საქართველოში კალაშოვის ექსტრადიცია 10 წლით გადაიდო

საქართველოში კალაშოვის ექსტრადიცია 10 წლით გადაიდო

2 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და იმერეთის განყოფილებების ერთობლივი ოპერაციის შედეგად ნარკოკარტელის ხუთი წევრი - რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი, ანასტასია ზაუტაშვილი, ელგუჯა გურჩიანი და მევლუდ სვანიძე დააკავეს.

როგორც გვამცნეს, დაკავებულთა ჯგუფს ესპანეთში მცხოვრები, 1968 წელს დაბადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან უგზავნიდა კოკაინის დიდ პარტიებს საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი განაწილების მიზნით. ტვირთი ფოთში ანასტასია ზაუტაშვილის ბიძაშვილის, რომან მუსემიანის სახელზე ჩამოდიოდა, საიდანაც რკინის მძიმე ნაწილები იმერეთში გადაჰქონდათ, ჭრიდნენ, კოკაინს აფასოებდნენ და თურქეთში გაჰქონდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუსემიანმა ჯართის მორიგი პარტია 2009 წლის ივლისში, ანუ დაახლოებით ერთი წლის წინ მიიღო. გადაიტანა ქუთაისში ნუგზარ ბოჭორიშვილის დის ქმართან, მევლუდ სვანიძესთან და მის სახლში გადამალეს. ნარკოტიკების შემდგომი ტრანსპორტირებისთვის ჯგუფი ბოჭორიშვილის ზარს ელოდა.

ჩეჩელაშვილმა და მისმა მეგობარმა, რომელსაც დახმარებისთვის ათი ათასი ევრო აღუთქვეს, "ბამპერში" გადამალეს კოკაინი და გადაიტანეს თურქეთში. აღსანიშნავია, რომ მათ ყოველ ჯერზე სხვადასხვა პიროვნება ხვდებოდა.

ამჯერად მათ საბერძნეთის მოქალაქე დახვდა. ჯგუფის წევრები პაროლად იყენებდნენ ხუთდოლარიანი კუპიურის ნომერს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები შეხვედრისას ეუბნებოდნენ დამხვედრს, ხოლო ეს უკანასკნელი ხუთდოლარიანის კუპიურას აჩვენებდა. ამის შემდეგ კი ხდებოდა ტვირთის გადაცემა. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ ამგვარი რეისი რამდენჯერმე განხორციელდა.

ჩეჩელაშვილის მეგობარს თანხლებისთვის ორჯერ ათი ათასი დოლარი გადაუხადეს, ნაცვლად ათი ათასი ევროსი. პარალელურად, ჯგუფმა მისი საქმიდან ჩამოშორება გადაწყვიტა. შეშფოთებულმა კურიერმა დახმარება ადგილობრივ კრიმინალებს სთხოვა. კრიმინალებმა იმხანად საქართველოში მყოფი ბოჭორიშვილი დაიბარეს და 250 ათასი დოლარის მოტანა მოსთხოვეს. საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტ ელგუჯა გურჩიანს ესპანეთიდან დაუკავშირდა კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი და ბოჭორიშვილის დახმარება სთხოვა.

გურჩიანი შეხვდა ბოჭორიშვილის დაშინების მოსურნე კრიმინალებს და მასზე ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. ბოჭორიშვილმა პირადად დაურეკა გურჩიანს და მადლობა გადაუხადა. ცოტა ხანში ბოჭორიშვილი დაუკავშირდა ანასტასია ზაუტაშვილს, კურიერის მკვლელობა მოსთხოვა და, პარალელურად, კილერთან დააკავშირა. ეს დანაშაულებრივი ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტროს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მათი აყვანა ორ ივნისს მოხდა. ჩხრეკისას მევლუდ სვანიძის ეზოში იპოვეს დაახლოებით 1.700.000 ევრო, ხოლო ანასტასია ზაუტაშვილის ბინაში - 50 ათასი ევრო. ასევე ნაპოვნია სარეალიზაციოდ გამზადებული კოკაინის გადამალული პარტიის ნაწილი.

რაც ზემოთ მოგახსენეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ცნობაა და რა უფლება გვაქვს, არ ვენდოთ, მაგრამ...

დავიწყოთ იმით, რომ ზაქარია, იგივე შაქრო კალაშოვი 2006 წლის 7 მაისს დუბაიში დააკავეს და იმავე წლის 11 ივნისს ესპანეთში გადაიყვანეს. მას ბრალი ფულის გათეთრებაში წაუყენეს და არსად თქმულა, რომ კალაშოვს შეხება ჰქონდა ნარკოტიკებთან. კალაშოვს ესპანეთში დარეგისტრირებული ჰქონდა შემდეგი კომპანიები: Megrisa S.L., Suninvest 2000 S.L., Elviria Invest S.L., Mijas Invest Development S.L., Investa Development 2003 S.L., Mijas Paradise Business Development S.L., SDI Desarrollos Inmobiliarios Estepona S.L. y Megabetta V&N S.L.

პარალელურად, კალაშოვს ბრალი ედებოდა ესპანეთის საგადასახადო ინსპექციის მაღალჩინოსნის, ვინმე კარლოს ანტონიო ფერნანდეს ასენსიოს მოსყიდვაში, რომელიც ფულის გათეთრებაში უნდა დახმარებოდა. აქამდე არავის უთქვამს, რომ კალაშოვთან ერთად დაკავებული იყო საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე, თუმცა მათზე ქვემოთ...

2006 წლის 23 ნოემბერს მადრიდის სოლ-დელ-რეალის ციხეში ბორკილები კალაშოვის ადვოკატ ალექსანდრ გოფშტეინსაც დაადეს, რომელსაც ბრალად მცველების მოსყიდვის მცდელობა და შაქროს გაქცევის ორგანიზების დაგეგმვა წაუყენეს. კალაშოვი კამერაში გამოკეტეს და მის ექსტრადიციაზე უარი რუსეთს ორჯერ შეუთვალეს (აქამდე ქართველ სამართალდამცველებს კალაშოვის ექსტრადიცია ერთხელაც არ მოუთხოვიათ და ეს იმის მიუხედავად, რომ "შაქრო მალადოი" საქართველოს მოქალაქეა)...

ესპანელი სამართალდამცავების ცნობით, 2003 წელს ბარსელონაში ე.წ. "სხადნიაკი" შედგა, რომელსაც შაქრო კალაშოვი, ასლან უსოიანი, ვლადიმირ ტიურინი, ვიტალი იზგილოვი, ტარიელ ონიანი, მერაბ გოგია, ჯემალ ხაჩიძე, ვახტანგ ქარდავა, მამუკა მიქელაძე, არტურ არუთინოვი და ბიზნესმენი ლეონ ლანი ესწრებოდნენ. სწორედ ამ "სხადნიაკზე" გადაწყდა, რომ მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტები თუ კანონიერი ქურდები ჩამოაყალიბებდნენ იმ ზემოჩამოთვლილ კომპანიებს, რომლებსაც რუსეთსა და ევროპაში სათამაშო ბიზნესის კონტროლიდან შესული თანხის გათეთრება დაევალებოდათ.

ანუ, ესპანელებს არც ამ შემთხვევაში უხსენებიათ ნარკოტიკი. ორგანიზაციების შექმნა და გაკონტროლება კალაშოვს დაევალა და როცა შაქრო დაიჭირეს, კონტროლზე პრეტენზია იმხანად უკვე ესპანეთში დამკვიდრებულმა ონიანმა გამოთქვა, მაგრამ ასლან უსოიანის გადაწყვეტილებით, საქმე ახალგაზრდა კანონიერ ქურდს, ლაშა შუშანაშვილს დაავალეს. სწორედ ეს გახდა ონიანისა და უსოიანის ბანაკების დაპირისპირების მიზეზი.

რაც შეეხება მორიგ და, ალბათ, ყველაზე საინტერესო ცნობას - 2006 წლიდან 2010 წლის 2 მარტამდე კალაშოვი მადრიდის ციხეში იჯდა და იმის შიშით, რომ კრიმინალური სამყაროს წევრებზე რამე გავლენა არ მოეხდინა, ტელეფონით სარგებლობა თვეში ერთხელ შეეძლო და მაშინაც მის გვერდით რამდენიმე თარჯიმანი იჯდა, ანუ პოლიციელებმა ზუსტად იცოდნენ, ვის და რა თემაზე ესაუბრებოდა შაქრო კალაშოვი. შედეგად, გამორიცხულია, რომ კალაშოვს ციხიდან ის ნარკოტრანზიტი ეკონტროლებინა, რომელიც თურმე ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის ივლისში გამოავლინეს.

2 მარტს კალაშოვი 300 ათასი ევროს სანაცვლოდ თავდებით გაათავისუფლეს და ე.წ. შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ტელეფონით სარგებლობა მას კვლავ შეზღუდული ჰქონდა და განუწყვეტლივ მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ანუ, კალაშოვმა ზუსტად იცოდა, რომ მისი სატელეფონო საუბრები, მით უმეტეს საქართველოში, გაკონტროლდებოდა და მოისმინებოდა როგორც ესპანელი, ისე ქართველი პოლიციელების მიერ. ამის მიუხედავად, შაქრომ გარისკა და ელგუჯა გურჩიანს ბოჭორიშვილის საქმის მოგვარება დაავალა.

ამა წლის 1 ივნისს, ანუ ქართველი სამართალდამცველების სპეცოპერაციამდე ერთი დღით ადრე, მადრიდში კალაშოვის სასამართლო გაიმართა. პროკურორმა ბრალდებულისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და 30-მილიონიანი ჯარიმა მოითხოვა. მოსამართლემ კი შვიდი წელიწადი და ექვსი თვე აკმარა, ამასთანავე, ოცი მილიონის გადახდა დააკისრა.

პარალელურად, მოსამართლემ ისიც თქვა, რომ კალაშოვი სასჯელის სამ მეოთხედს ესპანეთში მოიხდიდა, მერე კი მისი ექსტრადიცია მოხდებოდა (მოსამართლეს არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყანაში) და შაქროს ესპანეთში ჩასვლა ათი წლით აეკრძალებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ კალაშოვს თითქმის ოთხი წელიწადი მადრიდის ციხეში უკვე გატარებული ჰქონდა, ქართველ სამართალდამცველებს, სულ რაღაც, 16 თვე სჭირდებოდათ იმისთვის, რომ მოეთმინათ და კალაშოვს ესპანელები ზარ-ზეიმით ჩააბარებდნენ. ამის მიუხედავად, ქართველმა სამართალდამცავებმა "შაქრო მალადოი" იმ ნარკოტრასის მფარველად მონათლეს, რომელიც თურმე მაშინ ჩამოყალიბდა, როცა კალაშოვი ციხეში იჯდა და თვეში ერთხელ ტელეფონით სარგებლობის უფლება ჰქონდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კალაშოვს ესპანეთის პოლიცია სასჯელს დაუმატებს და ციხეში, სულ ცოტა, ოცი წლით გამოამწყვდევს. ქართველ სამართალდამცველებს კი კალაშოვის ექსტრადიციის უფლება მის მიერ სასჯელის სამი მეოთხედის, ანუ 15 წლის მოხდის შემდეგ  ექნებათ. თუ საქართველოში კალაშოვის ჩამოყვანა უკვე გაისად შეიძლებოდა, ახლა ათი წლით გადაიდო.

კალაშოვის პარალელურად, ესპანეთის სასამართლომ ციხეში მიხეილ მდინარაძე (ხუთი წლით) და კონსტანტინე ასათიანიც (ოთხი წლით) ჩასვა, მაგრამ ქართველმა სამართალდამცავებმა ამ ამბავს ისე წაუყრუეს, თითქოს ისინი საქართველოს მოქალაქეები არ ყოფილიყვნენ.

ამასთანავე, სამართალდამცველებისთვის არავის დაუსვამს კითხვა - სად წავიდა ის 90 კილოგრამი ნარკოტიკი, რომელიც ბოჭორიშვილმა გამოგზავნა? რატომ არ დააკავეს ერთი წლის განმავლობაში თვითონ ბოჭორიშვილი, რომელიც თურმე საქართველოში იმყოფებოდა და აქაურმა კრიმინალებმა 10 ათასი დოლარი გადაახდევინეს? რატომ ატეხეს ხმაური და რატომ გამოაცხადეს ბოჭორიშვილზე ძებნა, როცა თავისუფლად შეეძლოთ ესპანეთში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი დაეპატიმრებინათ და ეს ყველაფერი დაპატიმრების შემდეგ გაეხმაურებინათ? რატომ იყო ორ მილიონამდე ევრო ბარის პირის ერთ დაკვრაზე ჩამარხული მიწაში და რომელმა ჭკუათამყოფელმა გადაწყვიტა თანხის დაკონსერვება, როდესაც ნარკობიზნესში ფული მუდმივად ბრუნავს?

P.S. ესპანეთიდან დაბრუნებულმა ქართულმა დელეგაციამ სიამაყით განაცხადა, რომ ესპანელმა სამართალდამცველებმა შაქრო კალაშოვი მათი მოთხოვნის შემდეგ დააკავეს და ეს მაშინ, როცა კალაშოვს შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი და მას პოლიციელები 24-საათიან რეჟიმში სდარაჯობდნენ. კალაშოვის ადვოკატმა ესპანელთა მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა და საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე კლიენტის შინაპატიმრობაში დატოვება ითხოვა, რაც დაკმაყოფილდა.

შედეგად, კალაშოვი ესპანელებს არც უძებნიათ და არც სპეცოპერაცია ჩაუტარებიათ, უბრალოდ, სახლიდან ციხეში გადაიყვანეს. სამაგიეროდ, ქართულმა დელეგაციამ აეროპორტშივე თქვა, რომ კალაშოვის ექსტრადიცია არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტა რამდენიმე კვირაში ან თვეში იქნება შესაძლებელი.

დავით მინდიაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