განკურნებადია თუ არა დეპრესია და როგორია მისი სიმპტომები? - საკითხზე ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა საუბრობს | Allnews.Ge

განკურნებადია თუ არა დეპრესია და როგორია მისი სიმპტომები? - საკითხზე ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა საუბრობს

დეპრესია ლათინური სიტყვაა და დათრგუნულს ნიშნავს. დეპრესია შეიძლება როგორც პათოლოგიური მდგომარეობა, ისე რომელიმე დაავადების ან მდგომარეობის თანმხლები სიმპტომი იყოს. გარდა ამისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დეპრესიულ ტიპებს მიეკუთვნებიან.

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა Allnews.ge-სთან ინტერვიუში განმარტავს, რომ დეპრესია დაავადებულთა 80%-ის შემთხვევაში განკურნებადია, 20%-ს კი შეიძლება მდგომარეობა შეუმსუბუქდეს.

დეპრესია შეიძლება დაკავშირებული იყოს დანაკარგთან, მაგალითად ახლობლის გარდაცვალებასთან, სამსახურის, სახლ-კარის, მეგობრის დაკარგვასთან და ა.შ.

"ასეთი დანაკარგი მოიცავს 5 ეტაპს. პირველია, როცა ადამიანს არ სჯერა; მეორეა გაბრაზება, თითქოს გარდაცვლილზე ან მოვლენაზე, ზოგჯერ ღმერთზეც ბრაზდები. მესამე ეტაპი არის ე.წ შევაჭრება. კერძოდ, ადამიანი იწყებს ფიქრს, განსჯას და ზოგჯერ თვითგვემას იმაზე, რაც გააკეთა, ფიქრობს, რომ ასე არ უნდა გაეკეთებინა, ამ დროს ჩნდება დანაშაულის გრძნობაც. მეოთხე ეტაპზე დეპრესიის სიმპტომები ვლინდება და მეხუთე არის ფაქტის ადეკვატური მიღება.

დეპრესიის მიზეზი შეიძლება იყოს მატრავმირებელი, სტრესული მდგომარეობა, ასევე დეპრესია შეიძლება აღმოცენდეს მაშინ როდესაც მას აქვს წინასწარ მემკვიდრეობითი განწყობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ცნობილია, რომ დეპრესიული მშობლების შვილებში ორჯერ და ოთხჯერ უფრო მაღალია რისკი იმისა, რომ ისინი დეპრესიისკენ მიდრეკილები იქნებიან" - განმარტავს ნანა ჩაჩუა.

რაც შეეხება დეპრესიის სიმპტომებს, ფსიქოლოგის თქმით, ადამიანი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური არსებაა, დეპრესიის სიმპტომი კი ყველა ჩამოთვლილ მახასიათებელზე აისახება.

"ბიოლოგიური თვალსაზრისით დეპრესიამ შეიძლება ძილის დარღვევა, კერძოდ, უძილობა ან გადაჭარბებული ძილიანობა გამოიწვიოს. ასევე ხდება კვებითი დარღვევაც, ადამიანი საერთოდ ვეღარ იკვებება ან პირიქით, საკვებს ჭარბი რაოდენობით იღებს, განსაკუთრებით მაშინ როცა შფოთვითი მდგომარეობაც არის გამოხატული. ასევე შეიძლება ენდოკრინოლოგიურ, გულსისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ და გამომყოფ სისტემაში დარღვევები გამოიკვეთოს.

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ჩვენ გვაქვს შემეცნებითი, ემოციონალური და ნებელობითი სფეროები. დეპრესიის დროს შემეცნებით პროცესებში თითქოს ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები იკლებს, ნელდება აზროვნებითი ოპერაციები. კერძოდ, ფაქტებს, მოვლენებს უფრო ადვილად ივიწყებს და რაღაცების გახსენება, ყურადღების კონცენტრაცია უჭირს, ქვეითდება წარმოსახვის უნარი, ყველა შემეცნებითი პროცესი ფერხდება. ბავშვების შემთხვევაში მათ სწავლა უჭირთ, გაბუნდოვანებულია შემეცნება," - აღნიშნავს ის.

როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, დეპრესია ემოციონალურ სფეროზეც მოქმედებს. მისი თქმით, დეპრესიით დაავადებულებს ემართებათ ანჰედონია ანუ სიხარულის უუნარობა.

"ემოციონალურ სფეროს რაც შეეხება, აქ არის ტირილი, მოჭარბებული ცრემლის ღვრა ან პირიქით, აჟიტირება, მუდმივად სიცილი. მოდუნებულია ნებელობითი აქტივობა ანუ მაგალითად, არ სურს, რაღაც რომ გარეცხოს, პირადი ჰიგიენა დაიცვას," - აღნიშნავს ის.

ფსიქოლოგი ასევე განმარტავს, რომ დეპრესიული ადამიანი ასოციალური ხდება, არავისთან ურთიერთობა არ სურს, ხალხმრავლობას გაურბის, აქვს სოციოფობიის ნიშნები, ჩაკეტილი ან ზედმეტად აჟიტირებულია და თავის ემოციებს, გრძნობებსა და განცდებს ყველას თავს ახვევს. დეპრესიული ადამიანის მეტყველება აბსოლუტურად შეცვლილია.

ნანა ჩაჩუას თქმით, არსებობს ფრაზები და გამოთქმები, რომლებიც დეპრესიულ ადამიანებს ახასიათებთ.
"ხდება პირველი პირის ნაცვალსახელის, "მე-ს" აქცენტირება, "მე ასე ვარ, მე ეს მაწუხებს, მტკივა, მე არ მიხარია..." ასევე დეპრესიული ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებს აკნინებს იმ წარუმატებლობას, რაც მას პირადად ჰქონია, აზვიადებს და ანზოგადებს და ხშირად ამბობს "რა აზრი აქვს, რა მნიშვნელობა აქვს, ვის რაში ვჭირდები, მე ხომ წარუმატებელი ვარ, მე ხომ არაფერში არ მიმართლებს, ჩემნაირი ადამიანებისთვის არ არის ეს სამყარო შექმნილი, მე ან ძალიან ადრე უნდა დავბადებულიყავი ან ძალიან გვიან" ანუ ამ კონკრეტულ დროსა და სივრცეში თითქოს ადგილს ვერ პოულობს და ყველა სიტყვაში ნეგატიური დომინირებს. როცა ეკითხები როგორ ხარ, არ გპასუხობს ან გეუბნება, რომ ძალიან ცუდად ან რატომ უნდა იყოს კარგად", - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

რაც შეეხება ბავშვებს, ნანა ჩაჩუას განმარტებით, დეპრესია მათ შემთხვევაშიც მოტივაციასა და ენერგიაზე მოქმედებს.

"დეპრესიულ ბავშვებში ხშირად გვხვდება ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობა. დეპრესიული განწყობა გოგონებში 12 წლის ასაკიდან უფრო მეტია, ვიდრე ბიჭებში, მანამდე ორივეს შორის ერთნაირია. ამ განსხვავებას იწვევს ჰორმონალური ცვლილებები, განსაკუთრებით პუბერტატის პერიოდში. ეს ორგანიზმში იწვევს აფორიაქებას და ადამიანი გარემო ვითარებების მხრიდან უფრო სენსიტირური ხდება", - განმარტავს ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, 0-3 წლის ბავშვებში დეპრესია შეიძლება კვებაში გამოვლინდეს, რადგან ისინი საკვების მიღებაზე უარს ამბობენ, რასაც თან ერთვის ფიზიკური ზრდის შეფერხება, თამაშის მიმართ გულგრილები არიან და დადებით ემოციებს ნაკლებად გამოხატავენ, - "ღნიშნულს არამხოლოდ გენეტიკური განწყობა, არამედ შეიძლება, სააღმზრდელო პროცესიც ქმნიდეს," - დასძენს ის.

ნანა ჩაჩუას განმარტებით, როდესაც ბავშვი ბულინგის მსხვერპლი ხდება, რაც ხშირად დეპრესიას იწვევს, შეიძლება, ის გულჩათხრობილი გახდეს, ეგონოს, რომ არავის არ უყვარს, ამ სამყაროში ზედმეტია, საკუთარი თავის მნიშვნელობის განცდა დაკარგოს. ფსიქოლოგის თქმით, ამ დროს შეიძლება ბავშვმა წონაში მოიმატოს ან მკვეთრად დაიკლოს, დაეწყოს კვებასთან დაკავშირებული დარღვევები და შემეცნებითი ინტერესების შეფერხება. როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, ჩვენს საზოგადოებაში დეპრესიული ფონი, სოციალური ტოქსინების გავრცელებითაა გამოწვეული.

"სოციალური ტოქსინები არის ის ინფორმაცია, ცხოვრების ის წესი, რომლითაც ჩვენს დღევანდელ საზოგადოებას უწევს ყოფნა, რისი გავრცელების წყაროც მედიაა. თითოეული მოქალაქე არის პროდუქტი, ინფორმაციისგან თავს ვერ დავიცავთ, მთავარი ისაა, რომ მისი სელექცია მოახდინოთ, კრიტიკული ცნობიერება გქონდეს, რომლის შემთხვევაში ადამიანები უფრო ადვილად მოხდეს დახარისხება, რა მივიღოთ და რა არა," - აღნიშნავს ის.

ფსიქოლოგის თქმით, ბავშვებისთვის მუდმივად ნეგატიური ინფორმაციის მიწოდება მტრულ განწყობას ქმნის, რაც უჩენთ იმპულსს რომ აღნიშნული რეალობა დაანგრიონ. ნანა ჩაჩუა მიიჩნევს, რომ ბავშვებში აგრესიაც სწორედ ამას უკავშირდება.

myquiz