top of page

ჩუტყვავილა — გამომწვევი მიზეზი, სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია

Updated: Sep 13, 2023

12/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

ჩუტყვავილა ძლიერ გადამდები დაავადებაა, რომელსაც ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი იწვევს (VZV). სხვადასხვა სიმპტომთან ერთად, ახასიათებს ქავილი და ბუშტუკებიანი გამონაყარი. გამონაყარი პირველად მკერდზე, ზურგსა და სახეზე ჩნდება, შემდეგ კი მთელ სხეულს ედება.


ჩუტყვავილა შეიძლება გართულდეს, განსაკუთრებით ორსულებში, ჩვილებში, მოზარდებში, მოზრდილებში და სუსტი იმუნური სისტემის მქონეებში.


ჩუტყვავილას პრევენციის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.

ნიშნები და სიმპტომები

ჩუტყვავილა შეიძლება შეხვდეს ნებისმიერს, ვისაც ის ჯერ არ ჰქონია ან ამ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა არ მიუღია. როგორც წესი, დაავადება დაახლოებით 4-7 დღეს ვრცელდება.


ჩუტყვავილას კლასიკური სიმპტომია გამონაყარი, რომელსაც ქავილი ახასიათებს და გადაიქცევა სითხით სავსე ბუშტუკებად, რომლებიც საბოლოოდ, მუწუკებად იქცევა.


გამონაყარი თავდაპირველად მკერდზე, ზურგსა და სახეზე ჩნდება, შემდეგ კი მთელ სხეულზე ვრცელდება, მათ შორის პირში, თვალის ქუთუთოებზე და გენიტალიების ზონაში. დაახლოებით ერთ კვირაში, ყველა ბუშტუკი მუწუკად გადაიქცევა.


გამონაყარის გამოჩენამდე ერთი ან ორი დღით ადრე შეიძლება გამოჩნდეს სხვა ტიპური სიმპტომები:

  • სიცხე

  • დაღლილობის შეგრძნება

  • მადის დაქვეითება

  • თავის ტკივილი


როგორც წესი, ჩუტყვავილას გამო ბავშვებს სკოლის ან საბავშვო ბაღის გაცდენა 5-6 დღით უწევთ.

ჩუტყვავილა ვაქცინირებულ პირებში

ჩუტყვავილა მაინც შეიძლება შეხვდეს ზოგიერთ ვაქცინირებულ ადამიანს. თუმცა, როგორც წესი, არავაქცინირებულებისგან განსხვავებით, მათ მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვთ სიცხის სახით და საერთოდ არ აქვთ სითხიანი ბუშტუკები, აქვთ დაბალი სიცხე (ან საერთოდ არ აქვთ) და დაავადებაც გაცილებით ცოტა ხანს გრძელდება. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ვაქცინირებულ პირებს დაავადება ზუსტად ისე უვითარდებათ, როგორც არავაქცინირებულებს.

ჩუტყვავილას გამწვავების რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები

ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჩუტყვავილას სიმპტომები მწვავედ გამოუვლინდეს და მაღალი იყოს გართულებათა რისკი.

გართულებები

ჩუტყვავილას შეიძლება გართულებები მოჰყვეს, მაგრამ როგორც წესი, ასეთი რამ არ ხდება ინფიცირებულ, ჯანმრთელ ადამიანებში.

იმ ადამიანებს შორის, ვისაც შეიძლება ჩუტყვავილა გაუმწვავდეს და შეიძლება გართულებათა მაღალი რისკის ქვეშ მოექცნენ, არიან:

  • ჩვილები

  • მოზარდები

  • მოზრდილები

  • ორსულები

  • ავადმყოფობის ან მკურნალობის გამო შესუსტებული იმუნური სისტემის მქონეები, მაგალითად,

  • ⦿ ვისაც აქვს აივ/შიდსი ან კიბო

  • ⦿ ვისაც გადანერგილი აქვს რომელიმე ორგანო

  • ⦿ ვინც იმყოფება ქიმიოთერაპიაზე, იღებს იმუნიტეტის დამთრგუნველ მედიკამენტებს ან დიდი ხანია, რაც იღებს სტეროიდებს


ჩუტყვავილას სერიოზულ გართულებებს შორის არის:


  • კანისა და რბილი ქსოვილების ბაქტერიული ინფექციები ბავშვებში, მათ შორის, A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციები

  • ფილტვის ინფექცია (პნევმონია)

  • თავის ტვინის ინფექცია ან შეშუპება (ენცეფალიტი, ცერებრალური ატაქსია)

  • სისხლდენის პრობლემები (ჰემორაგიული გართულებები)

  • სისხლის მიმოქცევის ინფექციები (სეფსისი)

  • დეჰიდრატაცია

ჩუტყვავილას გართულებებმა ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იმდენად ავად გახადოს, რომ საჭირო გახდეს საავადმყოფოში გადაყვანა. ჩუტყვავილამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიც.

ვაქცინების წყალობით, ჩუტყვავილათი სიკვდილი დღეს უკვე იშვიათია. თუმცა, ჩუტყვავილა ზოგჯერ მაინც იწვევს ჯანმრთელი, არავაქცინირებული ბავშვების ან მოზარდების სიკვდილს. ფაქტები მიუთითებს, რომ წარსულში, ჩუტყვავილათი გარდაცვლილ ჯანმრთელ მოზარდებს დაავადება არავაქცინირებული ბავშვებისგან გადაედოთ.

გადადება

ჩუტყვავილა ძლიერ გადამდები დაავადებაა, რომელსაც ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი იწვევს (VZV). ვირუსი ადვილად ვრცელდება ჩუტყვავილათი ინფიცირებული ადამიანიდან სხვებში, ვისაც ის არასოდეს ჰქონია ან ვაქცინირებული არ არის. თუ ერთ ადამიანს ჩუტყვავილა აქვს, მასთან ახლო კონტაქტის მქონე არაიმუნურ ადამიანთა 90 პროცენტი ინფიცირდება. ვირუსი ძირითადად ინფიცირებულთან ახლო კონტაქტით ვრცელდება.



ჩუტყვავილას მქონე პირი გადამდებად მიიჩნევა გამონაყარის გაჩენიდან ერთი-ორი დღით ადრე პერიოდიდან იქამდე, ვიდრე ყველა ბუშტუკი ქერქს არ გაიკეთებს (დამუწუკება). ვაქცინირებულ პირებს შეიძლება გაუჩნდეთ გამონაყარი, რომელიც არ მუწუკდება. ასეთი ადამიანები გადამდებად მიიჩნევა იქამდე, ვიდრე მომდევნო 24 საათში ახალი გამონაყარი აღარ გაუჩნდება.


ვარიცელა-ზოსტერის ვირუსი ასევე იწვევს ჰერპესს. ჩუტყვავილას შემდეგ, ვირუსი სხეულში რჩება (მიძინებული). ჰერპესი მაშინ ჩნდება, როდესაც VZV ვირუსი ჩუტყვავილას გავლის შემდეგ სხეულში ხელახლა აქტიურდება. ჰერპესის მქონე ადამიანებმა VZV ვირუსი შეიძლება გადასდონ ისეთებს, ვისაც ჩუტყვავილა არასოდეს ჰქონია ან ვაქცინირებული არ არის. ეს შეიძლება მოხდეს ჰერპესის ბუშტუკებიანი გამონაყარის სითხესთან პირდაპირი კონტაქტით ან ბუშტუკებიდან ამოსული ვირუსული ნაწილაკების შესუნთქვით. ასე ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანს ჩუტყვავილა განუვითარდება და არა ჰერპესი.


ჩუტყვავილა ვლინდება ჩუტყვავილას ან ჰერპესის მქონე ადამიანთან კონტაქტიდან დაახლოებით ორ კვირაში (10-21 დღე). გადამდებია ვაქცინირებული, მაგრამ ინფიცირებული ადამიანიც. უმეტეს შემთხვევაში, ჩუტყვავილა სამუდამო იმუნიტეტს ტოვებს. შესაძლებელია ეს დაავადება რამდენჯერმე შეგხვდეს, მაგრამ ძალიან იშვიათად.

პრევენცია და მკურნალობა პრევენცია

ჩუტყვავილას პრევენციის საუკეთესო გზა მისი საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაა. ყველასთვის, მათ შორის ბავშვების, მოზარდებისა თუ ზრდასრულებისთვის, საჭიროა ორი დოზა, თუკი მათ ჩუტყვავილა არასოდეს ჰქონიათ ან არ არიან წარსულში ვაქცინირებული.


ჩუტყვავილას ვაქცინები ძლიერ უსაფრთხო და ეფექტიანია დაავადების პრევენციის თვალსაზრისით. ვაქცინირებულ ადამიანთა უმეტესობას ჩუტყვავილა არ ემართება. თუკი ვაქცინირებულ ადამიანს ის მაინც შეხვდა, სიმპტომები ძირითადად მსუბუქია, მხოლოდ სიცხე გამონაყარის გარეშე (ან უბრალოდ წითელი წერტილების სახით); ან დაბალი სიცხე, ან საერთოდ უსიცხოდ.



ჩუტყვავილას ვაქცინა ახდენს დაავადების თითქმის ყველა მწვავე შემთხვევის პრევენციას. მას შემდეგ, რაც აშშ-ში ჩუტყვავილას ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, შემთხვევათა რაოდენობა 97 პროცენტით შემცირდა. უიშვიათესი გახდა ჰოსპიტალიზებისა და სიკვდილის შემთხვევები.

სახლში მკურნალობა

ჩუტყვავილას სიმპტომების შემსუბუქებისა და კანის ინფექციების პრევენციისთვის, რამდენიმე რამ სახლში შეგიძლიათ გააკეთოთ. ქავილის შემსუბუქება შეუძლია კალამინის ლოსიონს და ცივ აბაზანაში დამატებულ საჭმელ სოდას, დაუმუშავებელ შვრიის ფაფას ან კოლოიდურ შვრიის ფაფას. მოკლედ დაიჭერით ფრჩხილები და მინიმუმამდე დაიყვანეთ ფხანა, რათა თავიდან აიცილოთ ვირუსის სხვა ადამიანებზე გავრცელება. თუკი ფხანის დროს ბუშტიკი შემთხვევით გაგისკდათ, ხელები საპნით და წყლით დაიბანეთ სულ მცირე 20 წამის განმავლობაში.

ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები

ჩუტყვავილას დროს სიცხის დასაწევად, არ მიიღოთ ასპირინი ან ასპირინის შემცველი პროდუქტები. ჩუტყვავილას მქონე ბავშვებში ასპირინის გამოყენება დაკავშირებული აღმოჩნდა რეის სინდრომთან — მწვავე დაავადებასთან, რომელიც ღვიძლსა და თავის ტვინს აზიანებს და შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს. სიცხის დასაწევად, შეგიძლიათ გამოიყენოთ პრეპარატები, რომლებიც არ შეიცავს ასპირინს, მაგალითად აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი).


ამერიკის პედიატრთა აკადემია გასცემს რეკომენდაციას, რომ თუკი შესაძლებელია, მოვერიდოთ იბუპროფენის გამოყენებას, რადგან ეს დაკავშირებული აღმოჩნდა სიცოცხლისთვის საშიშ კანის ინფექციებთან.

როდის მივმართოთ ჯანდაცვის პროვაიდერს

ჩუტყვავილას ან ჰერპესის მქონე ადამიანებისთვის, ჯანდაცვის პროვაიდერთან უნდა დავრეკოთ იმ შემთხვევაში, თუ პირს:

  • არასოდეს ჰქონია ჩუტყვავილა და არ არის ვაქცინირებული

  • ორსულია

  • აქვს ინფექციებთან ბრძოლის სუსტი უნარი (შესუსტებული იმუნური სისტემა), რაც გამოწვეულია დაავადებით ან მკურნალობით; მაგალითად:

  • ⦿ ვისაც აქვს აივ/შიდსი ან კიბო

  • ⦿ ვისაც გადანერგილი აქვს რომელიმე ორგანო

  • ⦿ ვინც იმყოფება ქიმიოთერაპიაზე, იღებს იმუნიტეტის დამთრგუნველ მედიკამენტებს ან დიდი ხანია, რაც იღებს სტეროიდებს


თუ სიმპტომები გაქვთ, დარეკეთ თქვენს ჯანდაცვის პროვაიდერთან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ პირი:

1. სერიოზული გართულებების რისკის ქვეშაა, რადგან:

  • არის ერთ წელზე ნაკლები ასაკის

  • არის 12 წელზე მეტის

  • აქვს შესუსტებული იმუნური სისტემა

  • ორსულია

ან

2. აქვს ქვემოთ მოცემული ნებისმიერი სიმპტომი:

  • სიცხე უკვე ოთხ დღეზე მეტხანს

  • სიცხე აჭარბებს 38,9°c-ს

  • გამონაყარის რომელიმე უბანი ძლიერ გაწითლდა, გაცხელდა, დარბილდა ან გადმოდის სითხე (ბლანტი, უფერო სითხე), რადგან ეს სიმპტომები შეიძლება ბაქტერიულ ინფექციაზე მიუთითებდეს

  • უჭირს გაღვიძება ან დაბნეულად იქცევა

  • უჭირს სიარული

  • გაუშეშდა კისერი

  • ხშირად აღებინებს

  • ძლიერ ახველებს

  • აქვს მუცლის ძლიერი ტკივილი

  • გამონაყარიდან მოსდის სისხლი ან აქვს სისხლჩაქცევები


მომზადებულია cdc.gov-ის მიხედვით.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




181 views0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page