მეგობრის ხათრით ნასწავლი უძველესი ვარცხნილობა

მეგობრის ხათრით ნასწავლი უძველესი ვარცხნილობა

დრედები - უძველესი ვარცხნილობაა (დაგრეხილ- დაკვანძული თმა), რომელსაც კელტები - უძველესი გერმანული ტომები და აცტეკები ატარებდნენ; დღეს მას იამაიკურ ტრადიციულ ვარცხნილობად მიიჩნევენ და თვითონ ტერმინი "დრედიც" იამაიკაში, რასტაფარის სექტაში გაჩნდა. საქართველოში მართალია, ამ ვარცხნილობას ბევრი არ ატარებს, მაგრამ მთელ მსოფლიოში პოპულარულია. გოჩა ხუხუნი ერთ- ერთია მათ შორის, ვინც დღეს ჩვენში დრედების სპეციალისტია. ეს საქმე კი მეგობრის - სამორი ბალდეს თხოვნით ისწავლა.

- ერთხელაც, სამორიმ მითხრა, დრედები ხომ არ გამეკეთებინაო? მეც ხალისით დავეთანხმე. მერე ინტერნეტში მოვიძიეთ ინფორმაცია დრედებზე და მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, დავიწყეთ მისი გაკეთება. პირველი მცდელობა კრახით დასრულდა, კარგი შედეგი ვერ მივიღეთ. შემდეგ დრედების საიტი ვნახეთ, სადაც შამპუნი, სავარცხელი და ყაისნაღი შევუკვეთეთ. მათი მიღების შემდეგ კი მუშაობას შევუდექით. სამორიმ შუბლზე გაიკეთა პირველი დრედი. სულ 3 სანტიმეტრი გამოვიდა და ამას რა უნდა, 5 წუთში გავაკეთებთ- მეთქი - გამიხარდა, მაგრამ მის ვარცხნილობას 3 დღე და 4 ღამე მოვანდომე. ბოლოს ახლობლები მოდიოდნენ და მამხნევებდნენ. მახსოვს, ჩემი "შემოქმედება" რომ დავასრულე, სამორის ქუდი დავახურე და გარეთ ისე გავუშვი, წვიმა რომ მოვიდეს, არ დაგეშალოს- მეთქი (იცინის).

- მას შემდეგ კიდევ ბევრს გაუკეთე ეს ვარცხნილობა?

- კი, ერთხელ ბიჭი მოვიდა, რომელსაც ქუჩაში სამორი დაუნახავს, უნდოდა ვარცხნილობის ავტორის ვინაობა გაეგო, მაგრამ სანამ მიუახლოვდა, სამორიმ ტრანსპორტში აასწრო. თურმე რამდენიმე დღე იმ ადგილას "აბირჟავებდა", რომ სამორისთვის თვალი მოეკრა. ბოლოს შეხვედრია და ჩემამდეც მოაღწია...

- ახლა რა დრო გჭირდება ამ ვარცხნილობის გასაკეთებლად?

- გრძელ თმას 2 დღე სჭირდება.

- დრედები არ იშლება?

- არა, მისი მოშორების ერთადერთი გზა - მოჭრაა. მაგრამ სიგრძეს ხშირად იმოკლებენ, ეს პრობლემა არაა.

- ამ ვარცხნილობის მსურველები საქართველოში ბევრნი არიან?

- ბევრნი არიან. კვირა არ გავა, რომ სოციალური ქსელის საშუალებით ვინმე არ გამომეხმაუროს და დრედებზე რაიმე არ მკითხოს. მაგრამ ხშირად საზოგადოების რეაქციის გამო, ვერ რისკავენ. ამას წინათ, ერთ გოგონას გავუკეთე დრედები. დღეს მას საქართველოში ყველაზე გრძელი დრედები აქვს.

- მსურველები რომ გიკავშირდებიან, რა მოთხოვნები აქვთ?

- პირველ რიგში აინტერესებთ, როგორ და რანაირად ვაკეთებ ამ ვარცხნილობას. ბოლოს უკვე ძალიან მომბეზრდა ახსნა და დაინტერესებულ პირებს ინტერნეტით მათ სურათებს ვუგზავნი, ვისაც უკვე გავუკეთე დრედები. ხშირად დრედებიან ადამიანებს სასწაულ კითხვებს უსვამენ: - თმა არ გტკივათ? ძილის წინ იშლით? თავი არ გექავებათ? მათ ხშირად უწევთ იმის ახსნა, რომ დრედები უსუფთაობას არ ნიშნავს და ისინიც ისევე ბანაობენ, როგორც სხვები.

- ამ ვარცხნილობას სპეციალური მოვლა სჭირდება?

- განსაკუთრებული არაფერი. პირველი 3 თვის განმავლობაში კარგი იქნება, თუ თავს შეიხვევენ, რომ თმამ ფორმა არ დაკარგოს.

- თვითონ არ გიფიქრია, დრედების გაკეთება?

- კი, როგორ არა, მაგრამ იმას ვფიქრობ, ვინ გამიკეთებს (იცინის)? ამას წინათ, სამორის ვუთხარი, "ვალი დამიბრუნე", გამიკეთე დრედები- მეთქი. ოღონდ, შენ მოინდომეო, - მითხრა. ვფიქრობ, რომ დრედებით ინდივიდუალიზმის გამოხატვა ძალიან იოლია. ამასთან, მიმაჩნია, რომ ყველას უხდება. მაგალითად, სამორი დრედების გარეშე ვერც წარმომიდგენია.

- აღნიშნე, დრედებიანებს სახალისო კითხვებს უსვამენო. შენ არ მოგმართავენ ასეთი კითხვებით?

- რატომღაც ყველას სტილისტი ვგონივარ. ქალის თმის შეჭრა იციო? - ხშირად მეკითხებიან. არა, ბატონო, ერთი დრედების გაკეთება ვისწავლე და ისიც იძულებით- მეთქი, - ვპასუხობ. ბევრს ჰგონია, რომ დრედი ჩვეულებრივი ნაწნავია, რომელსაც 5 წუთში გავაკეთებ. არადა, არ იციან, ამ ვარცხნილობის გაკეთებისას გამოწვეულ წელის ტკივილს შემდეგ რამდენ ხანს ვმკურნალობ (იღიმის). მაგრამ როდესაც ბოლოს ჩემს ნამუშევარს ვუყურებ, მგონი, მათზე მეტად მე მიხარია...

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები