ადმირალი ი სუნ შინი და მისი ბრძოლები

სტატია ეხება ადმირალი ი სუნ შინის 1592-1598 წლებში კორეაში შემოჭრილი იაპონელების წინააღმდეგ გამართულ საზღვაო ბრძოლებს. შევეცდები ავხსნა, რატომ მიიჩნევენ ადმირალს კორეის გმირად და რა შედეგები მოიტანა მისმა ბრძოლებმა როგორც ჩოსონისთვის[1], ასევე იაპონიისთვისაც.

ჩოსონის დინასტიის პერიოდი კორეისთვის აღმავლობასთან, სიმშვიდის პერიოდთან და სიახლეებთანაა დაკავშირებული, თუმცა როგორც ამბობენ მშვიდობას არეულობის ტალღაც მოსდევს თან. 1591 წლისთვის, ერთი წლით ადრე იაპონელების შემოსევებამდე, ჩოსონში ურთულესი ვითარება შეიქმნა. პოლიტიკურ მხარეებს შორის სისტემატურმა დაპირისპირებამ ქვეყნის კანონები, მმართველობის და საგადასახადო სისტემა შეასუსტა. არეულობამ მოიცვა მთელი ქვეყანა; პოლიტიკურმა კორუფციამ, რომელიც არალეგალური ადმინისტრაციით იყო გამოწვეული, ხალხი მთავრობის წინააღმდეგ განაწყო. არსებობდა სამხედრო პოლიტიკა, რომლის თანახმადაც ადგილობრივ მოხელეებს არ ჰქონდათ საშუალება ინდივიდუალურად გაეწიათ წინააღმდეგობა უცხოელი დამპყრობლებისთვის, სანამ მეფის კარის მიერ დანიშნული უმაღლესი რანგის გენერალი არ გამოცხადდებოდა ადგილზე არმიასთან ერთად. ეს პოლიტიკა არაეფექტიური იყო, რადგან ახლომდებარე ძალები ვერ ერეოდნენ ბრძოლებში მეთაურის გამოჩენამდე. ასევე, არ არსებობდა მუდმივი არმია და რიგები გაუწვრთნელი ახალწვეულებით ივსებოდა. ამასთანავე, სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში ვერ აფასებდნენ საფრთხეს, რომელსაც ახლად გაერთიანებული იაპონია წარმოადგენდა.

1

კორეა ჩოსეონის დინასტის (1392-1897 ) ეპოქაში.

იაპონიაში ტოიოტომი ჰიდეიოშიმ მოახერხა ფეოდალ ლორდებზე გავლენის მოპოვება და მათი მმართველი გახდა. იგი ელოდებოდა ხელსაყრელ დროს, რათა კონტინენტურ აზიაში გადასულიყო და დაპყრობითი ომები დაეწყო. 1587 წელს ტოიოტომიმ გააგზავნა ტაჩიბანა იასუჰირო, ცუშიმას მმართველი[2], კორეაში, რათა მას ინფორმაცია მოეპოვებინა შიდა ურთიერთობების შესახებ. ჰანსონგში ( სეული ) ჩასულმა ტაჩიბანა იასუჰირომ ჩოსონის მმართველებს უთხრა, რომ ჰიდეიოში მთელ იაპონიას მართავდა და მისი გეგმების შესხებაც უამბო, რაც ჩინეთის დაპყრობას გულისხმობდა და კორეელებს შესთავაზა იაპონიასთან ხელშეკრულება გაეფორმებინათ. თუმცა, მთავრობამ კვლავ უგულებელყო იაპონელების ამბიციები; მომდევნო წელს გამოაგზავნეს იოშიტოშიცუშიმას ახალი მმართველი და გენსო ბუდისტი ბერი კორეის პოლიტიკური სიტუაციის დასადგენად.

1590 წლისთვის კორეის მეფე სონ-ჯომ ( 1567-1608 ) გაგზავნა წარმომადგენლობა იაპონიაში ინფორმაციის მოსაპოვებლად. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჰვანგ იუნ გილი აფრთხილებდა მეფეს, რომ უახლოეს მომავალში იაპონია აუცილებლად შეიჭრებოდა კორეის ნახევარკუნძულზე, თუმცა, მისმა ასისტენტმა  კიმ სონგ-ილმა ჩოსონის მმართველობა დაამშვიდა და ყოველივე ცრუ განგაშად მიიჩნია. ორივე მოხსენება განიხილეს და გადაწყვიტეს  მხარი კიმ სონგ-ილის მოხსენებისთვის დაეჭირათ.

2.jpg

ტოიოტომი ჰიდეიოში ( 1537-1598 )

 

იაპონელების შემოსევა

კორეელებისგან განსხვავებით, 1591 წლის იანვრისთვის ჰიდეიოში მზად იყო კორეის ნახევარკუნძულზე შეჭრისთვის; მან კონტინეტზე შეჭრის გეგმა გააცნო ადგილობრივ მეთაურებს, რომლებსაც მომდევნო წლის მარტისთვის ნაგოიაში[3] უნდა შეეკრიბათ იმდენი გემი და სამხედრო ძალა, რასაც საკუთარი სახსრებით გასწვდებოდნენ. 1592 წლის მარტში ტოიოტომიმ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება კორეის წინააღმდეგ ბრძოლები დაეწყო. მისი არმია შედგებოდა 160,000 ჯარისკაცისა და 9,000 მეზღვაურისგან, რომელიც 9 რაზმად იყო გაყოფილი 700 გემის ბორტზე. 13 აპრილს პირველმა რაზმმა კონიშისა და  იოშიტოშის მეთაურებით, 18,000 მეომარის თანხლებით დატოვა ცუშიმას კუნძული და ბუსანისკენ[4] აიღო გეზი. 10 საათის შემდეგ იაპონელებმა კორეის ნახევარკუნძულს მიაღწიეს და ოპერაცია წამოიწყეს ბუსანის ციხესიმაგრის წინააღმდეგ. კორეული სამხედრო ძალა მეთაური ჯონგ ბალის მეთაურობით მტრის შეჩერებას ცდილობდა, თუმცა განსხვავება მხარეთა სიძლიერეს შორის იმდენად დიდი იყო, რომ ციხეში გამაგრებულ კორეელებს არავითარი შანსი არ ჰქონდათ. მეთაურის სიკვდილის შემდეგ ციხე-სიმაგრე დაეცა. იაპონელებმა იმავე დღეს აიღეს სოფიონგფო და დადეფო; 18 აპრილს მიაღწიეს დონგნემდე და დაიკავეს გიჯანგი და იანგსანი. სხვა რაზმები კი სეულისკენ მიემართებოდნენ და  გზად ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე აიღეს ონიანგი, გიმჰე, გიონგჯუ, ჩანგვონი.

3

იაპონელთა გადასვლა ბუსანში

კომუნიკაციის არარსებობის გამო, ჩოსონის მთავრობამ მხოლოდ 17 აპრილს მიიღო ინფორმაცია იაპონელთა ნახევარკუნძულზე შემოჭრის შესახებ. გიონგსანგ-ჩვასუიონგის მმართველმა ოფიცერმა ბაკ ჰონგმა თავისი პოსტი მიატოვა, როგორც კი იაპონელთა შემოსევის შესახებ გაიგო და სამეფო კარს ეახლა. მიღებული ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა მთავრობისთვის და მინისტრთა კაბინეტმა სასწრაფო ზომები მიიღო. შეიქმნა სამი დამცავი სექტორი, რომლებიც ახალდანიშნულ მეთაურებს ჩააბარეს: ცენტრი (ჯორიონგის რეგიონი), რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტი იყო- გენერალ ი ილს; აღმოსავლეთი (ჯონგნიონგის რეგიონი) სონგ ინგ-გილის და დასავლეთი (ჩუფუნგნიონგის  რეგიონი)- ჯო გიონგს. ამასთანავე, მთავარსარდლად დანიშნეს შინ-რიბი და საველე მეთაურებთან რიუ სონგ-რიონგი გაგზავნეს. თუმცა, 25 აპრილს ი ილი სანგჯუსთან დამარცხდა; 28-ში კი შინ რიბი ჩუნგჯისთან. სიტუაციის ასეთმა განვითარებამ მეფე აიძულა ჩრდილოეთით- იჯუში[5] გაქცეულიყო. მეფის გაქცევის შემდეგ, 3 მაისს იაპონელებმა სეული დაიკავეს, 14 ივნისს კი ფიონგიანგი ( ფხენიანი ).

4

იაპონელების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციები კორეაში 1592 და 1597 წლებში.

ბრძოლის საწყის ფაზაში იაპონელთა საზღვაო ფლოტი კუკი იოშიტაკას, ვაკიზაკა იასუჰარუ, ტოტო ტაკატორას, კატო იოშიაკისა და კურუშიმას მეთაურობით აკონტროლებდნენ ზღვას ცუშიმადან ბუსანამდე. საინტერესოა, რას აკეთებდა ამ დროს კორეული საზღვაო ფლოტი, რომელიც გააგზავნეს სამხრეთით გიონგსანგდოზე[6] და  რომელსაც უნდა შეეჩერებინა ან შეეფერხეებინა მაინც იაპონელების სვლა სამხრეთ-დასავლეთით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, როგორც კი გადოკდოში მყოფმა ჯონ ინგ-რინმა გაიგო იაპონელების შემოჭრის ამბავი, გიონგსანგ-ჩვასუიონგის მმართველ ოფიცერს, ბაკ ჰონგს, უმალვე შეატყობინა სიახლე, ამ უკანასკნელმა კი გიონგსანგ-უსუიონგის მმართველი ვონ გიუნი საქმის კურსში ჩააყენა. თუმცა ორივე მეთაურმა პოსტი მიატოვა და ბრძოლაში ჩაუბმელად გაიქცნენ. მათმა სილაჩრემ კორეელებს ორი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული რეგიონი დააკარგვინა. ვონ გიუნს იულფოს ბაზის  მეთაური ი იონგ-ნამი დაუპირისპირდა და მოსთხოვა დახმარება ჯოლადოზე[7] მყოფი ი სუნ-შინისგან ეთხოვა.

5

ადმირალი ი სუნ შინი ( 154501598 )

 

ამ პერიოდში იაპონელები  ტოტოსა და კატოს მეთაურობით უნგ-ფოსა და გოჯედოს უახლოვდებოდნენ 20-30 გემით. ჩოსონის მთავრობას ერთადერთი იმედიღა რჩებოდა იაპონელთა შესაჩერებლად. ეს იყო ადმირალი ი სუნ-შინი, რომელიც ჩრდილოეთ ჯოლას პროვინციის – ჯოლა-ჯვასუიონგის მმართველად დანიშნეს და 5 საზღვაო ბაზა ჩააბარეს. ჯოლაზე ყოფნისას ადმირალმა შექმნა ახალი ტიპის გემი, რომელიც განსხვავდებოდა ტრადიციული გემებისგან და მას გობუკსონ[8]უწოდა. ი სუნ შინს არასდროს მიუღია საზღვაო განათლება და იგი მხოლოდ მეორე ცდაზე მიიღეს სამხედრო სამსახურში. ამის მიუხედავად, მან მოახერხა თავისი საზღვაო სტრატეგიებით მოეგო ბრძოლები, რომელთა მოგებაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა.

15 აპრილს ადმირალმა ი სუნ შინმა ვონ გიუნისგან ცნობა მიიღო იაპონელების თავდასხმის შესახებ. სუნ შინი დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებდა და მეფის ბრძანების მოლოდინში ვონ გიუნისთვის პასუხის გაცემას აჭიანურებდა. იგი რამდენიმე ფაქტორს ითვალისწინებდა: პირველი –  ადმირალი ჯოლადოზე განლაგებული სამხედრო ფლოტის  მხოლოდ ნახევარს განაგებდა. მეორე – ნებისმიერი ახალი კამპანია ყოველგვარი გემის, წვრთნის და აღჭურვილობის გარეშე გამოიწვევდა დიდ დანაკარგებს, რომელიც მოგვიანებით შეუძლებელს გახდიდა ახალი შეტევის წამოწყებას; მესამე- არსებობდა საფრთხე, რომ იაპონელები ჯოლადოსაც დაესხმებოდნენ თავს და მისი უმთავრესი მოვალეობა ამ რეგიონის დაცვა იყო; მეოთხე – რთული იქნებოდა საზღვაო გზების გაკვლევა, რადგან იგი კარგად არ იცნობდა გიონგსანგდოს მიდამოებს. 26 და 27 აპრილს, იაპონელების შემოჭრიდან ორი კვირის შემდეგ მეფისგან მოქმედების უფლება და ვონ გიუნის დახმარების ბრძანება მიიღო. მეფის ბრძანებაში აღსანიშნავია ერთი ასპექტი: “საგანგებო სიტუაციაში შეგიძლია იმოქმედო ჩვენი ბრძანებების ლოდინის გარეშე”. მეფემ ადმირალს მიანიჭა ძალაუფლება, რომელიც საშუალებას აძლევდა ემოქმედა თავისი პასუხისმგებლობის არეალის გარეთ, რაც იმ პერიოდისთვის უნიკალურ შემთხვევად მიიჩნეოდა.

ადმირალს უკვე შეეძლო საკუთარი შეხედულებისამებრ ემოქმედა. ვონ გიუნისგან მოითხოვა შემდეგი ინფორმაციის მიწოდება:  გიონგსანგდოს საზღვაო გზებსა და ბუნებრივ პირობები; საზღვაო ძალების განლაგება ორივე პროვინციაში; მოწინააღმდეგის გემების რაოდენობა და მათი ადგილმდებარეობა. ამასთანავე, მან ოფიციალური წერილი გაუგზავნა ი ოკ-გის, ჯოლა-უსუიონგის[9]მმართველს, გაერთიანებული ოპერაციის შესახებ. ბაზად იოსუ აირჩიეს; ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ 30 აპრილს ადმირალი შეტევაზე გადასულიყო, თუმცა ნამდეჰოში გაგზავნილი ი ონ-ჰოსგან ცუდი ცნობები მიიღო: ყველა მეთაურმა და ოფიცერმა ქალაქი დატოვა და არავინ იყო ვინც სამხედრო იარაღს დაიცავდა. ადმირალის სამოქმედო გეგმა დაფუძნებული იყო ვარაუდზე, რომ რეგიონი დაცული იქებოდა. ი სუნ შინს ესმოდა, რომ მარტო მოქმედება მხოლოდ 30 სამხედრო გემით საშიში იყო და ასევე დარწმუნებული იყო, რომ გიონგსანგდოზე განლაგებული ყველა მეზღვაური იქ ჩასულს გაქცეული დახვდებოდა, ამიტომ თარიღის გადაწევა მოუხდა. თუმცა, ცნობამ სეულის აღების შესახებ აიძულა მოქმედებები დაეწყო და იაპონელებისთვის ზღვაზე გასასვლელი გადაეკეტა, რათა მათ დამხმარე ძალას ნახევარკუნძულამდე არ მიეღწია.

6

გობუკსონ ანუ „გემი კუ“ კორეაში მე-14 საუკუნიდან გამოიყენებოდა, თუმცა მის მოდიფიკაციასა და გაუმჯობესებაში ი სუნ შინს დიდი წვლილი მიუღძვის.

ოკფოს კამპანია

1592 წლის 4 მაისს ადმირალი ი სუნ შინის გემებმა იოსუს ბაზა დატოვეს და გიონგსანგდოსკენ აიღეს გეზი. ადმირალის განკარგულებაში 85 გემი იყო: 24 საბრძოლო ხომალდი (ფანოკსონი); 15 მცირე ზომის გემი(ჰიონფსონი); დანარჩენი კი უბრალო სათევზაო ნავები. თავისი ხომალდები შემდეგნაირად მოაწყო: წინ მზვერავი გემები მიდიოდნენ, მათ მარჯვენა და მარცხენა მხარეს სხვა გემები ერთ ხაზში იყვნენ ჩამწკრივებულები, შუაში კი ფლაგმანი მიცურავდა. ადმირალს იმედი ჰქონდა, რომ პირველი შეიტყობდა იაპონელების ადგილსამყოფელს და ამის მიხედვით იმოქმედებდა. 5 მაისს იგი დანგფოსკენ გააემართა, ეს ადგილი ახლოს იყო ჰანსადოსთან და აქ უნდა შეხვედროდა ვონ გიუნს, გიონგსანგ-უსუიონგის მეთაურს. ადგილზე ჩასულს მეთაური იქ არ დახვდა და ი სუნ შინი დილემის წინაშე აღმოჩნდა: არ იცოდა გაეგზავნა პატარა ნავები ვონ გიუნის მოსაძებნად, თუ მარტო გაეგრძელებინა გზა. ჰანსადოში ერთი დღე დაჰყო და საბედნიეროდ მეორე დღესვე შეხვდა ვონ გიუნს, რომელმაც თავისი მეზღვაურები სუნ-შინის ძალებს შეუერთა და  გაერთიანებული ძალებით ისინი გოჯედოს სამხრეთისკენ დაიძრნენ. კორეულ ხომალდებს წინ კვლავ მზვერავი ნავები მიუძღვებოდნენ. მეორე დღისთვის, როცა ადმირალის ფლოტი ოკფოს უახლოვდებოდა მზვერავი გემიდან ფლაგმანზე სპეციალური საკომუნიკაციო ისარი-  სინგიჯონიგააგზავნეს, რომელიც იუწყებოდა, რომ პორტში იაპონელთა ხომალდები იყვნენ გაჩერებულნი.

ამა დროს იაპონელი მეთაური ტოტო თავისი 30 ხომალდისგან შემდგარი ფლოტით ოკფოს პორტში ისვენებდა. როცა პორტში კორეული გემები გამოჩნდნენ იაპონელები პანიკასა და დაბნეულობაში სწრაფად დაუბრუნდნენ ხომალდებს და გაქცევა სცადეს. ი სუნ შინის მეზღვაურებმა  მოწინააღმდეგეს აღმოსავლეთ და დასავლეთ გასასვლელები გადაუკეტეს და ზღვაში გამოსულ 6 ხომალდს ცეცხლი გაუხსნეს. იაპონელებს თავის დაცვა მოუხდათ, თუმცა კორეელების მოულოდნელმა შეტევამ გაამართლა და 6-ვე ხომალდი ჩაიძირა. ბრძოლის შედეგად ტოტომ 26 ხომალდი დაკარგა; მისი ხალხის უმრავლესობა დაიღუპა, ზოგმა კი გაქცევით უშველა თავს.

 

 

7

ოკფოს ბრძოლა

ეს იყო ი სუნ შინის პირველი რეალური ბრძოლა და პირველი გამარჯვება. კორეელების მხრიდან მხოლოდ 3 მეომარი დაშავდა, რამაც მებრძოლებში მომდევნო ბრძოლებისადმი შიში შეამცირა. მიუხედავად გამარჯვებისა, ადმირალს საზეიმო დრო არ ჰქონდა; იგი აანალიზებდა, რომ საჭირო იყო ფხიზლად ყოფნა და მომდევნო ბრძოლებისთვის მზადება. მან სადაზვერვო ნავები გაგზავნა პორტისგან მოშორებით, რათა მოწინააღმდეგის გამოჩენისთვის მზად ყოფილიყვნენ. თავად კი ოკფო დატოვა და გოჯედოს ჩრდილოეთით გადაინაცვლა. გზად შეატყობინეს, რომ მოწინააღმდეგის 5 ხომალდი შეამჩნიეს და ადმირალიც სწრაფ შეტევაზე გადავიდა. ჰაფფოში მასანის ნავსადგურის შესასვლელთან კორეელებმა ადვილად დაამარცხეს ხუთივე ხომალდი.

მეორე დღეს ადმირალი გორირიანგისკენ დაიძრა; გზად ჯოკჯინფოს ნავსადგურში 13 მოწინააღმდეგის ხომალდი აღმოაჩინეს და 11 მათგანი ჩაძირეს. იაპონელი მეზღვაურები ბორტზე არ იმყოფებოდნენ და კორეელების გამოჩენისთანავე ბრძოლის დაწყების ნაცვლად, მთებში გაიქცნენ. ამ პერიოდისთვის მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ი სუნ შინი ვარაუდობდა, რომ იაპონელთა მთავარი ძალა გადოკდოს მახლობლად უნდა ყოფილიყო დაბანაკებული. ადმირალი ხელსაყრელ დროს ელოდა თავდასხმის წამოსაწყებად, თუმცა შეატყობინეს,  რომ  მეფემ სეული დატოვა და დასავლეთით გაიქცა. ამ ინფორმაციამ მას იოსუს ბაზაზე დაბრუნება აიძულა, რათა მიეღო დეტალური ინფორმაცია მეფისგან. მისი შემდეგი ნაბიჯი სწორედ მეფის წერილზე იყო დამოკიდებული: გააგრძელებდა ადმირალი შეტევას, თუ მეფის დასაცავად ჩრდილოეთით ყვითელი ზღვისკენ დაიძრებოდა.

9 მაისს იგი იოსუში დაბრუნდა არაჩვეულებრივი გამარჯვების შემდეგ: მოწინააღმდეგის განადგურებული 42 ხომალდი და 600 მეტი ტომარა ბრინჯის მარაგი. ისტორიაში ოკფოს, ჰაფფოსა და ჯოკინფოს ბრძოლებს ‘ოკფოს საზღვაო კამპანიის’ სახელითაა ცნობილი. ამ გამარჯვებებით მოხერხდა იაპონელთა დასავლეთით გადაადგილების შეჩერება; კორეამ დაიბრუნა ზღვაზე გავლენა, რაც თავის მხრივ აფერხებდა იაპონელთა შორის კომუნიკაციას. ამასთანავე კორეელების გამარჯვების ამბავი მთელ ნახევარ კუნძულზე სწრაფად გავრცელდა, რამაც გამბედაობა შემატა კორეულ სახმელეთო ჯარებს.

დანგფოს კამპანია

ხმელეთზე მოპოვებული გამარჯვებებით გამხნევებული იაპონური ფლოტი სამხრეთ სანაპიროს კუნძულებს ნელ-ნელა იპყრობდა და  ჯოლადოსკენ მიიწევდა. იაპონელთა შესახებ ინფორმაცია ვონ გიუნმა ჯოლა-ჯვანსუიონს გადასცა. 3 ივნისს ი სუნ შინი ჯოლა-უსუსას[10] ი ოკ-გისთან ერთად გაერთიანებული ფლოტით აპირებდა ზღვაში გასვლას, თუმცა 27 მაისს მან ვონ გიუნისგან წერილი მიიღო, რომელიც ატყობინებდა, რომ მოწინააღმდეგეების გემებმა დაიპყრეს საჩონი და გონიოანგი. ადმირალს გეგმის შეცვლა მოუხდა და სწრაფ შეტევაზე დაიწყო ფიქრი, ი ოკ-გის კი სთხოვა სასწრაფოდ დასწეოდა მის ხომალდებს.

29 მაისს იოსუს ბაზა დატოვეს დაგობუკსონის მეთაურობით. 23 ხომალდი ნორიანგისკენ მიემართებოდა. ვონ გიუნმა გამოაგზავნა 3 ხომალდი, რომელმაც მოწინააღმდეგეზე ინფორმაცია მოიტანა. იაპონელთა ხომალდები საჩონში იმყოფებოდნენ, არც ისე შორს ჰადონგის ნორიანგიდან. ადგილმდებარეობა იაპონელებს დიდ უპირატესობას ანიჭებდა შეტევის წამოწყებასა და თავდაცვაშიც, რადგან სამი მხრიდან გარშემორტყმულნი იყვნენ მთებით. 400-მდე მეომარი სანაპიროზე იყო ერთ ხაზში ჩამწკრივებული, პორტში 20 დიდი სამხედრო ხომალდი იდგა, მთებში კი დროშები იყო გადმოკიდებული და მეომრები მთებიდან დასცქეროდნენ ნავსადგურისკენ მიმავალ კორეულ ფლოტს. ბუნებრივი პირობები ადმირალის წინააღმდეგ მოქმედებდა, ამიტომ ბრძანა სადაზვერვო გემების გაგზავნა, რომლებსაც იაპონელები უნდა გამოეტყუებინათ.  იაპონელები დარწმუნებული იყვნენ თავის სამხედრო ძალაში, ამიტომ დიდი შანსი იყო, რომ უკან დახეულ კორეელებს დაედევნებოდნენ. სწორედ ამის იმედი ჰქონდა სუნ-შინსაც და იმედიც გაუმართლდა. როგორც კი იაპონელებმა უკან დახეული სამხედრო ფლოტი დაინახეს მთებიდან ორასმადე მეომარი ნავსადგურისკენ გაემართა, 100-მდე მებრძოლმა კი მთიდან დაიწყო თავდასხმა. იაპონელებს სურდათ ამ ქცევით თავისი მეომრები გაემხნევებინათ და მოწინააღმდეგისათვის თავისი სიძლიერე დაემტკიცებინათ.

იაპონელთა ხომალდები ი სუნ შინის ფლოტს დაედევნა, თუმცა ზღვის მოქცევა პორტში ხელს უშლიდა დიდ გემებს მანევრირებაში. ადმირალმაც ეს მომენტი გამოიყენა და გობუკსონებმა პირველი შეტევა მიიტანეს მოწინააღმდეგეზე. იაპონელები სამი მხრიდან უტევდნენ ი სუნ შინის ჯარებს. ისინი თავიან კონტრ-შეტევას არ წყვეტდნენ, თუმცა მათ რიგებში მეომრების რიცხვი ნელ-ნელა მცირდებოდა. ადმირალის მეთაურობის ქვეშ მყოფმა ოფიცრებმა გვონ ჯუნმა, ი იონგ-ნამმა და ჯონგ უნმა მოახერხეს მოწინააღმდეგის 12 გემის განადგურება. ამის მიუხედავად  დანაკარგი ორივე მხარეს ძალიან დიდი იყო. იარაღით ბრძოლის შედეგად უამრავი მეომარი დაშავდა, თავად ადმირალი დაიჭრა მხარში, თუმცა ერთი წუთითაც არ მოუტოვებია თავისი პოსტი, რადგან არ სურდა  თავისი მეომრებისთვის სისუსტე ეჩვენებინა.

8

საჩონის ბრძოლა

საღამოს ი-ს ფლოტი მოჯარანგფოში დაბანაკდა და მეორე დღესვე, 1 ივნისს სარიანგისკენ გაემართა. 2 ივნისს შეტყობინება მიიღო, რომ დანგფოს სანაპიროზე მოწინააღმდეგეთა გემები იდგნენ. შეყოვნების გარეშე ზღვაში გასვლის ბრძანება გასცა და 10 საათისთვის უკვე დანგფოდან 10 მილის მოშორებით იმყოფებოდა. დანგფოზე სამასამდე იაპონელი მეომარი იმყოფებოდა რომელთა უმრავლესობაც სოფლების მოსახლეობას აწიოკებდა: მათ სახლებს ცეცხლს უკიდებდა, მარაგს იტაცებდა, დანარჩენი მეომრები კი 21 ხომალდის ბორტზე ელოდებოდნენ მეთაურის ბრძანებას. ერთ-ერთ დიდ ხომალდზე წითელტილოგადაფარებული მაღალი კოშკი იდგა, რომლის 4 მხარეს ყვითლად ჩინური სიმბოლოები ამშვენებდა; მის წინ იდგა მზისგან დამცავი ქოლგა, რომლის ქვეშაც მეთაური კურუშიმა იდგა და ყოველგვარი შეშფოთებისა და აღელვების გარეშე თავის მეზღვაურებს ბრძანებებს აძლევდა.

ი სუნ შინმა საგუშაგო გემები განათავსა პორტიდან მოშორებით, რათა მოულოდნელი თავდასხმისგან დაეცვა თავი და ბრძანება გასცა მთავარ ძალებს შეტევა დაეწყოთ გობუკსონების მეთაურობით. პირველი შეტევის შემდეგ ნუსონი, კოშკიანი გემი სწრაფად ჩაიძირა. მოულოდნელი თვდასხმის მიუხედავად იაპონელებს კონტრშეტევა არ დაუგვიანიათ. ისინი გამალებით იცავდნენ თავს, თუმცა კუს ხომალდების წინააღმდეგ, რომელიც აქამდე არავის ენახა, თავდაცვა შეუძლებელი აღმოჩნდა. ნუსონის დამარცხების შემდეგ იაპონელთა რიგებში დაბნეულობამ და გაურკვევლობამ იმატა. იაპონელთა მეთაური, რომელიც მამაცურად იჯდა თავისი კოშკის ქვეშ და რომელსაც არ ანაღვლებდა თავისი მეომრების ბედი, საბოლოოდ ადმირალის  ერთ-ერთი ოფიცერის ისარმა მოკლა. ორმა ოფიცერმა- კიმ ვანმა და ჯინ მუ-სონგმა კიკურუშიმას თავი მოაჭრეს, სანამ ის ზღავაში გადავარდებოდა. კორეელებმა მეზღვაურებმა ხომალდების სწრაფი მანევრირებით მოახერხეს მოწინააღმდეგის 21-ვე ხომალდის განადგურება, ადმირალმა თავისი ფლოტით კი  ჩანგშინდოში გაათია ღამე

9

 

ნუსონი- კოშკებიანი გემი

მეორე დღეს ადმირალმა ხალხი გაგზავნა მიმდებარე კუნძულების შესამოწმებლად, რათა წინა ღამით გაქცეული იაპონელების ამბავი გაეგო. მთელი დღის ძებნამ ვერაფერი შედეგი მოიტანა და ამჯერად გოდუნფოში მოუხდათ დარჩენა, რომელიც არც ისე შორს იყო დონგფოსგან. მეორე დილით ისინი დოგნფოსკენ დაიძრნენ. ადმირალმა წინ სადაზვერვო გემები გაუშვა, რამდენიმე საათში კი გამოჩნდა კაცი, რომელიც ადმირალ ისთან შეხვედრას ითხოვდა. ეს იყო მეომარი განგ თაკი, რომელმაც იაპონელების შემოსევების დროს მთებს შეაფარა თავი. მან ადმირალს მოახსენა, რომ იაპონელებმა განგფოდან გოჯედოსკენ გადაინაცვლეს. სუნ-შინმა თავისი ხალხი შეკრიბა და გეგმაც გააცნო. უკვე ზღავში გასვლას აპირებდნენ, როცა დასავლეთით მეთაური ი ოკ-გის 25 ხომალდი გამოჩნდა. ბრძოლისგან დაღლილ კორეელ მეზღვაურებში კვლავ ბრძოლის სურვილმა გაიღვიძა. დამხმარე ძალასთან ერთად ახლა 51  ხომალდით დაუპირისპირდებოდნენ იაპონელებს. მზის ჩასვლის შემდეგ ადმირალმა მეომრებს უბრძანა ჩანგნიანგისკენ აეღოთ კურსი, შემდეგ დღეს კი გოჯესკენ გაემართნენ. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო კორეის ისტორიაში. პირველად, გაერთიანებული ფლოტი ერთი მეთაურის ი სუნ შინის ბრძანების ქვეშ მიცურავდა. გოჯესკენ მიმავალთ გზად ნავი შემოხვდა, რომელზეც კიმ მო და 6 ან 7 მეზღვაური იყო. მათი ინფორმაციის მიხევდით იაპონელთა ფლოტი გოჯედან დანგჰანგფოზე გადავიდა. ფლოტმა კურსი ამჯერად დანგჰანგფოსკენ აიღო. როცა პორტს უახლოვდებოდნენ ი სუნ-შინმა ციხე-სიმაგრის ირგვლივ სამხედრო ბანაკი შეამჩნია დაახლოებით 1000-ზე მეტი ცხენებზე ამხედრებული შეიარაღებული მეომარი. თუმცა მისდა საბედნიეროდ მოწინააღმდეგის მაგივრად გიონგსანგის პროვინციის ნაწილის- ჰამანის სამხედრო რაზმის მეთაური- იუ სუნგ ინი დახვდა, რომელსაც მაცნე გაუგზავნა და სთხოვა ინფორმაცია მიეწოდებინა პორტის შესახებ, რათა მის ხომალდებს ადვილად შესძლებოდათ მანევრირება. ინფორმაციის მიღების შემდეგ სამი საბრძოლო ხომალდი გაგზავნა, რათა მათ შეესწავლათ გარემო და უბრძანა მტრის აღმოჩენის შემთხვევაში ისინი გარეთ გამოეტყუებინათ. ამის შემდეგ ადმირალმა თავისი დარჩენილი ხომალდები ორ ჯგუფად გაყო და ვიწრო გამოსასვლელის ორივე მხარეს გაამწესა, რათა მოწინააღმდეგეს თავს დასხმოდნენ, როგორც კი ისინი პორტს დატოვებდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ სამივე სადაზვერვო გემი უკან დაბრუნდა, მათ უკან კი მოწინააღმდეგის ხომალდები მოჰყვებოდნენ. ი სუნ შინის მეთაურობით ხომალდები სწრაფად გადაადგილდებოდნენ. ორ-ორი ხომალდი კვლავ პორტის გამოსასვლელში ელოდებოდა ბრძოლის შედეგად შესაძლო გამოქცეულ მტერს და ასევე შესაძლო იაპონელთა დამხმარე ფლოტის გამოჩენას ადევნებდა თვალყურს. ერთ ხაზში ჩამწკრივებული დანარჩენი ხომალდები კი პორტისკენ მიემართებოდნენ ბრძოლის დასაწყებად. ნავსადგურში შესულმა ი სუნ შინმა აღმოაჩინა, რომ იაპონელთა ყველა ხომალდი შავი ფერის იყო. 26 ხომალდი – 9 დიდი; 4-საშუალო და 13 პატარა.

შეტევა იაპონელებმა წამოიწყეს. დიდი ხომალდებიდან ყუმბარების სროლა დაიწყეს მათკენ მიმავალი ფლოტის მიმართულებით. კორეელებმაც ცეცხლი გახსნენს და ცეცხლმოკიდებულ ისრებსაც ესროდნენ მოწინააღმდეგეს, რამაც 4 იაპონური ხომალდის ბორტზე ცეცხლი გააჩინა. კუს ხომალდები ისევ პირველები გადადიოდნენ შეტევაზე, მათ უკან კი სხვა ხომალდები მოჰყვებოდათ. მალე 70-მდე ხომალდი ჩაერთო ბრძოლაში. ადმირალი ხვდებოდა, რომ როგორც კი იაპონელები დამარცხებას იგრძნობდნენ უკან დაიხევდნენ და კვლავ მთებში გაიქცეოდნენ. სწორედ, ამიტომ თავის მეზღვაურებს უბრძანა იაპონელებისთვის ნაპირზე გადასვლის უფლება არ მიეცათ და ყველა ხომალდს უბრძანა უკანდახევის ტაქტიკისთვის მიემართათ, რადგან მოწინააღმდეგის ჯარები კვლავ ერთად შეკრებილიყო და შემდეგ ორი მხრიდან შეეტიათ მათთვის. ბრძანების თანახმად ყველა ხომალდი კლდეებს უკან დაიმალა და ნავსადგურიდან გასასვლელი გზა გაუხსნა დაბნეულ იაპონელებს. როგორც მოსალოდნელი იყო იაპონური ფლოტი გასასვლელისკენ დაიძრა. ნუსონი ცენტრში მიცურავდა საშუალო და მცირე ზომის ხომალდები კი მას იცავდნენ ორივე მხრიდან, ჩიტის ფრთების მსგავსად. ადმირალი ი შესაფერის დროს ელოდა და როცა გემები გასასვლელთან უკვე ახლოს იყვნენ  კორეულმა ფლოტმა მათ ორივე მხრიდან შეუტია. მოულოდნელი თავდასხმისთვის იაპონური ხომალდები მზად არ იყვნენ. მეთაური, რომელიც ნუსონში (ჩინგგაკსონ) ამაყად იჯდა ერთ-ერთმა კორეელის ისარმა მოკლა. მეთაურის სიკვდილის შემდეგ ყველა გადარჩენაზე ფიქრობდა და სხვადასხვა მიმართულებით დაიფანტნენ, თუმცა კორეელები მათ დაედევნენ და 43 კაცი მოკლეს. ყველა იაპონური ხომალდი დაწვეს ან ჩაძირეს და მხოლოდ ერთი დატოვეს. ი სუნ შინი ფიქრობდა, რომ გაქცეული იაპონელები, როცა გადარჩენილ ხომალდის ამბავს შეიტყობდნენ აუცილებლად შეეცდებოდნენ ამ ხომალდით გაქცევას. თუ ისინი ასე მოიქცეოდნენ, კორეელები მათ ადვილად მოუღებდნენ ბოლოს. ღამით თავის ხომალდებს უბრძანა მოშორებოდნენ ნავსადგურს ორი მიზეზის გამო: სურდა მის მეომრებს დაესვენათ და ასევე ოპერაციის გამო. გამთენიისას კორეელებმა მათ მიერ დატოვებული იაპონური ხომალდი შეამჩნიეს, რომელზეც გაქცეული გადარჩენილები იმყოფებოდნენ. იმ მომენტში  მეომრები აღფრთოვანებულები იყვნენ თავიანთი ადმირალის შესაძლებლობებით. გემები, რომელებიც იაპონელთა გამოჩენას ელოდნენ სასწრაფოდ გამოვიდნენ სამალავიდან და მოულოდნელი შეტევა წამოიწყეს. იაპონელებს წინააღმდეგობა არც კი გაუწევიათ, ოთხი მხირდან გარშემორტყმული ხომალდი მალევე დამარცხდა, ბორტზე მყოფი მეზღვაურები კი დაიღუპნენ.

