ნიკო ფიროსმანის ნახატები ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება

4 მაისს, ქართველი პრიმიტივისტი გენიოსის, ნიკო ფიროსმანაშვილის (1862-1918) ნამუშევრები, დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუშეუმში გამოიფინება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფიროსმანის შემოქმედება სკანდინავიას სტუმრობს.

საქართველოს ყველაზე ცნობილი მხატვრისა და ადრეული მოდერნისტული ხელოვნების ისტორიაში მითიური ფიგურის ნიკო ფიროსმანის ორმოცდაათამდე შედევრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან კოპენჰაგენში უკვე ჩატანილია.

„სიცოცხლეშივე, ფიროსმანის ხელოვნება ყველას ესაუბრებოდა, დაწყებული ქუჩაში მოსიარულე თუ ტავერნებში მსხდომი ხალხით, ავანგარდული ხელოვანებითა და მწერლებით დამთავრებული. მისმა ხელოვნებამ შეაერთა სამყარო, იგი აღნიშნავდა კუთვნილებისა და თავდადების გრძნობებს.

ეს ფიროსმანის მნიშვნელოვან ფიგურად აქცევს თანამედროვე ხელოვნების კლასიკურ ტრადიციებთან გაწყვეტისა და სხვა, უფრო ავთენტური გამონათქვამების ძიების ისტორიაში" - ვკითხულობთ ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუშეუმის რელიზში.

გამოფენა ორგანიზებულია ფონდ Beyeler-ის, Riehen/Basel-ისა და Louisiana-ს მიერ და ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ფონდ Infinitart-ის გულუხვი მხარდაჭერით.

ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუშეუმში ნიკო ფიროსმანის გამოფენა 20 აგვისტომდე გაგრძელდება, ამის შემდეგ ქართველი პრიმიტივისტის ნამუშევრები შვეიცარიის ქალაქ რიენის ბეილერის ფონდის მუზეუმში გამოიფინება და მხოლოდ 2024 წლის 28 იანვრის შემდეგ დაუბრუნდება სამშობლოს.

ზევით