ავტორი:

"ერთ დღეს ერთმანეთისადმი მზერა შეგვეცვალა, ერთ წელზე მეტია, რაც დავოჯახდით..."- გუგა ქაცარავა როლებსა და მსახიობ მეუღლეზე, რომელთან ერთადაც სერიალში თამაშობს

"ერთ დღეს ერთმანეთისადმი მზერა შეგვეცვალა, ერთ წელზე მეტია, რაც დავოჯახდით..."- გუგა ქაცარავა როლებსა და მსახიობ მეუღლეზე, რომელთან ერთადაც სერიალში თამაშობს

"ვიბნევი, როცა ადამიანებში უსიყვარულობას და უსამართლობას ვაწყდები; ვერ ვხსნი, ვერ ვიგებ, ასეთები როგორ არიან", - ამბობს მსახიობი გუგა ქაცარავა. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რას ფიქრობს პერსონაჟზე, რომელსაც სერიალში "სიყვარულს მიღმა" განასახიერებს, როგორ დაიწყო მისი და მსახიობ ნინი კვირიკაშვილის სიყვარულის ამბავი და რას გამოჰყავს წონასწორობიდან? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. სანათესავოში ამ პროფესიის არავინ მყავდა, მაგრამ თეატრში ხშირად დავდიოდი, სპექტაკლებს ვესწრებოდი და ამ სფეროსადმი ინტერესი სულ უფრო და უფრო მიძლიერდებოდა. არასდროს მინანია, ეს პროფესია რომ ავირჩიე. ჩემზე ამბობენ, რომ ვარ თბილი. კიდევ ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს სიტყვა მესმის. ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, ისევ მსახიობის პროფესიას ავირჩევდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...ეს იყო სცენაზე პირველად დადგომა. თეატრალური ფესტივალი ტარდებოდა და სცენაზე ეტიუდი შევასრულე. საოცარი ემოცია მქონდა. მაშინ მივხვდი, რომ ამ საქმის გარეშე ვეღარ ვიცხოვრებდი. ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი თავად მიმიძღვის. თეატრალურში 3 წელი გავდიოდი გამოცდებზე და ვერ ვაბარებდი, მესამე ცდაზე სტუდენტი გავხდი. პირველმა ორმა უშედეგო მცდელობამ უკან ვერ დამახევინა, პირიქით, მოტივაცია გამიძლიერა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, სცენაზე ვიდგე. ბედნიერი ვარ, რომ "თავისუფალ თეატრში" ვთამაშობ, იქ ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...სიყვარული.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ვინმე გავაბედნიერო, ამას ხან ვახერხებ, ხან - ვერა.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...შრომისმოყვარე ვარ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ ყოველთვის ისე უნდა მოვიქცე, როგორც გული მეუბნება.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...დარწმუნებული ვარ, რომ მართლა შემიძლია გულიდან ამოვიღო წყენა და ეს არ იქნება ფორმალური პატიება პატიებისთვის.

- პატიებას თავად ხშირად ითხოვ?

- ამ ნაბიჯის გადადგმა არასდროს მიჭირს. პატიებას ხშირად ვითხოვ, რადგან ადამიანი ვარ და რაღაც მეც მეშლება. პატიება ბევრისთვის მითხოვია, მაგრამ ზოგჯერ ისეც მომხდარა, რომ ეს ვერ გამიკეთებია. საკუთარი თავისთვის ამის უფლება არ მიმიცია.

- და ვერც სთხოვ?

- დადგება დრო და ვთხოვ, იმ დროს დაველოდები.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...საკუთარ თავს მხოლოდ ჩემს პროფესიაში ვხედავ.

- ვიბნევი...

- ...როცა ვაწყდები ადამიანებში უსიყვარულობას და უსამართლობას. ვერ ვხსნი, ვერ ვიგებ, ასეთები როგორ არიან.

- ვნანობ...

- ...ოდესმე ვინმეს რამე თუ ვაწყენინე, საქმეში ბოლომდე თუ არ დავიხარჯე, რამე თუ დავაკელი, როგორც საჭირო იყო, იმდენი ენერგია თუ არ დავხარჯე, მაგრამ ბოლო დროს ეს თითქმის აღარ ხდება.

- მარტო ყოფნა გიყვარს?

- დღის განმავლობაში ყოველთვის ვახერხებ რამდენიმე წუთით განმარტოებას, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მიყვარს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ჩემში მთების გადადგმის ძალა ვიგრძენი. ეს ოდნავ გვიან იყო. ისე, ბაღიდან მოყოლებული, სულ შეყვარებული ვიყავი. ჩემი მეუღლე გახლავთ მსახიობი ნინი კვირიკაშვილი. ჩვენ ჯგუფელები ვართ, თეატრალურს წელს ვამთავრებთ. ჩემი და ნინის სიყვარულის ამბავი დაიწყო ძალიან უეცრად და მოულოდნელად. ვმეგობრობდით, ერთ დღეს კი ერთმანეთისადმი მზერა შეგვეცვალა. ერთ წელზე მეტია, რაც დავოჯახდით, ერთი პროფესია გვაქვს და ყველა სპექტაკლში ნინისთან ერთად ვთამაშობ.

- მაკვირვებს...

- ...ნინი. ჩვენ ორივე ერთმანეთს ხშირად ვაკვირვებთ და ვაოცებთ.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...დღემ, როცა სპექტაკლი მაქვს სათამაშო. ის დღეებიც მიყვარს, როცა რეპეტიციები მაქვს, როლის შექმნის და შენების პროცესი, ისევე, როგორც სცენაზე ყოველი გასვლა, დიდი ბედნიერებაა.

- სცენის და გადასაღები მოედნის ემოცია...

- ...სხვადასხვაგვარია. ჯერ კამერასთან მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ის ცოცხალი ემოცია, რომელიც სცენაზეა, ვერ არის კამერის წინ. სამაგიეროდ, იქ სხვაგვარი ინტერესია.

- სერიალში "სიყვარულს მიღმა"...

- ...თამაში არის საინტერესო, რადგან ჩემი პერსონაჟი გოგა ჩემგან განსხვავებული შეგრძნებების მქონე ბიჭია. ამ პერსონაჟის თამაშისას საკუთარ თავს არ ვგავარ და ეს უკვე საინტერესოა..წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: