რისთვის იყენებს ვასო ფხაკაძე გასაბერ ქალს და რატომ ევასებათ ქალებს ჩაინიკა

რისთვის იყენებს ვასო ფხაკაძე გასაბერ ქალს და რატომ ევასებათ ქალებს ჩაინიკა

"კომედი შოუს" ბიჭებთან ინტერვიუ ყოველთვის მხიარულად იწერება. ამჯერად კობა ბარათელსა და ვასო ფხაკაძეს მოვუწყვეთ ჩვენი ტრადიციული დაკითხვა. ენაწყლიანი და ხალისიანი იყო ჩაინიკა. შედარებით მოუცლელი - ვასო ფხაკაძე. მიუხედავად ამისა, ინტერვიუს პროცესში ბევრი ვიხალისეთ. ჩაინიკამ შეასრულა რა პირნათლად თავისი მოვალეობა, გვთხოვა, ვასოს ინტერვიუს დავესწრები, ხმას არ ამოვიღებო. ერთი რეპლიკა მაინც ისროლა ოთახის კუთხიდან ისეთი, რომ სათაურად გამომადგა.

- სად გაიცანით ერთმანეთი?

კობა:

- ვასოს ახსოვს, რომ კამპუჩიაში გავიცანით ერთმანეთი. მე მახსოვს, რომ ერთმანეთი თბილისში გავიცანით. "კავეენზე" მაყურებლებს შორის ვიყავი, მაშინ უკვე ვეტერანი "კავეენშიკი" გახლდით, ვასოს გუნდს "წიქარა" ერქვა, ვასო კაპიტანი იყო. ერთმანეთი რომ დავინახეთ, მე მივხვდი, რომ ის ის იყო და ვასო მიხვდა, რომ მე მე ვიყავი.

ვასო:

- "კავეენზე" გავიცანით. ჩაინიკა მაშინ უკვე ვეტერანი "კავეენშიკი" იყო, უფროსია ჩემზე. მე რომ სკოლის "კავეენში" ვმუშაობდი, ჩაინიკას ფილარმონია ჰქონდა დაპყრობილი.

- რით დაგამახსოვრა თავი? შენ მას?

კობა:

- ნიჭიერებით. მაშინ არ ვიცოდი, გიჟი თუ იყო. არც "ნინიკო, ნინიკოს" მღეროდა. მაშინ არც სურამელაშვილი მღეროდა.

- როდინდელ ამბავს მიყვები, ასეთი დიდი ხნის ხარ?

- აბა, რა გეგონა. ჩვენი წინა თაობა იყო მზია და ზეზვა და მათი მომდევნო ვართ ჩვენ... მეც ნიჭიერებით დავამახსოვრე ვასოს ალბათ თავი.

ვასო:

- პირველ რიგში, გაბარიტებით, მერე ნიჭით. მეც ნიჭიერებით დავამახსოვრდი ალბათ (იცინის), რა თავმდაბალი ვარ!..

- გულჩვილია? რის გამო შეიძლება გაიბუტოს? შენ?

კობა:

- ემოციურია, კი. ადვილად ბრაზდება, მაგრამ ადვილადვე გირიგდება. რას ჰქვია, კადაფი მოკლესო და ამის გამო შეიძლება, შენ გაგებუტოს. 3 საათი არ დაგელაპარაკება. მე რთულად ვბრაზდები და ადვილად ვრიგდები.

ვასო:

- არა, თუმცა მე და ჩაინიკა უმნიშვნელო რაღაცაზე ხშირად ვჩხუბობთ, მაგრამ მალევე ვრიგდებით.

- რის გამო წუწუნებს ხშირად? შენ?

კობა:

- ვასო ყველაფერზე წუწუნებს. მაგალითად, რა სუნია ამ ოთახში, რამდენი მოუწევიათ. შემოვა ოთახში, დაიწყებს წუწუნს, როგორ ცხელაო, მეორე წუთას შემოვა იმავე ოთახში და იტყვის, რა სიცივეაო... მე წყალი რომ არ არის, იმაზე ვწუწუნებ.

- როგორ არ არის, ჩაინიკას სახელობის წყარო ვნახე ფოიეში.

- წყარო კი დგას, მაგრამ შიგ არაფერი ასხია და რად გინდა! მე ვსვამ სულ, თევზი ვარ ჰოროსკოპით და მიყვარს წყალი, მაგრამ ვერ მომაქვს.

ვასო:

- სიგარეტი მომაწევინე ამ ოთახშიო. მე იმაზე ვწუწუნებ, გარეთ რომ არ გადიან ეს მწეველები. ჩვენს სამსახურში ჩემი, მიშასა და ნიკა გრიგოლიას გარდა ყველა ეწევა. ბუღი დგას ყველა ოთახში. ჩვენ უმცირესობაში ვართ, ვიჩაგრებით. ამის გამო სულ ომი გვაქვს.

- სამსახური ხშირად აგვიანებს? შენ?

კობა:

- თითქმის არასდროს ვაგვიანებთ. მე დილის 9 საათზე მიმყავს ბავშვები სკოლაში. თავად 10-ზე უნდა ვიყო სამსახურში და უკან ხომ არ მივბრუნდები, მოვდივარ სამსახურში.

- რამდენი ბავშვი გყავს?

- ჯერჯერობით ორნი არიან.

- ჯერჯერობით?

- არა, ვხუმრობ. რაღა დროს ჩემი ბავშვია, სამოცს მივუკაკუნე, არ გამიღო სამოცმა და მერე 50-ს მივუკაკუნე. არც იმან გამიღო და ბოლოს ორმოცდაორზე დავრჩი.

ვასო:

- რას აგვიანებს, პირველი მოდის. 10-ზე იწყება ჩვენი სამუშაო დღე და ეს ცხრის ნახევარზე აქ არის. ადრე ეღვიძება და სახლში ვერ ისვენებს. მეც პუნქტუალური ვარ. სადაც უნდა მივდიოდე, პაემანზე თუ საქმიან შეხვედრაზე, 5-10 წუთით ადრე მივდივარ ყოველთვის.

- ვინ არის ჰოროსკოპით? შენ?

კობა:

- გიჟი არ არსებობს ჰოროსკოპის ნიშნებში?

- არა.

- მაშინ არ ვიცი, ვინ არის. თვითონაც არ ეცოდინება. მე თევზი ვარ, 8 მარტს დავიბადე. იმიტომაა, ქალები რომ გიჟდებიან ჩემზე.

ვასო:

- 9 მარტს აქვს დაბადების დღე. არა, არა 8 მარტს. თან თვითონ მახსენებს ხოლმე, ჩემი დაბადების დღე მოდის და არ დაგავიწყდესო (იღიმის). ჰოროსკოპებში ვერ ვერკვევი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ტყუპი ვარ. 23 მაისს დავიბადე.

- რამდენ ფინჯან ყავას სვამს დღეში? შენ?

კობა:

- საერთოდ არ სვამს ყავას, ეტყობა, ვაკეში არ გაუვლია. მე ახლა თქვენს ლოდინში უკვე მეოთხე ფინჯანი დავლიე (ინტერვიუ 12 საათზე დავიწყეთ - ავტ.შენ.).

ვასო:

- უიმე დედა, უმჯობესი იქნებოდა გეკითხა, რამდენ ბოთლ ყავას სვამსო. დღეში ხუთი ჩაიდანი ყავის დალევა შეუძლია. მე საერთოდ არ ვსვამ ყავას, ჩაი მიყვარს.

- როდის არის ყველაზე ბედნიერი, როგორი პირობები სჭირდება ამისთვის? შენ?

კობა:

- გიჟები ხომ სულ ბედნიერები არიან... უფრო სერიოზულად თუ მივუდგები ამ შეკითხვას, მაშინ, როცა ორიგინალურ ნომერზე მუშაობს. საკონცერტო ორიგინალური ნომრები ვასოს შეფობის ქვეშ არის და ამ შემოქმედებით წვაში უდიდეს სიამოვნებას იღებს. მე როდის ვარ ბედნიერი? მაშინ, როცა მევალეებს ვავიწყდები.

- სად იშოვე ასეთი მევალეები, გამაცანი...

- რა პრობლემაა, რამდენიმე ბანკს ჩამოგითვლი. საქართველოში რაც კი ბანკებია, ყველას უხარია ჩემი ხელფასის დღე.

ვასო:

- როცა ტელეფონი აქვს ბოლომდე დატენილი, სიგარეტი აქვს მომარაგებული და წინ ყავით სავსე ფინჯანი უდგას, ეწევა, სვამს და მესიჯობს. კიდევ ხელფასის დღეს არის ბედნიერი. მაგ დღეს მეც ბედნიერი ვარ (იცინის).

- მისი საყვარელი სექცია მაღაზიაში? შენი?

კობა:

- ვასოს მონკავშირის მაღაზიები უყვარს, სადაც იყიდება სათევზაო და სანადირო ინსტრუმენტები. თევზაობა და ნადირობა უყვარს. უყვარს, თორემ კი არ დადის (იცინის), მე ძეხვეულის სექციაზე ვგიჟდები. სუნამოებს ვყიდულობ ხშირად, მაისურებსა და სანთებელებს.

ვასო:

- ყველა მაღაზია უყვარს, სადაც სასუსნავები იყიდება. განსაკუთრებით შოკოლადების ალბათ. მე ნადირობისთვის აუცილებელ ინვენტარებს ვყიდულობ. ისეთებსაც, რომლებიც არ მჭირდება, ცხოვრებაში ვერ გამოვიყენებ და იმდენი ფული მაქვს გადახდილი, მრცხვენია (აქ კობა ჩაერთო ლაპარაკში, - გასაბერი ქალი რად უნდა ნადირობასო...).

- როგორ არ უნდა, იხვს რომ მოვკლავ, ხომ ჩავარდება წყალში. კამერა ხომ გინდა, რომ მიცურო მასთან. აგერ გაბერილია ქალი, დაახტები და მიცურავ მონადირებულ იხვამდე.

- რას ვერ იმახსოვრებს? შენ?

კობა:

- ვერაფერს ვერ იმახსოვრებს. სახელებში უჭირს განსაკუთრებით, ახლა რომ შემოვა, აკაკი თუ არ დაგიძახა და რომელიმე ქალის სახელით მოგმართა, უკვე მიღწევაა. ამას წინათ ამბობდა, ცხონებული თენგიზ ქაფიანიძე მომკვდარაო. მერე, თავისივე მოგონილ სახელზე თვითონვე ეცინება. მე მაგარი მახსოვრობა მაქვს. ხუთი პლასტიკური ბარათი მაქვს, ხუთივეს თექვსმეტნიშნა ნომერი და ოთხნიშნა კოდი ზეპირად ვიცი. მხედველობითი მეხსიერება მაქვს, მაგრამ სახეებს ვერ ვიმახსოვრებ. ამას წინათ ბიცოლაჩემს ველაპარაკებოდი, ქუთაისში ქუჩაში შემხვდა.

არ ვხუმრობ, ხუთი წუთი ველაპარაკე და რომ წავიდა, მერე მივხვდი ვინ იყო. ერთხელ ამაზე უარესი დამემართა, ნათესავს შევხვდი მეგონა, მოვიკითხეთ ერთმანეთი, ბიჭზე ვკითხე, რუსლანი როგორ არის-მეთქი. ცოტა დაბნეულმა კი მიპასუხა კარგადო, რომ დავცილდით ერთმანეთს, მივხვდი, ის ადამიანი ის ნათესავი მეგონა, რომლის გასვენებაშიც წინა კვირას ვიყავი.

ვასო:

- არ ვიცი, კარგი მეხსიერება აქვს. მე უფრო გულმავიწყი ვარ, ზოგჯერ თუ ტელეფონში არ მაქვს ჩანიშნული, შეიძლება, დანიშნული შეხვედრა დამავიწყდეს. სახელებიც მეშლება ხშირად.

- რისი ფობია აქვს? შენ?

კობა:

- ვასოს არაფრის, მე დახურული სივრცის მეშინია. 70-კაციან ლიფტში რომ ვიჯდე მარტო და 3 წამით გაჩერდეს, ცუდად გავხდები. ერთხელ გამიჩერდა ასე ძველ ოფისში. ორ წამში ჰაერი აღარ მყოფნიდა, დაყვირებას ვაპირებდი, რომ მოვიდა სინათლე და დაიძრა ლიფტი.

ვასო:

- არ ვიცი. მეც არ მაქვს გამოკვეთილი ფობია.

- რას გსაყვედურობს ხშირად? შენ?

კობა:

- სიგარეტს ნუ ეწევიო, მეჩხუბება სულ. მე ვერ ვუბედავ საყვედურს, მაღალია ჩემზე ხუთი სანტიმეტრით.

ვასო:

- აი, სიგარეტია თავი და თავი ყველაფრის, მე მოწევას ვუშლი, ის არ იშლის.

- როგორი სიმთვრალე აქვს? შენ?

კობა:

- სულ იცინის. ისე კი არ მინახავს ეგ მთვრალი. მე უფრო მალე ვთვრები, ბევრს ვსვამ და იმიტომ. ერთხელ დამირეკა მთვრალმა და სიყვარულს მიხსნიდა - ჩაი, მიყვარხარო, მეუბნებოდა, თან იცინოდა. ეს ძალიან ადრე იყო. მე არ მიყვარს ჩემი სიმთვრალე. სულ მგონია, რომ კიდევ ერთი ჭიქა მაკლია სრულ ბედნიერებამდე. ამასობაში ვითიშები და ვიძინებ. უნიჭოდ ვთვრები.

ვასო:

- ჩაინიკას მაგარი სიმთვრალე აქვს, გიყურებს და ვერ გცნობს. მე ვიცი ზომა, საბედნიეროდ.

- მისი საყვარელი სადღეგრძელო? შენი?

კობა:

- ვასო სადღეგრძელოებს არ ამბობს, პირდაპირ სვამს რუსივით. არც მე მაქვს საყვარელი სადღეგრძელო, ძირითადად რასაც წარმოთქვამენ, ის მიყვარს. უფრო ქალების სადღეგრძელოს ვუერთდები დიდი ინტერესით. მურმან ლებანიძის ლექსს ჩავურთავ ხოლმე - "მარეკები შლიდნენ ბალახს, ქარი ჩამიჩუმით ქროდა". მიყვარს პოეზია.

ვასო:

- ჩაინიკასთვის ყველა სადღეგრძელო საყვარელია. მე არ მაქვს საყვარელი სადღეგრძელო.

- რა აღიზიანებს საწინააღმდეგო სქესში? შენ?

კობა:

- უყურადღებობა აღიზიანებს. ეგ ხომ ალენ დელონს სჯობს სილამაზით. ასე ფიქრობს თვითონ. და როცა ყურადღებას არ აქცევენ, ლუი დე ფიუნესს ემსგავსება. ძალიან "კაპრიზნია", ვასოს რომ ქალი მოეწონოს, უნდა იყოს მერილინ მონროს, სოფი ლორენისა და ამნაირი ქალების მსგავსი. იმიტომ არის უცოლო. მე უჭკუო ქალები არ მომწონს.

ვასო:

- ყველანაირი ქალი მოსწონს, მთავარია, სქესი იყოს საწინააღმდეგო (იცინის). მე უწიგნურობა მაღიზიანებს ქალში, შორისდებულებით რომ ლაპარაკობენ და ძალიან "სვეცკები" ჰგონიათ თავი.

- რომელ საიტს სტუმრობს ინტერნეტში ხშირად? შენ?

კობა:

- მანქანების საიტებს ათვალიერებს. ისეთი მანქანის გამოსვლას ელოდება, დიდი რომ იქნება და თან საწვავს რომ არ დაწვავს ბევრს. გოგონები რომ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდებიან, ისე ელოდება ვასო ამ მანქანას. მე გოიმი ვარ, მარტო "ოდნოკლასნიკში" შევდივარ და ნარდს ვთამაშობ ხოლმე.

ვასო:

- "ოდნოკლასნიკებს". მე "მაი ავტოს" და სანადირო ინვენტარების საიტებს.

- რა მუსიკას უსმენს? შენ?

კობა:

- დიდი მელომანები არ ვართ.

ვასო:

- ჩემი ტობიტო? რუსულ სიმღერებს უსმენს. "კისა, კისა, კისას" და ეგეთ იდიოტობებს. მე, გააჩნია, რის ხასიათზე ვარ, მაგრამ "კისა, კისას" ხასიათზე არასდროს არ ვარ.

- როგორ გგონია, რამდენად დაემთხვევა თქვენი პასუხები ერთმანეთს?

კობა:

- 60%-ით.

ვასო:

- 80% გავარტყამთ ალბათ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება