საქმიანი ტურიზმი

ლეგენდებით და ისტორიებით სავსე შავი ზღვა

ლეგენდებით და ისტორიებით სავსე შავი ზღვა 2.jpg

ლეგენდებით და ისტორიებით სავსე შავი ზღვა

შავი ზღვა საქართველოს კარიბჭეა მსოფლიო ოკეანეების წყლებში. იგი აჭარის რეგიონის გეოგრფიული ნაწილია და დამაკავშირებელია ხმელთაშუა ზღვასთან. შავი ზღვა ახლაც და შორეულ წარსულშიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოსთვის, როგორც ცივილიზაციის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. დღესდღეობით, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მსოფლიოში ცნობილი არაერთი კურორტია, მათ შორის არის აჭარის რეგიონი და ქალაქი ბათუმი, სადაც საზღვაო სეზონი განსაკუთრებით დატვირთულია საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტებით.

პირველი ცნობა შავი ზღვის შესახებ, ძვ. წ. აღრ. V საუკუნეს ეკუთვნის. ლეგენდის თანახმად სწორედ შავი ზღვის გავლით მოვიდნენ იასონი და არგონავტები კოლხეთში, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ოქროს საწმისის წასაღებად. საბერძნეთში გავრცელებული იყო თქმულება ოქროს საწმისზე (ვერძის ოქროს ტყავზე) და იმ გმირებზე, რომლებიც ხომალდ „არგოთი" გაემგზავრნენ კოლხეთში ამ საწმისის მოსაპოვებლად. მითი არგონავტების შესახებ ძველი წარმოშობისაა და ტროას თქმულებაზე ადრეა შექმნილი. ჯერ კიდევ ჰომეროსი იხსენიებს „ზღვის გამკვეთს, ყველასათვის ცნობილ ხომალდ არგოს“.
ყველაზე აქტიური დამცველი არგონავტთა ლაშქრობის ისტორიულობისა იყო გეოგრაფი სტრაბონი. სტრაბონის აღწერილობით კოლხეთი სამეფო იყო მდიდარი ქვეყანა. აქ ყველაფერი მოიპოვებოდა ზღვაოსნობისთვის და რაც მთავარია, იგი მდიდარი იყო ოქროს, ვერცხლის და რკინის მადნეულობით. სტრაბონის აზრით არგონავტების ლაშქრობამ გაუღო ბერძნებს ევქსინის პონტოს (დღევანდელი შავი ზღვა) კარი.

საინტერესოა ისტორია შავი ზღვის შესახებ და ასევე იმის შესახებაც თუ რატომ ჰქვია მას ‘შავი’. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს: შავ ზღვას ბერძნები ჯერ პონტოს აქსინოსს (არასტუმართმოყვარეს) ეძახდნენ, რადგან მასზე ნაოსნობა საკმაოდ რთული იყო, შემდეგ კი - პონტოს ევქსინოსს (სტუმართმოყვარეს) უწოდებდნენ, რაც იმით იყო განპირობებული, რომ ბერძნებმა უკეთ შეისწავლეს სანაპირო ზღვის ზოლი და მიმდებარე ტერიტორიების კოლონიზაცია მოახდინეს. მეორე ვერსიის თანახმად, ზღვას „შავი“ თურქებმა დაარქვეს, მაშინ როცა ზღვის სანაპირო ტერიტორიების დაპყრობის დროს, ადგილობრივი მოსახლეობისგან დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ. შესაბამისად, უკვე XV საუკუნიდან თურქებმა მას „კარადენიზი“  ანუ შავი ზღვა უწოდეს. არსებობს ასევე კიდევ ერთი ვერსია, რაც მის ფერთანაა დაკავშირებული.

ზღვის წყალი ყოველთვის ლურჯი არ არის, ზამთარში, როდესაც ცივი ქარები ქრის, ზღვის ზედაპირი მუქდება და ვერცხლისფერი ხდება, სწორედ ამიტომ უწოდებენ მას შავს. ჰიდროლოგებს განსხვავებული ვერსია აქვთ, იმის გათვალისწინებით, რომ 200 მეტრს ქვემოთ, ზღვის წყალი დიდი რაოდენობით გოგირდწყალბადს შეიცავს, ნებისმიერი ლითონის ნივთი, რომელიც ზღვის ღრმა წყლებში ხვდება, იწვევს კოროზიას და შავი ნადებით იფარება. დღეს, გოგირდწყალბადიანი წყლის ზღვარი 150-200 მეტრს სიღრმეზე გადის, მაგრამ, შესაძლებელია შორეულ წარსულში, ის ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებას წარმოქმნის, წყლის ზედა ფენებშიც იყო, რადგან როგორც ძველი მეზღვაურები ამბობდნენ, შავ ზღვაში ცურვის დროს, მათი გემები შავი აპკით იფარებოდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ზღვაში შავი წყალი იყო.

შავი ზღვა მსოფლიოს სხვა ზღვებისგან იმით გამოირჩვეა, რომ ორ შრიანია, გოგირდწყალბადი საუკუნეების განმავლობაში გროვდება ზღვის ქვაბულში.
ზღვის წყალში ჟანგბადის დიდი ნაკლებობაა, რის შედეგადაც ზღვის ზედა და ქვედა შრეებს შორის წყლის მოძრაობა ყველაზე ნაკლებად ხდება. ქვედა შრეებში უჟანგბადობა ზღვის ამ ნაწილს აუთვისებელს ხდის და ცოცხალ ორგანიზმებს არსებობა არ შეუძლიათ. მის ფსკერზე გვხვდება საუკუნეების წინ ჩაძირული გემების ნარჩენები, რომლებზეც არსებული ნივთები დღემდეა შემონახული.

მრავალფეროვანია შავი ზღვის ცოცხალი სამყარო. აქ ცოცხალი ორგანიზმების 3774 სახეობა ბინადრობს, რომელთა უმეტესობა უხერხემლო და წყალმცენარეა. აქ გვხვდება, როგორც მუდმივად მცხოვრები, ასევე სრუტეებიდან შემოსული თევზებიც. სარეწაო მნიშვნელობის თევზებია სვია, ქაშაყი, ქაფშია, კაპარჭინა, კობრი, კეფალი, სტავრიდა, თინუსი და სხვ. ზღვაში გუნდებად ცხოვრობენ დელფინები. შავი ზღვის პლანქტონებიდან, აღსანიშნავია ერთი უჩვეულო სახეობის პლანქტონი – ე.წ. ღამის მანათობელი, რომელსაც ფოსფორიზაციის უნარი აქვს და ამის გამო, აგვისტოს თვეში, ხანდახან, ზღვაში ანათებს.

შავი ზღვის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ზღვის თანაბარი დონეა. ზღვას არ აქვს დიდი და მცირე მიმოქცევები, ზედაპირი უმეტესად მშვიდი და წყნარია, წყლის ტემპერატურა კი იმდენად სასიამოვნო და თბილია (200 მ-ის ქვემოთ წყლის ტემპერატურა მუდმივია და +9 გრადუსის ტოლია), რომ აჭარაში საკურორტო სეზონი სექტემბრის ბოლომდეც კი გრძელდება, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს ამ გამორჩეულ რეგიონს ტურისტებისთვის. 

შავი ზღვის აჭარის სანაპირო ზოლი გამოირჩევა არაჩვეულებრივი პლაჟებით, რომელთა უმეტესობაც წვრილი კენჭებითაა დაფარული, მზის გულზე გამთბარი ქვები კი ერთგვარი თერაპიის საშუალებაა. ამავდროულად, საქართველოს ფარგლებში, ზღვის კურორტების მახლობლად განლაგებული ფლორით მდიდარი მთები მეტად ესთეტიკურ ფონს ქმნის აქ ჩამოსული ვიზიტორებისთვის.

გალერია

ზღვაში ყვინთვა.jpgმწვანე კონცხის სანაპირო 2.jpgქობულეთის სანაპირო 2.jpg

გაზიარება