"ახლა პირიქითაა - პოლიტიკაში "ნაშები" მოვიდნენ!"

"ახლა პირიქითაა - პოლიტიკაში "ნაშები" მოვიდნენ!"

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს. თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ყოველთვის აკვირდება. ამბობს, რომ საკუთარი გარეგნობისთვის ხაზი არასდროს გაუსვამს და არც "ცუდად" გამოუყენებია...

- გარეგნობა არასდროს გამომიყენებია იარაღად და ყოველთვის მწყინდა, როდესაც სატელევიზიო ან საპარლამენტო გამოსვლების შემდეგ მეუბნებოდნენ, რა კარგად გამოიყურებოდიო. იმხანად სფეროში, სადაც მე ვმოღვაწეობდი, გარეგნობა არაფერში მადგებოდა, ახლა კი პირიქითაა - პოლიტიკაში "ნაშები" მოვიდნენ (იცინის). შესაძლოა, ამას ისიც განაპირობებდა, რომ იმხანად ზურაბ ჟვანიას გვერდით ვმუშაობდი და მისთვის სულ სხვა, ადამიანური თვისებები იყო ღირებული. ეს იყო ჩემი კომუნიკაბელურობა, აქტიურობა და ერთგულება. ასე რომ, ჩემი გრძელი ფეხებისა და ლამაზი თვალების გამო არასდროს დავჭირვებივარ და აქედან გამომდინარე, არც მიმიქცევია ამ ყველაფრისთვის ყურადღება.

- ზურაბ ჟვანია, ალბათ, ძალიან დაგაკლდათ...

- ზურა ქვეყანას დააკლდა... ის ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღეს ქვეყანაში ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ზურას დაღუპვით დავკარგე მეგობარი, თანამებრძოლი და ლიდერი. მას უდიდეს პატივს ვცემდი და ანგარიშს ვუწევდი. ზურაბ ჟვანია ვაჟკაცური თვისებებით იყო დაჯილდოებული. ცოცხალი რომ ყოფილიყო, 2008 წლის აგვისტოს ომი არ მოხდებოდა.

- საინტერესოა, როგორი დიასახლისია ხათუნა ხოფერია...

- კარგი დიასახლისი ვარ, 18 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი მეუღლესთან და ყველა ის თვისება, რაც კარგი დიასახლისისთვის არის დამახასიათებელი, მქონდა. ახლა, უბრალოდ, სხვა რეჟიმში მიწევს ცხოვრება. დედა აკეთებს ყველაფერს, მე კი, ასე ვთქვათ, შემომტანი ვარ, თუმცა დღესასწაულებზე ვცდილობ, დიასახლისის ყველა მოვალეობა გავიხსენო: ვალაგებ სახლს, ვამზადებ სადღესასწაულო კერძებს, ვშლი სუფრას...

- ანუ, თქვენში მოხდა გარდასახვა. იყავით დიასახლისი, მეუღლე, დღეს კი, ასე ვთქვათ, ფინანსურად უზრუნველყოფთ ოჯახს. ეს ყველაფერი არ გაგიჭირდათ?

- არიან ქალები, რომლებიც შინ სხედან და ყველანაირად უზრუნველყოფილნი არიან. შემდეგ, როდესაც თვითონ დააწვებათ ოჯახის შენახვის ტვირთი, დეპრესიულნი ხდებიან, ვერ უმკლავდებიან პრობლემებს. ქალების მეორე ნაწილი კი მალე აცნობიერებს რეალობას და იწყებს ბრძოლას გადარჩენისთვის. მეც სწორედ ასეთი - მებრძოლი და არადეპრესიული ნატურა ვარ.

- ყოფილ მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ურთიერთობა არ მაქვს. ის ჩვენი ვაჟის, ბექას ქორწილში, რა თქმა უნდა, იყო, ერთადაც ვიცეკვეთ. ისე კი, ათასში ერთხელ, მნიშვნელოვან საკითხზე თუ შევეხმიანებით ერთმანეთს.

-  მეუღლესთან შერიგება არ გიცდიათ?

- არა. არც მასთან ვაპირებ შერიგებას და არც ახალი პიროვნების მოძებნას.

- თქვენი ვაჟის, ბექას და მომღერალ თიკა ჯამბურიას ოჯახის დანგრევა ბევრს ეწყინა...

- დღემდე ძალიან განვიცდი ამ ამბავს...  სხვათა შორის, თავიდანვე არ გამოვრიცხავდი ამას. მათ შეყვარებულობის პერიოდი ისე დიდხანს გაუგრძელდათ, თავისი რომანტიკულობით, ეჭვიანობით, ჩხუბით, მოგზაურობით, საზოგადოების მოხიბვლით, რომ რაღაცის შიში სულ მქონდა.

- ოჯახის დანგრევის მიზეზი რა იყო?

