გრინგოების კერძო ქალაქები: ელექტროფიცირებული საქათმის მსგავსად, უზარმაზარი მავთულხლართით გარშემორტყმულნი, მზისგან მეტისმეტად შებრაწული მერცხლების წყალობით შავად რომ ანათებდნენ; მახსენდება მათი უსიცოცხლო, ფარშევანგებითა და მწყერებით სავსე ცისფერი მდელოები, მავთულხლართით შემოღობილი ფანჯრები და წითლად გადახურული რეზიდენციები, ტერასებზე, დამტვერილ პალმებსა და ვარდის ბუჩქებს შორის სასადილოდ ჩადგმული მრგვალი მაგიდები; ხანდახან, მავთულხლართის მიღმა, გაზის თავსაბურავსა და მუსლინის სამოსში გამოწყობილი ქალბატონებიც გამოჩნდებოდნენ ხოლმე, საკუთარ ბაღებში ყვავილებს ოქროს მაკრატლით რომ კრეფდნენ.
ბავშვობიდანვე მიჭირდა ერთი სოფლის მეორისაგან განსხვავება.

არც ოცი წლის შემდეგ მიადვილდებოდა, რამეთუ არც ერთი სადგურის აბრას აღარ ამშვენებდა ეს იდილიური სახელები – ტუკურინკა, გუამაჩიტო, ნეერლანდია, გუაკამაია. ისინი ხომ მხოლოდ ჩვენს მეხსიერებას შემორჩნენ. მატარებელი სევილიაში დაახლოებით დღის თორმეტის ნახევარზე ჩამოდგა. მას ორთქლმავლის გამოცვლა და წყლით მომარაგება ესაჭიროებოდა. სიცხეც სწორედ აქ ვიგრძენით. მატარებელი მალევე დაიძრა.

ახალი ორთქლმავალი ყოველ ბრუნზე ნახშირის მტვრით გვაჯილდოვებდა, რომელიც შეუმინავი ფანჯრიდან ადვილად აღწევდა და შავი თოვლივით გვეფინებოდა. მღვდელი და ქალები რომელიღაც გაჩერებაზე ისე ჩავიდნენ, ვერც კი შევამჩნიეთ. იმ ფაქტმა, რომ მე და დედა ისევ მარტონი ვმგზავრობდით ამ ეულ მატარებელში, განწყობა უფრო მეტად დამიმძიმა. დედა ჩემს წინ იჯდა და ფანჯარაში მომზირალს ორ-სამჯერ ჩასთვლიმა კიდეც. თუმცა სწრაფადვე გამოცოცხლდა და კიდევ ერთხელ, შიშისმომგვრელი შეკითხვა მტყორცნა:
– მაშ, რა ვუთხრა მამაშენს?
ასეც ვფიქრობდი, რომ დედა არასდროს დათმობდა და ჩემი გადაწვეტილების საბოლოო დასამარებისათვის სუსტ წერტილს ეძებდა. ცოტა ხნით ადრე კომპრომისისკენაც მომიწოდა, მე კი დაუსაბუთებლად უარი განვუცხადე. ვიცოდი, დიდი ხნით უკან რომ არ დაიხევდა.

ახალი გამოცდა მომიწყო, მე კი ამაო ბრძოლისათვის განწყობილმა, უწინდელისაგან განსხვავებით, მშვიდად ვუპასუხე:
– გადაეცით, ერთადერთი, რასაც ცხოვრებაში ვესწრაფვი – მწერლობაა და მივაღწევ კიდეც.
– ვინც არ უნდა გამოხვიდე, თუ აკადემიურ ხარისხს მოიპოვებ, არასდროს შეგეწინააღმდეგება.
დედა ისე მელაპარაკებოდა, არც კი მიყურებდა, თითქოს ჩვენს დიალოგზე მეტად ფანჯრიდან დანახულმა დინებამ გაიტაცაო.
– არ ვიცი, ასეთ შეუპოვრობას რატომ იჩენთ; ხომ იცით, არაფერს დავთმობ,- ვუთხარი მას.
მყისვე თვალებში ჩამხედა და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა მკითხა:
– რატომ გგონია, რომ ვიცი?
– იმიტომ რომ, მე და თქვენ ერთნაირები ვართ,- ვუთხარი.
მატარებელი უკაცრიელ სადგურზე გაჩერდა, ცოტა ხნის შემდეგ კი ბანანის პლანტაციის იმ ერთადერთ სამფლობელოს ჩაუარა, რომლის აბრაზეც შემდეგი სახელი იკითხებოდა: „მაკონდო.“ ამ სიტყვამ ჩემი ყურადღება ჯერ კიდევ ბაბუასთან ერთად პირველი მოგზაურობისას მიიქცია, მაგრამ მხოლოდ მოზრდილმა აღმოვაჩინე, რომ მე ამ სიტყვის პოეტური ჟღერადობა მომწონდა. შემთხვევით ენციკლოპედიაში ამოვიკითხე, რომ მაკონდო სეიბას მსგავსი ტროპიკული ხეა, რომელიც არც ყვავილს იძლევა და არც ნაყოფს, სამაგიეროდ მის პოროვან მერქანს თურმე კარჭაპებისა და ჭურჭლეულობის დასამზადებლად იყენებდნენ. უფრო მოგვიანებით, ბრიტანულ ენციკლოპედიაში აღმოვაჩინე, რომ ტანგანიიკაში მაკონდოელებისაგან წარმომდგარი ეთნიკური ჯგუფი არსებულა და მეც ამ სიტყვის წარმოშობა ამ ფაქტს დავუკავშირე. თუმცა ეს ხე არასდროს მინახავს. ბანანის პლანტაციების ზონაში ბევრჯერ ვიკითხე და პასუხი ვერავისგან მივიღე. შეიძლება ის არც არასდროს არსებულა.
მატარებელმა მაკონდოს სამფლობელოს თერთმეტ საათზე ჩაუქროლა, ათ წუთში კი არაკატაკაში უნდა გაჩერებულიყო. ის დღეც, როცა მე და დედა სახლის გასაყიდად მივდიოდით, საათნახევრით გვიან მიილია.

