ფრიდა კალო - ორი კატასტროფა ხელოვანის ცხოვრებაში, რომელმაც ლეგენდა გამოძერწა

თითქოს 6 წლის ასაკში პოლიომიელიტის გართულება და ატროფირებული ფეხით ცხოვრება მექსიკელი გოგოსთვის საკმარისი სატანჯველი არ იყო, რომ 1925 წელს, ავტობუსი, რომლითაც ფრიდა კალო მგზავრობდა ტრამვაის შეეჯახა, ავტოავარიის შედეგად ფრიდამ სასიკვდილო დაზიანებები მიიღო ხერხემლისა და მენჯის არეში. კალო ამ შემთხვევას სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა თვეების განმავლობაში ლოგინს მიეჯაჭვა.

გამოჯანმრთელების ეტაპი რთული და მტკივნეული აღმოჩნდა, 18 წლის ფრიდამ სამედიცინო კარიერაზე უარი თქვა და საწოლთან მიმაგრებულ მოლბერტზე ხატვის ტექნიკის გაუმჯობესება და სამყაროს საკუთარი უნიკალური ხედვით გადმოცემა დაიწყო. წლების, ათწლეულების შემდეგაც კი მისი ეს ხედვა და პერსონალური სიმბოლიზმი, ერთ-ერთი ყველაზე ექსტრაორდინარული ხელოვნების ნიმუშების ხელწერად იქცა.

დაახლოებით 200 ნახატიდან, რომლებშიც ფრიდა საკუთარი თვალით დანახულ სამყაროს, მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და სულიერ სცენებს ასახავდა, სამყაროსთვის თვალშისაცემი ავტოპორტრეტების სერია გახდა, რომელიც ლეგენდარული მექსიკელი ხელოვანის შინაგანი სამყაროს რეფლექსიას წარმოადგენდა.

ადრეულ ნამუშევარში, „ავტოპორტრეტი ხავერდოვანი კაბით“, ფრიდა კალო აქცენტს საკუთარ გარეგნობაზე, ძლიერ წარბებზე, თმაზე, გრძელ კისერზე და ძლიერ მზერაზე აკეთებს. ყველა ეს გარეგნული თვისება ფრიდას მომავალშიც დარჩა, მაგრამ კალომ მალე საკუთარი თავის წარმოჩენა უფრო უჩვეულო გზით დაიწყო.

მაგალითად - ნახატი „გატეხილი სვეტი“ იყენებს სიმბოლიკას, რელიგიურ გამოსახულებებს და არღვევს პეიზაჟს, ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობის გამოსავლენად.

როგორც ფრიდა კალო იტყოდა, მის ცხოვრებაში მეორე კატასტროფა (ავარიის შემდეგ) მაშინ მოხდა, როდესაც მან მექსიკელი მხატვარი და მიურეალისტი დიეგო რივერა გაიცნო, მათ შეხვედრა 1928 წელს დაიწყეს და რაღაც დროის განმავლობაში განუყრელ პარტნიორებადაც იქცნენ. ექსცენტრულმა წყვილმა ერთად მოიარა მსოფლიო, ფრიდამ და დიეგომ თავი ხელოვნებას, კომუნისტურ პოლიტიკას და მექსიკურ ნაციონალიზმს მიუძღვნეს.

კალო და რივერა ღრმა კავშირს იზიარებდნენ მექსიკანიდადთან, მოძრაობასთან, რომელიც რევოლუციის შემდეგ უძველესი ადგილობრივი კულტურის პატივისცემას, მის უკვდავყოფას ემსახურებოდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ფრიდა ატარებდა ტრადიციულ კაბას, ის თავით-ფეხებამდე გადაეშვა მშობლიურ სულიერებაში და ეს მხატვრის ნამუშევრებშიც ნათლად აისახა. კალოს შემოქმედებაში მექსიკური ხალხური მხატვრობის რეფერანსის ამოცნობა რთული არ იყო, ნათელი ფერებით არტისტი სიკვდილზე, რელიგიასა და ბუნებაზე გვიყვებოდა.

გიგანტური მცურავი ყვავილების, ტალღოვანი პეიზაჟების, სხეულის გადანერგილი ნაწილების და დემონების აყვავებული ღრუბლების გამოსახულებით, კალო ხშირად ასოცირდება სიურრეალიზმთან. მაგრამ სანამ სიურრეალისტები სიზმრებს არაცნობიერი გონების შესასწავლად იყენებდნენ, კალო მათ თავისი სხეულისა და ცხოვრებისეული გამოცდილების წარმოსაჩენად იშველიებდა.

მე არასდროს ვხატავ კოშმარულ სიზმრებს, ისინი ცხოვრებაშიც მეყოფა - ფრიდა კალო

ფრიდა კალოს შემოქმედება ორმა ყველაზე მნიშვნელოვანმა გამოცდილებამ - ბავშვობის დროინდელმა ტრავმამ და მისმა ქორწინებამ შექმნა. მართალია, ფრიდა ავარიის შემდეგ გამოჯანმრთელდა, თუმცა არა სრულებით, დარჩენილი ცხოვრება მხატვარმა გართულებების გამო საავადმყოფოებში, ოპერაციებსა და რეაბილიტაციაში გაატარა. ამ უსიამოვნო გამოცდილებების გამოძახილი გახლდათ საკუთარი თავის აგონიაში დახატვა და ტილოებში ფიზიკური უუნარობის ხაზგასმა.

ადამიანის დაკარგვით გამოწვეული სულიერი ტკივილისა და გაორების საბაბი კი ფრიდაში და მის მხატვრობაში დიეგო რივერა იყო, მუდმივი ღალატის, ფიზიკური ძალადობის, განშორებებისა და შემდეგ შერიგების კვალი ორი ფრიდას ავტოპორტრეტში შეგვიძლია ამოვიცნოთ.

მარცხნივ ვხედავთ წარსულით გულგატეხილ ფრიდას, რომელიც ძველმოდურ ვიქტორიანულ კაბას სისხლით ასველებს, მარჯვნივ კი არტერიით მეორე მესთან დაკავშირებულ კალოს, რომელსაც ტეხუანას სამოსი ამშვენებს და ყველაფრის მიუხედავად, ყველა ტანჯვის, ცრემლისა და ტკივილის გვერდის ავლით მისი გული ჯერაც მთელი და ხელუხლებელი რჩება.

„იმედი მაქვს, გარდაცვალება წარმატებული იქნება და უკან აღარასდროს დავბრუნდები“ - ბევრი მტანჯველი წლის შემდეგ, ფრიდა კალო 1954 წელს, 47 წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, მისი მემკვიდრეობა კი დაგვრჩა მარადიულ შეხსენებად იმისა, რომ არც ერთი ხატად ქცეული ქალის მიღმა მარტივი ცხოვრება არ იმალება და ამ დროს, ბუნებრივია ძალა საკუთარი სულის სიღრმეებში ეძებო.

ზევით