ანონსიპოლიტიკაქვემო ქართლი

ადამიანები სახლების გარეშე და სახლები ადამიანების გარეშე!

წალკა სამხრეთ საქართვლოში, ქვემო ქართლში მდებარეობს, თრიალეთის ზეგანზე. მის ძირითად მოსახლეობას 1989 წლამდე, სანამ  ბერძენი მოსახლეობის მიგრაცია  დაიწყებოდა, შეადგენდნენ ბერძნები, სომხები და  ერთი სოფელი ქართველები.

ელინელმა ბერძნებმა საქართველოსთან ძველი ურთიერთობები გაიხსენეს  ალბათ და  ამის გამოც  მოაშურეს საქართველოს  ოსმალეთის მიერ შევიწროებულმა  დევნილებმა მე-18 საუკუნის დასასრულს. საქართველოში ისინი სხვადასხვა კუთხეში განთავსდნენ, ძირითადად კი  წალკაში დასახლდა 500 ოჯახი. მე- 19 საუკუნის ბოლოს  საქართველოში მათი რიცხვი  40 ათასი იყო.   1989 წლის „საქსტატის“ მონაცემებით, წალკაში 27 127  ადამიანი ცხოვრობდა. წალკის 45 სოფლიდან 34 ბერძნული  იყო.

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში,  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბერძნებმა   ეკონომიკური სიდუხჭირის გამო თუ ისტორიული სამშობლოს მონატრებით მასობრივი მიგრაცია დაიწყეს საბერძნეთში, თავიანთ ისიტორულ სამშობლოს მიაშურეს.  2012 წლის მონაცემებით, წალკაში 1298 ბერძენია  დარჩენილი.

წალკა ერთ-ერთი ეკონომიკურად მდიდარი რაიონი ყოფილა,  ინტელექტუალურადაც – საბჭოთა კავშირის დროს უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის რაოდენობით პირველი ადგილი ეჭირა. სამწუხაროდ, წავიდნენ  წალკიდან  ბერძნები, საცოდავ და სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა მთელი რაიონი, რადგან  ათობით   სახლი კი არა,  ათობით სოფელი  დაცარიელდა და გამოიკეტა.

გუმბათი. 1998 წელს  საქართველოს ხელმძღვანელობამ ედუარდ შევარდნაძის  ინიციატივით მიგრანტების  დაცარიელებული სახლების შევსება და სოფლების აღორძინება დაიწყო,  დაჰპირდა სახლების შესყიდვას, მაგრამ დღემდე მხოლოდ 350 სახლია შესყიდული, 3 300 ოჯახი კი  ელოდება. პირადად მე თბილისში, გაზეთში „სრულიად არასაიდუმლოდ“ და მე-14 საჯარო სკოლაში ვმუშაობდი,  როცა გავიგე, რომ წალკაში ქართველი მოსახლეობა ჩამოასახლეს და პედაგოგები სჭირდებოდათ.  დავტოვე თბილისი და გადავედი საცხოვრებლად წალკაში. ასე  გავხდი ისტორიული მოვლენების – ბერძნების მასობრივი მიგრაციის მოწმე. მათ სახლებში კი მაღალმთიანი რეგიონებიდან – აჭარიდან და სვანეთიდან სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ჩამოვიდა, წალკაში ახლა ეკომიგრანტები დასახლდნენ.  სოფელი  გუმბათი    აჭარლებით  ჩასახლებული პირველი სოფელი იყო. გაიხსნა ქართული სკოლა, დაირეკა ზარი… ზარი, რომელიც წალკას ახალ ცხოვრებას ამცნობდა. აჭარიდან ჩამოსახლებულებს  ხელი გაუწოდეს დარჩენილმა ბერძნებმა,  დაუთმეს საცხოვრებელი სახლები დროებითი სარგებლობისათვის ან სამომავლოდ შესყიდვის იმედით,  დაეხმარნენ სურსათითა და ყველა საყოფაცხოვრებო ნივთით.

სახლებისა და მიწების დაკანონების მოთხოვნით
მიტინგი წალკაში, სახლებისა და მიწების დაკანონების მოთხოვნით

გუმბათის სკოლის დირექტორის დარიკო გურჯიევას სახლში ვცხოვრობდით სამი პედაგოგი. წალკა უჩვეულოდ ცივი ჰავით გამოირჩევა, მოსწავლეებისათვის თბილი ტანსაცმელი მასწავლებლებს ჩამოჰქონდათ.  ქალბატონი დარიკო და მისი ოჯახიც ისე, როგორც დანარჩენი ბერძნები, ელადაში არიან მიგრაციით. დროდადრო ჩამოდიან, ვინც ახრეხებს, თავიანთ სახლებს დახედავენ და წინაპრების საფლავებს უვლიან, ეს უფრო აღდგომის დღესასწაულზე ხდება.  სოფლის მიგრაცია დღემდე გრძელდება და ბერძნები  კვლავ ტოვებენ საცხოვრებლებს, თუმცა ახლა კანტიკუნტად არიან შემორჩენილები. ჩვენი რედაქცია დროდადრო ეხმიანება ჩვენს ბერძენ თანამემამულეებს, რომლებმაც  შეძლებისდაგვარად ააწყვეს ცხოვრება საბერძნეთში, წალკაში  დაბრუნებაზე კი ხშირად ფიქრობენ, თუმცა,   ჩვენი ქვეყნის  ეკონომიკური მდგომარეობის გამო და ახალ ცხოვრებას მორგებულებს  უკვე ეჭვი ეპარებათ, ოდესმე თუ დაუბრუნდებიან მშობლიურ სანახებს.

ბერძნების მიგრაციას წალკაში სახლების შესყიდვის პრობლემა მოჰყვა. დღემდე გაურკვეველია მათი ყიდვა-გაყიდვის საკითხი.  ოც წელზე მეტია, ეკომიგრანტები დაუკანონებელ სახლებში ცხოვრობენ, მათი  2% შესყიდულია მთავრობის მიერ, დანარჩენი საცხოვრებელი ბინების ბედი კი  გაურკვეველია. საბაზრო ეკონომიკის ცვლილების შედეგად სახლების ფასმა საგრძნობლად მოიმატა, მათი შესყიდვის საშუალება  ეკომიგრანტს არა აქვს, ან სულაც ბერძენ მესაკუთრეს არ სურს ან არ უღირს, გაყიდოს თავისი სახლი. ასე სხვის სახლში ცხოვრობენ და დროებით სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთებიც.

დღეს წალკის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ეკომიგრანტები წარმოადგენენ. მათი ძირითადი პრობლემა დაუკანონებელი სახლები  და მიწებია. ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, თუ რამდენი დაკეტილი სახლია წალკაში,  რომელიც ამაოდ მოელის პატრონს. ამაოდ ელის საცხოვრებელი ფართის შეძენას  უამრავი ოჯახიც. წალკა დღეს ახალი ისტორიით ცხოვრობს, ბერძნების მიგრაციისა და ეკომიგრაციის ისტორიით.

ნაზი მეშველიანი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
×
giorgi Administrator
Sorry! The Author has not filled his profile.
Latest Posts

Comment here