პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი მზადაა, მთავარი პროკურორობისთვის იბრძოლოს | Allnews.Ge

პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი მზადაა, მთავარი პროკურორობისთვის იბრძოლოს

პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი მზადაა, მთავარი პროკურორობისთვის იბრძოლოს. ამის შესახებ ნადარეიშვილი განცხადებას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს.

"დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას და მონაწილეობა მიმეღო მთავარი პროკურორის არჩევნებში. გავითვალისწინე საზოგადოების ნაწილისა და სამართლებრივ სივრცეში მოღვაწე აკადემიური პერსონალის თხოვნა და მივეცი მათ თანხმობა, იუსტიციის მინისტრისათვის, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა წარედგინათ. გათვითცნობიერებული მაქვს პროკურატურის წინაშე დღეს არსებული გამოწვევები და სირთულეები. პროკურორი, ბუნებრივია, ვერ იქნება ყველასთვის მისაღები და მოსაწონი, იქიდან გამომდინარე, რომ მისი მოღვაწეობა ასოცირდება სისხლის სამართლებრივ დევნასთან. თუმცა, სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის მოპოვება სავსებით შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, მივიღებ თუ არა იუსტიციის მინისტრისა და საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერას, იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას უხელმძღვანელებს ღირსეული და გამოცდილი ადამიანი, რომელიც სტრუქტურისათვის უცხო სხეული არ იქნება (იგივე პოზიცია მქონდა ადრეც)", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

myquiz