ავტორი:

"ღამის შოუს" ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000 ლარი მიიღო" - "ფლანგვის დეტექტორი"

"ღამის შოუს" ბენდმა 2020-2023 წლებში ბიუჯეტიდან 344 000  ლარი მიიღო" - "ფლანგვის დეტექტორი"

იმედის "ღამის შოუს ბენდმა" 2020-2023 წლებში ₾344 ათასი უტენდეროდ მიიღო, ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, 2020-2023 წლების მონაცემებით, ღამის შოუს ბენდთან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა ჯამში 343,800 ლარის 20 გამარტივებული შესყიდვა გააფორმეს, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულმა უწყებებმა ექსკლუზიურად ამ ბენდთან გადაწყვიტა ხელშეკრულების გაფორმება, ნაცვლად ტენდერის გამოცხადებისა.

აღსანიშნავია, რომ „ღამის შოუს ბენდი“ ცალკე იურიდიული ფორმით არ არსებობს, ამიტომაც საჯარო უწყებები მათ თანხას სხვადასხვა კერძო პირთან ხელშეკრულების გაფორმების გზით აძლევენ. ასეთ კერძო პირებს წარმოადგენენ გიორგი გაბუნია, ჯიმო აბესაძე, ბექა სულაძე და გელა გნოლიძე. ბენდთან გაფორმებულ შესყიდვებში აგრეთვე ფიგურირებს ზვიად ‘ზვიო’ ბლიაძე, რომელიც 2017-22 წლებში ტელეკომპანია პოსტ ტვ-ის 16%-იან პაკეტს ფლობდა. ხელშეკრულებების თანახმად, მხოლოდ იუმორისტ გიორგი გაბუნიას ჰონორარი თითოეული კონცერტისთვის ₾3,500-დან ₾5,300-მდე მერყეობს."

ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება ღამის შოუს ბენდთან 2022 წელს ფოთის მერიამაც გააფორმა, ღირებულებით 32,300 ლარი.

ფოთის მერიას კონცერტის ჩატარება 24-25 ივლისს ჰქონდა დაგეგმილი. ექსკლუზიურად ღამის შოუს ბენდთან ხელშეკრულების გაფორმება მერიამ შემდეგი მოტივით დაასაბუთა - “გიორგი გაბუნიას ღამის შოუ როგორც ახალგაზრდებში, ასევე ფართო საზოგადოებაში სარგებლობს მაღალი სატელევიზიო რეიტინგით, დიდი სიყვარულითა და პოპულარობით.”