რას ნიშნავს ტატუ?

 

– რას ნიშნავს ტატუ?

– პოლინეიის ხალხის დიალექტზე „ტა“ ნიშნავს ნახატს, „ატუ“-სულს. ტერმინი „ტატუ”  ბრიტანელმა კაპიტანმა, ჯეიმს კუკმა გამოიყენა თავის დღიურში „ჭრილობის“ მნიშვნელობით. ევროპაში დღეს სვირინგადაც იწოდება.

– ვის ჰქონდა პირველი ტატუ?

– არქეოლოგიური მასალით, გიზას პირამიდის შესწავლისას აღმოჩენილია ჩვ.წ.აღ.-მდე 2000 წლით დათარიღებული ქალი – მუმიის სხეულზე აღბეჭდილი სხვადასხვა ფორმის ტატუები.

ასევე, არქეოლოგმა ჯოან პლეტჩერმა იტალია – ავსტრიის საზღვარზე აღმოაჩინა 5,200 წლის მუმია, რომელსაც გაყინულ სხეულზე უამრავი ტატუ ჰქონდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სხეულის მოხატვა პირველყოფილმა ადამიანებმა გამოქვაბულის კედლების მოხატვის პარალელურად დაიწყეს. მაშინდელი ადამიანი წინაისტორიულ სამყაროში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, ამიტომ ტატუსაც პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა: ნადირობის დროს თავს ინიღბავდა, საკუთარი ტომის, სოციალური მდგომარეობის შესახებ  იძლეოდა ინფორმაციას და, რაც მთავარია, მაგიური ნიშნებით ღმერთების კეთილგანწყობას იმსახურებდა. ჭრილობაში შემთხვევით მოხვედრილი ნახშირი, მცენარის წვენი ან სხვა ბუნებრივი ფერმენტი შეხორცების შემდეგ ნაიარევს თავისებურ ფერს აძლევს, რომელიც ხშირად სამუდამოდ რჩება ტანზე..

– რა მნიშვნელობა აქვს დღეს ტატუს?

– დღეს ტატუ ხელოვნებაა. ბოდი-არტი, მოდა, სხეულის სამშვენისი, მხატვრობის ერთ-ერთი პოპულარული სტილია და აქვს თავისი მიმდინარეობებიც:

ტრიბალტი: – ეს ოკეანის სტილია. ამ სტილის ტატუებს მეკობრეები და მეზღვაურები იკეთებენ წარმატების სიმბოლოდ. ჩელტი: – სკანდინავიიდან მოდის, კელტური ფიგურები აქვს და გავრცელებული იყო ვიკინგებში. ორიენტალი: – ეს მიმდინარეობა აზიის კონტინენტიდან მოდის, ამ სტილის ფიგურები იხატება ძირითადად ფეხზე, მუცელზე, ზურგზე, რადგან მასიურია; თემა კლასიკურია, იხატავენ აღმოსავლურ ურჩხულს, ვეფხვებს, თევზებს, ყვავილებს, იეროგლიფებს, ბუდისტურ სიმბოლოებს. რეალიზმი: – თანამედროვე სტილია, გულისხმობს ადამიანის სახეების, ცხოველების,  გველების გამოსახვას. ფანტაზია: – ძველი ეგვიპტიდან მოდის, მისი იდეოლოგია არეალურ სამყაროს უკავშირდება, გამოისახება ჯადოქრებით, ბოროტი სულებით, ჩონჩხებით, ღამურებით, ამფიბიებით. ტრადიცია: – ამ სტილში იხატება გულები, ხმლები, იარაღი, სახელები, ცხოველების ცალკეული ნაწილები, ყვავილები, ბანქოს  ნახატები, ნახევრად კომიკური პერსონაჟები; ეს გულისხმობს ტრადიციალისტების აზარტულობას და ასევე არშემდგარ სიყვარულზე მიუთითებს.

– რომელი ტატუებია დღეს მოდაში?

– ტატუს, ძირითადად, თინეიჯერები იკეთებენ. ახალგაზრდები ცდილობენ, ამით ხაზი გაუსვან თავიანთ ინტერესს, მსოფლმხედველობასა და ინდივიდუალობას. მოდაშია ცხოველის, ან მწერის, ცნობილი ციტატების წარწერის, სახელების, ინიციალების, მნიშვნელოვანი  თარიღების, ვარსკვლავის, მთვარის, ანგელოზის,ზოდიაქოს ნიშნების, ამულეტის, ყვავილის, იეროგლიფის ,სიმბოლოების, ანგელოზის, ჯვრების, გრაფიკული გამოსახულებების ამოსვირინგება.

– სად არის ყველაზე პოპულარული ტატუ?

– ყველაზე პოპულარულია იაპონიაში; აქ ამ კულტურას დიდი ყურადღება ექცევა, პირველად  სწორედ იაპონიაში დახატეს სხეულზე სამგანზომილებიანი ნახატი. თუმცა, საკმოდ გავრცელებულია ჰოლივუდის ვარსკვლავებში.

იაპონიაში სხვადასხვა სოციალური ფენისა და პროფესიის ადამიანთა გამიჯვნის მკაცრი ნორმები მოქმედებდა. ეს ეხებოდა ტატუირებასაც, რომლის მიხედვითაც, ამ სფეროში გათვითცნობიერებული ადამიანი სულ ადვილად გამოარჩევდა ერთმანეთისაგან მებრძოლს, არისტოკრატს, გლეხს, მტვირთავს, მეხანძრეს, დიასახლისს, მეძავს. უმთავრესად ისვირინგებდნენ მცენარეებისა და ყვავილების, რეალური და ზღაპრული ცხოველების, ასევე იაპონური თქმულებების გმირების გამოსახულებებს. თითოეულ მათგანს თავისი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. მაგალითად, ცხრაფეხა მელა იმპერატორის მიერ ადამიანებზე, ცხოველებსა და ფრინველებზე გამოვლენილი ძალმომრეობის სიმბოლო იყო, შესაბამისად, მის ტატუს ხელისუფლებაზე განაწყენებული ადამიანები იკეთებდნენ; დრაკონი ძალასა და სიბრძნეს განასახიერებს და რაკი ცეცხლსაც აფრქვევს პირიდან, სამხედროებთან ერთად, იაპონელი მეხანძრეების საყვარელი ტატუცაა; ქრიზანთემა გაბედულებისა და მიზანსწრაფულობის სიმბოლოა, ამიტომ მას სამურაები გამოისახავდნენ; იაპონელი გეიშების საყვარელი ტატუ საკურას ყვავილი იყო, – ამქვეყნიური სილამაზისა და ვნებების წარმავლობის სიმბოლო. იაპონელი ქალები განსაკუთრებული ტექნოლოგიით შესრულებულ სვირინგებსაც იკეთებდნენ სპეციალურად შეყვარებულებისათვის. ასეთი ტატუ ბრინჯის ფქვილის კანქვეშ შეყვანით სრულდებოდა და მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა მისი დანახვა, როდესაც ადამიანის კანი აღელვების წუთებში შეიფაკლებოდა. იაპონურ დანაშაულებრივ სინდიკატს, რომელსაც მსოფლიოში იაკუძას სახელით იცნობენ, ტატუირება საკულტო ნიშნის რანგში ჰყავს აყვანილი. უკვე 300 წელია, მისი წევრები მთელ სხეულს, – სახის, ხელის მტევნებისა და ფეხის ტერფების გარდა, – ტატუთი იფარავენ, რითაც საკუთარ გამორჩეულობასა და ამტანობას უსვამენ ხაზს, – მთელი სხეულის ნემსით დაჩხვლეტა ხომ ხანგრძლივ ტკივილთანაა დაკავშირებული?!

– როგორ კეთდება ტატუ?

– ტატუირების პროცესში საჭიროა სტერილიზაცია და ჰიგიენური ნორმების აუცილებელი დაცვა. სპეციალური საღებავი შედის კანში ნემსის საშუალებით, აუცილებელია ხარისხიანი პიგმენტი და სტერილური ნემსი. ტატიურების პროცესამდე, საჭიროა, ალერგიული ფონის დასადგენი ტესტი. სასურველია, ტატუს ოსტატს ჰქონდეს ხატვის ნიჭი, გამოცდილება, კარგია ერთჯერადი ნივთების გამოყენება და ყოველი იარაღის სტერილიზაცია, პროცესის შემდგომაც მნიშვნელოვანია მოშუშების პირობებისა და წესების გაცნობა, გაღიზიანებული კანის ანტისეპტიკური საშუალებებით შეხორცება.

– რა დაავადებებს იწვევს?

– ტატუირება, როგორც ზემოთ ვთქვით, კანზე ზემოქმედებას და ზედაპირზე ფერების გადატანას უკავშირდება. შესაძლოა ინფექციის შეჭრა, ალერგიული რეაქცია, კანის ანთება, ტეტანუსი, ჰერპესი, სტაფილოკოკი, სოკოვანი დაავადება, ტუბერკულოზი, კანის კიბო,  ჰეპატიტი და აივ ინფექცია.

– როგორ მოვიშოროთ ტატუ?

– არსებობს სხვადასხვა მეთოდი და ეს საკმაო ტკივილთანააა დაკავშირებული. შესაძლებელია, კანის აქერცვლის საშუალებით, აზოტით დამწვრობის მიყენებით, ელექტრონემსით, მჟავით, მშრალი ყინულით; ტატუს მოწვისას გაჩნდება ფუფხი, რომელიც, შესაძლოა, დარჩეს შესამჩნევი კვალით ‘შრამად“ სხეულზე, ან პატარა ნაწიბურებად. დღეს არსებობს ასევე ლაზერული აპარატი ტატუს მოსაშორებლად.

– როგორ აღიქვამს რელიგია მას?

– მაჰმადიანური რელიგიის მიხედვით, ტატუ აკრძალულია. სუნიტების რწმენით, სხეულის მოხატვა ღმერთის ქმნილების ხელყოფაა და ცოდვად მიიჩნევენ ტატუს; იუდაიზმიც კრძალავს ტატუირებას, ქრისტიანობაც იზიარებს სუნიტების მოსაზრებას და ღვთისგან ბოძებული სხეულის ხელუხლებლად დატოვებას გვირჩევენ.

რადგან ტატუირება წარმართული დროიდან მოდის, მისი გაკეთება არაღვთიურის რწმენის, სხეულზე დახატული გამოსახულების თაყვანცემად მიიჩნევა. ტატუირება გავრცელებული იყო როგორც ქრისტიან, ისე მუსლიმ მომლოცველთა შორისაც. ხელზე გამოსახული ჯვრის, ანდა ნახევარმთვარის საშუალებით იერუსალიმიდან შინ დაბრუნებული მორწმუნეები წმინდა მიწაზე თავის სტუმრობას ასაბუთებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესია ყოველთვის ებრძოდა ადამიანის სხეულის “კორექციის” ქრისტიანული რწმენისათვის მიუღებელ ჩვეულებას, ამიტომ ქრისტიანულ სამყაროში მან მყარად ფეხი მხოლოდ პატიმართა და სპეციფიკური პროფესიის ადამიანთა შორის მოიკიდა. მაგალითად, მეზღვაურებში. ისინი, მეტწილად, ხმელეთზე დატოვებული სატრფოების სახელებს, სასიყვარულო და რელიგიურ სიმბოლოებს იხატავდნენ ტანზე. მეზღვაურთა შორის გავრცელებული იყო ზურგზე ჯვარცმის გამოსახვაც, ვინაიდან იმედოვნებდნენ, რომ მისი საშუალებით გაროზგვისაგან დაიცავდნენ თავს. მსგავსი გულუბრყვილო მეთოდით ცდილობდნენ დახვრეტისაგან თავის დაძვრენას მე-20 საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა პატიმრები გულაგში. ისინი მკერდზე ლენინისა და სტალინის სურათებს ისვირინგებდნენ იმის იმედით, რომ ვერავინ გაბედავდა “ბელადებისთვის” ტყვიის სროლას. საბჭოეთში ე.წ. ქურდული მენტალიტეტის მიმდევართა სხეულზე გაკეთებული ტატუს მიხედვით მისი მფლობელის “პროფესიული რანგისა და კვალიფიკაციის” შესახებ, პრაქტიკულად, ამომწურავი ინფორმაციის გაგება შეიძლებოდა: რამდენჯერ იყო ნასამართლევი, სად იხდიდა სასჯელს, რა “განხრით” სპეციალიზდებოდა, რომელი ადგილი ეკავა დამნაშავეთა სამყაროს იერარქიულ კიბეზე და ა.შ. მათი გავლენით ტუშით შესრულებულმა ლურჯმა სვირინგმა მთელ მოსახლეობაში მოიკიდა ფეხი. მათ შორის ქართველებშიც. ჩვენთან განსაკუთრებით 2 სახის ტატუ იყო პოპულარული: სცენა “ვეფხისტყაოსნიდან”, სადაც ტარიელი ახრჩობს ვეფხვს და წარწერა: “რა დამავიწყებს საყვარელ დედას”.

                                                     ნათია მოციქულაშვილი

დატოვე კომენტარი