11

გემი კუ კოშკიანი გემის წინააღმდეგ

6 ივნისს კორეელთა ფლოტი კვლავ ზღვაში გავიდა, რათა მიმდებარე კუნძულებზე მოწინააღმდეგის ხომალდები აღმოეჩინათ. ი სუნ შინს სჯეროდა, რომ ვინც პირველი იპოვიდა მტერს იგი მოიგებდა საზღვაო ბრძოლას. სწორედ ამიტომ წინ სადაზვერვო ხომალდები გაგზავნეს, მათ უკან კი მთავარი ძალა მიდიოდა, რომელიც მზად იყო ნებისმიერ ბრძანებაზე შეტევაზე გადასულიყო. სწორედ ამ დროს ი ჯონმა, ერთ-ერთი სადაზვერვო გემის კაპიტანმა და მისმა მეზღვაურმა ო სო-მ გადოკოს კუნძულიდან ინფორმაცია მოიტანეს იაპონელთა ნავსადგურში ყოფნის შესახებ. ჭკვიანი ადმირალი ხვდებოდა, რომ არსებობდა შესაძლებლობა სხვა იაპონური გემებიც ახლო-მახლო ყოფილიყვნენ გაჩერებულები. ყოველგვარი დაყოვნების გარეშე თავისი ფლოტი იონგდინგფოსკენ დაძრა, სადაც როგორც მოელოდა 7 მოწინააღმდეგის ხომალდი აღმოაჩინა; 5 დიდი და ორი პატარა გემი. იაპონელები ბრძოლის მაგივრად გაიქცნენ. ი მონგ გუმ და სხვა ოფიცრებმა, რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ გაქცეულ ხომალდებთან, შეტევა წამოიწყეს. ზოგიერთი ხომალდი ხელთ ჩაიგდეს, ზოგიერთი ბრძოლისას განადგურდა დანარჩენი კი დაწვეს. ბორტზე მყოფი ყველა იაპონელი კი სიცოცხლეს გამოასალმეს. კორეელებმა მარტივი გამარჯვება მოიპოვეს, მთელი დღის განმავლობაში კი კუნძულ გადოკისა და მორუნდეს მახლობლად ეძებდნენ მტერს, თუმცა უშედეგოდ. შებინდებისას კი გოჯედოს ონჩონნიანგის სონგჯინფოში გაჩერდნენ და შემდეგ  უნგფოსკენ აიღეს კურსი. პატარა ხომალდები კი ჩონსონგში, ანგოლფოში, ჯეფოსა და სხვა კუნძულებზე გაგზავნეს ძებნის გასაგრძელებლად. ადმირალი ხვდებოდა, რომ ეს უშედეგო სამძებრო ოპერაციები არავითარი შედეგის მომტანი არ იყო. დანგფოში ვონ გიუნთან და ი ოკ-გისთან კონსულტაციის შედეგად გადაწყვიტეს ადმირალის ფლოტი კვლავ ბაზაზე დაბრუნებულიყო, რათა დაესვენათ და მარაგით შეევსოთ ხომალდები. ბაზაზე ადმირალი გამარჯვებული დაბრუნდა – 72 იაპონური ხომალდი გაანადგურა, კორეელთა რიგებიდან 13 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაიჭრა.

12

პანოკსეონი- კორეელთა ფლოტის მთავარი სამხედრო გემი ჩოსეონის ეპოქაში

ზღვის დაცვასთან ერთად იგი ნახევარკუნძულზე მიმდინარე მოვლენებსაც დიდ ყურადღებას უთმობდა, ამიტომ ასეთ ხრიკს მიმართა; 14 ივნისს სპეციალური შეტყობინება გააგზავნა სეულში, რომელიც მცდარ ანგარიშს შეიცავდა და თავის მაცნეებს თხოვა სპეციალურად დაეტოვებინათ შეტყობინება ხელმისაწვდომ ადგილზე სეულში, რათა იაპონელთა სამხედროებს შეძლებოდათ მისი წაკითხვა. წერილი იუწყებოდა: ” ი სუნ შინი გენერალ სონ გო-ისთან ერთად იწყებს პირდაპირ შეტევას იაპონიის ტერიტორიაზე ათასობით საბრძოლო ხომალდით”. ადმირალი იმედოვნებდა, რომ იაპონელები მცდარი ანგრაიშის აღმოჩენის შედეგად ზღვაში გავიდოდნენ თავისი სამშობლოს დასაცავად, სადაც ი სუნ შინის ფლოტი ადვილად მოახერხებდა მათ დამარცხებას. დანგფოს საზღვაო კამპანიის შემდეგ ი სუნ შინს ახალი რანგი მიანიჭეს.

ჰანსანდოს კამპანია

კორეელების გამარჯვებებმა და მთავარი ფლოტის დამარცხებამ, რომელსაც ტოტო და კურუშიმა ხელმძღვანელობდნენ იაპონელები შეაშფოთა. ადმირალები ვაკიზაკა, კუკი, კატო და სხვები, რომელბიც სამხედრო შენაერთებს ხელმძღვანელობდნენ მალევე დაუბრუნდნენ უნგფოს, ბუსანს და სხვა კუნძულებს, რათა შეეკრიბათ თავისი ფლოტი და ახალი აღჭურვილობით შური ეძიათ მარცხისათვის. ამავე დროს იაპონიაში ჰიდეიოში კმაყოფილი იყო თავისი მეომრების ხმელეთზე მიღწეული გამარჯვებებით, თუმცა ძალიან გაბრაზდა, როცა ზღვაზე განცდილი მარცხის ამბავი შეიტყო. მასაც ადმირალის მსგავსად მიაჩნდა, რომ ზღვაზე კონტროლის მოპოვება გამარჯვების უმთავრესი პირობა იყო. სწორედ ამიტომ ვაკიზაკას მეთაურობით დიდი საზღვაო ფლოტის შეკრება და ადმირალი ი-ს დამარცხება ბრძანა.

ი სუნ შინი სისტემატიურად იღებდა ინფორმაციას იაპონელთა გადაადგილების შესახებ. როგორც კი მესამე კამპანიის დაწყება განიზრახა, ჯოლადოს უსუსას ი ოკ-გის უბრძანა, რომ უსუიონგისა და ჯვასუიონგის ფლოტები გაერთიანებული ძალებით გადასულიყვნენ შეტევაზე და 4 ივლისს იუსუში შეკრებილიყვნენ, შემდეგ დღეს კი 48 ან 49 ხომალდი გაემართა გიონგსანგდოსკენ. მათი ფორმაცია ისეთივე იყო, როგორც მეორე კამპანიის დროს; გზად კი მათ ნაჰეს ნორიანგთან ვონ გიუნის 7 ხომალდიც შეუერთდა. საღამოსთვის დანგფოს მიაღწიეს, სადაც ადგილობრივი ბიჭისგან სახელად კიმ ჩონ-სონისგან ადმირალმა ახალი ინფორმაცია მიიღო. ჩონ სონმა შეატყობინა, რომ იმ დღეს დილით 70-მდე იაპონურმა ხომალდმა დატოვა იონგდინგფო, გაცდა გოჯედოს და მივიდა გიონნერიანგში.

           13

ჰაგიკჯინის- წეროს ფრთის რკალისებრი ფორმაცია

როცა  კორეული ხომალდები  გიონნერიანგში პორტს მიუახლოვდნენ, ადმირალმა ორი იაპონური სადაზვერვო გემი შენიშნა, რომელიც მალევე გაუჩინარდა. ი სუნ შინმა ივარაუდა, რომ იაპონელებმა ისინი შეამჩნიეს და სასწრაფოდ დაიწყო ნავსადგურის მიდამოების შესწავლა. როგორც აღმოჩნდა იაპონელებს 73 ხომალდი ჰყავდათ და პორტში იმდენად წვრილი ადგილი იყო, რომ მისი მეზღვაურები ნორმალურად მანევრირებასაც ვერ მოახერხებდნენ.  ი სუნ შინის გეგმა შემდეგში მდგომარეობდა- სურდა იაპონელები ჰანსანდომდე გამოეტყუებინა და იქ გაენადგურებინა ისინი. ჰანსანდო გოჯესა და გოსონგის კუნძულებს შორის მდებარეობდა და აქედან ისინი ვერსად მოახერხებდნენ გაქცევას და თუ ხმელეთზე გაიქცეოდნენ,  მაშინ შიმშილით დაიხოცებოდნენ. მას შემდეგ, რაც თავისი მთავარი ფლოტი ჰანსანდოსკენ გადაიყვანა, 5 ან 6 საბრძოლო ხომალდი აარჩია და მათ უბრძანა დადევნებოდნენ ორ პორტში დაბრუნებულ გემს და მოწინააღმდეგის ხომალდები გამოეტყუებინათ. როცა კორეული ხომალდები იაპონელებმა შეამჩნიეს ადმირალის მოლოდინისამებრ შეტევაზე გადავიდნენ. კორეელები სუნ შინის სტრატეეგიის თანახმად უკან იხევდნენ. ადმირალმა მათ უბრძანა ყურადღება მიექციათ ხომალდების სიჩქარისთვის, რადგან მისი ბრძანების შედეგად მათ მობრუნება და თავდასხმა მოუწევდათ. ხოლო იაპონელები, რომლებმაც არაფერი იცოდნენ  ი-ს გეგმაზე, მთელი სისწრაფით უკან მისდევდნენ კორეულ ხომალდებს. როცა ორივე მხარე ჰანსანდოს მიუახლოვდა ადმირალმა ი-მ  ბრძანება გასცა ხომალდები ჰაგიკჯინის[11] ფორმაციით თავს დასხმოდნენ მოწინააღმდეგეს. იაპონელთა ფლოტი 73 ახალი სტილის ხომალდისგან შედგებოდა, მაშინ როცა კორეელებს 50 ძველი ხომალდი ჰყავდათ. ეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი: თუ ადმირალი დამარცხდებოდა, მასთან ერთად განადგურდებოდა მთელი კორეული ფლოტი და ჰიდეიოშის ოცნება დაეპყრო ჩინეთი ადვილი მისაღწევი იქნებოდა.

იაპონელები არ ელოდებოდნენ კორეელებისგან ძლიერ თავდასხმას, თუმცა როგორც კი ბრძოლა დაიწყო მათი სამი ხომალდი ჩაიძირა, რამაც ძალიან დააბნია მეზღვაურები. თუ იაპონელები უკან დახევას დაიწყებდნენ, ყველაფერი ადმირალის გეგმის საწინააღმდეგოდ წავიდოდა. როგორც კი იაპონელებმა უკან დახევა დაიწყეს, ი სუნ შინმა ბრძანება გასცა შეტევა ფლაგმანებსა და დიდ ხომალდებზე მიეტანათ. ბრძოლის დასაწყისიდანვე გამხნევებული ადმირალის მეზღვაურები უკან დახევას არ აპირებდნენ. მათ შორის მამაცმა მეზღვაურმა გვონ ჯონმა ერთ-ერთი ნუსონი ჩაიგდო ხელთ, მას შემდეგ რაც მისი მეთაური და ხალხი მოკლა. ამასთანავე ბორტზე დატყვევბული კორეელებიც გადაარჩინა. მეთაურების სიკვდილმა შიში დანერგა იაპონელ მეზღვაურებში. მათთვის არავითარი იმედი არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს 14 ხომალდი, რომელსაც ვაკიზაკა ედგა სათავეში შორიდან აკვირდებოდა თავისი თანამემამულეების გასაჭირს, თუმცა მათ დასახმარებლად არაფერი მოიმოქმედეს და გიმჰესკენ გაიქცნენ.

14

ჰანსანდოს ბრძოლა და ჰაგიკჯინის ფორმაცია

ადმირალ ის სურდა დადევნებოდა გიმჰესკენ გაქცეულ 14 ხომალდს, თუმცა მისი მეზღვაურები მთელი დღის ბრძოლის შემდეგ დაღლილები იყვნენ და დასვენებას საჭიროებდნენ, ამიტომ გიონნერიანგისკენ გაემართნენ 12 შეპყრობილი იაპონური ხომალდით. ბრძოლის შემდეგ 73 ხომალდიდან 47 განადგურდა, 12 კი შეიპყრეს.

მეორე დღეს, როცა კორეელები გაქცეული იაპონელების გზას გაუყვნენ, ახალი იაპონური ფლოტი კუკისა და კატოს მეთაურობით გოდეკოს გასასვლეში მიცურავდნენ ბუსანიდან ანგოლფოში. იაპონური და კორეული ხომალდები ერთმანეთს უახლოვდებოდნენ, თუმცა არცერთმა არ იცოდა ამის შესახებ. თუმცა ადმირალმა ინფორმაცია კვლავ მოწინააღმდეგეზე ადრე მიიღო, თავისი ფლოტი  ონჩონნიანგში დააბანაკა, სადაც ადმირალი ი ოკ-გისა და ვონ გიუნთან ერთად მომავალი დღის სტრატეგიაზე შეთანხმდა:

  1. ადმირალი ი თავად შევიდოდა პორტში ჰაგიკჯინის ფორმაციით
  2. ი ოკ-გი მოშორებით დაიმალებოდა და გამოქცეულ მოწინააღმდეგეს ჩაუსაფრდებოდა. მაშინ როცა ადმირალი ნავსადგურში ბრძოლას დაიწყებდა, ი ოკ-გი მას დაეხმარებოდა და მხოლოდ რამდენიმე ხომალდს დატოვებდა ჩასაფრებულს.
  3. ვონ გიუნი ადმირალს უკან გაჰყვებოდა, მაგრამ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში შეუერთდებოდა ბრძოლას.

ძალიან სახიფათო იყო ინფორმაციის გარეშე იაპონელებზე თავდასხმა, ამიტომ გამოიყენეს რამდენიმე გემი, რათა გამოტყუების ოპერაცია წამოეწყოთ. ადმირალი ი სუნ შინი კი პორტის შესასვლელისკენ მიიწევდა, რათა იაპონელთა ქმედებები დაეზვერა. პორტში 42 ხომალი იდგა. აქედან სამსართულიანი ნუსონი, რომელიც ფლაგმანი იყო და ორსართულიან ნუსონები, რომლებიც ზღვაში იყვნენ გამოსული. სხვა ხომალდები სამ ჯგუფად იყო გაყოფილი და ნავსადგურში ჩამწკრივებული. ამასთანავე ანგოლფოს პორტი ვიწრო და მცირე ზომის იყო, ახლოს მისული დიდი ხომალდები იქ სურვილისამებრ მოძრაობას ვერ შეძლებდნენ. ადმირალს სურდა კვლავ გამოტყუების ხერხისთვის მიემართა, თუმცა ამჯერად არაფერი გამოუვიდა. ამიტომ 10 ივლისს ადმირალმა თავის ხალხს უბრძანა ახლოს მისულიყვნენ და სასროლი მანძილიდან ცეცხლი გაეხსნათ იაპონელთა მიმართულებით. ი ოკ-გის ხომალდებიც შეუერთდა ადმირალს. დღის ბოლოს, როცა ყველა დიდი ხომალდი და ფლაგმანი გაანადგურეს, მეთაურები კუკი და კატო გადარჩენილ მებრძოლებთან ერთად მთებში გაიქცნენ. ამ პერიოდისთვის ბუსანამდე ზღვას მთლიანად ი სუნ შინი აკონტროლებდა. კორეელებმა ანგოლფოს ბრძოლაში 19 მეზღვაური დაკარგეს, 114 კი დაიჭრა.

13 ივნისს ბაზაზე დაბრუნებულმა ადმირალმა ჩვეული საქმე გააგრძელა. თავის მეორებს ამხნევებდ ადა მათ წოდებებს ანიჭებდა ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის. მესამე საბრძოლო კამპანიას ‘გიონნერიანგის კამპანია’ ან ‘ჰანსანდოს დიდი გამარჯვება’ უწოდეს. ამ გამარჯვებით იაპონელთა სურვილი ხმელეთსა და ზღვაზე გაბატონებულიყვნენ საბოლოოდ განადგურდა. იაპონელ სარდალ კონოშის, რომელიც ფიონგიონგამდე ჩავიდა, მარაგისა და დამხმარე ძალის მიუწოდებლობის გამო უკან დაბრუნება მოუხდა. ადმირალს კი ამ გამარჯვების შემდეგ მეფემ  ჯონგჰონდებუს წოდება მიანიჭა.

ბუსანფოს კამპანია

მიუხედავად იმისა, რომ ბუსანფოს ბაზაზე მყოფ იაპონელთა ფლოტს პირდაპირი შეტევა არ განუცდია საკუთარ თავზე, მათი შენაერთების დამარცხებამ აიძულა თავიანთი თავდაპირველი გეგმა შეეცვალათ. 14 ივლისს ტოიოტომიმ თავის მეთაურებს უბრძანა მნიშვნელოვან ადგილებში ციხესიმაგრეების აშენება. მისთვის ჩინეთზე ბატონობის ოცნება ოცნებადვე დარჩებოდა თუ ზღვაზე გავლენას არ დაიბრუნებდა, ამიტომ თავის მეთაურებს უბრძანა ყველანაირად აეცილებინათ თავიდან საზღვაო ბრძოლები. იაპონელებთა უმრავლესობამ ბუსანში, გიმჰეში, უნგფოში მოიყარა თავი. ადმირალი ვარაუდობდა, რომ მარაგის შესავსებად მოწინააღმდეგე იაპონიაში დაბრუნებას აპირებდა და მათი შეჩერება განიზრახა.  ადმირალი ი დაუკავშირდა ვონ გიუნს და გიონგსანგდოს სამხედრო მეთაურებს, რათა გაერთიანებული სამხედრო და საზღვაო შეტევა წამოეწყოთ. ი ოკ-გის კი ჯოლა-უსუიონგის და ჯოლა-ჩვასუიონგის გაერთიანებული ფლოტით 1 აგვისტოს იუსუში გამოცხადება სთხოვა.  ფლოტი შედგებოდა 74 სამხედრო ხომადისა და 92 პატარა გემისგან, საერთო ჯამში 166 გემი.

15

ბუსანის ალყა 1592 წელს იაპონელთა მიერ

24 აგვისტოს 4 საათზე გაერთიანებულმა კორეულმა ფლოტმა იუსუს ბაზა დატოვა და ბუსანისკენ გაემართა. 25-ში სარიანგში ვონ გიუნს შეხვდა. 1 სექტემბერი იყო დღე საბოლოო თავდასხმისათვის.  8 საათისთვის, როცა კორეელთა საზღვაო ფლოტი მორუნდეს სცდებოდა აღმოსავლეთის ქარი ამოვარდა, რაც ხელს უშლიდან წინ სვლას, თუმცა ადმირალის მეთაურობით მოხერხდა ფორმირების შენარჩუნება. როცა ჰვაჯუნგუმში მივიდა, სადაც აქამდე მისი მეზღვაურები არასდროს ყოფილან, 5 იაპონური სამხედრო გემი აღმოაჩინა; დადეფოში 8 დიდი ზომის ხომალდი; სოფიონგფოშიც 9 დიდი ზომის ხომალდი; ჯოლიონგდოში 2 ხომალდი- სულ 24 მოწინააღმდეგის ხომალდი გაანადგურეს ბუსანამდე მისვლამდე. ამასთანავე სადაზვევრვო გემები გააგზავნა ბუსანისკენ, რათა მიეღო ინფორმაცია მოწინააღმდეგეზე. ანგარიში, რომელიც მათგან მიიღო შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ბუსანის ნავსადგურში 500 იაპონური ხომალდი იდგა.

ბრძოლის დაწყებამდე ყველაფერი კორეელთა საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. განსხვავება ძალაში არ იყო ერთადერთი პრობლემა. ბუსანის მიდამოები მაღალი მთებით იყო გარშემორტყმული, რაც შეტევის საწარმოებლად გამოდგებოდა. როგორც კი ფლოტი პორტის შესასვლელს მიუახლოვდა მოწინავე ხომალდები პირდაპირ პორტში შეიჭრნენ და იაპონურ ოთხ დიდ ხომალდს შეუტიეს. დივიზიებმა, რომლებიც მათ უკან მიჰყვებოდა ჯანგსაჯინის- გველის ფორმაცია მიიღეს. ამ ფორმაციას ერთგვარი სვეტის ფორმა ჰქონდა. ბუსანის სანაპიროდან ოდნავ მოშორებით 470-მდე იაპონური ხომალდი იდგა სამ ჯგუფად გადანაწილებული, თუმცა მათ ბორტზე არავინ იყო. ტოიოტომის ბრძანების მიხედვით იაპონელებს შეტევა ხმელეთიდან უნდა დაეწყოთ. კორეელები იქ ვერაფერს გახდებოდნენ, ამიტომ შეტევა პორტში გაჩერებულ გემებზე მიიტანეს. ადმირალმა 100ზე მეტი ხომალდი გააანადგურდა; ირგვლივ ყველაფერი ცეცხლის ალში იყო გახვეული და ბრძოლის ველზე სიტუაცია იაპონელების საწინააღმდეგეოდ წარიმართა. ადმირალს შეეძლო თავისი მეომრები მთებში გახიზნულების წინააღმდეგ გაეგზავნა, თუმცა თავი შეიკავა, რადგან არც დამხმარე სამხედრო ძალა ჰყავდა და ამასთანავე იაპონელთა მოულოდნელი თავდასხმის საფრთხე არსებობდა.

ამ  სიტუაციის გათვალისწინებით ადმირალმა გადოკდოში გადაინაცვლა. ეს იყო ერთ-ერთი ურთულესი კამპანია, რადგან იაპონელთა დიდი სამხედრო ძალა უტევდა მათ მთებიდან; კორეელთა მხრიდან 6 კაცი დაიღუპა, 25 კი დაიჭრა. 2 სექტემბერს, როცა ომის საბჭო შეიკრიბა მათ სურდათ დარჩენილი იაპონელები ერთიანად ამოეხოცათ, თუმცა მათ იდეას არ იზიარებდა ი სუნ შინი, რომელიც მეფეს წერდა, რომ სახიფათო იყო სახმედრო ძალის დახმარების გარეშე შეტევაზე გადასულიყო. ამასთანავე კამპანიის შედეგად მისი ხომალდები შეკეთებას საჭიროებდა და საჭმლის მარაგიც უმთავრდებოდათ, სწორედ ამიტომ გაქცეულების დევნის მაგივრად მან ბაზაზე დაბრუნება გადაწყვიტა.

უნგფოს კამპანია

22 და 25 იანვარს მეფისგან ბრძანება მიიღო ახალი კამპანიის წამოსაწყებად. ჩინეთიდან, მინგის დინასტიის ( 1368-1644 ) დახმარებით მათმა გენერალმა ლი ჯო-სუნგმა მოახერხა იაპონელების დამარცხება და დამარცხებული იაპონელები ზღვაში გაიქცნენ. 2 თებერვალს ი ოკ-გისა და ვონ გიუნთან ერთად ადმირალმა მეხუთე კამპანია წამოიწყო უგფოსკენ, რომელიც ბუსანის შემდეგ მნიშვნელოვან იაპონურ ბაზას წარმოადგენდა თავისი ბუნებრივი პირობებისა და ადგილმდებარეობის გამო. 10 იანვარს კორეის ფლოტის დანიშნულების ადგილზე მივიდა, თუმცა მთებში გახიზნული მოწინააღმდეგე ამჯერად გამოტყუების ტაქტიკაზე არ წამოეგო. ადმირალმა უკან დაიხია და ჩილჩონდოში დაბანაკდნენ, სადაც ინფორმაციის მოგროვება დაიწყო და ახალი სტრატეგია დასახა, რომელიც 4 პუნქტისგან შედგებოდა:

  1. სამი მეთაური(ორი ბერი და ერთი მოხალისე) სამჰე, ინინგი და სონგ ინგ-ჯი მივიდოდნენ ჯეფოზე, უნგფოს დასავლეთ პორტში.
  2. სუსტი ტიპის ხომალდებს ანგოპფოზე (აღმოსავლეთი პორტი უნგფოში) გადასახმელად გამოიყენებდნენ.
  3. სამი პროვინციიდან ყველაზე სწრაფი 5 გემი პირდაპირ შეტევას მიიტანდა უნგფოს პორტზე.
  4. სხვა ხომალდები მთავარ ძალას უკან გაჰყვებოდნენ.

მისი მიზანი იყო დაეყო იაპონელთა ძალები და ცალ-ცალკე მხრიდან შეეტია მათთვის. 22 იანვარს კორეელები შეტევაზე გადავიდნენ. მთავარი დივიზიონი ყუმბარებით უტევდა მოწინააღმდეგეს. თუმცა მხოლოდ თავისი ფლოტით იგი იაპონელთა დამარცხებას ვერ მოახერხებდა. ხომალდები ხმელეთზე მყოფ მოწინააღმდეგეს ვერაფერს უშვებოდა. ამ კამპანიაში თავდაპირველად ადმირალმა ხომალდი დაკარგა. ვიწრო გასასვლელში ორი კორეული გემი ერთმანეთს შეეჯახა და ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა. ბრძოლა უნგფოზე დიდხანს გაგრძელდა. 6 მარტს იგი კვლავ აგრძელებდა შეტევებს. ადმირალს სხვა გზა არ რჩებოდა და პირველად გამოიყენა ახალი ტიპის იარაღი -ბიგიოკჰჯინჩოლე, სპეციალური ბომბი. მეათე დღეს ძლიერმა ქარმა დაუბერა, რამაც ადმირალს ახალი სტრატეგია დაუსახა. მას სურდა ცეცხლი წაეკიდებინა იაპონელთა ხომალდებისთვის, თუმცა ეს გეგმა არ განახორციელა. ეშინოდა, რომ ხომალდების გარეშე დარჩენილი იაპონელები ახლომახლო სოფლების მოსახლეობაზე იძიებდნენ შურს. თუ მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით შეხედავდა ამ სტრატეგიას ცეცხლმოკიდებული გემის გამოყენაბა თავდასხმისთვის იქნებოდა არაჩვეულებრივი ახალი მეთოდი. ადმირალს მხოლოდ მინგის დამხმარე ჯარების იმედი უნდა ჰქონოდა, რათა ხმელეთზე მყოფი მეომრებისთვის შეეტია. თუმცა დამხმარე რაზმები დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩნდნენ და ამან აიძულა 3 აპრილს კვლავ იუსუში დაბრუნებულიყო.

ადმირალი თავისი მორიგი კამპანიებისთვის ემზადებოდა მან მიიღო ბრძანება იაპონელების წინააღმდეგ განეახლებინა ბრძოლა. ეს იყო ბრძანება, რომლის წინააღმდეგ წასვლის უფლებაც არცერთ სახელმწიფოს დაქვემდებარებულ მებრძოლს არ ჰქონდა. თუმცა ი სუნ შინმა გადაწყვიტა მათ წინააღმდეგ წასულიყო და ბრძანება არ შეასრულა. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობდა: იაპონელებს გაცილებით უფრო მეტი სამხედრო ძალა ჰყავდათ და ხმელეთიდან დახმარების გარეშე მხოლოდ თავისი ფლოტით ისინი ვერაფერს გააწყობდნენ. ამსთანავე, არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია ბუსანში განლაგებული იაპონელების შესახებ. 15 ივნისის მონაცემებით იაპონელებს ბუსანში 800 ხომალდი ჰყავდათ სრულ სამხედრო მზადყოფნაში. ამასთანავე ვონ გიუნი, რომელიც მართალია მასთან ერთად იბრძოდა,მაგრამ ყველა კამპანიაში ამჯერად შესაძლოა არ შეერთებოდა მის ფლოტს. მან წინა კამპანიის დროსაც გამოამჟღავნა, რომ სრულიად არ ემოჩილებოდა ადმირალს და მის ყველა ბრძანებასაც არ ასრულებდა. ი სუნ შინი კვლავ ჩინეთიდან დამხარე ძალას ელოდებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა სიტუაცია მინგის გენერლებს შორის დაძაბული იყო და დამხმარე ძალა დიდხანს არ გამოჩნდა.

14 ივლისს მან თავისი ბაზა დუილფოზე, ჰანსანდოზე გადაიტანა. გეჯოდოს სამხრეთით მდებარე კუნძულების მდებარეობა ხელსაყრელი იყო ხომალდების დასამალად. თუმცა, ამასთანავე იგი მუდმივ თავდაცვით მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, რადგან უნგფოს პორტში 200-ზე მეტი მოწინააღმდეგის გემი იდგა. ამას ემატებოდა 70-მდე გემი ჯეფოზე, 70 და 100 გემი კი გოჯედოსა და გიმჰეზე. რაც უფრო დიდხანს ელოდებოდა იგი დამხმარე ძალას, მით უფრო რთულდებოდა მისი ვითარება, რადგან იაპონელები თავის საზღვაო ფლოტებს აძლიერებდნენ და იაპონიიდან დახმარებასაც იღებდნენ. იმის მიუხედავად, რომ ბევრი სახელმწიფოს ოფიციალური წევრი არ იყო ი სუნ შინის მომხრე, მას მეფე უჭერდა მხარს და ყველასგან მოულოდნელად მთავარსარდლის წოდებაც კი მიანიჭა.

დანგჰანგფოსა და ჯანგმუნფოს კამპანიები

1594 წელს ადმირალმა ორი უმნიშვნელოვანესი კამპანია მოიგო. 4-6 მარტს დანგჰანგფოში ადმირალმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია რეალური ჩარევის გარეშე, თუმცა დიდი შეცდომა იყო 31 იაპონური ხომალდის ჩაძირვა, რომელიც შეეძლო საკუთარი ფლოტისთვის შეერთებინა. ამ პერიოდისთვის ბაზა იოსუდან ჰანსანდოში გადაიტანეს. როდესაც გამარჯვებული კორეელები ბაზისკენ მიემართებოდნენ ი სუნ შინმა მინგის დინასტიის გენერლისგან- თან წუნ-ძენისგან  წერილი მიიღო. გენერალმა ადმირალს ურჩია იაპონიასთან მოლაპარაკებები გაემართა მშვიდობისთვის, აცხადებდა: „იაპონელი გენერლებისა და ადმირალების უმეტესობას სახლში წასვლა უნდა და მათი ხალხი ბრძოლის სურვილს კარგავს და ამიტომ, თქვენ კორეელები ჯობს სახლში დაბრუნდეთ, რათა სტიმული არ მისცეთ ბრძოლის განახლებისთვის.“  სუნ შინი ძალიან გაბრაზებული იყო ამ წერილით განსაკუთრებით კი წინადადებით „თქვენ კორეელები ჯობს სახლში დაბრუნდეთ.“  და მინის გენერალს საპასუხო წერილი გაუგზავნა: „როგორც სამ პროვინციაში განლაგებული კორეული ფლოტის მხედართმთავარი თავმდაბლურად გწერთ პასუხს. იაპონური დამპყრობელი ძალა მოულოდნელად შემოიჭრა ზღვაში და ჩვენს მიწაზე დადგა ფეხი, რათა დაეხოცათ ათასობით უდანაშაულო ადამიანი, დაიპყრო თითქმის მთლიანი კორეა სეულის ჩათვლით. კორეელები განრისხებულები არიან და ძალას არ იშურებენ რათა გაყარონ ისინი თავიანთი მიწიდან…

თქვენ ასევე გვირჩიეთ, რომ კორეეელებს ურჩევნიათ სახლში დაბრუნდნენ, მაგრამ მაინტერესებს თუ შეგიძლიათ მითხრათ ჩვენი სამშობლო სად არის. იაპონიასთან მოლაპარაკებების გამართვა მშვიდობისთვის, მჯერა რომ მოიტანს  არაფერს ტყუილისა და შეცდომაში შეყვანის გარდა…”

17

 

ი სუნ შინის მიერ ჩატარებული სამხედრო კამპანიები 1592-1598 წლებში

მისი წერილი ჩინელი გენერლისადმი გამოხატავდა დამოუკიდებელი ერის ამაყ პოზიციას და მასში კორეელი ხალხის მოსაზრებები იყო გამოთქმული. იმის მიუხედავად, რომ მინგის გენერლები კორეის დასახმარებლად შემოვიდნენ მათი ქმედებები დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ხალხში თავისი აგრესიის, აბუჩად გადებისა და ძალადობის გამო.

კამპანიიდან ოთხი თვის შემდეგ, იაპონურმა საზღვაო ფლოტმა დაიწყო წინსვლა უფრო დიდ ჯგუფებად. იცოდა რა იაპონელების ფლოტის პროგრესის შესახებ, ადმირალმა გადაწყვიტა მტრისთვის შეეტია როგორც ზღვაში, ასევე ხმელეთზე. აგვისტოს დასაწყისიდან, ადმირალმა ი სუნ შინმა გამართა რამდენიმე თათბირი გვონ იულთან, კორეის გაერთიანებული ძალების მთავარსარდალთან, რათა გადაეწყვიტათ საუკეთესო გზა იაპონური ძალების გასანადგურებლად და შეთანხმდნენ გაერთიანებული ძალებით 27 სექტემბერს მოულოდნელი თავდასხმა წამოეწყოთ. მთავარსარდლის ხელმძღვანელობით, ორი არმიის საველე მეთაური, გვაკ ჯე უ და კიმ დოკ რიონგი ჩავიდნენ გიონნერიანგში და ადმირალის ფლოტს შეურთდნენ. 29  სექტმბერს ისინი ჯანგმუნფოსკენ დაიძრნენ. 4 და 6 ოქტომბერს კორეელთა სახმელეთო და საზღვაო ძალები ერთიანად უტევდნენ იაპონელებს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

ორმაგი ჯაშუში და ი სუნ შინის დაპატიმრება

1593 წლიდან 1596 წლამდე იაპონია-ჩინეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ტოიოტომის უნდოდა მშვიდობა დაემყარებინა კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილის 8-დან 4 პროვინციის დაპყრობით და ჩინელი პრინცესისი აპონიის მეფეზე დაქორწინებით, თუმცა მოლაპარაკებები არ შედგა და ჰიდეიოშიმ კატოსა და კონიშს უბრძანა 1597 წლის იანვარში ბრძოლა განეახლებინათ. თუმცა, ადმირლებს კარგად ესმოდათ, რომ სანამ ი სუნ შინი თავის პოსტს იკავებდა მათი გამარჯვების შანსები არც ისე დიდი იყო. კონიშმა გააგზავნა იოშირა, ორმაგი აგენტი, კიმ ინგსოსთან- გიონგსანგ-ჯვადოს არმიის მეთაურთან. იოშირამ მეთაურს წერილი გადასცა, რომელშიც კონიში კატოს სამომავლო გეგმების შესახებ აცნობებდა კორეელებს და მასზე თავდასხმისკენ მოუწოდებდა. საიდუმლო წერილის მიღებისთანავე, მეთაურმა კიმმა აცნობა გვონ იულს, რომელიც მეფეს დაუკავშირდა. კორეულმა მთავრობამ იცოდა, რომ ორივე- კატო და კონიში ძალიან ამბიციურები იყვნენ და ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ რელიგიური განსხვავების გამო. სწორედ ამიტომ მეფემ ი სუნ შინს უბრძანა კატოს თავს დასხმოდა. ადმირალი არ ენდობოდა იაპონელებს და ამიტომ სწრაფ შეტევაზე არ გადასულა. კონიშმა კი მეორე წერილი გააგზავნა, რომელშიც იუწყებოდა, რომ კატომ დანიშნულების ადგილს მიაღწია და ადმირალმა ი სუნ შინმა ხელიდან გაუშვა მისი დამარცხების შანსი. ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდა, თუმცა სინამდვილეში კატო კორეაში 15 იანვარს მივიდა, მაშინ როცა ადმირალმა ბრძანება 21 იანვარს მიიღო.

ვონ გიუნი, რომელსაც შურდა ადმირალის ძალაუფლების და მისი ადგილის დაკავება სურდა, სამეფო კარზე ინტრიგებს ხლართავდა. ის მინისტრებს ი სუნ შინის წინააღმდეგ ამხედრებდა და კატოს წინააღმდეგ ბრძოლის არ დაწყებას ღალატად მიაწერდა. რადგან ადმირალმა მთავრობის ბრძანება არ შეასრულა მას სამეფო ტახტზე ბევრი დაუპირისპირდა და საბოლოოდ იგი ღალატში დაადანაშაულეს. 6 თებერვალს გასცეს ბრძანება ი სუნ შინის დაპატიმრების შესახებ და 26 თებერვალს სეულში ჩამოიყვანეს. 12 მარტს იგი პირველად დაკითხეს და მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები გააცნეს: მთავრობის მოტყუება და მეფის ღალატი, მტრის გათავისუფლება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, სხვების დიადი მიღწევების საკუთარ თავზე მიწერა.

ადმირალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, თუმცა მინისტრმა ჯონგ თაკმა მეფეს სთხოვა გაენთავისუფლებინა ი სუნ შინი სასკივდილო განაჩენისგან წარსულში მიღწეული წარმატებების გამო. მეფემ ადმირალი შეიწყალა და 1 აპრილს 28 დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ადმირალის ადგილზე დანიშნულმა ვონ გიუნმა რამდენიმე თვეში მოახერხა ფლოტის დანაწევრება და მეზღვაურებში დისციპლინის მოშლა. იაპონელი მეთაურები ტოტო, ვაკიზაკა და კატო  კი უნგფოში სამხედრო ძალას აძლიერებდნენ კორეელებზე შეტევის წამოსაწყებად. ჯაშუში იოშირა კვლავ მცდარ ინფორმაციას აწოდებდა კორეელებს, რის შედეგადაც 4 ივლისს პირველად კორეული ფლოტი იაპონიასთან დამარცხდა. ვონ გიუნი ნელ-ნელა კარგავდა ხოალდებს იაპონელებთან ბრძოლაში. გიონგსანგ-უსუსა ბე სოლს სურდა ფლოტი დაცულ ადგილზე გადაეყვანათ და იქ დალოდებოდნენ იაპონელთა შემდეგ  სვლებს, თუმცა ვონ გიუნმა ამაზე უარი განაცხადა. 15 ივლისს იაპონელებმა მოულოდნელი შეტევა განახორციელეს, კორეელებს მათ წინააღმდეგ არავითარი შანსი არ ჰქონდათ. ვონ გიუნმა კი პოსტი მიატოვა და გაიქცა. უამრავი ოფიცერი, მათ შორის ი ოკ-გიც ბრძოლისას დამარცხდა. 160 კორეული ხომალდი განადგურდა და მხოლოდ ბე სოლმა მოახერხა გამოქცევა 12 გემით. ისტორიაში ამ ბრძოლებს ჩინჩოლიანგის კამპანია უწოდეს; 7 წლის ბრძოლების განმავლობაში კორეულმა სამხედრო ფლოტმა პირველი მარცხი იწვნია. გვონ იული, რომელსაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ი სუნ შინს დაუკავშირდა. მეფის ტახტზე ერთადერთი იმედიღა რჩებოდათ, თუმცა არავის სურდა საკუთარი შეცდომები ეღიარებინათ. ყველამ კარგად იცოდა ადმირალი იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო შეესრულებინა წარმოუდგენელი დავალება. 23 ივლისს ადმირალს მხედართმთავრის ტიტული დაუბრუნეს; 18 აგვისტოს იგი ჰვერიონგფოში, ჯოლადოზე დაბრუნდა, სადაც მხოლოდ 120 მეომარი და 12 ხომალდი დახვდა ბე სოლის მეთაურობით.

18

ჩილჩოლიანგის ბრძოლა

უდიდესი გამარჯვება მიონგნიანგთან- 12 ხომალდი 133-ის წინააღმდეგ

28 აგვისტოს 12 ხომალდისგან შემდგარი ადმირალის ფლოტი პირველად დაუპირისპირდა იაპონელებს ორანფოსთან, კორეელებმა თავის დაღწევა მოახერხეს და თავი ბიოკფაჯინს შეაფარეს. აქ ყოფნის პერიოდში იაპონელები კიდევ სამჯერ დაესხნენ თავს ადმირალს 13 ხომალდით, თუმცა ნავსადგურში გამაგრებული კორეელები მტრის მოგერიებას ახერხებდნენ. 14 სექტემბერს შუნ შინმა დაზვერვის ესკადრილიის მეთაური იმ ჯუნ იონგისგან ცნობა მიიღო იაპონელთა 55 ხომალდის ორანფოს პორტში დგომის შესახებ. 16-ში კი მეთაური იტყობინებოდა, რომ 133 მოწინააღმდეგი ხომალდი მიცურავდა მიონგნიანგის სრუტეში. ეს ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო სრუტეა კორეაში უსუიონგსა და ჯინდოს შორის. სიგანეში მხოლოდ 293 მეტრია და აქვს ყველაზე ძლიერი დინება: ხანდახან მისი სიჩქარე 5კმ/სთ არის ჩრდილო-დასავლეთით, ჯინდოსგან უსუიონგისკენ.

19

მიონიანგის ბრძოლა

სწორედ ამ სრუტეში ბრძოლის დაწყების ბრძანება გასცა ადმირალმა და დაიწყო ერთ-ერთი სახელგანთქმული შეტაკება საზღვაო ბრძოლების ისტორიაში. კორეული ფლაგმანი ბრძოლის დაწყებისთანავე იაპონელთა ალყაში მოექცა და იაპონელებმა პირველებმა გახსნეს ცეცხლი, მაგრამ კორეულმა მეზღვაურებმა კონტრ შეტევა მალევე წამოიწყეს. თუმცა ჯოლა-უსუინგის მეთაური ძლიერ ჩამორჩებოდა ადმირალის ფლოტის ნაწილს. ფლაგმანის ბროტზე მყოფი მეზღვაურები პანიკამ მოიცვა. როგორც კი ადმირალმა ეს შეამჩნია მებრძოლებს მიმართა: ” მოწინააღმდეგის ათასობით ხომალდიც კი ვერ გაგვიმკლავდება ჩვენ. ეს გონებაში ჩაიბეჭდეთ და დამშვიდდებით. გაანადგურეთ ისინი თქვენი სიძლიერით”. ჩამორჩენილი კორეელები 350 მეტრის მოშორებით იდგნენ და ნებისმიერ მომენტში აპირებდნენ უკან დახევას. ამან ადმირალი ძალზე განარისხა; იგი მზად იყო უკან გაბრუნებულიყო და დაესაჯა კიმ ინგ-ჰამი- მთავარი ოფიცერი. ფლაგმანზე უკვე აღემართად სასიგნალო დროშა, რომელიც ფლოტის მთავარ ნაწილს ბრძოლისკენ მოუწოდებდა; ამასთანავე გემის შემობრუნებით ეს უკანდახევის სიგნალს ემსგავსებოდა, რაც იაპონელებს ახლოს მოსვლას აიძულებდა. სიგნალის მიღების შემდეგ ან ვის ხომალდები ბრძოლაში ჩაებნენ, მათ უკან კი კიმ ინგ-ჰამი მოჰყვებოდა.

ადმირალის ბრძანებაზე ორივე მეთაურმა მოწინააღმდეგეს შეუტია. მათი ხომალდები იაპონელთა ნუსანებსა და ორ სხვა ხომალდს დაუპირისპირდა. მეზღვაურები ორივე ბორტზე სიკვდილამდე იბრძოდნენ. ადმირალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეკარგა ეს ორი ხომალდი, ამიტომ მისი ფლაგმანიდან იაპონელთა წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს და სამივე ხომალდი გაანდაგურეს. ერთ-ერთი ხომალდის გადარჩენილ იაპონელ მეზღვაურებს შორის კორეელებმა იაპონური ძალების მეთაური მადაში ამოიცნეს, რომელიც მონაწილეობას იღებდა ანგფოლოსთან ბრძოლებში.  ადმირალმა კიმ დოლ-სონს უბრძანა მადაშის სხეული დაენაწევრებინათ და მისი თავი ფლაგმანზე ჩამოეკიდებინათ. იაპონელები კვლავ ქაოსმა მოიცვა და მათი რიგები ნელ-ნელა აირია. დინებაც, რომელიც თავიდან მათ სასიკეთოდ მოქმედებდა, ახლა მათ წინააღმდეგ შემობრუნდა. მეორე მხრივ, კი კორეელ მეზღვაურებს იმედი მიეცათ და უფრო დიდი მონდომებით ჩაერთვნენ ბრძოლაში.  მოწინააღმდეგის 31 ხომალდი გაანადგურეს, რის შემდეგაც იაპონელებმა უკან დახევა დაიწყეს. მიონგნიანგის სრუტეში ამაყად მიცურავდა კორეული ფლაგმანი და 11 ხომალდი. ი სუნ შინმა შექმნა სასწაული საზღვაო ბრძოლების ისტორიაში: მხოლოდ 12 ხომალდით მოიგო ბრძოლა 133-ის წინააღმდეგ. თავად ადმირალი დღიურში წერდა, რომ გამარჯვების მოპოვებაში მას ციდან დაეხმარნენ, თუმცა საზღვაო ტაქტიკის თვალსაზრისით არ შეიძლება ეს გამარჯვება, მხოლოდ იღბალს მივაწეროთ. მან გამარჯვებას მიაღწია დეტალურად შემუშავებული გეგმის წყალობით, რომელშიც მან გამოიყენა სრუტის ბუნებრივი მახასიათებლების ცოდნა და ამასთანავე მეომრები, რომლებიც მზად იყვნენ სიკვდილისთვის. ეს არ იყო მხოლოდ საზღვაო გამარჯვება, ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება კორეისთვის. მან მოახერხა იაპონელების გეგმის შეცვლა ზღვისა და მიწის დაპყრობაზე; ეს იყო გარდამტეხი მომენტი მთლიან ომში.

გოგიმდოს ბაზა

1598 წლის 17 თებერვალს ადმირალმა იმ საზღვაო ბაზა გოგიმდოში, ჯოლადოზე გადაიტანა. სანამ იგი თავის ფლოტს აძლიერებდა, ხმელეთზე  ჩინელი გენერლები: იანგ ჰუ, მა ქუეი და თინ ი იუენი ულსანსა და საჩონში, ხოლო ლიუ თინი სუნჩონში იაპონელებს ესხმოდნენ თავს. ჩენ ლინი მინგის დინასტიის დახმარე არმიის მხედართმთავარი კი 16 ივლისს გოგიმდოში ჩავიდა 5 000 მეზღვაურით ი სუნ შინთან გაერთიანებული ოპერაციების საწარმოებლად.  24-ში კორეულმა ფლოტმა იაპონელები გაანადგურა გიმდანგფოსთანაც, რამაც ჩენ ლინი განარისხა; სურდა გამარჯვება მის მეომრებს მოეპოვებინათ, რათა ადმირალისთვის თავისი ძალაუფლება ეჩვენებინა და  ამიტომ ბრძანა ამ კორეელების დახოცვა. თუმცა ი სუნ შინმა მხედართმთავარი დაარწმუნა და  უთხრა, რომ მისი დახმარების გარეშე კორეელები ვერაფერს გააწყობდნენ და მას საჩუქრად 69 იაპონელის თავი მიართვა. იმის მიუხედავად, რომ ჩინელები კორეელებს სამხედრო თვალსაზრისით ეხმარებოდნენ, მათი აგრესია აუტანელი იყო ხალხისთვის და ამიტომ ი სუნ შინმა ჩენ ლინს მოსთხოვა თავისი ხალხი უკან გაეგზავნა. ყველა მოელოდა, რომ მხედართმთავარი განრისხდებოდა და ადმირალის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებდა, თუმცა მან  სუნ შინს ბოდიში მოუხადა. ჩენ ლინს კარგად ესმოდა, რომ კორეული ფლოტის გარეშე იგი იაპონელთა წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობდა და თავისი ქმედებებით შესაძლოა ი სუნ შინის კეთილგანწყობა დაეკარგა. ამიტომ თავისი ჯარის დისციპლინაზე ზრუნვაც კი ადმირალს მიანდო.

ვეგიოს შეტაკება

1598 წლის 17 აგვისტოს ჰიდეიოშიმ სიკვდილამდე იაპონელ მხედართმთავარს უბრძანა უკან დაეხიათ, ამიტომ იაპონელებმა ულსანში, ბუსანში, საცონსა და სუნშონში მოიყარეს თავი. ი სუნ შინი და ჩენ ლინი იაპონელთა გადაადგილებებს აკვირდებოდნენ და მას შემდეგ რაც მათი გეგმის შესახებ შეტყვეს გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ იაპონელებს. 20 სექტემბერს ადმირალი ი ვეგიოში გაჩერდა, რათა ლიუ თინთან ერთად გაერთიანებული სამხედრო-საზღვაო ოპერაცია წამოეწყო. მათ სურდათ ვეგიოში მყოფი კონიშის ძალები დაემარცხებინათ.  ვეგიოსთან ახლოს ჯანდოში 2 დღის განმავლობაში უტევდა იაპონელებს. ჩენ ლინთან და ლიუ თინთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა ახალი შეტევა 2 ოქტომბერს განეხორციელებინა. ბრძოლის დღეს იაპონელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ადმირალს და მისი რიგებიდან რამდენიმე მეომარი დაშავდა. კორეელებმა 39 ხომალდი გაანადგურეს.

ყველაფერი თითქოს ადმირალის სასარგებლოდ მიდიოდა, თუმცა 6 ოქტომბერს გვონ იულისგან, კორეის სამხედრო მარშალისგან მიიღო ცნობა, რომ არსებობდა შესაძლებლობა ლიუ თინს მისთვის ეღალატა და ბრძოლის ველიდან გაქცეულიყო. ეს შეტყობინება გამართლდა კიდეც, როცა ლიუ თინმა თავისი ჯარები 7-სა და 9-ში სუნჩონზე გადასხა. ახლა შეუძლებელი ხდებოდა იაპონელებზე თავდასხმის განახლება, ამიტომ ადმირალი 12-ში ბაზაზე დაბრუნდა.

8 ნოემბერს შეატყობინეს, რომ იაპონელები ვეგიოდან გაქცევას აპირებდნენ, სწორედ ამიტომ ჩენ ლინთან ერთად ადმირალმა ბაზა დატოვა და 11-ში იუდოში ჩავიდა. ამავე დროს ლიუ თინის ჯარები ვეგიოს უახლოვდებოდნენ. იაპონელი სარდალი კონიში ხვდებოდა, რომ ალყაში მოექცა და ამიტომ სხვა ხერხს მიმართა. მან ლიუთინს ქრთამი შესთავაზა გზის გახსნის სანაცვლოდ. ეს საკამრისი აღმოჩნდა გენერლისთვის გაეყიდა კორეელები და ჩენ ლინს შეუთვალა იაპონელებისთვის გზა გაეხსნათ, რათა ისინი მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ უკან. იმის მიუხედავად, რომ კონიშის ლიუ თინის დანაპირებმა იმედი გაუღვივა, არ შეიძლებოდა ყურადღების მოდუნება, რადგან ზღვაზე ჩინელები კი არა ადმირალი ბატონობდა.

ი სუნ შინი არ აპირებდა იაპონელებისთვის გზა გაეხსნა, ამიტომ ჯანგდოს მახლობლად მოულოდნელი შეტევა დაიწყო. ამ ფაქტმა კონიში განარისხა და მან ლიუ თინს ხალხს თავები წააცალა და მუქარის წერილიც კი გაუგზავნა მინგის გენერალს, რომელშიც მოღალატეს უწოდებდა. 14-ში კონიშიმ ამჯერად ქრთამი ჩენ ლინს შესთავაზა, თუმცა ჩენ ლინმაც ვერ მოახერხა ადმირალის დაყოლიება და შეთანხება ჩაიშალა. კონიში იმდენად სასოწარკვეთილ ვითარებაში იყო, რომ თავად ი სუნ შინთანაც გადაწყვიტა ბედი ეცადა, თუმცა უშედეგოდ.  საბოლოოდ, კონიშიმ ჩენ ლინს საკომუნიკაციო გემი სთხოვა, რაზეც მინგის მხედართმთავრისგან თანხმობა მიიღო. ეს იყო კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი ომისთვის. კონიში გეგმავდა ამ საკომუნიკაციო ნავით დაკავშირებოდა სხვა იაპონურ ხომალდებს, რომლებიც ნამჰესთან ახლოს იმყოფებოდნენ. ეს ხომალდები კი უნდა გამოეყენებინა გაერთიანებული ჯარების დასამარცხებლად ან შესაჩერებლად, რითაც გაიხსნიდა გზას იუდოზე და გაქცევას მოახერხებდა.

უკანასკნელი კამპანია ნორიანგში

როდესაც ადმირალს შეატყობინეს გემის გაქცევის ამბავი მან საკუთარი ნდობით აღჭურვილი პირები შეკრიბა და სამომავლო გეგმა გააცნო. მალე ისინი მორიგ ბრძოლაში ჩაებმებოდნენ გაერთიანებული იაპონური ძალის წინააღმდეგ. ნამჰეში მოწინააღმდეგის 500 ხომალდი იყო გაჩერებული და  აპირებდა ალყაში მოექცია კორეული და მინგის ძალები, რომლებიც ნორიოანგსა და ვეგიოს შორის იყვნენ განლაგებულნი. იაპონელთა გადაადგილებაზე დაკვირვებით ადმირალი მათ გეგმას მიხვდა და ამიტომ თავისი ფლოტი იუდოდან ნორიანგში გადაიყვანა. მას უკან მიჰყვა ჩენ ლინიც და გადაწყვიტეს 18 ნოემბრის ღამეს დასხმოდნენ თავს იაპონელებს.

ი სუნ შინმა ფლოტი ორ ნაწილად გაყო; ერთი ნაწილი სრწაფად შეუტევდა, მეორე კი მიმდებარე კუნძულებზე იქნებოდა ჩასაფრებული. იაპონელები კორეელთა მოულოდნელმა შეტევამ დააბნია, თუმცა მალევე საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ბრძოლა მთელი ღამე მიმდინარეობდა, თუმცა მინგისა და კორეის გაერთიანებულ შეტევას იაპონელებმა ვერ გაუძლეს და გვანიმფოზე დაიხიეს. ბრძოლა 19-შიც არ შეწყვეტილა. ორივე მხარე გამალებით იბრძოდა; იაპონელებმა მთავარი ესკადრილიის ფლაგმანი მოაქციეს ალყაში. მათ დასახმარებლად ჩენ ლინი გაეშურა, თუმცა მალე ისიც მახეში გაება. ი სუნ შინმა მისი გადარჩენა მოახერხა,  მინგის ძალების ვიცე მეთაური თენ წუ ლუნი იაპონელებმა მოკლეს, მისი ხომალდი კი ჩაძირეს. იაპონელების მხრიდან 200-ზე მეტი ხომალდი განადგურდა და უამრავი მეზღვაური დაიღუპა. ბრძოლა დასარულს უახლოვდებოდა.

20

ნორიანგის ბრძოლა

ესკადრილია, რომელსაც ადმირალი ხელმძღვანელობდა იაპონელთა მთავარ ძალას მისდევდა გვანიმფოზე, როცა მოწინააღმდეგის იარაყიდან გასროლილი ტყვია დიად გმირს მარცხენა მხარში მოხვდა. თავისი ცხოვრების ბოლო წუთებშიც კი ადმირალი საკუთარი სამშობლოსთვის გამარჯვების მოპოვებაზე ფიქრობდა. “დამფარეთ ფარით. ბრძოლა გადამწყვეტ მომენტშია. არ გააგებინოთ მეომრებს, რომ მოვკვდი” – ეს იყო სიტყვები, რომელიც სიკვდილის წინ ადმირალმა თავის ვაჟს უთხრა. 54 წლის ასაკში 1598 წლის 19 ნოემბრის ადმირალი ი სუნ შინი გარდაიცვალა. მისი ბოლო სიტყვები დიდი ხნის განმავლობაში ცოცხლობდნენ ადმიანების გულებში, როგორც პატრიოტიზმის სიმბოლო.

კორეელებმა ისე გააგრძელეს ბრძოლა, რომ ადმირალის გარდაცვალების ამბავი არ გაუგიათ. კონიშიმ წაგებული ბრძოლიდან გაქცევა მოახერხა 50 ხომალდის თანხლებით.

ამ ბრძოლას “ნორიანგის კამპანია” უწოდეს. ირონიულია, რომ საზღვაო ბრძოლების გმირის სიკვდილმა დაასრულა ომი, რომელიც 7 წელზე დიდხანს გაგრძელდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული მხოლოდ 300 წლის შემდეგ გადაწყვიტა იაპონიამ კვლავ დაეპყრო კორეის ნახევარკუნძული.

დასკვნა

ადმირალი ი სუნ შინის ბრძოლები არა მხოლოდ კორეისთვის, არამედ საზღვაო სტრატეგოსებისა და მსოფლიო ისტორიისთვისაც უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევა. ი სუნ შინმა მოახერხა მინიმალური ძალებით გამკლავებოდა მოწინააღმდეგეს, რომელიც აღემატებოდა მას როგორც რაოდენობრივად, ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც. გასაკვირი არაა, რომ მისი სახელი დღემდე ახსოვთ კორეაში და მას ნამდვილ გმირად მიიჩნევენ.

21

ი სუნ შინის ქანდაკება სეულში

კორეისთვის შესაძლოა 1592-1598 წლებში მიმდინარე ბრძოლები უდიდესი გამარჯვება იყოს, თუმცა ეს გამარჯვება ჩოსონს დიდ დანაკარგებად დაუჯდა. იაპონელების შემოსევებმა გაანადგურეს ქვეყნის ინფრასტრუქტურა, მოშალეს ეკონომიკა; კორეელებს აღარ გააჩნდათ საკმარისი სამხედრო რესურსები; სრულიად მოიშალა შიდა მმართველობის სისტემები; რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ გლეხები, რომლებსაც ომის პერიოდში სასტიკად გაუსწორდნენ თავიდან იაპონელები, მოგვიანებით კი კორეის დასახმარებლად ჩამოსული მინგის დინასტიის ჯარისკაცები. ჩოსონის იმპერია წლების განმავლობაში იმკიდა ამ ბრძოლის შედეგებს და ცდილობდა ფეხზე დადგომას.

თუ ი სუნ შინის მიერ მოპოვებული გამარჯვებები უმნიშვნელოვანესი იყო კორეისთვის ამის თქმა არ შეგვიძლია იაპონიაზე. იყო თუ არა ეს უდიდესი მარცხი იაპონიისთვის? შეიძლება ვთქვათ რომ არა. მართალია ბრძოლების შედეგად განადგურდა უამრავი იაპონური ხომალდი, დაიხარჯა დიდი რესურსები, დაიღუპა უამრავი მეომარი, თუმცა ეს მარცხი იაპონიის კუნძულებს არ დატყობია. რეალურად შეგვიძლია მის დადებით მხარეებზეც კი ვისაუბროთ. დასაწყისში ავღნიშნე, რომ ტოიოტომიმ იაპონელ ფეოდალებს თავისი სახსრებით უბრძანა არმიის შეკრება. იაპონიაში ხშირი იყო ფეოდალთა აჯანყებები, რაც ქვეყნის ერთიანობის იდეას ხელს უშლიდა. სავარაუდოა, რომ იაპონელი ფეოდალების შესუსტების მიზნით გაგზავნა ტოიოტომიმ ისინი კორეაში. მარცხის შემდეგ ეს ფეოდალები საშიშ ძალას აღარ წარმოადგენდნენ და პრეტენზიებიც იაპონიაში აღარ გაუჩნდებოდა. თუ ამ გადმოსახედიდან შევხედავთ შექმნილ მდგომარეობას, მაშინ ამ ბრძოლებმა იაპონიას სიკეთე მოუტანა და საბოლოოდ ტოკუგავას მმართველობის ქვეშ გააერთიანა მთელი სახელმწიფო.

რაც არ უნდა ჰქონოდა დაგეგმილი ტოიოტომის, ფაქტია რომ ამ პერიოდში კორეელებმა მოახერხეს თავის დაცვა და იაპონელები კვლავ მხოლოდ 300 წლის შემდეგ გადაწყვეტენ კორეის დაპყრობას და საწადელ შედეგს მიაღწევენ კიდეც. მანამდე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ი სუნ შინი იყო ადმირალი, რომლის სახელიც ისეთი დიდი მეთაურების გვერდით მოიხსენიება, როგორიცაა ნაპოლეონი და ადმირალი ნელსონი. იგი იყო ადამიანი, რომელსაც უანგაროდ უყვარდა თავისი სამშობლო და სიცოცხლეც კი არ დაიშურა მის დასაცავად.

 

ვტორი: მარიამ გოგიშვილი 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Jo Seong-do, Admiral Yi Sun-sin, Korea Naval Museum and Sinsewon Publisher, 2005

https://en.wikipedia.org/wiki/Japanese_invasions_of_Korea_(1592%E2%80%9398)

https://en.wikipedia.org/wiki/Yi_Sun-sin

https://en.wikipedia.org/wiki/Battle_of_Myeongnyang

[1] სამეფო დინასტია კორეაში 1392-1897 წლებში

[2] კუნძული ცუშიმა არის იაპონიის არქიპელაგის ნაწილი, მდებარეობს კორეის სრუტეში, კორეასა და იაპონიას შორის.

[3]იაპონელთა სამხედრო ბაზა კორეა-იაპონიის ბრძოლების დროს

[4] ქალაქი კორეის ნ-კ-ის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით. დღესდღეობით კორეის მეორე უდიდესი ქალაქი მოსახლეობით.

[5]საგრაფო ჩრიდლო ფიონგიანგის პროვინციაში, ჩრდილოეთ კორეა.

[6] გიონგსანგი ჩოსეონის დინასტიის კორეის რვა პროვინციიდან ერთ-ერთი იყო. მდებარეობდა კორეის ნ-კ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

[7] ჩოსეონის დინასტიის კორეის პროვინციის რვა პროვინციიან ერთ-ერთი. მდებარეობდა კორეის ნ-კ-ის სამხრეთ-დასავლეთით.

[8]კუს ხომალდი

[9]სამხრეთ ჯოლა

[10]მეთაური/მმართველი

[11] ნახევარწრის ფორმაცია, კორეულად უწოდებდნენ „წეროს ფრთას“.

Leave a comment

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