ავტორი:

"შენ არ განგიცდია, რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში..." - სტიქიას გადარჩენილი გიო ადამია კობახიძეს პასუხობს

"შენ არ განგიცდია, რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში..." - სტიქიას გადარჩენილი გიო ადამია კობახიძეს პასუხობს

სტიქიას გადარჩენილი კიდევე რთი პირი, გიო ადამია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

"ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი.

შენ არ განგიცდია, რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყრის ორმეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე როგორ მოიწევს შენსკენ და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის", - წერს ის.

ცნობისთვის, დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა ირაკლი კობახიძემ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, 3 აგვისტოს "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი, უბრალოდ, არ ჰქონდათ".

"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი", - თქვა კობახიძემ.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა მეწყერში დისშვილთან ერთად მოყოლილ დავით ჯელაძის შესახებ და განაცხადა, რომ ეეჭვება, რეალურად გადალახა თუ არა ჯელაძემ გზა, სასტუმრო "სანსეთ შოვის" საპირისპირო მხარეს გადასვლის მიზნით.

აღნიშნულ განცხადებას "ფეისბუქში" გამოეხმაურა დავით ჯელაძე: "ვაიმეე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი", - დაწერა მან.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში უდიდესი ტრაგედია მოხდა. იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც სასტუმრო "სანსეთ შოვი" და კოტეჯებია განთავსებული, მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ათობით დამსვენებელი იმყოფებოდა.

ბოლო ინფორმაციით, მეწყერს 24 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ათამდე დაკარგულს ეძებენ.

ასევე იხილეთ: