Nuk
ბავშვის მოვლა

თარიღი: 09 ივნისი, 2015

ბავშვის მოვლა

როგორ დავიჭიროთ ბავშვი

ხშირად მშობელს ახალშობილის ხელში აყვანა ბევრ უხერხულობას უქმნის.
გაითვალისწინეთ! არ არის რეკომენდებული ბავშვის ცალი ხელით აყვანა. ხელში აყვანისას მიზანშეწონილი არ არის ხელებზე ან ხელ-ფეხზე მოქაჩვა - ბავშვის სათუთი სახსრები და იოგები ასეთ დატვირთვას ვერ აიტანს.
აყვანისას ზურგზე მწოლიარე ბავშვს დედამ ორივე ხელი უნდა მოხვიოს, ცერა თითები - წინ, დანარჩენი კი ზურგზე შემოაჭდოს. მუცელზე წოლის შემთხვევაშიც დედამ პატარა ასევე უნდა აიყვანოს, ოღონდ ცერა თითები, პირიქით, ზურგისკენ მოაქციოს, საჩვენებელი და შუა თითებით კი ნიკაპი დაუჭიროს.
გაითვალისწინათ! სანამ ბავშვი თავის დაჭერას არ ისწავლის, ვერტიკალურად საყრდენის გარეშე მისი დაჭერა არ შეიძლება. პატარა სახით დედისკენ უნდა იყოს მობრუნებული და მის მკერდზე მიკრული. როცა ბავშვი ცოტათი წამოიზრდება და დამძიმდება, საუკეთესო სავარძელი მისთვის დედის თეძო იქნება - ეს ბავშვსაც არგებს (ფართოდ განზიდული ფეხები მენჯ-ბარძაყის დისპლაზიის საუკეთესო პროფილაქტიკაა) და მშობლის ხერხემალსაც ნაკლები ჯაფა დაადგება.

რა ჩააცვათ

პატარას, რაც შეიძლება, თავისფულად უნდა ეცვას. დაბადებიდანვე (არა უგვიანეს ერთი თვის ასაკისა) შეიძლება ბავშვის საცოცავი შარვლით („პოლზუნკები“) და მსუბუქი კომბინიზონით შემოსვა. პატარისათვის ძალზე მოუხერხებელია შემოჭერილი ტანსაცმელი, რომელიც მოძრაობისას ზღუდავს.
უპირატესობა ენიჭება ისეთ ტანსაცმელს, რომელსაც ბოლოები გაკერილი არა აქვს. მშობლები ხშირად ბოლოებგაკერილ ტანსაცმელს ირჩევენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამგვარი ტანისამოსი ბავშვის სახეს ნაკაწრებისგან იცავს. სინამდვილეში კი სასურველი არ არის ჩვილის თითები შებოჭილი იყოს. ის ხომ მათი საშუალებით დედას, ნივთებს ეხება, გარე სამყაროს შეიცნობს.

ახალშობილის კანის მოვლა

ახალშობილის კანს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება.
ყოველდღიური აბაზანები. პატარას წყალი ჰაერივით ესაჭიროება, ამიტომ აუცილებელია მისი რეგულარული ბანაობა. კარგია ახალშობილის ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს  -  საღამოს კვების წინ - დაბანა. პირველ დღეებში, სანამ პატარას ჭიპი შეუხორცდება, სასურველია, კალიუმის პერმანგანატის ღია ვარდისფერ ხსნარში დაბანა.
ხსნარის მოსამზადებლად კალიუმის პერმანგანატის კრისტალები (ფხვნილი) სუფთაწყლიან ქილაში უნდა გაიხსნას ისე, რომ სითხე მუქი ყავისფერი გახდეს (არ შეიძლება ფხვნილის პირდაპირ აბაზანაში ჩაყრა - მისი კრისტალები ბავშვის სათუთ კანს დააზიანებს) და მიღებული ხსნარის მცირე ნაწილი აბაზანაში ჩაისხას. წყლის ტემპერატურა 36-37
oC
არ უნდა აღემატებოდეს (სპეციალური წყლის თერმომეტრით უნდა გაიზომოს).
პატარა ბავშვს ასეთი თანამიმდევრობით აბანავებენ: ჯერ საპნავენ კისერს, ხელებს, შემდეგ - იღლიებს, ფეხებს, საზარდულის ნაკეცებს, ბოლოს - თავს, ყურის უკანა ნაკეცებს. ბოლოს კი სახე ანადუღარი თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოს.
აჯობებს, თუ ბავშვს ორი ადამიანი დაბანს.
გაითვალისწინეთ! ახალშობილის უხეშად გამშრალება არ შეიძება. ბავშვის ნაზ კანს რბილი პირსახოცი მხოლოდ უნდა დაეფინოს და მოსცილდეს.
გოგონას დედამ ჯერ სპეციალური საბავშო ხელსახოცი ან სველი დოლბანდით უნდა გაუწმინდოს ნაკეცები და შორისის მიდამო, შემდეგ - გადადუღებულ წყალში ან ლოსიონში დასველებული ბამბით. ამის შემდეგ, საჭიროებისდა მიხედვით, კანზე შესაძლებელია კრემის წასმა, საბავშვო ზეთის ან საბავშვო პუდრის გამოყენება.
გაითვალისწინეთ! სასქესო ბაგეების შიგნიდან გაწმენდა არ შეიძლება.
ბიჭუნას დასვრილი შორისი თავდაპირველად თბილ საპნიან წყალში დასველებული დოლბანდით უნდა გასუფთავდეს, შემდეგ თბილ წყალში დასველებული ბამბით ქვემოდან ზემოთ კანის ყოველი ნაკეცი გაიწმინდოს, ამის მერე კი საბავშვო კრემში ან ზეთში დასველებული ბამბა შორისის, დუნდულების, ნაკეცებისა და სასქესო ორგანოების არეში ამოესვას. საფენის გაკეთენისას სასქესო ასო ქვემოთ უნდა დაუწიოთ, რათა მოშარდვისას ბავშვმა მუცელი არ დაისველოს.
ამის შემდეგ კარგია, თუ ბავშვი მცირე ხნით შიშველი დარჩება, რათა კანს სუნთქვის საშუალება მიეცეს.

სამკურნალო აბაზანები
ჩვილის კანი კიდევ უფრო ფაფუკი და რბილი ხდება მცენარეული აბაზანების შემდეგ. ზაფხულობით პროფილაქტიკისათვის (გამოყელვის, ნაოფლის თავიდან ასაცილებლად) კარგია ორკბილას აბაზანა: 2 ს/კ ხმელი მცენარე სამკეც დოლბანდში უნდა ჩაყაროთ და 10 წუთით აბაზანაში მოათავსოთ - წყალი ყვითლად შეფერადდება.
გაღიზიანებასა და ქავილს აამებს სახამებელისა და საჭმელი სოდის აბაზანები. პირველის მოსამზადებლად ჯერ 3 ს/კ კარტოფილის სახამებელი გახსენით ცივ წყალში, შემდეგ ჩაასხით ცხელ წყლიან ვედროში. სოდიანი აბაზანისთვის საჭიროა 1 ს/კ სოდა ერთ ვედრო წყალზე.
თუ პატარას კუნთების ტონუსი დაუქვეითდა, რაქიტი აქვს ან ხშირად ცივდება, კარგია ზღვის მარილის აბაზანა (1 ს/კ ზღვის მარილი 1 ლ.  წყალზე). ეს პროცედურა პატარას დღის პირველ ნახევარში უნდა ჩაუტარდეს, რის შემდეგაც მხნედ და მხიარულად იგრძნობს თავს.