ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეში 37 მილიონი ინფიცირებული ჩინეთში


პეკინი, ჩინეთი. 20 დეკემბერი, 2022 წ.
პეკინი, ჩინეთი. 20 დეკემბერი, 2022 წ.

ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ჩინეთში კოვიდ-19-ით სავარაუდოდ, დღეში საშუალოდ 37 მილიონი ადამიანი ინფიცირდებოდა. ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს, "ბლუმბერგის" მიერ პარასკევს, 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაზე დაყრდნობით.

ახალი ანგარიშის მიხედვით, ვარაუდობენ, რომ დეკემბრის პირველი 20 დღის მანძილზე, ინფექცია მოსახლეობის თითქმის 18%-ს შეხვდა, ანუ - დაახლოებით 248 მილიონ ადამიანს. ამ მონაცემებზე ჩინეთის მთავრობამ ოთხშაბათს გამართულ ეროვნული ჯანდაცვის კომისიის სხდომაზე იმსჯელა.

პანდემიის მზარდი მონაცემების ფონზე, ჩინეთის ქალაქების საავადმყოფოებში დამატებით საწოლებს ამონტაჟებენ. ნოემბერში გამოცხადებული "ნულოვანი კოვიდის" უმკაცრესი პოლიტიკის გატარების შემდეგ, პეკინმა საპროტესტო აქციების ფონზე, საკარანტინო ზომების შემსუბუქება დეკემბრის დასაწყისიდან დაიწყო, რამაც კორონავირუსის ინფექციის აფეთქება გამოიწვია.

ჩინეთში ინფიცირების მკვეთრი ზრდის ფონზე, შეშფოთება საერთაშორისო მასშტაბითაც იზრდება. სპეციალისტები შიშობენ, რომ ჩინეთში დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება. არ არის გამორიცხული, ვირუსის ახალი მუტაციები გაჩნდეს. ამას გარდა, ქვეყანას და მსოფლიო ეკონომიკას კვლავ მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება.

"სხვა ქვეყანაში ეპიდემიის ყოველი ახალი ტალღა, ახალი ვარიანტების რისკის მატარებელია. რისკი აფეთქების მოცულობასთან ერთად მატულობს. ჩინეთის ეს ახალი ტალღა კი ისე გამოიყურება, რომ ის დიდი იქნება" - ამბობს ალექს კუკი. ის სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ვიცე-დეკანია.

ჯანდაცვის სპეციალისტები შიშობენ, რომ მომდევნო თვეებში შესაძლოა ჩინეთის 60% დაინფიცირდეს. ეს კი მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ს უდრის. პანდემიის დროს მიღებული გამოცდილების მიხედვით, მსგავსი მასშტაბის ინფიცირება ნიშნავს იმას, რომ 2 მილიონზე მეტი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს.

"გარდაუვალია ჩინეთისთვის კოვიდ-19-ის დიდი ტალღის გავლა, რათა ის ენდემურ ფაზაში გადავიდეს, რომ მომავალში კარანტინით ეკონომიკური და პოლიტიკური ზიანი არ მიადგეს" - აღნიშნავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი. მან 19 დეკემბერს ჩინეთში კოვიდ-19-ის გავრცელებაზე ისაუბრა და თქვა, რომ შექმნილ ვითარებაში ვირუსის შესაძლო მუტაცია "ხალხს საფრთხეს ყველგან შეუქმნის".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG