თბილისელები, რომელიც ამტკიცებენ, რომ უცხოპლანეტელებთან ურთიერთობა ჰქონდათ

თბილისელები, რომელიც ამტკიცებენ, რომ უცხოპლანეტელებთან ურთიერთობა ჰქონდათ

თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, უცხოპლანეტელები ჩვენს შორის არიან. უბრალოდ, ზოგი მათ ვერ ხედავს. ამბობენ, რომ მათ აქვთ განკურნების უნარი, ცდილობენ დედამიწა დაიცვან ეკოლოგიური და სტიქიური კატასტროფებისგან და ა.შ.

ამტკიცებენ იმასაც, რომ უცხოპლანეტელები საქართველოშიც ხშირად დაუფიქსირებიათ, განსაკუთრებით 90-იან წლებში. ამბობენ, იმ პერიოდში მათი გახშირებული სტუმრობა ქვეყანაში შექმნილი მძიმე პრობლემებით იყო განპირობებულიო. AMBEBI.GE გთავაზობთ უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ ისტორიებს, რომლებიც თბილისელებს გადახდათ.

90-იან წლებში მხატვრების - გია გუგუშვილისა და ქეთი მატაბელის ოჯახში მომხდარ უცნაურ მოვლენებზე მთელი საქართველო ლაპარაკობდა. ეს ყველაფერი წყნეთის აგარაკზე დაიწყო, შემდეგ კი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, მათ საცხოვრებელ ბინაში გაგრძელდა.

უცხოპლანეტელი მათ ოჯახში ქალიშვილის დაბადების დროს გაჩნდა. საქმეში თალეს შონიაც იყო ჩართული, რომელმაც ოჯახში კვლევები ჩაატარა და განაცხადა, რომ ქეთი მატაბელის და, მაკა იყო მედიუმი, რომელთანაც უცხოპლანეტელებს განსაკუთრებულად უყვარდათ ურთიერთობა.

"ერთ საღამოს მე და ჩემი სიმამრი მისაღებ ოთახში ვისხედით. გაზეთები გვეწყო წინ, დაახლოებით რვა მეტრის დაშორებით ვისხედით ერთმანეთისგან, უცებ გაზეთები აფრიალდა და ძირს გაიფანტა. არადა, კარი და ფანჯრებიც დახურული გვქონდა. ქეთის მამამ შემომხედა და გაფითრდა კაცი. სასწრაფოდ დავურეკეთ თალეს შონიას. თალესმა გვითხრა, მოდი, ოჯახის წევრების ბიოველები გავზომოთო. ყველას ცალ-ცალკე გაგვიზომეს, ბოლოს ქეთი და მაკაც შეამოწმეს და პირდაპირ თქვა თალესმა - ეს არის მედიუმიო. ყველაზე დიდი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან სწორედ მაკას ჰქონდა.

ამის შემდეგ სახლში დაგვიმონტაჟეს აპარატურა, ფქვილი დაყარეს და ეუბნებოდნენ უცხოპლანეტელებს - აქ თუ ხარ, ფქვილზე დატოვე ანაბეჭდიო. ერთი ამბავი იყო, ვინ არ გვსტუმრობდა, უმეტესობა "საღადაოდ" დადიოდა ჩვენს სახლში (იცინის). ერთხელაც შევნიშნე ფქვილზე ბლაგვი ფორმის ანაბეჭდი. ქეთის მამას, გული მატაბელს, ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა, იმ დიაგნოზით დიდი დღე აღარ ეწერა, მაგრამ სამი წელი კიდევ იცოცხლა. თალესი გვეუბნებოდა, სასიკეთოდ არიან მოსულებიო. აგროვებდა უცხოპლანეტელების დატოვებულ დახვეულ ბარათებს ხსნიდა და ამბობდა, რომელი იყო მათი და რომელი - არა. ერთხელ წერილიც ვიპოვეთ, სადაც ეწერა, რომ უცხოპლანეტელს იქოლა ერქვა. თალესმა თქვა, რომ ნამდვილად უცხოპლანეტელის ნაწერი იყო. ტკბილეულსაც კი ვუტოვებდით იქოლას. თამაშის ელფერი მიიღო ამ ყველაფერმა", - იხსენებს გია გუგუშვილი.

ამბობენ, რომ უცხოპლანეტელები ვაკეში უამრავ ადამიანს ჰყავს ნანახი. მათ შორის ერთ-ერთია ნანა ზურაბიშვილი. მისი თქმით, 12 წლის ასაკში ფალიაშვილის და არაყიშვილის კუთხეში მფრინავმა თეფშმა გადაიფრინა. "წარმოიდგინეთ, მორები რომ შეკრათ, აი ასეთი ფორმა ჰქონდა. ისე თავისუფლად მიფრინავდა, თითქოს წონა საერთოდ არ ჰქონდა. დიდი ზომისა იყო და "მორებს" შორის სინათლე ბჟუტავდა. ნელა მოძრაობდა, უხმოდ. ჩიხისკენ რომ წავიდა, ეს მფრინავი ობიექტი თვალს მიეფარა. უცხოპლანეტელებს საკუთარი ბაზები აქვთ, არაყიშვილის ქუჩა ხომ მთას ემიჯნება და ალბათ იქ ჰქონდათ ბაზა, ამიტომაც ყველა ხედავდა ვაკეში ამ უცხოპლანეტელს. არ არის გამორიცხული, სადღაც რაღაც არსებობდა. გავა წლები და ალბათ არავის გაუკვირდება, რასაც ახლა ვამბობ.

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, უცხოპლანეტელებს ჩვენს პლანეტასთან კონტაქტი ყოველდღე აქვთ და ამას ის საკუთარი თვალითაც ხედავს. "მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი უცხოპლანეტელთა არაერთი ხომალდი, თუმცა, უცხოპლანეტელებს პირადად არ შევხვედრივარ. ჩემი სახლიდან კარგად ჩანს ლისის ტბის ტერიტორია და ღამღამობით, აშკარად ჩანს საოცარი სინათლეები, თვალისმომჭრელი ნათებები, უცხოპლანეტელთა ხომალდების უცნაური, ტრაექტორიული მოძრაობა, შეჩერება და ასე შემდეგ", - აცხადებს ცაგარელი.

როგორც Ambebi.ge-ს რესპოდენტი, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ნუგზარ გალუაშვილი ამბობს, უცხოპლანეტელები ცხოვრობდნენ წყნეთის პოლიციაშიც. "ყოველდღე 6 საათზე ვიღვიძებდი და სამსახურში წასვლამდე ხან ლექსებს ვწერდი, ხან სავარჯიშოდ მივდიოდი. ზემო წყნეთის წყაროსთან მისულს მოულოდნელად ტოტების მტვრევის ხმა მომესმა. იმხანად პოლიციის უფროსის მოადგილე ვიყავი და იარაღს ვარჯიშის დროსაც ვატარებდი. კი მეუცნაურა ეს ხმა, მაგრამ გზა ჩვეულებრივად განვაგრძე. ოციოდე ნაბიჯი არ მექნებოდა გავლილი, რომ შევნიშნე 6-7 მეტრი სიმაღლის ილუმინატორით განათებული სფეროსებრი სხეული, რომელიც ინთებოდა და ქრებოდა. ამ ობიექტის სიახლოვეს კი ორი ადამიანის მსგავსი სხეული მოძრაობდა, როგორც მივხვდი, უცხოპლანეტელები იყვნენ." ამ ფაქტის შემდეგ ნუგზარ გალუაშვილი თალეს შონიას დაუკავშირდა, რომელმაც სპეციალური მოწყობილობით დაადგინა, რომ ადგილზე უცხოპლანეტელები ნამდვილად იმყოფებოდნენ. შონიას თქმით, ველი, რომლითაც უცხოპლანეტელები გადაადგილდებოდნენ სწორედ წყნეთში გადიოდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ უცხოპლანეტელები წყნეთის პოლიციას არაერთხელ დაესხნენ თავს. როგორც ნუგზარ გალუაშვილი იხსენებს, მათ ერთ-ერთი შემთხვევის დროს უცხოპლანეტელებს ცეცხლი გაუხსნეს და სწორედ ეს გახდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების განაწყენების მიზეზი. უცხოპლანეტელი პოლიციელ დავით კალანდარიშვილის კაბინეტში აბრუნებდა სეიფებს, იარაღის პირამიდას და მელანს ასხამდა მაგიდაზე.

თბილისში მცხოვრები დავით დევდარიანი ამტკიცებს, რომ მას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა უცხოპლანეტელებთან, მათთან ერთად სამოგზაუროდაც იმყოფებოდა და უცნაურმა მეგობრებმა ოპერაციაც კი გაუკეთეს. "26 წლის ბიჭი ვიყავი, ღამის თორმეტი საათი იყო, ახლობელთან ერთად ვიყავი მთაწმინდაზე, პარკის ტერიტორიას რომ გამოვცდი, მანქანა გამიფუჭდა. გადმოვედი მანქანიდან, კარი დავხურე და ვიგრძენი, რომ ვიღაც მმართავდა. ნახევრად ნარკოზულ მდგომარეობაში გავაგრძელე მოძრაობა ტელევიზიის ანძის მიმართულებით. დაახლოებით ასი მეტრი გავიარე და, შემაღლებულ ადგილზე დავინახე სამი მაღალი, ვიწროთვალებიანი და გრძელსახიანი სილუეტი. სპორტული კომბინეზონები ეცვათ. არ შემშინებია, როგორც შემდეგ გავარკვიე, მათივე წყალობით". დავით დევდარიანს ჯანმრთელობს პრობლემები ჰქონდა, რომელიც უცხოპლანეტელებმა მოუგვარეს, მას 4-ჯერ გაუკეთეს ოპერაცია. ამბობს, რომ ჭრილობები არ ეტყობა. ის ხშირად ხვდებოდა უცხოპლანეტელებს, იმოგზაურა რაგბის ფორმის მფრინავი თეფშით, უცხოპლანეტელბმა დევდარიანს თავიანთ პლანეტაზე ცხოვრება შესთავაზეს, თუმცა მამაკაცმა დედის დედამიწაზე დატოვება არ ისურვა, უცხოპლანეტელებმა კი დედამისი თან ვერ წაიყვანეს, რადგან ჯანმრთელობა მას ფრენის საშუალებას არ მისცემდა. დავით დევდარიანს 7 წელია მეგობრებთან სხვა პლანეტიდან კონტაქტი აღარ ჰქონია. ისინი სულ 21-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, მეტროში, დიღმის ტრასაზე, სახლში და ა.შ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს