ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაკობობა ვარიანში


იაკობობა ვარიანში
იაკობობა ვარიანში

იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 170 წლის იუბილე მის მშობლიურ სოფელ ვარიანში შეძლებისდაგვარი პომპეზურობით აღნიშნეს. ვარიანელებისთვის ეს ტრადიციული დღესასწაული ომის შემდეგ ასეთი მასშტაბით არ აღნიშნულა. ზუსტად ორი წლის წინ ქართულ–ოსური ადმინისტრაციული საზღვარი სწორედ ამ სოფელზე გადიოდა. ქართულმა პოლიციამ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელში შესვლა მხოლოდ 2008 წლის 10 ოქტომბერს, ომიდან ორი თვის შემდეგ შეძლო.

სახალხო ზეიმის გამართვის ინიციატივა გუბერნატორს ეკუთვნოდა. მზადების პროცესში კი მთელი შიდა ქართლი იყო ჩართული. მუნიციპალიტეტების გარდა საექსპოზიციო კუთხეების მოწყობა საჯარო სკოლებსაც ჰქონდათ დავალებული. პრეტენზია მაშტაბურობაზე შეძლებისდგავარად დაკმაყოფილდა. ამის გამო იაკობ გოგებაშვილის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გავლა თითქმის შეუძლებელი იყო. ყველა მხრიდან ისმოდა ხალხური მუსიკა და სიმღერა, სკოლებისთვის მიჩენილ საექსპოზიციო კუთხეებში ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი მოსწავლეები ცეკვავდნენ. ივლებოდა ჩურჩხელა, ისმებოდა ღვინო და ირგვლივ ტრადიციული მწვადისა და ლავაშის სუნი ტრიალებდა.

იაკობ გოგებაშვილის, დედა ენის ავტორის მუზეუმი მისსავე საგვარეულო სახლშია გახსნილი, რომელსაც მოგვიანებით რესტავრაცია ჩაუტარეს. ომის დროს მუზეუმიც დაზიანდა. საექსპოზიციო დარბაზი კი ჭურვების ნამსხვრევებით აივსო. ჩაიმტვრა მინები. როგორც მუზეუმის თანამშრომლებმა განაცხადეს, იაკობობის ზეიმისთვის ხელისუფლებამ მუზეუმი შეაკეთა, რაც იმით გამოიხატა, რომ დამსხვრეული მინები გამოცვალეს, სახურავი შეაკეთეს და აივნის ხის რიკულებს ლაქი წაუსვეს.

იაკობ გოგებაშვილის მუზეუმის თანამშრომელი თინათინ შაქარაშვილი ვარიანის მკვიდრია. იგი ამბობს, რომ იაკობობას ვარიანში ისეთივე სიხარულით აღნიშნავენ, როგორც ახალ წელს. ამ დღეს ვარიანში, ყველა ოჯახში სტუმარს ელიან.

ლუიზა ტაბაღუა ამჟამად ვარიანში ცხოვრობს, ადგილობრივი მოძღვარის დამხმარეა. იგი სწორედ იმ ეკლესიაში მსახურობს, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მამამ მღვდელმა სვიმონმა ააგო საკუთარი სახლის ეზოში. მანანა ტაბაღუა ამბობს, რომ ეკლესია ბოლო პერიოდში შერემონტდა. კომუნისტების დროს ის საწყობად გამოიყენებოდა.

მანანა ხიზანიშვილი, ვარიანის მკვიდრია. უკვე 27 წელია იგი იაკობ გოგებაშვილის მუზეუმში მუშაობს. ამბობს, რომ მუზეუმისთვის ყველაზე ძვირფასი ექსპონატი იაკობის ნაქონი ნივთებია.

იაკობ გოგებაშვილის მუზეუმს იაკობობასთან დაკავშირებით, ამჟამად მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა. მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ, რომ იატაკი საფუძვლიან შეკეთებას საჭიროებს.

XS
SM
MD
LG