პოლიცია და უშიშროება შემოდგომაზე ისევ გაიყოფა

პოლიცია და უშიშროება შემოდგომაზე ისევ გაიყოფა

შემოდგომაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროება ისევ ორ უწყებად ჩამოყალიბდება. გამორიცხული არ არის, შსს-ს ასევე მუნიციპალური და კრიმინალური პოლიციაც გამოეყოს. საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის მიერ ხელისუფლების პოლიციის შიგნით კონცენტრაციით უკვე ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც შეშფოთებულნი არიან და პრეზიდენტიც, თუმცა ეს დაპირისპირება ჯერჯერობით ღიად არ ჩანს. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინ სააკაშვილი ხელისუფლების დაბალანსებას ეცდება.

ექსპერტი მამუკა არეშიძე გვიდასტურებს, რომ მასაც სმენია სერიოზული მსჯელობების შესახებ, რომ გაიყოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და უშიშროება. მისი თქმით, სავარაუდოდ, ხელისუფლება ამ ცვლილებების განსახორციელებლად მოიშველიებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს, რომლებიც ამ ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაში დიდი ხანია, არწმუნებდნენ ხელისუფლებას.

"პოლიციისა და უშიშროების გაყოფა გამოწვეული შეიძლება, იყოს იმ საქმიანობით, რასაც უნდა ეწეოდეს ერთი ან მეორე უწყება. საქმე ის არის, რომ ვერ გაარკვევ უკვე, ვინ რას აკეთებს და ვის რა ფუნქცია აქვს. თანაც, ამ უწყების ხელში დღეს თავმოყრილია სერიოზული ძალაუფლება.

ჩვენ ვიცით, რომ ამ სამსახურში ხშირად არის შიდა დაპირისპირებები. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც დიდი ხანია, გვარწმუნებენ, რომ ეს სამსახურები უნდა გაიყოს. მე არ გამოვრიცხავ მუნიციპალური და კრიმინალური პოლიციის ცალკე ჩამოყალიბებასაც", - აცხადებს მამუკა არეშიძე.

"მთელი კვირის" კითხვაზე, ხომ არ არის ეს გამოწვეული ბოლო ხანებში ხელისუფლების წარმომადგენლებზე კომპრომატების გავრცელებით და სააკაშვილსა და მერაბიშვილს შორის არსებული სავარაუდო დაპირისპირებით, მამუკა არეშიძე პასუხობს, რომ ღია დაპირისპირებას ის პრეზიდენტსა და შს მინისტრს შორის ვერ ხედავს, თუმცა შეიძლება, არსებობდეს გარკვეული შიში პრეზიდენტის მხრიდან მერაბიშვილის მიმართ, რომლის ხელშიც უზარმაზარი ძალაუფლება და საშუალებებია კონცენტრირებული. "ზოგადად ჩვენი ხელისუფლება დაუბალანსებელია, ამიტომაც არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდეს ერთი რომელიმე უწყების ზედმეტად გაძლიერება", - აცხადებს მამუკა არეშიძე.

შიდა დაპირისპირებებზე ამახვილებს ყურადღებას ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. მას სტრუქტურების გაყოფის შესახებ არ სმენია, მაგრამ არც გამორიცხავს. "მოდით, ასე დავსვათ კითხვა, არის თუ არა რეალური, რომ ეს ორი უწყება გაიყოს. კიდევ დიდხანს გასტანა ამ სტრუქტურების გაერთიანებამ. საერთოდ, ყველა ხელისუფლება ცდილობს, ძალოვანი სტრუქტურები დაყოს. შეიძლება, დღეს გაჩნდა ეჭვი, ხომ არ არის კონცენტრირებული ერთი პირის ხელში ზედმეტად ბევრი ძალაუფლება. ბოლო ხანებში ასეთი ეჭვებისა და შესაბამისი ნაბიჯების სიმპტომები ჩანს", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე აზრით, ამ ბოლო ხანებში ზედმეტად ხშირად ხდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელთა, განსაკუთრებით კი - პრეზიდენტის მაკომპრომეტირებელი მასალები და შესაძლოა, ამასაც გამოეწვია ფიქრი იმაზე, რომ ძალოვანი სტრუქტურები უნდა დაიყოს და მათ ერთმანეთი უნდა გააკონტროლონ.

შსს-სა და უშიშროების სავარაუდო გაყოფის შესახებ ინფორმაცია ვერსიის დონეზე სმენია ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს. ის ამ ცვლილებების განხორციელებას ელოდება და აცხადებს, რომ ყველაფერი დაკავშირებულია მოსალოდნელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებთან.

ირაკლი სესიაშვილი: "ნაციონალებმა და მიხეილ სააკაშვილმა უკვე დაიწყეს მზადება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. სააკაშვილს ახლა ეწურება პრეზიდენტობის ორი ვადა და მას სჭირდება ძალთა ისეთი ბალანსი, რომელიც მას მისცემს მშვიდად ძილის საშუალებას. ამ სახით შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვანო მერაბიშვილი მას სჭირდებოდა მანამ, სანამ ფლობდა თავადაც მართვის სადავეებს, მაგრამ ახლა მას შიში აქვს, ამ ძალებმა არ წამოაყენონ ზედმეტი პრეტენზიები მომავალი ძალაუფლების გადანაწილების დროს და ამიტომაც ეცდება, რომ ძალოვან სტრუქტურებში გამოიყენოს ძველი პრინციპი "დაყავი და იბატონე", ხოლო პარლამენტში გაიყვანოს, რაც შეიძლება, მეტი მისდამი მორჩილი ადამიანი".

სესიაშვილი ფიქრობს, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება რომელიმე სახელისუფლებო ჯგუფი, მით მეტი რისკები უჩნდება პირადად პრეზიდენტს. "ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ახლა სააკაშვილი მოიშველიებს დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს. თუმცა იგივე დასავლელი პარტნიორები მას დიდი ხანია, ურჩევდნენ, რომ ეს სტრუქტურები დაეყო და ცივილიზებული და არა პოლიციური სახელმწიფო ჩამოეყალიბებინა. ჩემი აზრით, ასეთი კონფიგურაცია უფრო პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება, ვიდრე სახელმწიფოებრივს.

საერთოდ, სააკაშვილი ეცდება, რომ კონსტიტუციის შეცვლასთან ერთად ძალთა ახალი ბალანსი შექმნას.

ის ფიქრობს, როგორ დარჩეს პირველ პირად ქვეყანაში და არა იმაზე, თუ როგორ მოაწყოს სახელმწიფო უფრო დემოკრატიულად".

ირმა ჩაფიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე