ავტორი:

"ძალიან უხერხულად დგას იქ, სადაც დადგეს" - ვინ არის ავტორი ზაარბრიუკენის მოედანზე მდგარი ქანდაკებისა, რომელიც სოცქსელში განხილვის საგანი გახდა

"ძალიან უხერხულად დგას იქ, სადაც დადგეს" - ვინ არის ავტორი ზაარბრიუკენის მოედანზე მდგარი ქანდაკებისა, რომელიც სოცქსელში განხილვის საგანი გახდა

სოციალურ ქსელში განხილვის საგანია ზაარბრიუკენის (ვორონცოვის) მოედანზე მდგარი ახალი ქანდაკება. მოქალაქეების ნაწილი წერს, რომ ამ ადგილს ეს ქანდაკება არ შეეფერება. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ძეგლი ეწინააღმდეგება ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეას.

"ამ "ნაწნავებმა" დაღუპა საქართველო, დღესაც ამ ნაწნავებში ვართ გახვეული და ვიგუდებით. ოთხი მიმართულებიდან, ჩრდილოეთის ,,ნაწნავი" გამოდგა ყველაზე მგუდავი და მახრჩობელა" - წერენ სოცქსელში მოქალაქეები.

"ადრე, მოქანდაკე და არქიტექტორი ერთად მუშაობდნენ ნებისმიერ სკულპტურაზე. მოქანდაკე უშუალოდ ქანდაკებაზე, არქიტექტორი კი ამ ქანდაკებისთვის სივრცეს და შესაბამისად, პროპორციებს არჩევდა. ახლა მოქანდაკეები მარტო მუშაობენ სახელოსნოებში. გააკეთებენ რაღაცას, წამოიღებენ სახელოსნოდან და სადღაც დადგამენ ხოლმე. შეესაბამება სივრცეს, არ შეესაბამება არ ადარდებთ. აბა შეხედეთ გორგასლის ძეგლის სივრცესთან შესაბამისობას, ან შეხედეთ ქართლის დედის სივრცესთან მიმართებას და შეხედეთ ამ ქანდაკებას. ეს ძეგლი შეიძლება ძალიანაც კარგია, მარა ძაან უხერხულად დგას იქ, სადაც დადგეს" - წერს "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

"ამ მოედანზე ვორონცოვის ძეგლი რომ დაებრუნებინათ, ალბათ ასეთი ამბავი არ მოყვებოდა, რაც ფეისბუკში ორი დღეა ხდება" - წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.

როგორც გაირკვა, ქანდაკების ავტორი ახალგაზრდა ხელოვანი გიორგი ხანიაშვილია. ნამუშევარს "დროის ნაწნავები" ჰქვია. ხანიაშვილის სოციალურ ქსელში იძებნება ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ დაიწყო ახალგაზრდა ხელოვანმა ქანდაკებაზე მუშაობა.

თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორი ლიკა ჭკუასელი ქანდაკების გახსნის შემდეგ, გუშინ სოცქსელში წერდა:

"პროექტის კურატორია ირინა პოპიაშვილი... დღეს, გახსნაზე - ყველა მოითხოვდა, რომ ეს ქალბატონი სულ აქ დარჩეს. (ზაარბრიუკენის მოედანზე). 1.5 წელი ნამდვილად იქნება და (თუ) ადგილს შეიცვლის შემდეგ - გპირდებით, რომ ძალიან კარგი გეგმები აქვს მერეც.ღამის განათება დამონტაჟდება მალე ფოტო/ვიდეო, რეცენზიები, საჯარო და საგანმანათლებლო პროგრამაც გზაშია, მადლობა ყველას, ვინც ამ ჯადოსნურ პროექტზე იმუშავა და ვინც დაგვეხმარა".

  • როგორც გაირკვა, გიორგი ხანიაშვილის "დროის ნაწნავები" კონკურსის გამარჯვებული გახდა და სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი დადგმა ზაარბრიუკენის მოედანზე. ქანდაკების გახსნისთვის დაანონსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

"თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი მოხარულია წარმოგიდგინოთ კონკურსში „საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა, ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი“ გამარჯვებული პროექტი: გიორგი ხანიაშვილი „დროის ნაწნავები“, კურატორი ირინა პოპიაშვილი.

გიორგი ხანიაშვილის "დროის ნაწნავები" წარმოადგენს სამ მეტრამდე სიმაღლის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილ მონოლითურ ქანდაკებას. ქანდაკება გამოსახავს ქალის ფიგურას, რომელსაც თმები ტანზე აქვს შემოხვეული. ქალის სხეული მასზე დახვეული თმებითაა შეფუთული და ფეხებისკენ თმები ფესვების ფორმას იღებს.ჩვენი შეხვედრა ანტიკურ კულტურასთან არგონავტების მითით, კერძოდ კი მედეას სახით იწყება. მოგვიანებით ელინისტური კულტურა ქრისტიანობის სახით შემობრუნდა ჩვენსკენ და ეს შეხვედრა ახლაგაზრდა ქალის თმის ნაწნავებით იყო შეკრული და გადაბმული. თმის ნაწნავები ვაზის ორნამენტად შემოერტყა არა მარტო ქვის ფასადებს, არამედ ვიზუალურ და შინაარსობრივ-მსოფლმხედველობრივ გარე სამყაროს, რომელშიც ჩვენი კულტურა ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული კულტურა ყოველთვის იყო ცივილიზაციათა გადაკვეთაზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ჩვენი შეხვედრა ანტიკურ კულტურასთან, განსაკუთრებით მის ქრისტიანულ ტრანსფორმაციასთან საკვანძო გამოდგა. მასთან დიალექტიკურ ურთიერთობაში ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა, რომელიც დღემდე განსაზღვრავს ქართულ კულტურას და მის სახეს. გიორგი ხანიაშვილის ქანდაკება სწორედ ამ დიალექტიკურ ურთიერთქმედებათა რეფლექსიაა, რომელიც საბოლოო ჯამში ასეთ ჰიბრიდულ ფორმას იღებს, სადაც ანტიკური სახე და ელინისტური თმის ფორმა ნელნელა იშლება, ხოლო რაც უფრო უახლოვდება ტერფებს, ფესვებად გადაიქცევა.

გიორგი ხანიაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა. მან თავისი შემოქმედება ხეში შესრულებული რელიეფებით და ქანდაკებებით დაიწყო, მოგვიანებით მუშაობა გააგრძელა თიხაში, მეტალსა და ცემენტში შესრულებული ნამუშევრებით. აქტიურად იფინება 2013 წლიდან. 2018 წელს მონაწილეობდა ლიუბლიანას გრაფიკული ხელოვნების ბიენალეში და გამოფენილი იყო დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. 2022 წელს „Slavs and Tatars“ ხელოვანთა კოლექტივთან ერთად გამოიფინა კუნსტჰალე თბილისის გამოფენაში ათინათის კულტურულ ცენტრში".