როგორ იღებენ "ქალური ლოგიკის" კრიტიკას გადაცემის რეჟისორი და წამყვანი

როგორ იღებენ "ქალური ლოგიკის" კრიტიკას გადაცემის რეჟისორი და წამყვანი

წინა კვირას ტელეკომპანია "იმედის" წინ გადაცემა "ქალური ლოგიკის" საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მონაწილეებმა არხის თვითრეგულირების ორგანოში საჩივარი შეიტანეს გადაცემის შინაარსის შეცვლის ან მისი დახურვის მოთხოვნით და აცხადებენ, რომ "ქალური ლოგიკა" მონაწილე გოგონების სექსუალურობას უსვამს ხაზს, თუმცა აქვე სუსტი სქესის წარმომადგენლები წარმოჩენილი არიან, როგორც სუსტი და უვიცი არსებები, რომელთა გონებრივ შესაძლებლობებს მამაკაცები ზომავენ. როგორც საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, გადაცემა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მესამე მუხლს და არ უნდა გაამყაროს ქალის სტერეოტიპული იმიჯი.

გადაცემის რეჟისორ დათო იმედაშვილს ეს არგუმენტები არადამაჯერებლად მიაჩნია. მასთან და გადაცემის წამყვან ნუცა ხიდირბეგიშვილთან ერთობლივი ინტერვიუ ჩავწერეთ.

დათო

- ეს ჰოლანდიური გადაცემაა, მათი მოფიქრებული ფორმატია. "იმედის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ეს პროექტი მათი ეთერისთვის საინტერესო იქნებოდა, ამიტომაც გადაწყდა, მომზადებულიყო. ჩემი კომპანია მწარმოებლად შეარჩიეს. გამოვაცხადეთ კასტინგი წამყვანზე. შეიკრიბნენ თბილისის ულამაზესი გოგონები. კასტინგზე იყო ნუცაც. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ მომეწონა, რადგან ძალიან "ძერსკად" შემოვიდა, მე კი "ძერსკი" გოგონები არ მომწონს. კასტინგზე იყვნენ როგორც ცნობილი სახეები, ასევე თბილისში "გამოსული" გოგონები. როცა ნუცა პირველად შემოვიდა, შენიშვნები მოგვცა, ვიფიქრე, რა უნდა ამ გოგოს-მეთქი, მაგრამ კასტინგზე თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა.

ნუცა:

- "ქალური ლოგიკის" უკ­რაინულ ვარიანტს უყურებდნენ, მეც შევხედე და არ მომეწონა მისი წამყვანის ჩაცმულობა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მოკლე შორტი ეცვა და თამამი იყო, უბრალოდ, უგემოვნოდ მივიჩნიე მისი ჩაცმულობა. ამაზე ვიკამათეთ.

დათო:

- მიუხედავად იმისა, რომ ნუცას არანაირი გამოცდილება არ ჰქონია, მან თავისი სილამაზე, სინაზე, ემოცია და სული დადო ეკრანზე, რაც ბევრს არ გამოსდის.

- ამბობენ, რომ ნუცა გრძელი ფეხების გამო შეარჩიე წამყვანად. მართლაც ეს იყო მთავარი კრიტერიუმი?

- (იღიმება) ამ გადაცემის წამყვანი აუცილებლად უნდა ყოფილიყო კარგი გარეგნობის და თბილი ემოციის მომტანი გოგონა.

- ნუცა, შენ არ გეუხერხულება, როცა იგებ, რომ მხოლოდ გრძელი ფეხების გამო შეგარჩიეს?

- მართალი გითხრა, ასეთი შეფასება პირველად გავიგე, მაგრამ არ მგონია, მარტო გარეგნობის გამო არჩევდნენ წამყვანებს. ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ყველაზე მთავარი.

დათო:

- ეს ხომ პრესა ან რადიო არ არის, სადაც წამყვანი არ ჩანს. ამიტომაც ვიზუალითაც სიამოვნება უნდა მიიღოს მაყურებელმა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ნუცას ყურებით არა მხოლოდ მამაკაცები, ქალებიც იღებენ სიამოვნებას.

- ნუცა, რა პროფესიის ხარ?

- დამთავრებული მაქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ერთ-ერთ საინვესტიციო კომპანიაში ოფის-მენეჯერად ვმუშაობ. მიმიღია მონაწილეობა ჩვენებებსა და რეკლამებში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოდელი ვარ. ეს სამსახური უფრო მეტად ჰობის დონეზე მაქვს. კამერასთან შეხება არასდროს მქონია, ამიტომაც თავიდან დავიძაბე და ვინერვიულე. ხალხის უფრო მეშინია, ვიდრე კამერის. თავიდან, კიბეებზე რომ ჩამოვდიოდი, ძალიან დაძაბული ვიყავი, აუდიტორია მაშინებდა. ახლა ნელ-ნელა ადრინდელმა დაძაბულობამაც გადაიარა და ვერ შევადარებ პირველ გადაცემებს. ხანდახან, როცა გადავიღლები, ტექსტის თქმას ვერ ვაბამ თავს, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

- დათო, ამბობ, რომ კარგი რეიტინგი გაქვთ...

- ყოველ ჯერზე მაღლა მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ დაბალბიუჯეტიანი გადაცემაა, უკვე მეოთხე ადგილზეა დანარჩენ შოუებს შორის. მართალი გითხრა, ცოტა არ იყოს, გადააჭარბა ჩვენს მოლოდინს ამხელა გამოხმაურებამ.

- სწორედ გამოხმაურებაზე გკითხავთ. ნუცა, გვერდიდან თუ შეგიხედავს ამ გადაცემისთვის?

- ვიცი, რომ ბევრი აკრიტიკებს, თუმცა მე ასე ტრაგიკულად არ შემიფასებია ეს გადაცემა. ჩემ ირგვლივ ბევრი სუბიექტური და ობიექტური აზრი მომისმენია და ძირითადად, დადებითი. მას, ვინც აკრიტიკებს ჩვენს გადაცემას, რაღაც არ მოსწონს, მაგრამ - რა, ამას ვერ ვხვდები.

- მაგალითად ის, რომ შენი ასაკის გოგონამ არ იცის ელემენტარული რაღაცები...

- თუ კარგად დააკვირდებით, სტუმარმა მამაკაცებმაც არ იციან ძალიან ხშირად ბევრი რამ. სანამ სწორ პასუხს ვიტყვი, მათაც ვეკითხები ხოლმე. ასე რომ, მოსაზრება, რომ ქალი სულელია, არ არის სწორი. ბევრჯერ მქონია შემთხვევა და არ მინდა დასახელება, რომ სტუმარს ვერ გაუცია პასუხი კითხვაზე.

- დათო, ზოგი მიიჩნევს, რომ "ქალური ლოგიკა" არის უვიცობის პოპულარიზაცია, ქალების დისკრიმინაცია და მათი ცუდი პოზიციით წარმოჩენა. ამაზე აქციაც გაიმართა "იმედთან".

- ვფიქრობ, რომ თუკი ასეთ გეიმშოუში სერიოზულად გასცემს პასუხს შეკითხვას, ჩამოყალიბებული სახით, რა ერქვა კომბლეს ძროხას, ეს ძალიან სასაცილო გადაცემა იქნება. ეს არ არის ინტელექტუალური შოუ, ვამზადებთ გადაცემას, რომელშიც მამაკაცები უნდა მიხვდნენ, ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში რას იფიქრებს ქალი. თუკი ჩვენს გოგონებს ვაჩვენებთ ამა თუ იმ ნივთს, მაგალითად, თუ "დანკრატს" დავუდებთ წინ, სულაც არ არის აუცილებელი, გოგონებმა იცოდნენ ამ ნივთის დანიშნულება და სწორად უპასუხონ.

- მარტივი მაგალითია, რომ გივი სიხარულიძის შესახებ არაფერი სმენოდათ.

- თუკი 18 წლის გოგონამ არ იცის, ვინ არის გივი სიხარულიძე, აქ პრობლემას ვერ ვხედავ და არაფრით არ ვუწოდებ მას არც დებილს, არც უვიცს და არც იმას ვიტყვი, რომ მისგან არასდროს არაფერი გამოვა. ჩემთვის ეს ჩვეულებრივი რამ არის. არიან ადამიანები, რომელთაც ერთი რამ აინტერესებთ, სხვას - მეორე. ეს გადაცემა არ არის ცოდნის შესახებ.

- თუმცა თუკი არ იცი, სად არის შოვი, ამას ლოგიკურად ვერ მიხვდები, ანუ ბევრი შეკითხვა ლოგიკას არ უკავშირდება და ცოდნაზეა მიბმული.

ნუცა:

- შესაძლოა, არ იცოდნენ, სად არის შოვი, მაგრამ იმსჯელონ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ შოვი რაჭაშია. არავინ ამბობს, რომ ეს კარგია, მაგრამ ცუდიც არ არის და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ვერ შევაფასებ ადამიანს იმით, იცის თუ არა შოვი სად არის. ამის მიხედვით მას გენიოსს ვერ ვუწოდებ.

დათო:

- ლოგიკას დავუბრუნდები და იმიტომ ჰქვია "ქალური ლოგიკა", რომ მამაკაცებმა უნდა გამოიცნონ, რა პასუხამდე მივა ქალი. მთავარი არ არის ის, მიხვდება თუ არა ქალი, რამდენია ფესვი 36-დან. მამაკაცმა უნდა გამოიცნოს, ქალი მივა თუ ვერა სწორ პასუხამდე.

- შენ ამბობ, რომ ამ გადაცემას ვერ ექნება საგანმანათლებლო ფუნქცია.

- არ აქვს, მაგრამ თუ ვიღაცამ ამ გადაცემიდან დაინახა, რომ განათლების სფეროში რაღაც პრობლემაა, ეს სხვა საკითხია. გამოჩნდა, რომ, ვთქვათ, რამდენი ნულია მილიარდში, ბევრს უნდა სცოდნოდა და არ იციან. მეორე მხრივ, ესეც არ არის პრობლემა, თუკი ეს გოგონამ არ იცის, ისწავლის.

- ანუ გადაცემაში ჩანს, რომ მავანი გაუნათლებელია?

- რაღაც ფორმით, შეიძლება, ჩანს კიდეც... ხომ არ იცოდნენ, სად იყო შოვი. მთელმა ქვეყანამ გაიგო, რომ შოვი რაჭაშია. ბევრმა გაიგო, რომ ფესვი 36-დან არის 6. თუმცა, ამ გადაცემის ფუნქცია არ არის შემეცნება, ფუნქცია არის გართობა, ასევე ჩანს მამაკაცების მიდგომა, ცოდნა და შემეცნება, თუ როგორ მივა ქალი კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. თუმცა, მეორე მხრივ, თუკი მე ვიტყვი, რომ შენ არ იცი რა არის "დანკრატი" და დაშვებულ საბურავს ვერ გამოცვლი, ამით რაიმე შეიცვლება? ეს არაფერს ნიშნავს.

- დათო, რატომ გაიმართა, შენი აზრით, აქცია გადაცემის საწინააღმდეგოდ?

- უნდოდათ, ჩვენი გადაცემა უფრო რეიტინგული გამხდარიყო. არა მგონია, რომელიმე ქალს ჩვენი გადაცემა შეურაცხყოფად აღექვა. ამას წინათ მკითხეს, ეს აქცია თქვენი მოწყობილი ხომ არ არისო. ჩვენ არავისი გაღიზიანება და წყენინება არ გვინდა. იმ აქციაზე ისეთი ადამიანები იყვნენ, ვისაც პატივს ვცემ და მათი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- მაგალითად, თეო ხატიაშვილის, რომელმაც თავის დროზე შენი ფილმი - "ოცნებების ქალაქი" გააკრიტიკა.

- თეომაც გააკრიტიკა და სხვებმაც. შენიშვნების რაღაც ნაწილი მივიღე და მადლობელი ვარ, ვაპირებ კიდეც ამ შენიშვნების გათვალისწინებას.

ნუცა:

- რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე ძალიან მყარი ხასიათის, ფემინისტური შეხედულების ქალბატონს, რომელსაც პატივს ვცემ. ის სამაგალითოა ამ მხრივ და ფემინისტური აზროვნება აქვს. მან მითხრა, რომ როცა ამ გადაცემას უყურა, საკუთარი თავი ვერც ქათმად აღიქვა და ვერც გამოშტერებულად, უბრალოდ, იხალისა. მგონია, რომ ზოგჯერ ადამიანებს სურთ, ნეგატიური დაინახონ და ეს აქციაც ამის გამო გაიმართა.

დათო:

- მინდა, ერთი რამ ვთქვა - ასეთივე ფორმატის გადაცემა გადის მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, ჰოლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, თურქეთში. ეს უკანასკნელი ალბათ გამოირჩევა მამაკაცების დომინანტობით, მაგრამ დანარჩენ ქვეყნებში არასდროს მდგარა ქალების დისკრიმინაციის პრობლემა და იქ არ გამოუწვევია "ქალურ ლოგიკას" პროტესტი. ქალების უფლებები არ ირღვევა, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ, არავინ ძალით არ მოგვყავს, ყველამ, ვინც მონაწილეობა მიიღო, ხელი მოაწერა ამ ყველაფერს. უბრალოდ, მოდიან გოგონები, ცოტა შამპანურს მოწრუპავენ, საჩუქრებს წაიღებენ და 15 წუთით ვუსვამთ შეკითხვებს.

