ქურდული ტრადიციები საქართველოში და ყველა დროის ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდები"

ქურდული ტრადიციები საქართველოში და ყველა დროის ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდები"

ალეკო კვახაძის ბლოგი, იბეჭდება მცირე ვერსია

მრავალი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში გაბატონებული იყო ქურდული მენტალიტეტი. ქურდული ტრადიციების მატარებლებს შეხვდებოდით ქუჩებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, ჯარში და თითქმის ყველა სოციალურ ფენებში. დღეს როგორც არასდროს, აქტიურად განიხილება საქართველოში ქურდული სამყაროს რეინკარნაციის შესაძლებლობა. ვიდრე რაიმე პროგნოზს გავაკეთებდეთ, წარმოგიდგენთ ქურდული სამყაროს მოკლე აღწერას.

ქურდული ინსტიტუტის ჩამოყალიბების ზუსტი დროსა და ადგილის შესახებ თანამედროვე კრიმინალისტიკას ცალსახა პასუხი არ გააჩნია. მკვლევართა ნაწილი, კანონიერი ქურდების წინამორბედებად ეწ ჟიგანებს (მეფის რუსეთის დროინდელი მომპარავები და თაღლითები, რომელთაც საკუთარი დაუწერელი კანონები გააჩნდათ) მიიჩნევს. თუმცა, ყველაზე სარწმუნო ვერსიად, კანონიერი ქურდის ინსტიტუტის სტალინის რეჟიმის მიერ ხელოვნურად შექმნაა მიჩნეული. მასიური რეპრესიების პირობებში, კონცენტრაციული ბანაკები პატიმრებით იყო გავსებული და მასიური ბუნტებისგან თავის დასაღწევად საჭირო იყო პატიმართა შორის დიდი ავტორიტეტის მქონე არაფორმალური ზედამხედველი არსებობა. კანონიერი ქურდის ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში ლომის წილი შეიტანეს ოდესელმა კრიმინალებმა, მოშე-იაკობ ვინიცკიმ (მიშკა იაპონჩიკი - არ შეგეშალოთ ვიაჩესლავ ივანკოვში, რომელსაც ასევე იაპონჩიკს უწოდებენ) და ნაფტალი ფრენკელმა. ეს უკანასკნელი НКВД-ს გენერალი და იოსებ სტალითან დაახლოებული პირი იყო.

ქურდულ სამყაროს მკაცრად განსაზღვრული დაუწერელი კანონები და იერარქია გააჩნია. იერარქია მოქმედია როგორც სასჯელარსრულებითი დაწესებულებების შიგნით, ასევე მათ ფარგლებს გარეთ. ქურდული იერარქიის სათავეში დგას კანონიერი ქურდი. მას შავ სამყაროში აბსოლუტური ძალაუფლება გააჩნია. ქურდული კანონების მიხედვით, ყველა ქურდი ერთმანეთის თანასწორია, თუმცა რეალურად ქურდთა შორისაც არსებობენ საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ქურდები (ეწ всесоюзные воры). კანონიერი ქურდები შექმნილ ვითარებას, გავლენის სფეროების გადანაწილებასა და ქურდულ კანონებში კორექტივების შეტანას საგანგებო შეხვედრებზე ("სხადნიაკებზე") ახდენენ.

შავი სამყაროს იერარქიულ კიბეში მეორე ადგილას დგანან ეწ "კაი ბიჭები" – ქურდული ტრადიციების მიმდევარი პირები.

"კაი ბიჭები" რამდენიმე ქვეკატეგორიად იყოფიან:

მომავლები – პირები, ვინც კანონიერი ქურდობისკენ ისწრაფიან;

მაყურებლები – პირები, რომელნიც ამა თუ იმ კანონიერი ქურდის დავალებით აკონტროლებენ მათთვის განკუთვნილ ტერიტორიას;

"ტორპედოები" – კანონიერი ქურდების მძიმე დანაშაულებრივი დავალებების უშუალო შემსრულებლები.

"კაი ბიჭების" შემდეგ, ეწ "მუჟიკები", ან "ვაჟკაცი კაცები" მოდიან. აღნიშნული პირები პატივს სცემენ კანონიერ ქურდებსა და ქურდულ ტრადიციებს, თუმცა აგრეთვე ცხოვრობენ ჩვეულებრივი სამოქალაქო ცხოვრებითა და თავს ირჩენენ ლეგალური შრომით.

ქურდულ იერარქიაში შემდეგ საფეხურზე დგას ე.წ "პეხოტა" – პირები, ვისთვისაც უცხოა ქურდული ტრადიციები, თუმცა ამავდროულად მათი არსებობა ხელს არ უშლის შავ სამყაროს.

ქურდულ სამყაროში ყველაზე დაბალ საფეხურს "გაფუჭებული" ადამიანები წარმოადგენენ. აღნიშნულ საფეხურსაც რამდენიმე ქვეკატეგორიასა გააჩნია: "ძაღლები" – ძალოვანი უწყებების მოქმედი თუ ყოფილი მუშაკები, "ნასედკები" – ძალოვანი უწყებების ფარული თანამშრომლები, "პრაშლიაკები" – ყოფილი კანონიერი ქურდები და ყველაზე დაბალი საფეხური – ე.წ "ქათმები". აღნიშნული კატეგორიის პირთა მიმართ კანონიერი ქურდების დავალებით პერმამენტულად ხორციელდება სექსუალური სახის ზეწოლა.

ქურდული იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი პოსტულატია ყოველგვარი სახელმწიფოებრიობის უარყოფა. ქურდული ტრადიციების მიმდევარს არც ერთი დღე არ უნდა ჰქონდეს ნამუშევარი საჯარო სამსახურში, არ უნდა ჰქონდეს გადახდილი გადასახადი, არ უნდა იყოს ნამსახურები ჯარში, არ უნდა სცემდეს პატივს ქვეყნის კონსტიტუციას, სახელმწიფოსა და მასთან დაკავშირებულ ყველა ატრიბუტს. ყოველივე ამის ერთობლიობა, მძლავრ ანტისახელმწიფოებრივ სეგმენტს ქმნის.

საქართველოში ქურდულმა ინსტიტუტმა, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით სწრაფად და მასიურად მოიკიდა. ქურდული ტრადიციების მთავარი კერები იყო თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, სოხუმი და ფოთი. სამაგიეროდ, ქურდულმა კანონმა ვერ მოიკიდა ფეხი შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და საქართველოს მთიანეთში. შეიძლება ითქვას, რომ ქურდული მენტალიტეტი მხოლოდ ურბანულ და ინდუსტრიულ ზონებში ჩამოყალიბდა. ბუნებრივია, ასეთ ზონებში სხვა რეგიონებთან შედარებით, მეტი ფინანსური აქტოვობა და მეტი ჩრდილოვანი ბიზნესი (ე.წ "ცეხოვიკები") იყო, რაც ქურდული ტრადიციების განვითარებისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა. მეტიც, სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, საქართველოში მოხდა კანონიერი ქურდების საკრალიზაცია. კანონიერი ქურდი აღიქმებოდა სამართლიანობისთვის მებრძოლ რაინდული თვისებების მქონე პირად. ქურდული ტრადიციები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა ქართულ საზოგადოებაში. მათი პოპულარიზება ხდებოდა კინოსა და მწერლობაშიც. ამან ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღო 90-იან წლებში, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი მმართველი გახდა კანონიერი ქურდი ჯაბა იოსელიანი. კანონიერმა ქურდებმა დიდი როლი შეასრულეს 90-იან წლებში საქართველოს ეკონომიკის განადგურებაში, კრიმინალის არნახულ გაზრდასა და ნარკოტიკების გავრცელებაში. მათ წინააღმდეგ ბრძოლის არაერთი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. პირიქით, ბევრი კანონიერი ქურდი საქართველოში ძალოვან მინისტრებზე მეტ ზეგავლენას ფლობდა.

დღეს ქართველი კანონიერი ქურდები ორ ძირითად დაჯგუფებად იყოფიან – თბილისური და ქუთაისური. თბილისური დაჯგუფების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლებად მიიჩნეოდნენ ზაქარია კალაშოვი ("შაქრო მალადოი"), აწ გარდაცვლილი ასლან უსოიანი ("დედ ხასანი"), ლაშა შუშანაშვილი ("პავლოვიჩი", "ლაშა ტოლსტი") და ვატო ყიფიანი (კანონიერი ქურდი არ არის, თუმცა გააჩნია დიდი გავლენა კრიმინალურ სამყაროში). ქუთაისურ კლანში კი მოიაზრებიან ტარიელ ონიანი, მერაბ გოგია ("მელია"), ბადრი კოღუაშვილი ("ბადრიკ ქუთაისსკი") და სხვები.

აღნიშნული კლანები ერთმანეთს ეცილებიან გავლენის სფეროებისა და ბიზნესინტერესებს რუსეთის ფედერაციაში, უკრაინასა და ევროპაში. არსებობს გოვინრული ეჭვი ქართველი კანონიერი ქურდების რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ. მაგალითად, ავტორიტეტული თურქული გაზეთები "Zaman" და "Huriyet" წერდნენ იმის შესახებ, რომ კანონიერი ქურდი ზაქარია კალაშოვი და ასლან უსოიანი (ეთნიკური ქურთები-იეზიდები) რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით აფინანსებდნენ სეპარატისტულ ორგანიზაცია ქურთების მუშათა პარტიას. აგრეთვე, ქართველი კანონიერი ქურდები სხვა საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით დაუბრკოლებლად გადაადგილებიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ამ გონივრულ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს.

იხილეთ დედანი

"5 ივლისამდე, ორჯერადად აცრილებში გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ გვქონდა - მიმდინარეობს კვლევა 2 შემთხვევაზე" - ამირან გამყრელიძე

ხვალიდან საქართველოში აგრილდება - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ორჯერადად აცრილებში გარდაცვალების შემთხვევა 5 ივლისამდე არ გვქონია, 2 შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს"  - ამირან გამყრელიძე