მე საპირფარეშოში გახლდით, როცა მატარებელმა სიჩქარეს უმატა. ჩატეხილი ფანჯრიდან მონაბერი პირქუში და მწველი ქარი მოძველებული ვაგონების გრუხუნისა და ორთქლმავლის დაფეთებული სასტვენის ხმას შეერწყა. გული ისე მიცემდა, კინაღამ გონება დავკარგე, გულისრევის შეგრძნებამ კი – შიგნეულობა გამიყინა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მიწა იძრაო და საპირფარეშოდან მთელი სისწრაფით გამოვვარდი. დედა აუღელვებლად იჯდა და იმ ადგილებს თვლიდა, ფანჯრიდან წუთისოფლის მსგავსად, წამიერად რომ უჩინარდებოდნენ.
– ეს ის ნაკვეთებია, მამაშენს ოქროს ფასად რომ მიჰყიდეს,- თქვა დედამ.
მატარებელმა ელვის სისწრაფით ჩაუქროლა იმ უცხოელი მასწავლებლების სახლს, რომელსაც ერთი მხრივ, აყვავებული ბაღი, მეორე მხრივ კი ჭიშკარზე გაკრული ინგლისურენოვანი აბრა ამშვენებდა: „The sun shines for all“.
– ეს იყო პირველი ფრაზა, ინგლისურ ენაზე რომ შეისწავლე,- მითხრა დედამ.
– პირველი არა, ერთადერთი,- ვუპასუხე.
ბეტონის ხიდი და ის მღვრიე სარწყავი არხიც გავიარეთ, თავის დროზე გრინგოებმა პლანტაციების მოსარწყავად რომ გაიყვანეს.
– ეს კი სიცოცხლით სავსე ქალების უბანია, სადაც მამაკაცები სანთლების ნაცვლად აგიზგიზებულ ქაღალდის დასტით ხელში კუმბიამბას ცეკვავდნენ და განთიადს ასე ეგებებოდნენ,- თქვა დედამ.
თვალის დახამხამებაზე თებერვლის იმ კაშკაშა კვირა დღეს მატარებლის ფანჯარაში სოფლის სრული სურათი აირეკლა: მზისგან გადამწვარი ნუშის ხეები, ხის ვარცლები სკამების ნაცვლად და სოფლის იმ პატარა სკოლის ბაღი, სადაც წერა-კითხვა შევისწავლე.
– სადგური! -წამოიძახა დედამ. რამ შეცვალა ასე ეს ქვეყანა, მატარებელს არავინ რომ არ ელოდება.
ორთქლმავალმა სტვენა შეწყვიტა, სვლა შეანელა და ბოლოს, ხანგრძლივი ქოთქოთის შემდეგ, გაჩერდა კიდეც. პირველი, რამაც ამაღელვა, მდუმარება იყო.