ნუცა:

- მეორე გადაცემა რომ გავიდა, რამდენიმე გოგონამ მთხოვა, მონაწილეობა მიმაღებინეთო. არც ისინი ფიქრობენ, რომ ქათმებად წარმოჩნდებიან ამ გადაცემაში.

- არ ფიქრობენ, რომ ეს გაუნათლებლობის პოპულარიზაციაა?

- არსებობს ინტელექტუალური გადაცემები, რომელშიც ადამიანები ერთმანეთს ცოდნით ეჯიბრებიან. ჩვენ ასეთ გადაცემას არ ვაკეთებთ.

დათო:

- საინტერესო ისაა, რომ ჩვენს გადაცემაში სტუმრად იყვნენ "რა, სად, როდის" მონაწილე მამაკაცები და საერთოდ ვერაფერი გამოიცნეს. გაუნათლებლობის პოპულარიზაცია რას ნიშნავს? ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ როცა არ იცი შოვი სად არის, ეს კარგია?

- მაგრამ ეს ვინც არ იცის, მას უთმობთ სატელევიზიო ეთერს ყველაზე რეიტინგულ დროს...

- მათ მოსწონთ, რომ გაუნათლებლები არიან? ვერ დამარწმუნებს ვერც ერთი ადამიანი, რომ თუკი რაიმე არ იცის, არ აქვს სურვილი, იცოდეს.

- ნუცა, მაინტერესებს, თუ გიგრძნია მამაკაცებისგან, რომ მხოლოდ გარეგნობის გამო გაფასებენ და ჭკვიან ადამიანად არ მიაჩნიხარ?

- სიმართლე გითხრა, ნაკლებად. თუკი ასეთი რამ მიგრძნია, დამიმტკიცებია, რომ მხოლოდ გარეგნობის გამო არ უნდა შემომხედონ. მაგალითად, გამიკეთებია ისეთი რამ, რასაც მხოლოდ მამაკაცები აკეთებენ. თუკი ქალი კარგად გამოიყურება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სულელია. რასაკვირველია, ეს სტერეოტიპი არსებობს. ქალი ვარ და მეც გამიცია ზოგჯერ რაღაცაზე სულელური, ქალური პასუხი, მაგრამ ქალი ხარ...

- და გეპატიება სისულელე?

- მგონია, რომ ქალს ეპატიება რაღაც დონეზე. ეს არ არის ტრაგედია, თუკი მან არ იცის, როგორ იცვლება საბურავი.

- დათო, საინტერესო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს. მოიყვანე ის ქალბატონები სტუდიაში, რომლებიც აქციაზე იდგნენ.

- დიდი სიამოვნებით, მაგრამ თუ სერიოზულად უპასუხებენ შეკითხვებს, შესაძლოა, ისეთი კარგი საყურებელი არ იყოს, მაგრამ შევეცდებით, მათ დავუსვათ მამაკაცური ტიპის შეკითხვები.

- ამბობენ, გოგონებს წინასწარ ეუბნებით, რომ რაც შეიძლება, სულელურად იმსჯელონ.

- და ის გოგონები ამაზე რატომ დამთანხმდებიან? ერთადერთი, რასაც ვეუბნები, არის ის, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მოკლე ქვედაბოლო ჩაიცვან და დასხდნენ ისე, რომ ეს ყველაფერი სასიამოვნოდ გამოჩნდეს. შოუა და ლამაზი გოგონები უნდა დავინახოთ.

- ნუცა, შენც მოკლე ქვედაბოლოებს იცვამ...

- თავს ვულგარულად ჩაცმულად არ ვგრძნობ. ეს სამოსი საყვარლად მეჩვენება. მხოლოდ იმიტომ, რომ მოკლე ქვედაბოლოა, მის ჩაცმაზე უარს არ ვიტყვი.

- არსებობს ადამიანი, ვინც შენიშვნას მოგცემს ჩაცმულობაზე?

- მგონი, არაფერი დასაშლელი არ მაცვია (იღიმება). მე პიროვნება ვარ და თვითონ შემიძლია იმის გადაწყვეტა, რა მიხდება და რა - არა.

- დათო, დაბოლოს, ფიქრობ თუ არა, რომ მაყურებელი ამ გადაცემას იმიტომ უყურებს, რომ დასცინოს მონაწილეებს?

- მე, მაგალითად, ვერთობი და არავის არ დავცინი. მაყურებელი ჭრელია და ყველა სხვადასხვა თვალით უყურებს. არა მგონია, ამხელა რეიტინგი ჰქონდეს მხოლოდ იმას, რომ ვიღაცამ რომელიმე მონაწილეზე თქვას, ეს დებილიაო.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები