რატომ მისდევდნენ უზბეკი "ნაშები" ალექსანდრე დავითაშვილს

რატომ მისდევდნენ უზბეკი "ნაშები" ალექსანდრე დავითაშვილს

"რუსთავი 2"-ის ინტერნეტსივრცის მიმომხილველი ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი 64 წლის ინგლისელ მსახიობსა და მომღერალ ჯეინ ბირკინზეა შეყვარებული. "მერე რა, რომ 64 წლისაა, ყველაზე მაგარი ქალია მთელ მსოფლიოში", - ამბობს 23 წლის ჟურნალისტი და მიაჩნია, რომ სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ჯერ პატარაა, რა დროს ცოლია, მირჩევნია, ჯერ ვიმუშაო და ვიბოდიალოო. ინტერნეტმიმომხილველთან ინტერვიუ ინტერნეტით, სკაიპით ჩავწერეთ.

- ალექსანდრე, როგორ შემორჩი ამ სიცხეში თბილისს?

- ვმუშაობ, თან სამ სამსახურში. აგვისტოში ბათუმში მივდივარ, ოღონდ იქაც სამუშაოდ, საერთოდ არ მიხერხდება დასვენება.

- როგორ, შენ, მოგზაურობის ფანკლუბის "მამას", დასვენება არ გიხერხდება?!

- არ მიყვარს მოგზაურობა. მე მიყვარს სადმე წასვლა და იქ დარჩენა.

- სად დარჩებოდი ახლა სიამოვნებით?

- მორგში, ისე ცხელა, რომ ალბათ მორგი იდეალური ვარიანტია ახლა, ცივ-ცივი ქალები, იფ, იფ, იფ... ისე, რაც 12 წლის გავხდი, არ დამისვენია. ისე, მთაში ყოფნა ყველაფერს მირჩევნია. სიონში სახლი მაქვს, ოღონდ არ შეგეშალოთ, თიანეთის სიონში კი არა, ყაზბეგის სიონში და მთელი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული.

- იქ როგორ ერთობი?

- მთაში დავდივარ, ტურისტებსა და სტუმრებს ვმასპინძლობ, ცხენზე ვჯირითობ, ვთევზაობ თერგში, ვნადირობ, თუ აგვისტოა, ვთიბავ.

- ვინ გმასპინძლობს ყაზბეგში, როგორი ხალხია იქ?

- იქ სახლი მაქვს, ნათესავები მყავს და მეც იქაურობის ნაწილი ვარ. ჩვენ ვართ ემოციურები, ნამდვილები და ალპურები. თუ მარტო ვარ, თვითონ ვუვლი თავს, თუ დედაჩემიც იქაა, მაშინ ვნებივრობ.

- თბილისში ვინ განებივრებს?

- მეგობრები, კარგი მეგობრები მყავს და ერთმანეთს ვანებივრებთ. აი ახლაც, საჩუქრები მივიღე და ისე მიხარია... თან გრემის ბავშვთა სახლში ვიყავი და ცოტა დავითრგუნე. საჩუქრებმა გამახალისა.

- საჩუქრები რასთან დაკავშირებით მიიღე, დაბადების დღე ხომ არ გაქვს?

- რა აუცილებელია დაბადების დღე?! როცა კარგად ვარ, სულ დაბადების დღეა ჩემთვის. აი, ახლაც ახალი "ბრიჯი" მაცვია და დაბადების დღე მაქვს. დიდი მადლობა ანანო და ნინო სხირტლაძეებს.

- ბავშვთა სახლში რა მისიით იყავი?

- იქ ჩემი სერბი მეგობარი მუშაობს და იმას დავხედე. თან ბავშვთა სახლის მდგომარეობაც მაინტერესებდა, ძალიან მძიმე პირობებში არიან.

- ქველმოქმედებასაც ხომ არ ეწევი?

- არა.

- სიგარეტს?

- არც სიგარეტს ვეწევი. მარიხუანის წინააღმდეგაც ვიბრძვი. ძირს ნარკოტიკი, გაუმარჯოს კალათბურთსა და ალპინიზმს.

- სპორტს ხომ არ დაუბრუნდი?

- არა, სამწუხაროდ, ტრავმები არ მიშვებს. სამაგიეროდ ხიდიდან ხტომას მივეჩვიე, მაღლივის ხიდიდან ვხტები, ბანჯით - წელვადი ბაგირით. ძალიან მაგარი სპორტია.

- ყაზბეგში კარგი გოგონები არიან?

- კარგში რას გულისხმობ?

- ისეთები, რომ არ მოიწყინო.

- საბედნიეროდ, ყაზბეგი არ არის სექსტურიზმის ცენტრი, იქ ყოველდღიურობის შესაცვლელად მივდივარ და სიმშვიდისგან არ ვიწყენ. წერისთვის იდეალური ადგილია. რამდენიმე მოთხრობა დავწერე იქ. ახლაც ვწერ მოთხრობას და მერე ფილმის სცენარად უნდა გადავაკეთო.

- რაზეა მოთხრობა?

- არ გეტყვი, ჯერ უნდა დავამთავრო.

- ლექსებსაც ხომ არ წერ?

- ყველაფერს ვწერ, სარეკლამო სცენარებიდან დაწყებული, პიესებით დამთავრებული.

- საკურორტო რომანი გქონია?

- კი.

- მერე, მოგვიყევი რომელიმე, დღეს რაღაც სიტყვაძუნწი ხარ!

- კონკრეტულად რა გაინტერესებს?

- რომელ ქვეყანაში, ვისთან გქონდა რომანი, რით განსხვავდებიან უცხოელი ლამაზმანები ქართველებისგან და შენ რომელი გირჩევნია სერიოზული ურთიერთობისთვის?

- ოო, ეგ განსხვავება რთულად ასახსნელია. სერიოზული ურთიერთობებისთვის ჯერ პატარა ვარ (იცინის), მირჩევნია ვიმუშაო და ვიბოდიალო. ჩემს ბოლო შეყვარებულთან ორი წელი გავატარე თბილად და ტკბილად. ქართველ გოგონებთან ურთიერთობა ძნელია.

- სადაური იყო შენი ბოლო შეყვარებული?

- წარმოშობით ჩრდილოეთ საფრანგეთიდანაა, ისე პარიზელია.

- მერე რატომ დაშორდი, ფრანგი ცოლი ცუდია?

- რა დროს ცოლია, ლამის საომარ მდგომარეობაში ვარ.

- ვის ეომები?

- არავის. ბიძაჩემ გურამის ლეგენდარულ ფრაზას გავიხსენებ, "მტერმა რა უნდა მიქნას, ახლოს მოვა, მოვკლავ, შორს იქნება და ფეხში დავჭრი"! რა უნდა გვიქნან მტრებმა, ფეხებსაც ვერ მოგვჭამენ!

- ქართველ გოგოებთან ურთიერთობა რთულიაო, რატომ?

- მათი უმეტესობა მატყუარაა.

- რას გატყუებენ?

- ზოგმა შეიძლება საათიც მოგატყუოს, რომ ჰკითხო. საერთოდ, მე ძალიან არარომანტიკული, პრაგმატული და ოხერი ჟურნალისტი ვარ. ახლა ვფიქრობ, ვისზე გადავირიე ნამეტნავად და რაღაც არ მახსენდება. უი, უი, უზბეკ "ნაშებზე" მოგიყვე? ან ჯეინ ბირკინზე. აი, ეს ქალი დავინახე თუ არა, მაშინვე შემიყვარდა და მომინდა ვყოფილიყავი მკვდარი გინსბურგი, მაგისი მახინჯი ქმარი თუ საყვარელი. ჯეინ ბირკინი საოცრებაა, ყველაზე მაგარი ქალია მთელ მსოფლიოში, მერე რა, რომ 64 წლისაა. არასდროს დამავიწყდება ჩვენი შეხვედრა ბათუმში და გზა ზუგდიდამდე. ინტერვიუ, რომელსაც ჩემი რედაქტორი იღებდა ზაზა გოროზიას მისაღებში და ჩვენი უმანკო ჩახუტება.

- უზბეკი "ნაშები"?..

- წარმოიდგინე, მივაბოტებ ქუჩაში და უკან მომდევს ათი უზბეკი "ნაშა". ეს ყველაფერი გამახსენდა მეორე დღეს, როცა მეგობრის გადაღებული ვიდეო ვნახე. შემთხვევით შემხვდა ქუჩაში, მე ვერ ვიცანი, იმან კი კადრი არ "გამაზა" და გადაიღო. ალექსანდრე და ათი უზბეკი "ნაშა"! წავედი ახლა, ერთ გოგოშკას ვხვდები. არაფერი დაამატო ჩემს ინტერვიუს. თუ გინდა ის დაამატე, ვისაც ჩემი ნახვა უნდა აგვისტოში, მოვიდეს გონიოს ლიტერატურულში ან "ბამბარუმში". აი ასე!..

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები