როგორ გავუმკლავდეთ ალერგიას, რომელიც გაზაფხულზე გვაწუხებს - ალერგოლოგ ნინო ლომიძის რჩევები | Allnews.Ge

როგორ გავუმკლავდეთ ალერგიას, რომელიც გაზაფხულზე გვაწუხებს - ალერგოლოგ ნინო ლომიძის რჩევები

ცემინება, ცხვირიდან წყლისებური გამონადენი, ცხვირის, სასის, ყურების, თვალების ქავილი, ასევე, სუნთქვის გაძნელება და ბრონქოსპაზმი - ეს სეზონური საგაზაფხულო ალერგიის ანუ პოლიზონის სიმპტომებია. დაავადება გულისხმობს ალერგიას მცენარეული მტვრის მიმართ. ექიმ ალერგოლოგის, მედიცინის დოქტორის ნინო ლომიძის განმარტებით, ალერგიულ პირებს მცენარეებისადმი ალერგია ეწყებათ მაშინ, როცა ჰაერში მცენარის მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია მიაღწევს გარკვეულ ზღვრულ დონეს, შესუნთქვის შედეგად ისინი სასუნთქ სისტემაში ხვდება და იწყება ალერგიის გამოვლინება.

როდის იწყება მცენარეთა ყვავილობა და როდის უნდა ელოდონ მცენარეული ალერგიის მქონე პაციენტები ალერგიის გამოვლინებას?

საქართველოში მცენარეების ყვავილობა იანვრის ბოლოდან იწყება და ოქტომბრის თვემდე გრძელდება. ეს პერიოდი გაყოფილია 3 ეტაპად: იანვარი-აპრილის პერიოდი მოიცავს ადრე და გვიან მოყვავილე ხეების ყვავილობას. საქართველოში მოყვავილე ხეებია თხილი, თელა, კიპარისი, ალვისა და ნეკერჩხლის ხე. აპრილის ბოლო-ივლისის პერიოდში ბალახები და მარცვლოვნები მცენარეები ყვავიან. ხოლო მესამე პერიოდში - აგვისტოდან ოქტომბრამდე ყვავის სარეველა მცენარეები, როგორიცაა ამბროზია, ავშანი, ბაბუაწვერა.

ზოგ ადამიანს ალერგიული სიმპტომები აქვს მხოლოდ ხეების ყვავილობის დროს, ზოგს ბალახებისა და მარცვლოვანი მცენარეების ყვავილობის დროს, რის გამოც ალერგიის ნიშნები უფრო გვიან აპრილიდან ეწყებათ, ხოლო ისინი, ვისაც სარეველების მიმართ არიან ალერგიულები, ხშირად გაზაფხულისა და ზაფხულის ნაწილს მშვიდად გაივლიან და სიმპტომები გვიან ზაფხულში ანუ აგვისტოდან ეწყებათ. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია დროულად ექიმთან მისვლა და გარკვევა თუ რა სიმძიმის ალერგია აქვს, კონკრეტულად რომელ მცენარეზეა ალერგიული, რათა დროულად დაიწყოს მკურნალობის კურსი.

ადამიანები ხშირად უჩივიან ჭადრის ხის ბუსუსების მიმართ ალერგია. რატომ არის ეს მცენარე ასეთი პრობლემატური?

ზოგადად მცენარეული მტვერი შედგება უმცირესი ზომის მარცვლებისგან, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით ალერგენულ ცილებს, რომლებსაც ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ. ისინი, როგორც წესი, თვალისათვის უხილავია, ანუ რაც იწვევს ალერგიას იმას ჩვენ ვერ ვხედავთ. რაც შეეხება ჭადრის ბუსუსებს ისინი უფრო მექანიკურად აღიზიანებენ სასუნთქ გზებს და იწვევენ ცემინებისა და ხველის განვითარებას. თუმცა, თვითონ ჭადრის ხის მიმართ ალერგია არც თუ ისე ხშირია.

რა კავშირშია სეზონური ალერგია ხილისა და ბოსტნეულის მიმართ ალერგიასთან?

მცენარეული ალერგიის მქონე პაციენტების დაახლოებით 30%-ს აღენიშნება ალერგიული რეაქცია ახალი ხილისა და ბოსტნეულის მიღების შემთხვევაში. ეს ხდება მეცანრეების, ხილისა და ბოსტნეულის ერთმანეთთან ჯვარედინი კავშირის გამო, რადგან ისინი შეიცავენ ერთნაირ ნივთიერებებს ანუ ცილებს. მაგალითად, თუ ადამიანი არის ალერგიული არყის ხის მიმართ, შესაძლებელია, მას, ასევე, აღენიშნოს ალერგიული რეაქცია ვაშლის, ატამის, გარგარის, სტაფილოს, ნიახურისა და თხილის მიღების დროს, ბალახების მიმართ ალერგიის შემთხვევაში - პომიდორის და მარცვლეულის მიღების დროს, ხოლო სარეველა მცენარეების შემთხვევაში - ნესვის, საზამთროსა და კივის მიღების დროს. სიმპტომები კი ვლინდება ყელის, სასის ქავილის, ასევე, ტუჩის შეშუპების სახით.

მცენარეული ალერგიის მქონე ადამიანებმა როდის უნდა მიმართონ ექიმს, ალერგიის გამოვლინებამდე თუ მის შემდეგ?

იმისთვის, რომ გაზაფხულის და ზაფხულის თვეები მცენარეული ალერგიის მქონე პაციენტებმა იოლად გაიარონ, რეკომენდებულია ალერგოლოგთან მივიდნენ კონსულტაციაზე ალერგიული სიმპტომების დაწყებამდე 2 კვირით ადრე. ამ პერიოდში მათ მოსამზადებელი საპროფილაქტიკო მკურნალობა უნდა ჩაიტარონ. ძალიან მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკის ანუ გამოკვლევის ჩატარება, ალერგიის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მის საფუძველზე სწორი მკურნალობის წარმართვა.

ალერგიის მიზეზი, შესაძლებელია, 170-ზე მეტი საკვები იყოს - რომელი პროდუქტები იწვევს ჩვენში ალერგიას

რას ურჩევთ მცენარეული მტვრის ალერგიის მქონე პაციენტებს?

მცენარეული მტვრის კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია დილის 6 სთ-დან 10 სთ-მდე, ამიტომ სასურველია, ამ დროს მოვერიდოთ გარეთ ფიზიკურ აქტივობას, მაგალითად, ვარჯიშს. ვარჯიშის დროს ორგანიზმი შეისუნთქავს მეტ ჰაერს და შესაბამისად მეტი ალერგენი მოხვდება სასუნთქ სისტემაში. სასურველია, ვიყოთ შენობაში განსაკუთრებით ქარიან ამინდში, მანქანით მგზავრობისას ავწიოთ ფანჯრები, სახლში დაბრუნების შემდეგ დავიბანოთ სახე და ხელები, რომ ჩამოვირეცხოთ დალექილი მცენარეული მტვერი.

მცენარეული მტვრის ალერგია განკურნებადია თუ არა?

მცენარეული მტვრის ალერგიის განკურნება შესაძლებელია ალერგიული ვაქცინაციით, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმში აცრის სახით შედის მის ალერგიაში დამნაშავე მცენარის ალერგენი. შედეგად ხდება ორგანიზმის შეგუება ალერგიის გამომწვევ მიზეზთან. ალერგიული ვაქცინაცია აღიარებულია და წარმატებით გამოიყენება თითქმის მთელ მსოფლიოში ათწლეულების მანძილზე, რასაც მოწმობს არაერთი საერთაშორისო პუბლიკაცია და გაიდლაინი.

myquiz