#მხატვრობა

პაბლო პიკასოს „მშვიდობის მტრედი“

გაზიარება:

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა, სისხლისმღვრელმა და დამანგრეველმა მეორე მსოფლიო ომმა, დიდი გავლენა მოახდინა როგორც ადამიანების, აგრეთვე მსოფლიოს ფორმირებაზე. ყველაფერი, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, გამოძახილი იყო იმ შიშისა და ტერორის, რაც წლების პერიოდში დედამიწამ დააგროვა. ომმა მნიშვნელოვანი ასახვა პოვა ხელოვნებაშიც, მათ შორის ესპანელი მხატვრისა და სკულპტორის, პაბლო პიკასოს შემოქმედებაში.

კუბიზმის დამფუძნებელმა და ვიზუალური ხელოვნების რევოლუციურმა განმავითარებელმა, პაბლო პიკასომ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან აქტიურად დაიწყო ხალხის ტკივილისა და ტანჯვის საკუთარ ნამუშევრებში გადმოტანა.

მხატვრებისა და ინტელექტუალების ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ, პაბლო პიკასოს შემოქმედების ყველაზე დიდი ხელოვნების ნიმუში „გერნიკა“ (1937 წელი) იქცა. კუბიზმის სტილში შესრულებულმა შედევრმა განსაკუთრებული სიზუსტით ასახა მხატვრის გამოცდილებები, ნანახი და განცდილი. ფერწერული ტილო, რომლის შექმნას სულ რაღაც 1 თვე დასჭირდა, ასახავს იმ ტრაგედიას, რომელიც ესპანეთის ქალაქმა გერნიკამ ნაცისტური გერმანიისა და ფაშისტური იტალიის დაბომბვის შედეგად განიცადა.

„სურათები ბინების მოსართავად როდი იქმნება. ესაა საომარი იარაღი, რომელიც მტერზე თავდასხმისა და მტრისგან თავდაცვისთვის გამოიყენება“ - პაბლო პიკასო

სიმბოლოებით გაჟღენთილი, არასწორხაზოვანი „გერნიკას“ შექმნის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პაბლო პიკასო ფაშისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში დარჩა და აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობებში. ყველაზე მასშტაბური ომის გამოძახილად 1949 წელს მშვიდობის მომხრეთა პირველი მსოფლიო კონგრესის სიმბოლო - პაბლო პიკასოს თეთრი მტრედი - „მშვიდობის მტრედი“ იქცა. 

პაბლო პიკასოს „მშვიდობის მტრედი“ მალევე იქცა ფენომენად მთელ მსოფლიოში. 1949 წლიდან მის გარდაცვალებამდე, მხატვარმა შექმნა მრავალი ნამუშევარი, მათ შორის პლაკატები, პრინტები და ნახატები, რომლებზეც გამოსახულია მშვიდობის მტრედი. გამოსახულების ვარიაციები გამოყენებული იქნა მშვიდობის კონგრესებისთვის ვროცლავში, სტოკჰოლმში, შეფილდში, ვენასა და რომში.

თუმცა მანამ, სანამ თეთრი მტრედი 1949 წლიდან საერთაშორისო არენაზე და ესპანელი მხატვრის შემოქმედებაში მშვიდობის სიმბოლოდ იქცეოდა, თეთრ ფრინველებს აღმოსავლეთის ქვეყნებში, ოდითგანვე თვლიდნენ წმინდა ფრინველებად და ღმერთების მაცნეებად. გარდა უამრავი რელიგიური დატვირთვისა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის სიწმინდისა და შემწყნარებლობის სიმბოლო, ძველ რომში თეთრი მტრედი აგრეთვე მშვიდობის განსახიერება იყო, რომელსაც რომაელები ვენერას მტრედად მოიხსენიებდნენ.

დღეს, როცა სამყარო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური გეოპოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას, „მშვიდობის მტრედი“ თითოეული ჩვენგანისთვის უკეთესი, მშვიდობიანი, სამართლიანი მომავლის იმედად იქცა.

ზევით