ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკი ცათამბჯენების მიღმა - მეგაპოლისის არქიტექტურული მემკვიდრეობა


წმინდა პავლეს სამლოცველო, მანჰეტენი, ნიუ-იორკი.
წმინდა პავლეს სამლოცველო, მანჰეტენი, ნიუ-იორკი.

ნიუ-იორკის არქიტექტურა, უმეტესად ცათამბჯენებთან ასოცირდება. ქალაქის ვიზიტორების დიდ ნაწილს, სწორედ მაღალი შენობები იზიდავს. მათი მშენებლობა მანჰეტენზე, ძირითადად, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო. თუმცა, ეს არის ქალაქი, რომელიც მუდმივ განახლებას განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ მანჰეტენის თითქმის ყოველ ქუჩაზე მშენებლობისთვის ან სარემონტო სამუშაოებისთვის განკუთვნილი ლითონის ხარაჩოებია გამართული, ქალაქის ურბანულ ესთეტიკაში კარგადაა შენარჩუნებული შენობა-ნაგებობები, რომელთა ისტორია საუკუნეებს ითვლის. ზოგიერთი მათგანი 1700-იანი წლებით თარიღდება და ამერიკული რევოლუციის პერიოდში, მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრი იყო - როგორებიცაა, კოლონიური პერიოდის ტაძრები, ტავერნები და ფერმერთა სახლები.

წმ პავლეს სამლოცველო, მანჰეტენი, ნიუ-იორკი
წმ პავლეს სამლოცველო, მანჰეტენი, ნიუ-იორკი

კოლონიური პერიოდის მანჰეტენის ურბანულ მოწყობას და არქიტექტურას, ბუნებრივია, არაფერი აქვს საერთო თანამედროვე მანჰეტენთან. შესაძლოა სადაო იყოს დღემდე შემორჩენილი რევოლუციამდელი პერიოდის შენობები. თუმცა, ქალაქის ვიზიტორებისთვის, ცათამბჯენებს მიღმა არსებული ნიუ-იორკის ისტორია, საინტერესო უნდა იყოს.

წარმოგიდგენთ, კოლონიური პერიოდის სამ შენობას მანჰეტენიდან:

"ფრაუნსესის ტავერნა", ქვემო მანჰეტენი, ნიუ-იორკი.
"ფრაუნსესის ტავერნა", ქვემო მანჰეტენი, ნიუ-იორკი.

1. „Fraunces Tavern” - ქვემო მანჰეტენში მდებარე ტავერნა წელს 300 წლის იუბილეს აღნიშნავს. შენობა 1719 წელს, ქალაქის იმჟამინდელი მერის სიძემ, ეტიენ დელენსიმ (Etienne DeLancey), საკუთარ საცხოვრებელ სახლად ააშენა. დელენსის მემკვიდრეებმა, 1762 წელს სახლი სემუელ ფრონსესს (Samuel Fraunces) მიყიდეს. ფრონსესმა შენობაში ტავრენა გახსნა და მას „დედოფლის თავი“ (“Queen’s Head”) დაარქვა.

"ფრაუნსესის ტავერნა", ქვემო მანჰეტენი, ნიუ-იორკი.
"ფრაუნსესის ტავერნა", ქვემო მანჰეტენი, ნიუ-იორკი.

ამერიკულ რევოლუციამდე ტავერნაში, მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გაერთიანებების შეხვედრები იმართებოდა, მათ შორის საიდუმლო ორგანიზაციების.

1900 წელს, ტავრენის შენობის მფლობელებმა, მისი დანგრევა და ადგილზე ავტოსადგომის მოწყობა გადაწყვიტეს. თუმცა, საზოგადოების პროტესტის შემდეგ გეგმის განხორციელება ვერ მოხერხდა. იმ დროიდან, ტავერნა ისტორიული მნიშვნელობის შენობის სტატუსს ინარჩუნებს. დღეს შენობაში რესტორანი და მუზეუმია განთავსებული.

წმინდა პავლეს სამლოცველო, მანჰეტენი, ნიუ-იორკი.
წმინდა პავლეს სამლოცველო, მანჰეტენი, ნიუ-იორკი.

2. „St. Paul’s Chapel” - წმინდა პავლეს სახელობის სამლოცველოს მშენებლობა 1764 წელს დაიწყო და 1766 წელს დასრულდა.

წმინდა პავლეს სამლოცველო, მანჰეტენი, ნიუ-იორკი.
წმინდა პავლეს სამლოცველო, მანჰეტენი, ნიუ-იორკი.

1789 წლის 30 აპრილს, ჯორჯ ვაშინგტონი, აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, ღვთისმსახურებას სწორედ ამ სამლოცველოში დაესწრო. ასე გაგრძელდა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, როცა ქვეყნის დედაქალაქი, ნიუ-იორკი იყო.

წმინდა პავლეს სამლოცველო, მანჰეტენი, ნიუ-იორკი.
წმინდა პავლეს სამლოცველო, მანჰეტენი, ნიუ-იორკი.

ტაძარი ქვემო მანჰეტენის, ფინანსურ კვარტალში, ცათამბჯენების ჩრდილქვეშ მდებარეობს. სამლოცველოს შენობა უვნებლად გადაურჩა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი შენობები, რომლებსაც ტერორისტების მართული თვითმფრინავები შეეჯახა, სამლოცველოს დასავლეთით, მეზობელ ქუჩაზე, რამდენიმე მეტრში მდებარეობდა.

ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი, ფედერალური დარბაზის წინ.
ჯორჯ ვაშინგტონის ძეგლი, ფედერალური დარბაზის წინ.

3. “Federal Hall” - ფედერალური დარბაზი დღევანდელი სახით, 1852 წლიდან არის წარმოდგენილი. თუმცა, შენობის ძირითადი ნაწილი, 1703 წელს აშენდა და მასში ქალაქის მერია იყო განთავსებული. მერიას ფედერალური დარბაზი მას შემდეგ უწოდეს, რაც შენობაში შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის ინაუგურაცია გაიმართა. იქ მუშაობდა ქვეყნის პირველი მთავრობა და კონგრესი. სწორედ ამიტომ, ფედერალურ დარბაზს, ამერიკული დემოკრატიის დაბადების ადგილს უწოდებენ.

ფედერალური დარბაზი, უოლ სტრიტი, მანჰეტენი.
ფედერალური დარბაზი, უოლ სტრიტი, მანჰეტენი.

შენობა ქვემო მანჰეტენში, ფინანსური კვარტლის მსოფლიოში ცნობილ ქუჩაზე, უოლ სტრიტზე მდებარეობს.

ეს არის სამი უძველესი შენობა მანჰეტენიდან, რომელებიც ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით მშენებარე ცათამბჯენების მიღმა, ამერიკის რევოლუციამდელ ისტორიას ინახავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG