ოდრი ჰეპბერნი - ჰოლივუდის პრინცესა

ოდრი ჰეპბერნი - ჰოლივუდის პრინცესა

2006 წელს "კრისტის" აუქციონზე მისი შავი კაბა, ფილმიდან "საუზმე ტიფანისთან", რეკორდულ ფასად გაიყიდა. თუმცა, ჰოლივუდელი პრინცესა მიბაძვისა და თაყვანისცემის ობიექტი, ჯერ კიდევ სიცოცხლისას გახდა.

ოდრიმ როგორღაც შენიშნა: "ჩემი ცხოვრება ზღაპარს ჰგავს - ყოველი სევდიანი ამბის ფინალში პრიზს ვიღებ".

სინამდვილეში, სევდიანი ამბავი მის ცხოვრებაში მრავლად იყო. პირველი, ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო.

ოდრი ჰეპბერნ-რასტონი ერთადერთი ბავშვი იყო ინგლისელი ბიზნესმენის - ჯოზეფ ვიქტორ ენტონი რასტონისა და ჰოლანდიელი ბარონესის - ელა ფონ ჰეემსტრასთვის. დაბადებიდან არისტოკრატი (ინგლისის სამეფო ოჯახის წევრები მას შორეულ ნათესავებად ეკუთვნოდნენ), 6 წლის ასაკიდან ქალთა კერძო სკოლაში დადიოდა, კენტის საგრაფოში. მაგრამ 1935 წელს მისი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ და დედამ ოდრი ჰოლანდიაში წაიყვანა.

1940 წელს ქვეყანაში გერმანელი ნაცისტები შეიჭრნენ. ოდრის სასწრაფოდ დოკუმენტები შეუცვალეს. ბრიტანული წარმომავლობის გვარი შეიძლებოდა, დეპორტაციის მიზეზი გამხდარიყო. ამგვარად, ოდრი რასტონი, ედა ფონ ჰეემსტრად გადაიქცა.

მისი ცნობილი სიგამხდრე მკაცრი შიმშილობის შედეგი იყო. ომის დროს ის ტიტების ბოლქვებით იკვებებოდა (ბედის ირონიით, ათწლეულების შემდეგ, ამ ყვავილის ერთ-ერთ ჯიშს მისი სახელი დაარქვეს).

1944 წელს, გოგონას თვალწინ დახვრიტეს მისი ბიძა და ბიძაშვილი, ხოლო მამინაცვლის შვილი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. მოგვიანებით ოდრი იტყვის: "სულ მოგონებები დამდევს თან. თვალწინ მიდგას ებრაელთა სახეები, რომლებსაც ბანაკში გზავნიდნენ. მახსოვს ფერმკრთალი ბიჭუნა, უზარმაზარ, თავისთვის შეუფერებელი ზომის პალტოში. ის თავის რიგს ელოდებოდა. და მე ვგრძნობდი, რამდენად გამიმართლა: ის მიდის, რომ მოკვდეს, მე კი ვრჩები, რომ ცხოვრება გავაგრძელო".

როცა ოდრის სპექტაკლში - "ანა ფრანკის დღიური" მონაწილეობა შესთავაზეს, მან უარი თქვა: "ძალიან მემძიმება - ეს ხომ ჩემი ცხოვრებაც იყო".

პრინცესა

1948 წელს ოდრი ისევ ლონდონში გაემგზავრა, სახელგანთქმულ მარი რამბერთან საბალეტო სტუდიაში სასწავლებლად. ქალბატონმა ასეთი ვერდიქტი გამოუტანა: "შენ შეგიძლია გახდე კარგი ბალერინა, მაგრამ პრიმა არასოდეს იქნები. ომმა ზედმეტად გამოგაცალა ძალები". ამის შემდეგ გოგონამ მეცადინეობები მიატოვა; თანაც, სწავლის გადასახდელი თანხა არც ჰქონდა. ვიღაცამ ურჩია, თავი მოდელად ან მსახიობად მოესინჯა. ოდრიმ მსახიობის პროფესია აირჩია.

"რომაულ არდადეგებში" მთავარი როლი სპეციალურად ელიზაბეტ ტეილორისთვის იწერებოდა, მაგრამ რეჟისორმა, უილიამ უაილერმა ოდრის ნახვის შემდეგ განაცხადა: "მასში ყველაფერია, რასაც ვეძებდი - მომხიბვლელობა, უბიწობა და ნიჭი". პრემიერის შემდეგ ოდრის სახემ ჟურნალ Time-ის ყდა დაამშვენა. სტუდია Paramaunt-მა მასთან კონტრაქტი 7 ფილმზე გააფორმა და ყოველივეს შედეგად მან "ოსკარი" მიიღო. "რომაულმა არდადეგებმა" დაუჯერებელი წარმატება მოუტანა. ჰეპბერნს ჰბაძავდნენ: მოდაში შემოვიდა დახვეწილი სისადავე, ლამის ყმაწვილქალური ინფანტილურობა და სიგამხდრე.

"საბრინას" გადაღებებზე ჰეპბერნმა იუბერ ჟივანში გაიცნო. მათი შემოქმედებითი და პირადი მეგობრობა მრავალ წელს გაგრძელდა. ჟივანში უკერავდა სამოსს კინოროლებისთვის; ახლდა შოპინგის დროს; მიუძღვნა თავისი პირველი სუნამო.

"საბრინას" შემდეგ მსახიობმა შეასრულა ნატაშა როსტოვას როლი ფილმში - "ომი და მშვიდობა"; ასევე, ჯო განასახიერა - "სასაცილო სახეში"; ხოლო ფილმში - "საუზმე ტიფანისთან" მის გადასაღებად, საკმაო ბრძოლის გადატანაც მოუხდა. მიუხედავად ყველაფრისა, ის ამ როლზე დაამტკიცეს. ოდრი ამბობდა: "ბუნებით ინტროვერტი ვარ, მე კი მომიხდა, მეთამაშა გოგონა გამოძახებით". საბოლოოდ, ჰეპბერნი დასანახავადაც კი ვეღარ იტანდა კრუასანებს, რადგან როლის მიხედვით, სწორედ ამით იკვებებოდა.

სიყვარული კინოსა და ცხოვრებაში

1963 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი "შარადა", სადაც ოდრი კერი გრანტთან ერთად თამაშობდა. გრანტი დიდხანს უარობდა ფილმში მონაწილეობას. მოტივად ასახელებდა პარტნიორთან შედარებით შეუფერებელ ასაკს (ის ოდრიზე მეოთხედი საუკუნით უფროსი იყო). გრანტისთვის სცენარი ერთ ღამეში გადაწერეს და ისე გამოიყვანეს, რომ საბოლოოდ ქალი ყოფილიყო შეყვარებული მასში და არა, პირიქით. გადაღებების შემდეგ კერიმ დაიფიცა: "შემდეგ შობაზე ჩავიფიქრებ სურვილს - კიდევ ერთი ფილმი მასთან ერთად".

ყველა პარტნიორი, გამონაკლისის გარეშე, ოდრიზე შეყვარებული იყო. ისიც სიყვარულით პასუხობდა. მოარული ხმებით, "რომაული არდადეგების" გადაღებებზე ჰეპბერნსა და გრეგორი პეკს შორის რომანი გაჩაღდა (შემდეგ ის ამ ფაქტს უარყოფდა). ოდრის ერთხელ წამოსცდა: "მე ვიყავი ცოტა შეყვარებული, ვგონებ, ისიც..."

რექს ჰარისონი ("ჩემი მშვენიერი ლედი") მას თავის საყვარელ პარტნიორს ეძახდა. ჰემფრი ბოგარტის შესახებაც კი, რომელთანაც ცოტა ვინმე თუ ახერხებდა საერთო ენის პოვნას, ვარსკვლავმა თქვა: "ე.წ. რკინის ბიჭებს ყველაზე კეთილი გული აქვთ".

თავად ოდრიმ კი ვერ იპოვა ის ერთადერთი, რომელიც, როგორც მას სჯეროდა, ღვთისგან გამოგზავნილი იქნებოდა მისთვის.

"საბრინაზე" მუშაობისას, გადასაღებ მოედანზე ის უილიამ ჰოლდენს შეხვდა, მაგრამ რომანი ხანმოკლე აღმოჩნდა. ოდრის ძალიან უნდოდა შვილები, უილიამს - არა.

ჰეპბერნი დანიშნული იყო მსახიობ ჯეიმს ჰენსონზე. საქორწინო კაბაც კი შეიძინა, მაგრამ უკანასკნელ მომენტში ქორწილი ჩაიშალა და ოდრიმ თავისი ძვირფასი კაბა ვიღაც ღარიბ იტალიელ წყვილს აჩუქა.

პირველი ქორწინება მელ ფერერთან 14 წელი გაგრძელდა, რამაც ბედნიერება არ მოუტანა. მელი ძალიან ეჭვიანობდა თაყვანისმცემლებზე და ოდრის წარმატებულ ვარსკვლავურ კარიერაზე, რომელიც თავად უკვე აღარ ჰქონდა. შემდეგ, ოდრისაც და მელსაც გაუჩნდათ საყვარლები. ჰეპბერნი ხვდებოდა ახალგაზრდა მსახიობს - ალბერტ ფინს. რეჟისორი სტენლი დონენი იგონებდა: "ალბერტთან ის სრულიად სხვაგვარი ხდებოდა - ქალი გაბრწყინებული თვალებით".

მელთან განქორწინებამ დაღი დაასვა, ძალიან გახდა და ცოტა გული რომ გადაეყოლებინა, საბერძნეთში გაემგზავრა. ექსკურსიაზე იტალიელი ფსიქიატრი, ანდრეა დოტი გაიცნო. "თუ გათხოვილი ვარ, ბოლომდე გათხოვილი ვარ", - განაცხადა ოდრიმ, კინოს (დროებით) თავი დაანება და ქმართან ერთად რომში დასახლდა. შემოქმედებითი პაუზა 9 წელს გაგრძელდა. სამწუხაროდ, არც მეორე ქორწინებამ გაუმართლა. დოტი ცოლს ღალატობდა. ვარსკვლავი ამას დიდხანს ითმენდა და მხოლოდ 1982 წელს შეიტანა განაცხადი განქორწინებაზე.

ის ყოველთვის თავის ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. 50 წლისა იოლად ასრულებდა 35 წლის ასაკის ქალთა როლებს. თავს ახალგაზრდად გრძნობდა და მოულოდნელად, ფილმში "სისხლიანი ხაზი", საკუთარი პარტნიორი შეუყვარდა. ეს იყო ბენ გაზარი.

ბოლო წლებში მისი თანამგზავრი ჰოლანდიელი მსახიობი - რობერტ უოლდერსი იყო. თუკი ოდრის დავუჯერებთ, მათ ერთად, უბედნიერესი 9 წელი გაატარეს.

ოცნება შვილებზე

ჰეპბერნი ყოველთვის ოცნებობდა, ჰყოლოდა ბევრი შვილი, მაგრამ ბედმა სხვაგვარად ინება. სანამ უფროსი შვილი - შონი გაჩნდებოდა, ოდრის ორჯერ მოეშალა მუცელი. პირველი - 1955 წლის მარტში, მეორე - 1959 წელს (როცა მსახიობი ფილმის - "დაუვიწყარი" გადაღებებზე ჩამოვარდა ცხენიდან და ქვაზე დაეცა).

1965 წელს კვლავ დაკარგა ბავშვი. ამიტომ, როცა 4 წლის შემდეგ ისევ დაფეხმძიმდა, გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო - დაწოლილიყო საავადმყოფოში და მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყო. საბოლოოდ, 8 თვის შემდეგ ქვეყანას მოევლინა ლუკა - მისი უმცროსი ვაჟი.

უკანასკნელი ფეხმძიმობის შეწყვეტა 1974 წელს მოხდა. დაუბადებელი ჩვილის ხსოვნისთვის ოდრიმ ლექსი დაწერა. მასში მსახიობი აღიარებდა, რომ მზადაა, დათმოს მთელი თავისი სილამაზე, სახელი და სიმდიდრე, ერთი პატარა სიცოცხლის გადასარჩენად.

ფერიას საჩუქრები

ოდრი ჰეპბერნი INUCEF-ის კეთილი ნების ელჩი იყო და ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პატარა სტრიქონი მის ბიოგრაფიაში. მსახიობმა გადაღებები შეწყვიტა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა. 1988 წელს მოინახულა ეთიოპია, მერე - ეკვადორი, ჰონდურასი, გვატემალა...

ჩაჰქონდა საკვები, წამლები, სუფთა წყალი და... იმედი. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა არ იცოდნენ, რომ მათ წინაშე კინოვარსკვლავი იდგა. მათ მისი სახელი არაფერს ეუბნებოდა, მაგრამ მისკენ ხელები ჰქონდათ გაწვდილი და როგორც ზღაპრიდან გადმოსულ ფერიას, ისე უყურებდნენ. 1992 წელს სომალიში ვიზიტის შემდეგ ოდრი გამოტყდა: "ეს ნამდვილი კოშმარია. წითელი, გამომწვარი მიწა, გადავსებული საფლავებით... საფლავების მთელი ოკეანეა". იქიდან დაბრუნების შემდეგ მსახიობმა ყელში ტკივილი იგრძნო. მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 1993 წლის იანვარში ოდრი ჰეპბერნი გარდაიცვალა.

მაგრამ ის არ მომკვდარა. გახსოვთ პიტერ პენის მტკიცება: "თუ ვიტყვით - მე არ მჯერა ფერიის, - სადღაც, ამ მომენტში ფერია მოკვდება". მაგრამ ოდრი გვიღიმის ვიტრინებიდან, ცოცხლობს მოგონებებში - კეთილი ფერია, ნაზი ელფი, ჰოლივუდის მარადიული პრინცესა.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება