ნიკა წულუკიძემ თიკო სადუნიშვილს პირდაპირ ეთერში "ზასაობა" არ მოუწონა

ნიკა წულუკიძემ თიკო სადუნიშვილს პირდაპირ ეთერში "ზასაობა" არ მოუწონა

ნიკა წულუკიძისა და თიკო სადუნიშვილის მეგობრობა დიდი ხნის წინ დაიწყო. გაცნობის დრო და ადგილი არც ერთს არ ახსოვს, მაგრამ ძალიან ბევრი საინტერესო დღე აქვთ ერთად გატარებული. ერთმანეთის არც კრიტიკას ერიდებიან და არც ქება-დიდებას.

როგორც იცით, მეგობრებთან ინტერვიუები ცალ-ცალკე ჩავწერეთ იმის გასარკვევად, დაემთხვეოდა თუ არა მათი პასუხები ერთმანეთს. უნდა ითქვას, რომ ნიკა ზედმეტად ცნობისმოყვარე გამოდგა, სანამ თიკოს ინტერვიუს ვწერდით, ორჯერ შემოაღო ოთახის კარი. რამდენჯერმე ითხოვა კიდეც, დავესწრები ინტერვიუსო, მაგრამ მტკიცე უარი რომ მიიღო, ბედს შეეგუა და მოთმინებით დაელოდა განაჩენს.

-სად გაიცანით ერთმანეთი?

ნიკა:

-საერთო სამეგობრო წრე გვყავს და დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ზუსტად გაცნობის დღე ნამდვილად არ მახსოვს.

თიკო:

-ასე კონკრეტულად არ მახსოვს. ერთმანეთს საერთო მეგობრების წყალობით ვხვდებოდით. განსაკუთრებით ბოლო 2 წელია ვმეგობრობთ. ბათუმში საკმაოდ დიდი პერიოდი გადავაგორეთ ერთად, მე "თბილისი ლაივის" გადაღებები მქონდა, ნიკაც იქ იყო, ისვენებდა სერიალისგან, იგავებისგან. საღამოობით ლიტერატურულ კაფეში ვხვდებოდით ერთმანეთს. ვიღაცები მიდი-მოდიოდნენ, მე და ნიკა სულ იქ ვიყავით (იცინის).

-რა მოგწონს და რა არა მასში? როგორ გგონია, ის რას ფიქრობს ამ მხრივ შენზე?

ნიკა:

-ისეთი ერთგულია, როგორც ცოტა ადამიანი, ყველანაირად მხარში ამოგიდგება. ცოტა ადამიანი უყვარს გულში. ვგრძნობ, რომ იმ ცოტაში მეც ვარ. ხალისიანია, ორიგინალური. ვერ ვიტან ერთნაირ ადამიანებს, თიკოს ინდივიდუალიზმი აქვს, ვიღაცას მოსწონს ეს, ვიღაცას -არა. ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანია. რა არ მომწონს? ხანდახან ისე მოგახლის რაღაცას, გულს გაგიხეთქავს. ამაზე სულ ვსაყვედურობ. ეს პირდაპირობა ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ ცუდი. თუ გინდა, საზოგადოების კეთილგანწყობა დაიმსახურო, მაინც ჯობია, ზომიერება შეინარჩუნო ამ მხრივ... ჩემ შესახებ აზრი ალბათ ჯობია, მას ჰკითხო, მე ამაზე ლაპარაკი გამიჭირდება.

თიკო:

-ყველაზე მეტად ნიკას იუმორი მომწონს. საქართველოში ადამიანებში იუმორის ნაკლებობაა. ნიკას იუმორს ინტელექტუალურ იუმორს ვუწოდებ და ძალიან მომწონს. არ არსებობს, მასთან საღამო გაატარო და სიცილისგან ცუდად არ გახდე. ვაფასებ იმას, რომ ერთგულია, საინტერესო თემებზე შემიძლია მასთან საუბარი. ძალიან ცოტაა ის, რაც არ მომწონს მის ხასიათში. მე მისი ნაკლი ნამდვილად არ მაწუხებს. ნიკა ჩემთვის ძალიან კომპეტენტურია, როგორც გადაცემისთვის, ისე პირადი ცხოვრებისთვის. მისგან ყოველთვის კონსტრუქციული კრიტიკა მოდის. თუ არ მოსწონს, მიხსნის რატომ არ მოსწონს და პირიქით, თუ მოსწონს, ამასაც მისაბუთებს. არ მოსწონს ჩემი ბევრი საქციელი, მაგალითად, საახალწლო კოცნა არ მოეწონა. მოეწონა ჩემი ბოლო გადაცემა, ვინაიდან შედარებით შემეცნებითი გამოვიდა.

-რამდენი წლის არის? შენ?

ნიკა:

-ჩემზე ერთი წლით უფროსია, თუ არ ვცდები. მე 24 წლის ვარ.

თიკო:

-24-ის. მე 26_ის.

-რა უნდა გაითვალის­წ­ინო აუცილებლად მასთან ურ­­თიერთობისას? შენთან ურ­­თი­ე­რ­თობისას რა არის გასათვალისწინებელი?

ნიკა:

-ეს სწორედ ის ადამიანია, რომელთანაც არაფრის გათვალისწინება არ გჭირდება და ამიტომაც მიადვილდება მასთან ურთიერთობა. ჩემთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელია: ზრდილობა, ინტელექტი, ოჯახიშვილობა. ვერ ვიტან მოღალატე და მატყუარა ადამიანებს. თუ შევატყვე ადამიანს, რომ ტყუილი უყვარს, ის ჩემთვის აღარ არსებობს.

თიკო:

-არ უყვარს შტერი ადამიანები. მე რომ ვიყო სულელი ქერათმიანი გოგო, არ მომინდებოდა მასთან ურთიერთობა. ასეთ ადამიანებს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებს. ერთხელ მახსოვს ჩემი მსუქანი მეგობარი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. "ელასტიკი" ეცვა და შორიდან უყვიროდა, -ვაიმე, შვილო, გამშვენებს ეგ "ელასტიკიო". ძალიან პირდაპირია და ბევრს ეს პირდაპირობა აღიზიანებს. მე ვაფასებ პირდაპირობას, იმიტომ, რომ ქართველებს სჩვევიათ ზურგს უკან ლაპარაკი და პირფერობა... ჩემთან ურთიერთობაში სილაღე და სისუფთავეა აუცილებელი. ვითომ მეგობრებსა და პირფერობას ვერ ვიტან. ნიკა ძალიან ალალია, თამაში არ შეუძლია. "მაფიოზობანას" რომ ვთამაშობდით, მაფიოზი იყო და პირველივე ჯერზე "დაიწვა".

-რა აღიზიანებს საწინააღმდეგო სქესში? შენ?

ნიკა:

-თიკოს იმდენად უყვარს საწინააღმდეგო სქესი, რომ არაფერი აღარ აღიზიანებს (იცინის). მე მგონია, რომ გააღიზიანებს თასმა, რომელიც წინდაში ექნება ჩატანებული მამაკაცს. მე ვულგარულობა მაღიზიანებს. ქალმა თავისი ინტიმურობითა და მოკრძალებულობით უნდა მოგხიბლოს. მუხლი რომ გამოუჩნდება ქალს, ის ქალი უფრო მესექსუალურება და მინდება, ვიდრე სულ ტიტველი. ვერ ვიტან, ქალი ბევრს რომ ლაპარაკობს, ყველაფერზე კომპეტენტური აზრი რომ აქვს. მე რომ მითხრა ახლა, ჩინეთის კედლის ინსტრუქციაზე მესაუბრეო, აუცილებლად გავჩუმდები. ყველა არ გაჩუმდება, მოჰყვება ათას სისულელეს. ასეთ ქალებს ვერ ვიტან.

თიკო:

-ვულგარულობა. ქალში ქალურობა მოსწონს, თანამედროვეობისა და ტრადიციულობის სინთეზი. მე ყველა ადამიანის მიმართ სხვადასხვა მოთხოვნა მაქვს. მეგობართან სხვა, საყვარელ ადამიანთან სხვა. ყველასგან ერთსა და იმავეს არ მოვითხოვ.

-როგორია, როცა უყვარს? შენ?

ნიკა:

-ნეტავ მაგას უყვარდეს ვინმე (იღიმის). მე არ შევსწრებივარ მისი შეყვარებულობის პერიოდს. არ მინახავს შეყვარებული. მე სულ შეყვარებული ვარ. ღმერთმა არ ქნას, გათენდეს დღე და არ ვიყო შეყვარებული. როცა მიყვარს, კეთილშობილი ვარ, ანუ მუდმივად კეთილშობილი ვარ.

თიკო:

-მე მხოლოდ ნიკას ერთი პატარა რომანის მომსწრე გავხდი. თვალებზეც ეტყობა, საქციელზეც. ეს სერიალსა და მის იგავებს არ ეტყობა, მაგრამ აშკარად დაბნეულია ამ დროს. მე როცა მიყვარს დავფრინავ, 10 სანტიმეტრით დაშორებული ვარ მიწიდან.

-ახლა რა მდგომარეობაში ხარ?

-მიწაზე მყარად ვდგავარ (იღიმის), შეყვარებული არ ვარ.

-როგორ გამოხატავს გაბრაზებას? შენ?

ნიკა:

-არ მინახავს გაბრაზებული. რამდენადაც მიმწოლი ჩანს, იმდენად გულჩათხრობილი და სევდიანია. თიკოს ასეთი სახე ბევრს არ წარმოუდგენია, მაგრამ დამიჯერეთ, ასეთი თიკო სადუნიშვილი კიდევ უფრო საყვარელია. ჩემი გაბრაზება მტრის კარს! გადავირევი, გავგიჟდები, მაგრამ მეორე დღეს არ მახსოვს რაზე ვყვიროდი.

-ტელეფონი არ დაგიმტვრევია გაბრაზებულ გულზე?

-არასოდეს. ჩემი ტელეფონი ვიღაცის გამო რატომ უნდა დავამტვრიო?! მე ისე მიყვარს ჩემი ნივთები, არასდროს არ ვამტვრევ.

თიკო:

-მიუხედავად იმისა, რომ ემოციური ადამიანია, თავის შეკავება შეუძლია, გაბრაზებული არ მინახავს. არ არსებობს იყვიროს. მე უფრო ემოციური ვარ. ძალიან რთულია ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა, მაგრამ გაბრაზებულ გულზე დამიმტვრევია კიდეც.

-რა გისახსოვრა ბოლოს დაბადების დღეზე? შენ რა უსახსოვრე?

ნიკა:

-ჩემი წიგნი ვაჩუქე -"მოხუცი ჯამბაზები", თიკომ სუნამო მაჩუქა ერთხელ, მაგრამ დაბადების დღე იყო თუ არა, აღარ მახსოვს. საერთოდ თიკოს ძალიან უყვარს სიურპრიზები. იმდენი სიურპრიზი გამიკეთა. ერთხელ სტრიპტიზკლუბშიც კი წამიყვანა თვალახვეული ტიტველ ქალებში (იცინის). რომ შევედით შიგნით, თონეში მეგონა თავი, თავიდან ქალის მკერდს რომ მოვკიდე ხელი, მეგონა, ცომის გუნდაში ჩავყავი ხელი, მერე კარგად რომ მოვსინჯე, მივხვდი რაც იყო. ოღონდ ვფიცავ ყველაფერს, მართლა არ ვიცოდი სად მივდიოდით.

თიკო:

-არ მახსოვს. წელს დაბადების დღეზე არავის არაფერი არ უჩუქებია, ალინა არველაძემ მაჩუქა მარტო ტორტი. არ გადამიხდია, გადაღებაზე ვიყავი. მეც არ ვიყავი მის დაბადების დღეზე, შესაბამისად, არაფერი მიჩუქებია.

-როგორია მთვრალი? შენ?

ნიკა:

-თიკო არ სვამს. აკონტროლებს თავს. მგონი, ძილი ურჩევნია, აბუნტებული თიკო არ მახსოვს. ჩემნაირი კარგი მთვრალი ერთი-ორი კაცი თუ დადის თბილისში. ყველას ვეფერები, ვესიყვარულები.

თიკო:

-ქართველი მოქეიფე ბიჭია. გემრიელი სიმთვრალე აქვს. მახსოვს, ბათუმში თაფლის ჭაჭა ჰქონდა, ვიღაცამ ჩამოუტანა და სვამდა ხოლმე. მთვრალი ნიკა ფხიზელისგან დიდად არ განსხვავდება. მე გააჩნია, რა დოზა მაქვს მიღებული. თუ ბევრი დავლიე, შეიძლება დავიძინო იქვე ან ძალიან ვიხმაურო.

-ადვილად სწყინს? შენ?

ნიკა:

-თიკოს წყობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია. არასოდეს არ გაბუტულა ჩემთან. ისეთი დატვირთული რეჟიმი გვაქვს, სად გვცალია ბუტია-შერიგებისთვის?! მე უყურადღებობას ვერ ვიტან. თუ მიყვარხარ, ე.ი. მინდა ხშირად გნახო. თუ ვერ გნახულობ, დაგირეკავ და მოგიკითხავ. იმავეს ვითხოვ იმ ადამიანებისგან, ვინც მე მიყვარს. თუ ვერ ვიღებ, მწყინს.

თიკო:

-კი. ბუტიაა, ოღონდ დიდხანს არ მიჰყვება წყენა. ამას წინათ რამდენიმე კვირა ვერ ვნახეთ ერთმანეთი და ცოტა ნაწყენი იყო. მე არ მწყინს ადვილად, ვერც ვიმახსოვრებ ხოლმე დიდხანს, რამე თუ მეწყინა, თან გულში წყენას არ დავიტოვებ. ვიტყვი ხმამაღლა და გამოთქმით.

-რომელი თქვენგანი თმობს ხოლმე?

ნიკა:

-მე უკომპრომისო ვარ. თუ მიმაჩნია, რომ მართალი ვარ, არავითარ შემთხვევაში არ დავთმობ. თუ მოდაზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, თიკოს ვერ შევეკამათები.

თიკო:

-თუ ვიცი, რომ მე უფრო კომპეტენტური ვარ ამა თუ იმ საკითხში, რქებით ვაწვები ხოლმე. ისიც არ თმობს ადვილად.

-ბოლოს რაზე იკამათეთ?

ნიკა:

-ახალ წელს იმ ბიჭს რომ აკოცა, იმაზე. პირდაპირ და ძალიან ცუდად ვუთხარი, არ მომეწონა, ეს არ უნდა გექნა-მეთქი. ჩვენს დიალოგს კახა მიქიაშვილი დაესწრო და მითხრა, ასეთი რადიკალურობაც არ შეიძლებოდაო. მე მივხვდი, რომ თიკოს ეწყინა, შეეტყო. უხეშად ვუთხარი, მაგრამ რა მექნა, უნდა მეთქვა, რა იყო ეს?! ნამეტანი არაფერი არ მომწონს. მგონი, მე ერთადერთი ვიყავი, ვინც ეს პირში მივახალე.

თიკო:

-რადიოში მიმიყვანა დილის 7 საათზე 3 სიტყვის სათქმელად და ამაზე (იღიმის). დილიდან ვემზადებოდი და გამარჯობა და მოკითხვით შემოიფარგლა ჩვენი საუბარი. ამისთვის მომიყვანე, არ გაპატიებ-მეთქი, ვუთხარი.

-როგორი ნებისყოფა აქვს?

ნიკა:

-აქვს. დეტალების მოყოლა არ მინდა, მაგრამ თიკოს შეეძლო, ხელი წასცდენოდა რაღაცებზე, მაგრამ თავი შეიკავა. ეს მოხდა ბათუმში, ჩვენ ერთად ვისვენებდით. ამის შემდეგ კიდევ უფრო დავაფასე.

-რაზე უნდა წასცდენოდა ხელი?

-არა, ამას ვერ გეტყვით... მეც მაქვს ნებისყოფა. ნებისყოფა მარტო დიეტით არ განისაზღვრება, თუმცა ესეც არ მიჭირს.

თიკო:

-არ აქვს. გოგო რომ მოეწონება შეუძლია, პირდაპირ უთხრას. უყვარს კარგი ჭამა-სმა. მეც არ გამოვირჩევი დიდად ნებისყოფით.

-რას უკონტროლებთ ერთმანეთს?

ნიკა:

-სულ მეუბნება გახდიო. ჩემს მეგობრებს ძალიან აწუხებთ ჩემი წონის პრობლემა. სალომე არშბა ყოველ საღამოს მირეკავდა და მეკითხებოდა, რა ქენი, ჭამე დღესო. ბუფეტში თუ დამინახავდა, სულ მეჩხუბებოდა. მეც მინდა, გამხდარი ვიყო, მაგრამ...

-შენ არ უკონტროლებ თიკოს თაყვანისმცემლებს?

-არა. ერთხელ ვთქვი, ქალისა და კაცის მეგობრობა ცეცხლისა და ნავთის მეზობლობაა. როცა ცეცხლი და ნავთი გადაკვეთს ერთმანეთს, იქ აუცილებლად ცეცხლი გაჩნდება-მეთქი. არის რაღაცები, რაზეც კაცმა და ქალმა არ უნდა ილაპარაკონ. კაცი რომ იტყვის ქალზე -ჩემი დაქალიკო, გული მერევა ამაზე. როგორ შეიძლება, ქალი კაცის დაქალი იყოს?! გოგონები ჩემთვის ახლობელი ადამიანები არიან.

თიკო:

-არაფერს, სრულ თავისუფლებას ვაძლევთ ერთმანეთს.

-როგორ გგონია, რამდენად დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?

ნიკა:

-არ ვიცი, შეიძლება დაემთხვეს.

თიკო:

-არ ვიცი, ინტერესით ველი.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები