ვაჟა-ფშაველას პირადი ცხოვრება და გენიალური შეგონებები, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის
ქართული ლიტერატურის კლასიკოსის, გენიოსი პოეტის, მწერლის, პუბლიცისტისა და მოაზროვნის, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წელი შესრულდა.
გავრცელებული ვერსიის თანახმად, ვაჟა-ფშაველა დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს, თუმცა 1912 წელს „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნებულ ვაჟასავე წერილში მითითებულია, რომ დაიბადა ძვ. სტილით 1862 წლის 15 მაისს (ახ. სტილით 27 მაისი). ჩარგალში 14 ივლისს ვაჟას შემოქმედების თაყვანისმცემლები ვაჟაობას აღნიშნავენ და გენიალური კლასიკოსი მწერლის ხსოვნას და მემკვიდრეობას მიაგებენ პატივს.
"ცოლები" და სიყვარულის ისტორიები
ვაჟა-ფშაველას ნამდვილი სახელი შეიძლება ბევრმა იცოდეს, თუმცა ბუმბერაზი პოეტის პირადი ცხოვრება და სიყვარულის ისტორიები - ცოტამ. ცნობილია, რომ ვაჟას ორი ცოლი ჰყავდა, სიყვარულით კი ბევრჯერ ჰყვარებია, თუმცა საპირისპირო სქესს სიყვარულში ხშირად ვერ უტყდებოდა.
ლუკა რაზიკაშვილის პირადი ცხოვრების დეტალებზე AMBEBI.GE-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ შარაბაძე ესაუბრა:
"ვაჟა, როგორც თავის დაუმთავრებელ ავტობიოგრაფიაში წერს, ხშირად ყოფილა შეყვარებული, მაგრამ ეს სიყვარული დარჩენილა მასში, სანამ ერთხელაც ამილახვრის უკანონო შვილს სიყვარულში არ გამოუტყდა.
ვაჟა ცნობილი თავადის, ოთარ ამილახვრის ოჯახში შინა მასწავლებლად მიიწვიეს, სწორედ ამ ოჯახში შეუყვარდა ამილახვრის უკანონო შვილი, დაქვრივებული ქალი კეკე. იმ დროს უკანონო შვილი შვილად არ ითვლებოდა, ამიტომ კეკეს დედის გვარი, ნებიერიძე ჰქონდა", - აღნიშნა თამარ შარაბაძემ.
თუმცა, პოეტის ბიოგრაფიის მკვლევარმა, არჩილ ღიბრაძემ ახლახან საარქივო მასალებზე დაყრდნობით დაამტკიცა, რომ კეკეს გვარი არა ნებიერიძე, არამედ ნებალაძე გახლავთ.
"საქართველოში ცოტამ თუ იცის, ვინ იყო ვაჟა-ფშაველას პირველი მეუღლე და ისინიც, ვინც ამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, ეკატერინეს გვარად ნებიერიძეს ასახელებენ. ეს გვარი არასწორად პოეტის ცნობილი მკვლევარის, სოლომონ ყუბანეიშვილის უნებლიე შეცდომის გამო გავრცელდა, ვინც თავის მხრივ, როგორც ვაჟას ბიოგრაფიის მკვლევარმა, უმნიშვნელოვანესი ეროვნული საქმე გასწია. ვაჟას ბიოგრაფიული მასალების მრავალწლიანი კვლევის შედეგად, საბოლოოდ დადგინდა, რომ ეკატერინე გვარად არა ნებიერიძე, არამედ ნებალაძე გახლდათ. როგორც ცნობილია, მისი მეუღლე ცნობილი თავადის, ოთარ ამილახვრის უკანონო შვილი იყო და დედის გვარზე იწერებოდა, რაც ცენტრალურ არქივში დაცული გორის რაიონის სოფელ ოთარაშენის, ოთარ ამილახვრის სასახლის, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის 1865 წლის საეკლესიო წიგნში დაცული ჩანაწერით დასტურდება. ეკატერინეს დედა - ანა ნებალაძე იყო. შესაბამისად, ნებალაძე გახლდათ მისი ქალიშვილის გვარიც. ამ ცნობას ადასტურებს აგრეთვე, ჩარგლის წმ. გიორგის ეკლესიის 1886 წლის ჩანაწერი ვაჟას უფროსი შვილის, თამარის დაბადების შესახებ. ჩარგლის ეკლესიის ჩანაწერში განსხვავება მხოლოდ ერთ ასოშია - ასო-ბგერა "ა" შეცვლილია ასო-ბგერა - "ე"-თი.1885 წლის შემოდგომით, ქართლის სოფელ ოთარაშენის დიდმა ფეოდალმა, ოთარ ამილახვარმა ვაჟა-ფშაველა შინ თავისი შვილის, გიორგის მასწავლებლად მიიწვია. ამ ოჯახში გაიცნო ვაჟამ ამილახვრის უკანონო შვილი ეკატერინე (კეკე).
ნაადრევად გათხოვილმა და დაქვრივებულმა კეკემ თავი კვლავ ამილახვრების სახლს შეაფარა. მასწავლებლად მისულ ვაჟას ქალი შეუყვარდა და მისი შერთვა გადაწყვიტა.ოჯახი ღარიბულად, თუმცა, ბედნიერად ცხოვრობდა. კეკე, რომელმაც ქვეყნად ოთხი შვილი (თამარი, მარიამი, გულქანი და ლევანი) მოავლინა, ყველას გამორჩეულად უყვარდა. ვაჟას ძმები ეთაყვანებოდნენ საყვარელ რძალს. ტანად მომცროს, თურმე, ხელში ბავშვივით აიყვანდნენ და ასე ათამაშებდნენ. ბობოქარი, ფიცხი ხასიათის ვაჟას მეუღლე ირგვლივ მყოფთ სიმშვიდით აოცებდა. როცა ლუკა გაჯავრდებოდა, ის უცებ გაიქცეოდა და ყელზე ეხვეოდა, რაც მაშინვე დამამშვიდებლად მოქმედებდა "აზვირთებულ" გენიოსზე...
1902 წლის ზამთარში დასთან, მართასთან ყვარელში მყოფ ვაჟას მეუღლის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. პოეტი ხშირად დადიოდა დასთან, სადაც ნადირობდა და სხვა პროდუქტებთან ერთად ოჯახში ნანადირევიც მიჰქონდა. კეკე მოულოდნელად, 36 წლისა გარდაიცვალა. ის მეხუთე შვილზე ნაადრევმა მშობიარობამ შეიწირა.
პოეტის ძმამ, ბაჩანამ იფიქრა, ვაჟა თავის დროზე მაინც ვერ ჩამოვაო და საყვარელი რძალი მიწას მესამე დღეს მიაბარა... უბედურების შეტყობისას ლუკა ყვარლის მთებში იყო სანადიროდ და ტყიდან მოკლულ ირემს მოათრევდა. როცა ამბის მიმტანმა დაბარებული გადასცა, ნანადირევი მიატოვა და მართასთან დაბრუნდა. ცხენი მოიკითხა, წასვლას იმ ღამესვე აპირებდა, თუმცა, მართამ გადააფიქრებინა, სთხოვა, დილამდე მოეცადა. ვაჟამ დალია (თუმცა, მოგონებების მიხედვით, მძაფრი ემოციით გაქვავებული ოდნავაც არ შეზარხოშებულა), ფანდური აიღო და სწორედ მაშინ უკარნახა გულმა და გონებამ ლექსი "იას უთხარით, ტურფასა"", - ყვება არჩილ ღიბრაძე.
როგორც თამარ შარაბაძე გვიყვება: "კეკეს გარდაცვალების შემდეგ ვაჟას შვილების აღზრდაში მისი ძმის, ბაჩანას ცოლი ეხმარებოდა, მაგრამ ყველამ ურჩია, მეორე ცოლი მოეყვანა. პოეტის რჩეული თამარ დიდებაშვილი გახდა. ვაჟა ძმასთან ერთად ქალის დასანიშნად წავიდა. არსებობს თამარის მამასთან დადებული ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ ვაჟას ეს ქალი ხასად მოჰყავდა, მაგრამ ხასა საყვარელს არ ნიშნავდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ვაჟა შეხედავდა თამარს თუ როგორ მოუვლიდა მის შვილებს, ოჯახს და ამის შემდეგ გადაწყვეტდა, დაეწერა თუ არა მასზე ჯვარი.
ხელშეკრულების დადების შემდეგ ვაჟამ ქალი მაღაროსკარში ჩამოიყვანა, სადაც შვილები და ძმა ელოდებოდნენ. არსებობს ვაჟას შვილის, გულქანის ასეთი მოგონება - ბაჩანას ცოლს პატარებისთვის უთქვამს, რომ დედა მოდისო, ბავშვებიც მიცვივდნენ და ცხენზე მჯდომ თამარს შემოეხვივნენ, მან კი პატარებს ცოტათი ფეხი გაჰკრაო. თამარი უცხო ოჯახში შედიოდა და შეიძლება ნერვიულობდა, ბაჩანას ცოლს კი უთქვამს, თამარ ესენი ობლები არიან და ღმერთი არ გაპატიებსო.
თამარს შეეძინა შვილი ვახტანგი, მაგრამ კამათობენ, რომ ვახტანგი ვაჟას შვილი არ იყო. ამბობენ, თამარს რკინიგზელი მუშა უყვარდა, რომელიც დაიღუპა და ვახტანგი მისგან ჰყოლია. როცა ბავშვი ეყოლა, ვაჟასთან ცხოვრობდა, მაგრამ პოეტის შვილიშვილები ინტერვიუებში ამბობენ, რომ ვახტანგს გვარი რაზიკაშვილი მერე მისცესო, ეტყობა ვაჟა ყოყმანობდა, მიეცა თუ არა მისთვის გვარი.
ვაჟა რომ გარდაიცვალა, თამარი ცოცხალი იყო. როდესაც ცოლ-შვილი პანაშვიდზე ჩამოვიდა, მათ დანახვაზე ეკლესიის ეზოში მდგარი ხალხი ორ ნაწილად გაიყო, ოჯახმა პოეტი ხმამაღლა ვერ დაიტირა, რადგან სოფლიდან ჩამოსულები ძალიან მორცხვები იყვნენ. მოგვიანებით თამარი და გულქანი ამბობდნენ, არ გვეგონა მამა ასეთი დაფასებული და დიდი თუ ყოფილაო".