ინჟინერ-ენერგეტიკოსის შექმნილი ხელნაკეთი ტყავის ჩანთები ქართულ ბაზარზე | Allnews.Ge

ინჟინერ-ენერგეტიკოსის შექმნილი ხელნაკეთი ტყავის ჩანთები ქართულ ბაზარზე

ქართულ ბაზარზე ხელნაკეთი, ნატურალური ტყავის ჩანთები გამოჩნდა.

პროფესიით ინჟინერ-ენერგეტიკოსმა, დაახლოებით, ერთი წლის წინ დაიწყო ნატურალური ტყავისგან ჩანთების კერვა და ამჟამად უკვე 6 გამოფენას ითვლის.

წარმოების დეტალებსა და სამომავლო გეგმებზე გიგა თავდგირიძე Allnews.ge- ს ესაუბრა:

"მთავარია ფანტაზია, იღბალი და შინაგანი სურვილი, რომ საზოგადოებისთვის აქტუალური საქმიანობით იყო დაკავებული".

პირველი ჩანთა: "ერთი წლის წინ ჩემმა შვილმა მთხოვა, ჩანთის შეკერვა. შევუკერე და ძალიან მოეწონა. მეც მომეწონა ჩემი ნახელავი, კიდევ რამდენიმე ჩანთა შევკერე და ახლობლებს საჩუქრად დავურიგე. შემდეგ დიზაინერმა მარინა ხორავამ ნახა და ჩემი ჩანთების ერთ-ერთ გალერეაში გამოფენაზე გატანა შემომთავაზა - იქნებ რამდენიმე ჩანთა შეკერო და გამოფენას უსასყიდლოდ მოგიწყობო. დაახლოებით 12 ჩანთა შევკერე, გაიმართა გამოფენა და გაიყიდა. ეს ჩემთვის სტიმული იყო. არა მხოლოდ ჩემი შემოქმედების დაფასების კუთხით, არამედ მატერიალური თვალსაზრისითაც. თავიდან მარინა მაძლევდა რჩევებს. მე წარმოდგენა არ მქონდა, სულ სხვა პროფესია მაქვს. მერე უკვე მარინას დიზაინით კერვას თავი დავანებე და ჩემი დიზაინით გადავწყვიტე ჩანთების შექმნა".

საწყისი კაპიტალი: "ჩანთას რომ ვყიდდი, იმ ფულით მთლიანად ტყავს ვყიდულობდი. ადგილობრივი ტყავია. არ არის ისეთი ძვირი, რომ ვერ შევწვდომოდი საჭირო მასალებს. "ნავთლუღის ბაზარში" ვიძენდი ტყავს, აქსესუარებს, ჩამკეტებს, ღვედებს და ხელით ვაკეთებდი ყველაფერს. სახვრეტი მაგალითად, სამი ლარი ღირს. უნდა გაიხვრიტოს და შემდეგ უნდა შეიკეროს ძაფით. ძაფიც, მეტრი 7 თეთრი ღირს. მასალები იაფია".

კოლექციები: "6 კოლექცია მაქვს გაკეთებული. პირველ კოლექციაზე უკვე ვისაუბრე. რაც შეეხება მეორე კოლექციას, იქ ხე ჩავრთე მეტი. ფერადი ჩანთებია. ეს კოლექცია შარშან, ივლისში, აჭარაში წავიღე და "აჭარის მოდის კვირეულში" მივიღე მონაწილეობა. 11 ჩანთა გავყიდე. მეორე კოლექციის ფასები 100 – 150 ლარს შორის მერყეობდა. მესამე კოლექცია "თბილისის მოდის კვირეულზე" გავიტანე. 23 ჩანთიდან 21 გავყიდე, ამ მოდელმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. შემდეგ დავიწყე ხეებით ზურგჩანთების გაკეთება. პირველად, საქართველოში, ხისა და ნატურალური ტყავის კომბინაციით ჩანთა მე შევკერე".

სამომავლო გეგმები: "მე -7 კოლექციის შექმნაზე ვფიქრობ. ეს იქნება ნატურალური ტყავის და სქელი ნაჭრის კომბინაციით შეკერილი ხელჩანთები. გაჩერებას არ ვაპირებ, ადრე ვიფიქრე, ხეებით და ნატურალური ტყავით, სასკოლო ხელ-ზურგ-მხარჩანთის მასიური წარმოება, ამის შესახებ ერთ-ერთ ტელეკომპანიაშიც განვაცხადე სტუმრობისას. წაროიდგინეთ მე 5, მე-6, მე-7 კლასის აქტიური მოსწავლე, რომელმაც რაც არ უნდა უქნას ჩანთას, არ დაეხევა. ამ განცხადების შემდეგ 5 თვე გავიდა და არვინ არ მომაქცია ყურადღება.

თითეული ჩანთა ძალიან მიყვარს. ახლა მაქვს კოლექციაში რამდენიმე, რომლებსაც არ ვყიდი, და, ალბათ, ვერასდროს გავყიდი.

თამარ კორკოტაშვილი

myquiz