იყო თუ არა რუსეთის იმპერატორი პეტრე I ქართველი? - ფაქტები და ვერსიები | Allnews.Ge

იყო თუ არა რუსეთის იმპერატორი პეტრე I ქართველი? - ფაქტები და ვერსიები

ეს საკითხი დიდი ხანია ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, თუმცა უნდა ითქვას, რომ მასზე საუბარს სამეცნიერო წრეებში თითქმის ყველა ერიდება. სახელდებოდა სხვადასხვა პერსონა, რომელთაც თითქოსდა საკუთარი თვალით ენახათ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები, მაგრამ მეცნიერული დასაბუთება დღემდე არ მომხდარა. ათასგვარ ჭორს (თუ მართალს?!) ჰყვებიან, რომ ვითომდა შალვა ნუცუბიძეს უთხოვია სტალინისთვის, მიეცა მისთვის პეტრე I-ის ახალგაზრდობის დროინდელი ყველა დოკუმენტის შესწავლის უფლება და ის დაამტკიცებდა მის ქართველობას.

ნიკო ბერძენიშვილს უნახავს არქივში ამ ვარაუდის უტყუარობის დამადასტურებელი საბუთი, მაგრამ მოგვიანებით ეს დოკუმენტი გამქრალა და სხვ. ყველა მოსაზრებას ამჯერად არ შევეხებით. ზოგიერთ მათგანზე ჟურნალის წინამდებარე ნომრის სხვა სტატიებში საუბრობენ და განმეორებისგან თავს შევიკავებთ.

144529-rda-72dpi-1687428708.jpg

დიდი მეცადინეობა არ არის საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელსაც აწუხებს ეს თემა. ამის დასტურია როგორც საინფორმაციო ინტერნეტსაიტები, ასევე ინტერნეტფორუმები. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, პეტრე I-ის ქართველობის საკითხს რუსეთში ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც.

ხშირად რუსულენოვანი ბეჭდვითი თუ ელექტრონული მედია იუმორით უყურებს ამ თემას, თუმცა შიგადაშიგ ჩნდება შედარებით სერიოზული სტატიები. ერთ-ერთ რუსულენოვან ინტერნეტბლოგ livejournal.com-ზე გამოქვეყნდა სტატია "პეტრე I და ერეკლე I". ავტორის თქმით, მას აინტერესებდა გადაემოწმებინა პეტრეს ქართული წარმომავლობის ლეგენდა და ერთგვარი ექსპერიმენტი მოაწყო. ერთმანეთს შეუდარა პეტრეს თანადროული სურათები და მისი სავარაუდო მამის, ერეკლე უფლისწულის გამოსახულება. იქვე ავტორი დასძენს: "მე არ ვარ ექსპერტი კრიმინოლოგიაში, მაგრამ, ჩემი აზრით, მსგავსება მართლაც დიდია".

რუსულენოვან ინტერნეტფორუმებზე (http://forum.for-ua.com; http://forum.inosmi.ru და სხვ.) აქტიურად იხილავენ თემას: Грузинские корни российского императора Петра Первого. შინაარსი ამ ფორუმებზე გამოქვეყნებული სტატიებისა დაახლოებით ასეთია: პეტრეს დაბადებიდან ერთი წლით ადრე მეფე ალექსეი მიხაილოვიჩი მძიმედ ავადმყოფი იყო და ამიტომ ბოიარებმა დედოფალთან სამეფო სისხლის უფლისწული ერეკლე "მიუშვეს". საბჭოთა ისტორიოგრაფია ფარავდა ინფორმაციას პეტრე I-ის ქართული წარმომავლობის შესახებ. არის გადმოცემა, თითქოს სტალინს უთქვამს, - დავუტოვოთ მათ ერთი "რუსი" მაინც, რომლითაც იამაყებენო.

აგრეთვე არსებობს ცნობა, როცა ცნობილი მწერალი ალექსეი ტოლსტოი მუშაობდა რომანზე "პეტრე I", მას ხელთ ჩაუვარდა რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც დაუყოვნებლივ გააცნო იოსებ სტალინს, თუმცა საბჭოთა ლიდერმა საიდუმლოების შენახვა უბრძანა. ამასთანავე, როგორც ამბობდნენ, არსებობდა წერილები, რომლებიც ადასტურებდნენ პეტრეს ქართულ წარმომავლობას, მაგრამ ეს დოკუმენტები სტალინის მმართველობის დროს გაქრა.

nicolaes-davidszoon-1687428725._Georgiaens_Koningh_crop.jpg

ერეკლე I

არსებობს სხვა დოკუმენტური მასალაც. მაგალითად, პეტრე დიდის დის, სოფიას წერილი თავად გოლიცინისადმი: "არ შეიძლება ძალაუფლება მივცეთ ბასურმანს". მოგეხსენებათ, "ბასურმანი" ძველი რუსული სიტყვაა და მისი ერთ-ერთი მნიშვნელობა ურჯულო, ანუ ამ შემთხვევაში უცხოელია.

იმასაც ამბობდნენ, თითქოს სიკვდილის წინ დედოფალ ნატალია ნარიშკინას პეტრესთვის გაუმჟღავნებია, რომ ის მისი შვილი არ იყო და შეუცვალეს. XVIII საუკუნის I მეოთხედში ყველაზე გახმაურებულ და საზოგადოებისთვის საჭორაო თემას წარმოადგენდა პეტრეს გერმანული წარმომავლობა. მის მამად ფრანც ლეფორტს მიიჩნევდნენ. ეს ვარაუდი ეფუძნებოდა მხოლოდ ფრანცისა და პეტრეს გარეგნულ მსგავსებას. ოფიციალური ცნობებით, ლეფორტი 1655 წელს იყო დაბადებული და 1672 წლისთვის საერთოდ არ იმყოფებოდა რუსეთში.

1024px-russianempire1700-1687428754.png

რუსეთი პეტრე პირველი დროს

როგორც ითქვა, ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, რუსეთის პირველი იმპერატორის მამად ქართველი უფლისწული ერეკლე ბატონიშვილია დასახელებული. ერეკლე I-ის დაბადების ზუსტი თარიღი ჩვენთვის უცნობია. მამამისი დავითი თეიმურაზ I-ის ვაჟი იყო. ამ უკანასკნელის იმერეთში გადასვლის შემდეგ ერეკლე ბატონიშვილიც დასავლეთ საქართველოში იზრდებოდა. 1652 წელს ერეკლე I რუს ელჩებს, ტოლოჩანოვსა და იევლევს უნდა წაეყვანათ რუსეთში, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რის გამოც თეიმურაზ I-მა საყვედურის წერილი მისწერა ალექსეი მიხაილოვიჩს. ერეკლე უფლისწული და დედამისი მოსკოვში 1653 წლის 27 დეკემბერს ჩავიდნენ.

ამალის ნაწილი გზაში დაეხოცათ ყუმუხთა თავდასხმისას. 1662 წელს ერეკლე მცირე ხნით სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მალევე მოუწია მოსკოვში გაბრუნებამ. ერეკლეს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ალექსეი მიხაილოვიჩთან. მოსკოვში იგი ნიკოლოზის სახელით იყო ცნობილი. ხშირად მონაწილეობდა მეფესთან ერთად ლაშქრობებში. ალექსეი მიხაილოვიჩისა და ნატალია ნარიშკინას ქორწილში კი ერეკლე საპატიო მოვალეობას ასრულებდა, ქორწილის მესტუმრე იყო, ანუ სტუმრების მიღებას ხელმძღვანელობდა. 1672 წელს შედგენილ რუსეთის სამეფოს "ტიტულარნიკში" მოცემულია რუსეთის მეფის თანამედროვე მსოფლიოს 22 მონარქის მინიატიურა, მათ შორისაა ერეკლე უფლისწული. მაგრამ 1674 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა და ერეკლე I-ს რუსეთი დაატოვებინეს.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ერეკლე I-ის პეტრეს მამად გამოცხადებას მწყობრად არგუმენტირებული სახე არ გააჩნია. საზოგადოებაში ხშირად მოისმენთ, პეტრეს მამა იმდენად დაუძლურებული იყო (ამას ხსნიან ხან მეფის წლოვანების მოშველიებით, ხანაც მისი ავადმყოფობით), რომ შვილი არ შეეძინებოდაო. მაგრამ მთელ ამ კონცეფციას სერიოზულ პრობლემას უქმნის ის ფაქტი, რომ რუსეთის მეფეს ალექსეი მიხაილოვიჩს ნატალია ნარიშკინასთან ჰყავდა არა ერთი შვილი, არამედ სამი: პეტრე (დაბ. 1672 წ.), ნატალია (დაბ. 1673 წ.) და თეოდორა (დაბ. 1674 წ.). მართალია, ეს უკანასკნელი 4 წლისა გარდაიცვალა, სამაგიეროდ, ნატალიამ 1716 წლამდე იცოცხლა და ძმასთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამდენად, ვარაუდი, რომ ალექსეი მიხაილოვიჩი მოხუცი იყო და შეუძლებელია შვილი შეძენოდა, მოკლებულია დამაჯერებლობას. ჯერ ერთი, ალექსეი მიხაილოვიჩი 1629 წელს იყო დაბადებული და პეტრეს ამქვეყნად მოვლინებისას 43 წლისა იყო მხოლოდ.

125358845-gettyimages-113493535-1687428785.jpg

მიუხედავად ზემოთქმულისა, რუსეთში მეფის ავადმყოფობისა და უძლურების შესახებ ჭორები არსებობდა და ამის დამალვა შეუძლებელია. არადა, ალექსეი მიხაილოვიჩს ამ ხმების გავრცელების საბაბი მართლაც არ უნდა მიეცა. მას 16 შვილი ჰყავდა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პეტრესა და მისი ღვიძლი დის, ნატალიას გარდა, თითქმის ყველა ავადმყოფი იყო, განსაკუთრებით ვაჟები. პირველი ცოლისგან მეფეს შეეძინა ხუთი ვაჟი: დმიტრი გარდაიცვალა რამდენიმე თვისა 1649 წელს; ალექსეი უეცრად გარდაიცვალა 16 წლისა; ფიოდორს ერთდროულად სჭირდა დამბლა და სურავანდი და 21 წლისა გარდაიცვალა. დაბადებიდან სნეული სიმონი 4 წლისა მოკვდა; ივანი ასევე ბავშვობიდან ავადმყოფი იყო. გონებრივად შეზღუდულმა უფლისწულმა მხოლოდ 30 წლამდე მიაღწია. აქვე ვიტყვით, რომ ალექსეი მიხაილოვიჩის ათი ქალიშვილიდან არც ერთი არ გათხოვილა, მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს შვიდმა დამ დიდხანს იცოცხლა. ამასაც თავისი მიზეზი უნდა ჰქონოდა. როგორც ვხედავთ, ალექსეი მიხაილოვიჩის ვაჟებიდან ჯანმრთელი და დღეგრძელი მხოლოდ პეტრე გამოდგა. როგორც ჩანს, სამეფო კარზე ამ აშკარა განსხვავებას ხედავდნენ...

ბუნებრივია, ამჯერად ყველაფერს ვერ მიმოვიხილავთ. ფაქტი ერთია, ლეგენდა პეტრე I-ის ქართული წარმომავლობის შესახებ ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში არსებობდა და ეს უკვე საინტერესოა ისტორიისთვის. სხვათა შორის, ამას არც რუსი ავტორები მალავენ. მუსიკათმცოდნე და მათემატიკოსი სერგეი დიანინი წერდა, რომ არჩილ მეფეს სურდა, თავისი ასული რომელიმე დიდგვაროვანი პირისთვის მიეთხოვებინა და ამით თავისი მემკვიდრისთვის (ასულის ხაზით) საქართველოზე გამგებლობის უფლება შეენარჩუნებინა. ამის შესახებ მიმართა კიდეც თხოვნით პეტრე დიდს. არჩილის ამ განზრახვას წინ აღუდგა პეტრე I, რომელიც "თავის თავს ქართლის მეფეთა მემკვიდრედ თვლიდა". საბჭოთა პერიოდში ისტორიკოსმა მიხეილ გონიკიშვილმა ს. დიანინის ამ ციტატის მეშვეობით შეფარვით აქცენტი გააკეთა პეტრე I-ის ქართველობაზე, მაგრამ ამაზე შორს ქართველი მკვლევრები არ წასულან.

მინდა გავაწბილო ის მკითხველი, რომელსაც ჰგონია, რომ თუ პეტრე I-ის მამად ერეკლე I-ს გამოვაცხადებთ, ამით პეტრეს ქართველ მოღვაწეთა გალერეაში ჩავწერთ. ამ ილუზიისგან უნდა გავთავისუფლდეთ. პეტრე I ისეთივე რუსი მმართველი იყო, როგორიც ივანე მრისხანე, ეკატერინე II, ალექსანდრე II თუ ნიკოლოზ II. ის თავისი შეგნებითა და მსოფლმხედველობით რუსი მეფეა და მის წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს მისი მოღვაწეობის შეფასებისას. ამჯერად ჩვენთვის საინტერესოა თავად ამ ლეგენდის არსებობა და იმის დადგენა, თუ რამ განაპირობა მისი წარმოშობა. ესეც ხომ ისტორიაა.

ჯაბა სამუშია

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

myquiz