ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია


"ჰამასი" არ ცვლის თავის პირობებს ისრაელთან ტყვეების გაცვლის შესახებ. ოთხშაბათს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებები, ახლა პალესტინელების სამხედრო დაჯგუფების "ხელშია".

მომლაპარაკებლები "ჰამასიდან", ყატარიდან და ეგვიპტიდან, მაგრამ არა ისრაელიდან, კაიროში იმყოფებიან, რათა უზრუნველყონ ღაზაში 40-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, ისრაელსა და "ჰამასს" შორის. მალე მუსლიმთა მარხვის თვე, რამადანი დაიწყება და ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებიც, სწორედ ამ დროისთვის მიმდინარეობს.

სამშაბათს, პრეზიდენტმა ბაიდენმა "ჰამასს" მოუწოდა დათანხმდეს არსებულ შეთავაზებას. ბაიდენისვე თქმით, ისრაელი თანამშრომლობს და მხარეებს "რაციონალური შეთავაზება" წარუდგინეს. ამ შეთანხმების მიხედვით, ისრაელი შეწყვეტს ცეცხლს, თუ "ჰამასი" მათ ტყვეებს დაუბრუნებს.

"ახლა ყველაფერი "ჰამასის" ხელშია... თუ იმ ეტაპზე მივალთ, რომ რამადანის დროს ბრძოლა გაგრძელდება, ეს ძალიან საშიში იქნება",- უთხრა ჟურნალისტებს ამერიკის პრეზიდენტმა.

"ჰამასმა" პირობა დადო, რომ გააგრძელებს მონაწილეობას კაიროს მოლაპარაკებებში, მაგრამ მისმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მძევლების გათავისუფლებამდე ცეცხლი უნდა შეწყდეს. მათ ასევე სურთ, ისრაელი ღაზიდან გავიდეს და სექტორის ყველა მკვიდრმა, შინ დაბრუნება შეძლოს.

„ჩვენ ვაჩვენებთ საჭირო მოქნილობას, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ყოვლისმომცველ შეწყვეტას, მაგრამ ოკუპანტები კვლავ თავს არიდებენ ამ შეთანხმებას“, - ნათქვამია "ჰამასის" განცხადებაში.

გასული წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა, რიგი ქვეყნების მიერ, უკვე შეფასებულია როგორც ტერორისტული აქტი, რომლის დროსაც „ჰამასის“ მებრძოლებმა 1200 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, 253 კი მძევლად აიყვანეს. ტერორისტული თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის მიერ წარმოებულ ომს, ამ დრომდე, ღაზის სექტორში 30 000 პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, ბავშვებისა და ქალების.

XS
SM
MD
LG