- ყველა ადამიანშია თავგადასავლების სიყვარული, ინსტინქტი, რომელიც უნებლიეთ იღვიძებს და რაღაცას ეძებს, როდესაც ეს ინსტინქტი ჩაწყნარდება, მერე გამოჩნდება ყველაფერი. თიკას და ბექას დღესაც ძალიან უყვართ ერთმანეთი და ველოდები, მათში რა ინსტინქტი გაიღვიძებს. ეს იქნება პატივისცემა წარსულის, ერთმანეთის, შვილის, ამაგის... თიკას დიდი ამაგი აქვს ბექაზე... მათ ურთიერთობაში ყველაზე მძიმე ფაქტორი არის საზოგადოება, რომელსაც ძალიან უყვარს თიკა. ის არის ბავშვი, რომელიც გაიზარდა ქართველი საზოგადოების თვალწინ და ერთი შეცდომა არ დაუშვია. ყოველთვის წესიერი, საყვარელი და ნიჭიერი იყო. ოჯახის დანგრევა კი იყო პირველი ხინჯი, რაც გაჩნდა მის ცხოვრებაში. ბექა და თიკა მხოლოდ იმაზე კი არ ფიქრობენ, როგორ მოაწესრიგონ ურთიერთობა, არამედ ფიქრობენ, ამ ყველაფერს როგორ აღიქვამს საზოგადოება. არ ვიცი, როგორ განვითარდება მათი ურთიერთობა, მაგრამ ერთი რამ კი ვიცი, თიკას ჩემს თვალში ბექაზე არანაკლები სტატუსი აქვს. თიკა არის ჩემი შვილიშვილის, ნინას დედა, ის არის ადამიანი, რომელსაც დღესაც ძალიან უყვარს ჩემი ვაჟი და ისეთი მადლიერი ვარ მისი, რომ ვერასდროს ვერავინ ჩაანაცვლებს.

- ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ ქართული პოლიტიკა გამოაცოცხლა...

- დღეს ძალიან შორს ვარ პოლიტიკისგან და აღარც ვაპირებ ამ სფეროში მოღვაწეობას. როგორც რიგითი მოქალაქე კი გეტყვით, რომ ამ პიროვნების გამოჩენა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რადგან საზოგადოება გააქტიურდა და დაძლია ყველაზე საშინელი რამ - შიშის ფაქტორი. უმწეო ხალხმა ივანიშვილის სახით საყრდენი იპოვა. გარდა ამისა, ამ ადამიანმა თურმე ჩემს სამშობლოს მილიარდზე მეტი უანგაროდ დაახარჯა ისე, რომ არც გაუმხელია. ეს არის ადამიანი, რომლის ცნობიერებაშიც გარდამტეხი მომენტი 2008 წლის აგვისტოში დადგა... მისი შვილი, ბერა, ჩემი ვაჟის, ბექას მეგობარია.

აქამდე ეს ამბავი არსად მითქვამს და ახლა ვამბობ, რომ ჩემს ოჯახს მძიმე წუთებში ბერამ უდიდესი თანადგომა გამოუცხადა. როდესაც ადამიანი რაღაცას გიკეთებს, შემდეგ მის წინაშე თავს ვალდებულად მიიჩნევ, მათ კი ასეთი რამ არ მაგრძნობინეს. ისე, მაინტერესებს, საქართველოში თუ არის ოჯახი, ვისაც ივანიშვილები არ დახმარებიან. როდესაც ჩემმა ვაჟმა ბექამ ბერას უფროსი ძმა, უტა გაიცნო, აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ჩემზე ორი წლით უფროსია და თავდაპირველად თქვენობით მელაპარაკებოდაო. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს კარგად აღზრდილი შვილები ჰყავს. ვაფასებ, როდესაც ადამიანისთვის მთავარი ღირებულება კარგი ოჯახია. რაც მთავარია, ივანიშვილი ისეთი გულწრფელია, რომ საზოგადოება ტაშს უკრავს, მისი სჯერა. გულწრფელია და ცხადად ჩანს, რომ სამშობლო სტკივა. როდესაც მის პრესკონფერენციას ვუყურე, მივხვდი, რომ ეს ადამიანი ფლობს საკუთარ თავს და არასდროს გაუჩნდება სურვილი, დონ კიხოტივით ქარის წისქვილებს გამოუცხადოს ომი.

- თქვენ კარგად იცნობთ ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. თქვენი აზრით, ახლა როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები?

- იმის თქმა, რომ ხელისუფლება აგონიაშია, გადაჭარბებულად მეჩვენება. ისინი ფიქრობენ, როგორ იმოქმედონ. მათ რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს - საინკასაციო მანქანის დაყაჩაღებიდან, რადიოაქტიური კრისტალებით დამთავრებული, მაგრამ ეს ყველაფერი უკან ცუდად დაუბრუნდათ. ინტერვიუებსაც ხელისუფლების მესამე, მეოთხე საფეხურზე მდგომი პოლიტიკოსები იძლევიან - ისეთებს ალაპარაკებენ, რომელთა ნათქვამის "ჩარეცხვა" მარტივად შეიძლება.

ისინი ჯერ ფიქრობენ და ამ ფიქრის შედეგი, ვფიქრობ, საკმაოდ მძიმე იქნება. ეს ხელისუფლება კუდს ცუდად მოიქნევს. დაკარგეს დიდძალი ფული, და ეჭვი მეპარება, რომ დაფინანსების პრობლემა მოაგვარონ. საკუთარ ჯიბეში უნდა ჩაიყონ ხელი, მაგრამ ივანიშვილის მიერ პინაზე დადებულ ფულს ვერ გადაწონიან, უცხოეთიდან კი მათ ფულს არავინ მისცემს, რადგან ამ ხელისუფლების გამო ივანიშვილის ბიზნესს არავინ დაუპირისპირდება. ვფიქრობ, ხელისუფლებაში განხეთქილების მომსწრენიც გავხდებით და, აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო მოვლენებისაც.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა