ძიუდო

0:44 | 19.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

უჩვეულო სიწყნარე და თითოოროლა ეჭვი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების უმთავრეს კანდიდატთა სია შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში უკვე გარკვეულია. სპორტის სასახლეში გუშინ დაწყებულ ეროვნულ ჩემპიონატში ტატამზე 60, 66 და 73 კილოგრამებში მოჭიდავე ძიუდოისტები გავიდნენ და ჩემპიონ-პრიზიორებიც გამოავლინეს. მოლოდინისამებრ, შეხვედრებმა უჩვეულოდ წყნარად და ორგანიზებულად ჩაიარა და თუ რამდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით, არც მსაჯების არაობიექტურობას მოუხდენია საბოლოო შედეგზე ზეგავლენა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გადაწყვეტილებით, ჩემპიონატზე დასწრება უფასოა, მაგრამ არც ეს ნაბიჯი აღმოჩნდა საკმარისი, სპორტის სასახლის ტრიბუნები თუნდაც სანახევროდ რომ მაინც შევსებულიყო. თუმც გულშემატკივართა მცირერიცხოვნობას ერთი ობიექტური მიზეზიც აქვს. სამუშაო დღეს დარბაზში მისვლას ბევრი ვერ ახერხებს.
ახლა კი უშუალოდ ჭიდაობებზე. რეგიონალური გუნდების მწვრთნელთა და ფედერაციის ხელმძღვანელობის ურთიერთშეთანხმების თანახმად, უშუალოდ ძირითადი ბადის შეხვედრების დაწყებამდე რამდენიმე საკონტროლო დაჭიდება შედგა. ძიუდოისტები, რომლებიც თავიანთი რეგიონების ლიდერებს შორის სახელდებიან, მაგრამ ბოლო შესარჩევი პირველობა ამა თუ იმ მიზეზის გამო გაუცდათ, საქართველოს პირველობის საგზურის მომპოვებელ ძიუდოისტებსა დაუპირისპირდნენ. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ნულოვან ეტაპზე სულაც, საქართველოს 2009 წლის ჩემპიონატის ფინალი განმეორდა. შიდაქართლელების: ზურაბ დილებაშვილისა და ანზორ ხმიადაშვილის შეხვედრაში გამარჯვებული შარშანდელის მსგავსად, კვლავ დილებაშვილი გამოვიდა. ამავე წონაში, სამხრეთ ოსეთის სახელით მოჭიდავე ზვიად კაპანაძე სამბოს მსოფლიოს ჩემპიონატმოვლილ კახა მამულაშვილთან დამარცხდა. კიდევ ერთმა სამბისტმა, კახეთის გუნდის წევრმა უშანგი კუზანაშვილმა (60 კგ) კი ვალერი ლაფერაშვილთან წააგო. ძირითად და რეპეშაჟის ბადეებში მომხდარს კი უფრო დეტალურად წონითი კატეგორიების მიხედვით გაგაცნობთ.
60 კგ
ფინალურ ბლოკში, როგორც წესი, სამი შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო – ორი რეპეშაჟის და ერთიც ძირითადი ფინალი, მაგრამ მაყურებელმა მხოლოდ ერთი ბრძოლა იხილა. ამის მიზეზი ნახევარფინალში მომხდარი უსიამოვნო მომენტი გახდა. პაატა მერებაშვილმა (შიდა ქართლი) საქართველოს შარშანდელ ჩემპიონს, ბეთქილ შუკვანს (ქვემო ქართლი) აკრძალული ხერხით ხელის მძიმე ტრავმა მიაყენა და მსაჯისგან უმალ უმკაცრესი სასჯელით – დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ეს ეპიზოდი ვიდეოჩანაწერზეც სწრაფადვე გაარჩიეს, ჩემპიონატის უცხოელ კომისრებთან ერთად და დარღვევა სლოვაკმა მარიან ჰეპკამ და ბელგიელმა ფრანკ დე მოორმაც ერთხმად დაადასტურეს. ფინალისტად შუკვანი გამოცხადდა, მაგრამ მაშინვე ცხადი გახდა, რომ ტრავმირებული ძიუდოისტი გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობას ვეღარ შეძლებდა. მართლაც, წონის დამაგვირგვინებელ ბრძოლაში ტატამზე მხოლოდ მისი მეტოქე - დავით ასუმბანი (ქვემო ქართლი) გავიდა და ოქროს მედალსაც ავტომატურად დაეუფლა. ასუმბანი საჩემპიონო გზას გოჩა გულბათაშვილის (მცხეთა მთიანეთი) იუკოთი ძლევით შეუყვა, ამირან თამლიანი (გურია), ვაჟა მარგველაშვილი (შიდა ქართლი) და ლაფერაშვილი კი იპონ-იპონ ჩამოიცილა. შუკვანს მერებაშვილთან დაპირისპირებამდე 3 წმინდა გამარჯვება ჰქონდა – გიორგი ნასყიდაშვილთან (იმერეთი), ვახტანგ ჩიდრაშვილთან (კახეთი) და ტრისტან ფეიქრიშვილთან (თბილისი).
ამავე წონაში, ბევრისთვის მოულოდნელად, ერთადერთხელ გავიდა ტატამზე ოთარ კაიდარაშვილი (შიდა ქართლი). ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი (55 კილოგრამში), პირველსავე წრეში, გიგა ბერიაშვილთან (თბილისი) იპონზე დავარდა.
აღსანიშნავია სამეულს მიღმა გიორგი ბროლაშვილის (თბილისი) დარჩენაც. ორი ლამაზი გამარჯვების შემდეგ, მისთვის დაუძლეველი ბარიერი მერებაშვილი აღმოჩნდა. გამარჯვებული მსაჯებმა ჰანტეითი გამოავლინეს. რეპეშაჟში გადართულ ბროლაშვილს წინ ფეიქრიშვილი გადაეღობა. ამ უკანასკნელმა, “ბრინჯაოს ფინალში” ლაფერაშვილს მოუგო, მეორე ბრინჯაოს კი მარგველაშვილი დაეუფლა. გადამწყვეტ შეხვედრაში იგი პაატა მერებაშვილს უნდა დასჭიდებოდა...
66 კგ
საქართველოს ნაკრების წევრმა შალვა ქარდავამ (რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) შარშანდელ ჩემპიონატზე მოგებული ბრინჯაო ამჯერად ოქროზე გადაცვალა. იმერელი მინდია ლილუაშვილის ქულებით ძლევის შემდეგ 66 კილოგრამში ახალანაცვლებულ შმაგი ლაგაზაურს (კახეთი) იპონით გაუსწორდა. წმინდა გდებებითვე მოუგო ლაშა ლომიძესა (შიდა ქართლი) და ლევან ჩუბინიძესაც (თბილისი). ფინალში კი გიორგი შოშიაშვილს (კახეთი) მსაჯების მიერ აღმართული ალმებით აჯობა. შოშიაშვილმა ფინალის გზაზე ზურაბ ნინიევი (აჭარა), ოთარ არჩვაძე (შიდა ქართლი), ბექა ბერიაშვილი (თბილისი) და სანდრო იაკობაშვილი (ქვემო ქართლი) ჩამოიშორა.
ბრინჯაოს პრიზიორები ჩუბინიძე და იაკობაშვილი გახდნენ. იმ თითო მარცხის მიუხედავად, რომლებითაც ოქრო-ვერცხლის შანსი დაკარგეს, ორივე ძიუდოისტმა შთამბეჭდავი გამარჯვებებით დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებს.
73 კგ
ამ წონაში გამოკვეთილი ფავორიტის დასახელება განსაკუთრებით ძნელი იყო, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, ჩემპიონმა სწორედ 73 კილოგრამში აჩვენა კონკურენტებზე ბევრად უკეთესი ჭიდაობა - თენგიზ პაპოშვილმა (კახეთი) ყველა მეტოქეს უპრობლემოდ აჯობა. ცოტნე ზურაბიანი (იმერეთი), გიორგი იოსელიანი (ქვემო ქართლი), ნუგზარ ტატალაშვილი (შიდა ქართლი), დავით კობერიძე (რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) და ზურაბ ნოზაძე (თბილისი) იპონ-იპონით დაჩაგრა. გადამწყვეტი გამარჯვება სულაც, 26 წამში მოიპოვა, არადა ფინალამდე, ნოზაძეც შთამბეჭდავი მოგებებით მივიდა. ამ ძიუდოისტმა მაყურებლს თავი პირველ ყოვლისა, იშვიათი შეუპოვრობით დაამახსოვრა. თითქმის ყველა მეტოქესთან აგებდა და ბოლო მომენტში ატრიალებდა შეხვედრას სათავისოდ. თან ამას საოცრად ლაღად, ულამაზესი გდებებით ახერხებდა. ნოზაძემ ფინალამდე გიორგი გასიტაშვილს (შიდა ქართლი), ლაშა ზურაბიანს (რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი), ამბაკო ავალიანსა (ქვემო ქართლი) და ზვიად ბაზანდარაშვილს (შიდა ქართლი) სძლია.
კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავალიანი და ბაზანდარაშვილი ავიდნენ. პირველმა კობერიძეს დამატებით დროში აჯობა, ხოლო მეორემ – ზებედა რეხვიაშვილს (ქვემო ქართლი) ჰანტეითი მოუგო. რეხვიაშვილმა ძირითად ბადეშიც არასასურველი ფერის ალმებით დაასრულა გამოსვლა და ზემოთ ნახსენებ თითზე ჩამოსათვლელ არაობიექტურობათაგან გამოსარჩევი სწორედ ის შეხვედრა იყო. რეხვიაშვილისა და კობერიძის შეხვედრის შედეგმა ნეიტრალური მაყურებლებიც აღაშფოთა. ერთი შეხედვით ჰანტეის შედეგი იოლად გამოსაცნობი იყო, მაგრამ... მოულოდნელად, სამიდან ორი მსაჯის არარეალური გადაწყვეტილებით დასრულდა. შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ იმ ეპიზოდმა სხვა ეჭვი გააჩინა, შეხვედრის მიმდინარეობის გათვალისწინებით, არც თუ უსაფუძვლო.
სამივე წონითი კატეგორიის ჩემპიონ-პრიზიორების გამოვლენის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა “მსოფლიო სპორტისთვის” მოკლე კომენტარი გააკეთა:
“ამ წონებში განსაკუთრებულ სიახლეებს არ ველოდი. ძირითადად იმ სპორტსმენებმა გამოიჩინეს თავი, რომელთა შესაძლებლობებიც კარგად ვიცით, თუმც რამდენიმე მათგანმა სიურპრიზი მაინც შემოგვთავაზა. პირველ ყოვლისა, პაპოშვილისა და ნოზაძის კარგ ჭიდაობას გამოვარჩევ. რაც შეეხებათ უმედლოდ დარჩენილ ახალგაზრდული ნაკრების წევრებს, რამდენიმე მათგანს საერთაშორისო ტურნირზე მაინც მივცემ თავის გამოჩენის და ნაკრებში დამკვიდრების შანსს. მაგალითად, მერებაშვილს, რეხვიაშვილსა და ტატალაშვილს”.
19 ნოემბერს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში – 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. წინასწარი შეხვედრები დილის 11 საათიდან დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 17 საათიდან.

ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
სპორტის სასახლე
18 ნოემბერი

60 კგ

1 დავით ასუმბანი (ქვემო ქართლი)
2 ბეთქილ შუკვანი (ქვემო ქართლი)
3 ვაჟა მარგველაშვილი (შიდა ქართლი)
3 ტრისტან ფეიქრიშვილი (თბილისი)

66 კგ
1 შალვა ქარდავა (რაჭალეჩხუმი-ქვემო სვანეთი)
2 გიორგი შოშიაშვილი (კახეთი)
3 სანდრო იაკობაშვილი (ქვემო ქართლი)
3 ლევან ჩუბინიძე (თბილისი)

73 კგ
1 თენგიზ პაპოშვილი (კახეთი)
2 ზურაბ ნოზაძე (თბილისი)
3 ზვიად ბაზანდარაშვილი (შიდა ქართლი)
3 ამბაკო ავალიანი (ქვემო ქართლი)


ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.151114