ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი იმ ვიდეოს აფასებს, რომელშიც ჩანს თუ როგორ აწევინებენ სიგარეტს ბავშვს უფროსები | Allnews.Ge

ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი იმ ვიდეოს აფასებს, რომელშიც ჩანს თუ როგორ აწევინებენ სიგარეტს ბავშვს უფროსები

გასულ კვირას, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ ეწევა სიგარეტს ოჯახის წევრების თანდასწრებით მცირეწლოვანი ბავშვი. ამის უფლებას და საშუალებას მას უფროსები აძლევენ, რომლებიც აქეზებენ პატარას საქციელს და სიხარულითა და ხუმრობით ეხმაურებიან ფაქტს.

მომხდარით სახალხო დამცველის აპარატი და არასამთავრობო სექტორი დაინტერესდა. მათი ინფორმაციით, ასეთი ფაქტები საქართველოში იშვიათად არ ხდება.

ფსიქოთერაპევტ ზაზა ვარდიაშვილის შეფასებით კი, ბავშვის აღზრდის ასეთი ფორმისა და მოწოდებების შედეგად მას გარემოს მიმართ აგრესიული დამოკიდებულება უყალიბდება.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შეთავაზებით ბავშვების ჯანმთელობას ექმნება საფრთხე, სხვადასხვა საკითხზე მშობლების დამოკიდებულება მცირეწლოვანთათვის უალტერნატივოა და მის ქვეცნობიერში დიდი ხნის განმავლობაში ან უსასრულოდ რჩება.

ამის მაგალითად ზაზა ვარდიაშვილი ცდასაც გვთავაზობს:

"ამერიკელი ბავშვთა ფსიქოლოგი, მერი მეინი ერთ-ერთ დარბაზში, სადაც ბავშვები სიარულს სწავლობდნენ, მათ ქცევას აკვირდებოდა. დარბაზში სიარულს 1-დან 2 წლამდე ბავშვები სწავლობდნენ, ამ პერიოდში ფსიქოლოგი ასეთ რაღაცას დააკვირდა, ზოგიერთი ბავშვი ძირს ეცემოდა და ყურადღების მისაქცევად ტირილს იწყებდა. მათთან ბავშვების ნაწილი მიდიოდა და ეფერებოდა, მეორე ნაწილი კი ურტყამდა.

ოჯახის წევრების როლი ბავშვის აღზრდაში და წესები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას

ფსიქოლოგები ამ ფაქტით დაინტერესდნენ და იმ ოჯახების დეტალურად შესწავლა დაიწყეს, სადაც ასეთი რამ ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ იმ მშობლების შვილები, რომლებიც ოჯახში ყვიროდნენ, ბავშვთან კონფლიქტი ჰქონდათ, მის მიმართ დამსჯელობით ღონისძიებებს იყენებდნენ, სწორედ ისინი იყვნენ, ვინც 1-2 წლის ასაკში წაქცეული ბავშვების მიმართ გულგრილად და აგრესიულად იყვნენ განწყობილები. შესაბამისად, ასეთი ფაქტები თინეიჯერულ ასაკში აგრესიას იწვევს, 6 წლამდე ასაკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აქ არათუ აგრესიულად საუბარი, არამედ მშობლებს შორის კონფლიქტიც კი შეიძლება ტრაგიკული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს," - განმარტავს ფსიქოთერაპევტი.

ზაზა ვარდიაშვილის თქმით, მცირეწლოვანის განწყობების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, პირველ ადგილზე ოჯახია და შემდეგ სკოლა, მომავალში კი ოჯახში ჩამოყალიბებული აგრესიული დამოკიდებულების შეცვლა ძალიან რთულია. მისივე განმარტებით, ბავშვის დამოკიდებულებების ფორმირებაში დიდი წვლილის შეტანა მასწავლებლებსაც შეუძლიათ. კერძოდ, არ შეაფასონ ბავშვი სხვების თანდასწრებით, რათა მათ არ გაუჩნდეს აგრესიული დამოკიდებულებები, არ მოხდეს მისი აკადემიური მოსწრების სხვების თვალწინ განხილვა და ა.შ.

როგორც ზაზა ვარდიაშვილი განმარტავს, მნიშვნელოვანია, მშობლებმა გააცნობიერონ, რომ ნებისმიერი წახალისება ძალადობის ან მავნე ჩვევებისკენ ბავშვზეც კი ახდენს ზეგავლენას.

"ქართველი მშობელი ცდილობს თავისი შვილის ნაცვლად იცხოვროს" - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე გარდატეხის ასაკზე საუბრობს

"ექსპერტიმენტებით დასტურდება, რომ 8 თვის ასაკის ბავშვი არის შინაგანად ძალიან კარგი, სუფთა ადამიანი და თუკი შემდეგ ხდება რამე, თუკი რამე იცვლება, ეს არის სწორედ პირველ რიგში ოჯახის, მერე სოციუმის და ზოგადად, ქვეყანაში არსებული ტრადიციული და რელიგიური ფაქტორების გავლენა. შესაბამისად, იმის გამო, რომ ამ პირველ პერიოდში ყველაზე მთავარი არის ოჯახის ზეგავლენა, ნებისმიერი დამოკიდებულება, ნებისმიერი ფაქტორი, ზემოქმედებას ახდენს. მაგალითად, იმ ბავშვების მიერ თამბაქოს მოხმარების რისკი უფრო მაღალია, რომლის თუნდაც ერთი მშობელი მცირე ასაკში შვილის თვალწინ ეწეოდა" - განმარტავს ფსიქოთერაპევტი.

მისი თქმით, ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულია ძალიან ბევრი მეთოდი, რომლის დანერგვაც განვითარებული ქვეყნების სკოლებსა და ბაღებში აქტიურად ხდება და კარგი იქნება, თუ მსგავს პრაქტიკას საქართველოშიც გავითვალისწინებთ.

myquiz