ის ყოფითი მდუმარება, მსოფლიოს დუმილთა ფონზე თვალებახვეულს რომ ჰგავდა. გავარვარებული მზის ათინათი იმდენად გაძლიერდა, რომ ყველაფერმა ირგვლივ გამდნარი მინის ფორმა მიიღო. სიცოცხლის ნიშან-წყალიც კი არსად იგძნობოდა. ყველაფერს მზეზე მოციმციმე მტვრის თხელი ფენა ფარავდა. მიყრუებული ქუჩებისა და დასამარებული სოფლის მზერით შეძრწუნებული დედა რამდენიმე წუთით გაუნძრევლად იჯდა, ბოლოს კი, თავზარდაცემულმა წამოიძახა:
– ღმერთო ჩემო!
ეს ერთადერთი ფრაზა იყო, მატარებლიდან ჩასვლამდე რომ წარმოსთქვა.
სანამ მატარებელი უძრავად იდგა, ვგრძნობდი მთლად მარტონი არ ვიყავით. მალევე გულგამგმირავი საყვირის ხმა გაისმა და მატარებელიც დაიძრა. მწველი მზისგან დაუცველებს თითქოს მთელი სოფლის მწუხარებაც თავს დაგვატყდაო.

თუმცა ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, თუთიის სახურავითა და დაკიდებული აივნებით თავმომწონედ მდგარმა ხის ძველმა სადგურმა ვესტერნებში ნანახი ტროპიკული ვერსია გამახსენა. მიტოვებულ სადგურსაც გავცდით, რომლის მოძველებული ფილებიც ამოსულ ბალახს დაეხეთქა და სიესტის ხვატში ჩანთქმულნი ყოველ წუთს ნუშის ხეების ჩრდილქვეშ შეფარებას ვლამობდით.

2002 წ.

გაბრიელ გარსია მარკესი

გაბრიელ გარსია მარკესი

გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი (ესპ. Gabriel José García Márquez; დ. 6 მარტი, 1927) — კოლუმბიელი მწერალი, ჟურნალისტი, გამომცემელი და პოლიტიკური აქტივისტი. დაიბადა ქალაქ არაკატაკაში მაგდალენას დეპარტამენტი, კოლუმბია, თუმცა ცხოვრების ძირითადი ნაწილი მექსიკაში და ევროპაში გაატარა. ამჟამად დროის ძირითად ნაწილს მეხიკოში ატარებს.
გარსია მარკესი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ლიტერატურული სტილის, მაგიური რეალიზმი, წამყვანი ფიგურა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მწერლობა ამ სტილისთვის ემბლემურია, მისი კატეგორიზაცია მხოლოდ მასში შეუძლებელი იქნებოდა.

ცხოვრება და შემოქმედება

გარსია მარკესი კარიერას იწყებს როგორც ბოგოტას ყოველდღიური გაზეთის ელ-ესპექტადორის რეპორტიორი, მოგვიანებით კი მუშაობს ამავე გაზეთის უცხოეთის კორესპონდენტად რომში, პარიზში, ბარსელონაში, კარაკასსა და ნიუ-იორკში.

მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები „დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი“ იყო, რომელიც მან პირველად გაზეთში, პუბლიკაციების სერიის სახით გამოაქვეყნა 1955 წელს. წიგნი მოგვითხრობს გემის დაღუპვის ნამდვილ ამბავს, თხრობის პროცესში ამხელს გემზე კონტრაბანდისტული საქონლის არსებობს, რაც საბოლოოდ გემის დაღუპვის მიზეზი ხდება, ჭარბტვირთიანობის გამო. ამ ნაწარმოებმა საზოგადოების მითქმა–მოთქმა გამოიწვია, რამეთუ მასში მოთხრობილი ამბები ეწინააღმდეგებოდა გემის დაღუპვის გამოცხადებულ ოფიციალურ ვერსიას. სწორედ აქედან დაიწყო გაბრიელ–გარსია მარკესის ურთიერთობის დაძაბვა კოლუმბიის ხელისუფლებასთან, რამაც შემდგომში იგი პერსონა ნონ გრატად აქცია საკუთარ სამშობლოში. შემდგომში ეს საგაზეთო პუბლიკაციები 1970 წელს ერთ წიგნად გამოიცა რომანის სტატუსით.

მის ნაწარმოებებში გამოგონილი ამბავი ენაცვლება ნამდვილს. თხრობის მაღალმხატვრულმა მანერამ და წერის გამორჩეულმა სტილმა გაბრიელ–გარსია მარკესი მისი შემდგომი ნაწარმოებების წყალობით XX საუკუნის ლიტერატურულ სიმბოლოდ აქცია. 1981 წელს მარკესმა გამოქვეყნა „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ და „სიყვარული შავი ჭირის დროს“. ამ ნაწარმოებებიდან გაბომ, როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, დაიწყო მისი მაგიური სამყაროს საძირკვლის ჩაყრა და იმ პერსონაჟების შემოყვანა ამ მაგიურ სივრცეში, რომლებიც წიგნიდან წიგნში უცვლელი პერსონაჟები ხდებიან მისი ნაწარმოებებისა.

გაბრიელ გარსია მარკესი

გაბრიელ გარსია მარკესის ყველაზე წარმატებული ნაწარმოები, თუ წიგნის გაყიდული ეგზემპლარებითა და მკითხველი საზოგადოების აზრის გათვალისწინებით ვიმსჯელებთ, რომანი „მარტოობის ასი წელიწადი“ გახდა (ქართულად თარგმნა ელზა ახვლედიანმა). ეს რომანი მწერალმა 1967 წელს დაწერა და პირველი გამოცემიდან დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. წიგნი მოგვითხრობს გამოგონილი სოფლის, მაკონდოს მცხოვრებლების რამდენიმე თაობაზე, სოფლის დაარსებიდან უკანასკნელი ბუენდიას დაღუპვამდე. წიგნში ნაამბობია მარტოობის იმ ას წელიწადზე, რომელიც თან სდევდა ბუენდიების გვარის წარმომადგენლების ცხოვრებას თაობიდან თაობამდე. ამ რომანით გაბრიელ გარსია მარკესმა რომულო გალეგოს პრემია დაიმსახურა 1972 წელს. 1982 წელს კი მას ნობელის პრემია მიენიჭა, მისი ნაყოფიერი და შემოქმედებითი ლიტერატურული კარიერისათვის.
1999 წელს გაბოს ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს – ლიმფური სისხლძარღვების კიბო, ამ მოვლენამ მწერალს მემუარების წერა დააწყებინა. 2000 წელს მთელს მსოფლიოს ელვასავით მოედი ახალი ამბავი, მწერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო პერუს დედაქალაქ ლიმაში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთში, „ლა რეპუბლიკა“–ში დაბეჭდილი არასწორი ინფორმაციის გამო.

2002 წელს მარკესმა გამოაქვეყნა მისი მემუარების კრებული, რომელსაც სათაურად სამი ესპანურ სიტყვა უძღოდა წინ: Vivir para contarla (იცხოვრო, რათა მოყვე). მარკესს მისი მემუარების გამოცემა სამ ტომად აქვს ჩაფიქრებული და ეს წიგნი პირველი ტომია მისი უზარმაზარი ავტობიოგრაფიული შრომისა. გამოცემისთანავე წიგნი ბესტსელერად იქცა ესპანურენოვან სამყაროში. ამ წიგნის 2003 წელს გამოცემული თარგმანი კი – ახალ ბესტსელერად იქცა.

ბიბლიოგრაფია

რომანები

„მარტოობის ასი წელიწადის“ პირველი გამოცემა

„მარტოობის ასი წელიწადის“ პირველი გამოცემა

  • 1962 – ავბედითი საათი (La mala hora)
  • 1967 – მარტოობის ასი წელიწადი (Cien años de soledad)
  • 1975 – პატრიარქის შემოდგომა (El otoño del patriarca)
  • 1981 – გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა (Crónica de una muerte anunciada)
  • 1985 – სიყვარული შავი ჭირის დროს (El amor en los tiempos del cólera)
  • 1989 – გენერალი მის ლაბირინთში (El general en su laberinto)
  • 1994 – სიყვარულისა და სხვა დემონების შესახებ (Del amor y otros demonios)

მოთხრობები და ნოველები

  • 1947 – ცისფერი ძაღლის თვალები (Ojos de perro azul)
  • 1955 – ფოთლების ქარიშხალი (La hojarasca)
  • 1961 – პოლკოვნიკს არავინ სწერს (El coronel no tiene quien le escriba) (თარგმნა თეა გვასალიამ)
  • 1962 – დიდედის დასაფლავება (Los funerales de la Mamá Grande)
  • 1968 – ძალიან მოხუცი კაცი უზარმაზარი ფრთებით (Un señor muy viejo con unas alas enormes)
  • 1978 – დაუჯერებელი და სამწუხარო ამბავი უმწიკვლო ერენდირასი და მისი გულქვა დედინაცვალისა (La increíble y triste historia de la cándida Eréndira y de su abuela desalmada)
  • 1992 – ყარიბი პირიგრიმები (Doce cuentos peregrinos)
  • 1995 – მოხდენილი დამხრჩვალი მამაკაცი თანამედროვე სამყაროში
  • 2004 – სევდიანი მეძავების მემუარები (Memoria de mis putas tristes)

არამხატვრული

  • 1970 – დამხრჩვალი მეზღვაურის ამბავი (Relato de un náufrago)
  • 1986 – მიგელ ლიტინის იატაქვეშა თავგადასავლები ჩილეში (Las Aventuras de Miguel Littín Clandestino en Chile)
  • 1996 – ბავშვის გატაცების უწყება (Noticia de un secuestro)
  • 2002 – იცხოვრო, რათა წერო (Vivir para contarla)